დისტანციური მუშაობა

ჩამონათვალი გრძელია.

ცვლილება ბევრია.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში მომხდარ ცვლილებებს, მეტწილად, უარყოფითი შეფასებები აქვს. უკანასკნელი, თითქმის, ერთი წელია მოლოდინის რეჟიმში ვცხოვრობთ. მთელი წელი კორონავირუსმა მოიცვა და შესაბამისად, ყველაფერი პირდაპირაც და ირიბადაც მას უკავშირდება. ფრაზას "ეს ყველაფერი რომ დამთავრდება..." ასეთი მასშტაბური მნიშვნელობა, ალბათ, დიდი ხანია, აღარ ჰქონია. ყველა მცირე გეგმაც კი ამ ფრაზაზეა აგებული და გაურკვეველ მომავალზე გათვლილი. ცხოვრების წესი შეიცვალა და ეს ელემენტარულ ქცევასა თუ დამოკიდებულებაშიც შეინიშნება.

ფოტო: Pinterest

რესპონდენტების მეტი წილი ყველაზე უარყოფით ცვლილებად დისტანციურ მუშაობას ასახელებს. ამბობენ, რომ სახლიდან მუშაობისას უკვე აღარ არის განსაზღვრული სამუშაოს დაწყებისა და დასრულების დრო. შენიშნეს, რომ უფრო მეტად იღლებიან, თითქოს, უფრო გულგრილები და უფრო უინტერესოებიც გახდნენ.

"ხანდახან, როცა არადისტანციურად მიწევს მუშაობა, უფრო ვიღლები, ვიდრე ადრე. აქამდე თუ 6-ზე ვამთავრებდი სამუშაო საათებს, ახლა გვიანობასაც მიწევს ხშირად. მალე ვიღლები, ძალა და ღონე აღარ მაქვს. ლაშქრობაში დავდიოდი. ახლა, ლამის, ქუჩაშიც ვეღარ გავდივარ", — აღნიშნავს თამარი.

თამარის სამსახური, ხანდახან, გარეთ გასვლას მოითხოვს. აღნიშნავს, რომ როცა გარეთ გადის, მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილებიც და ქვეითებიც აქტიურად გადაადგილდებიან, მაინც შეგრძნება აქვს, რომ უძრაობაა.

"არანაირი დასვენება და სამუშაო საათები აღარ აქვს დისტანციურ მუშაობას, პლუს შაბათ-კვირაც. ძალიან ბევრჯერ საღამოს 10-11-ზე ვამთავრებ მუშაობას მაშინ, როცა ოფისიდან მუშაობისას საღამოს 7 საათზე თავისუფალი ვიყავი", — აღნიშნავს ეკა.

მსგავსი განწყობა აქვს ლალისაც და ამატებს, რომ მაშინ, როცა ყველა დისტანციურად მუშაობს და სახლში რამდენიმე წევრია, საქმეზე კონცენტრირება და სამუშაო გარემოს შექმნა ძნელია:

"დღე და ღამე ამერია, პირდაპირი მნიშვნელობით. ერთ დავალებას 4 კაცს ერთდროულად თუ ვაძლევდი და ვუხსნიდი საქმეს, ახლა 3-ჯერ მაინც უნდა ავხსნა, ზოგს დროში ვერ ვემთხვევი, ზოგს ინტერნეტი უჭედავს და ასე შემდეგ".

ბევრია ისეთიც, ვინც აღმოაჩინა, რომ აღარ უნდა ოფისის სამსახური განსაზღვრული დროით — 10-დან საღამოს 6 საათამდე. უნდათ, რომ შესასრულებელი სამუშაოს ვადები მათზე იყოს დამოკიდებული და როცა, უბრალოდ, გარეთ გასვლა მოუნდებათ, შეეძლოთ, რომ ადგნენ და გავიდნენ.

"ვერ ვიტან ზუმს! ვერ აღვიქვამ, რომ ხალხს ველაპარაკები და რასაც ვლაპარაკობთ, ის საქმეს ეხება. ვერ აღვიქვამ, რომ საქმე კეთდება, საერთოდ. ასე მგონია, ყოველდღიურად ზუმში ჩართვით გამოუვალ მოჯადოებულ წრეზე დავდივარ", — ამბობს ალექსი და იმედოვნებს, რომ როგორც კი ოფისში დაბრუნება შეეძლება, ზუმი და თიმი მისი კომპიუტერიდან და მეხსიერებიდან ერთად წაიშლება.

ზუმი და თიმი დისტანციური მუშაობა-სწავლების სახედ იქცა. "შეხვედრა მაქვს" უკვე აღარ გულისხმობს აკადემიურ ჩაცმას, ფეხსაცმლის გაპრიალებასა და რამდენიმე საათით ადრე მზადების დაწყებას. საკმარისია, პერანგი ჩაიცვა, მაჯის საათი მოირგო და საღამური შარვლით მიუჯდე მაგიდას. მთავარია, კამერა და მიკროფონი აკონტროლო, რომ რამე უნებური, არასაჯარო ქცევები შენი კომპიუტერის ეკრანზე კვადრატებად განლაგებული აუდიტორიის წინაშე არ გამოფინო.

პანდემიის გამო, ბოლო ათი თვის განმავლობაში, უკვე მეორედ გვიწევს რამდენიმეთვიან შეზღუდვებსა და კარანტინზე მორგება. რესპონდენტები ამ ყველაფერის ყველაზე რთულ ნაწილად ფსიქოლოგიურ მხარეს ასახელებენ. ამბობენ, რომ უჭირთ დადებითზე კონცენტრირება მაშინ, როცა უარყოფითს ბოლო არ უჩანს. მათ შორის, ბევრია ისეთი, ვისთვისაც სამსახური, რომელიც დაკარგა, გარდა მატერიალური სარგებლის მიღებისა, სახლიდან გამოსვლისა და თერაპიის საშუალება იყო:

"2020-მა წელმა გვასწავლა, რომ ნებისმიერი სამსახური სჯობს სახლში ჯდომას".

ტურიზმი

"დაბადების დღეზე თვითმფრინავის ბილეთების ფულს რო მჩუქნიდნენ, ხოლმე, წელს საათი მაჩუქეს", — ამბობს მაკა და იქვე ამატებს, რომ ბილეთების ფულს მაინც აგროვებს.

როგორც კი საზღვრები გაიხსნება, მიფრინავს. ერთ-ერთ ტექნიკის მაღაზიაში ბუღალტრის დამხმარეა. მუშაობა დისტანციურად, სახლიდან უწევს. ეს არაკომფორტულია და აღნიშნავს, რომ უკვე ნევროზი აქვს. ზაფხულში, როცა შეზღუდვები მოხსნილი იყო, საქართველოში ბევრი მხარისა და ადგილის მონახულება მოასწრო. 2020 წლის ერთადერთ დადებით მოვლენად სწორედ ამას ასახელებს.

ფოტო: Pinterest

შიდა ტურიზმის თემას აგრძელებს გიორგიც და აღნიშნავს, რომ, თითქოს, უფრო პოპულარული გახდა. ბოლო დროს დაწესებული შეზღუდვების გამო აღარც შიდა ტურიზმი მუშაობს და ერთადერთი წასასვლელი საკუთარი უბნის ქუჩაა, ისიც მაქსიმუმ, 1 საათით, რადგან 21:00 საათიდან გადაადგილება აკრძალულია და ჯარიმის 2 000 ლარი ბევრს არ ეზედმეტება.

ამავე დროს, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, შინაგან საქმეთა სამინისტროდან მაინც ყოველდღიურად მოდის ინფორმაცია კარანტინის წესის დარღვევის გამო დაჯარიმებულთა შესახებ.

"ვერსად გადიხარ, აი, ვერსად. შენი ტურიზმია საწოლი-მაგიდა-საწოლი. არც მჯერა, რომ, ოდესმე, აეროპორტში რეგისტრაციის რიგში ვიდგები და ჩემს პასპორტში ახალი ქვეყნის ბეჭედი იქნება", — ამბობს დათა.

თან იხსენებს ყველა იმ ქვეყანასა თუ ქალაქს, სადაც უვიზო მიმოსვლის შემდეგ უმოგზაურია.

საჭმლის გამოძახების სერვისი

ეს სერვისი ისედაც პოპულარული იყო, მაგრამ ამ წელს განსაკუთრებით სასარგებლო გახდა. იმ უგრაფიკო მუშაობის პირობებში, რაზეც რესპონდენტები საუბრობენ, საკვების გამოძახება ერთადერთი გამოსავალია, რომ მშიერი არ დარჩე.

გუგა წუხს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში 7 კილო მოიმატა. ცოტას სახლში ვარჯიშობდა, მაგრამ ახლა ხალისი აღარ აქვს:

"გავსქუდი. ვმუშაობ, ვჭამ — ესაა ჩემი რუტინა. გასართობი არ გაქვს. ცოტას დალევ ან მოწევ, მერე ჭამ გიჟივით და ასე ხარ სულ. ყოველდღე ვამბობ, რომ ხვალ სადილს მოვიმზადებ. დადგება ხვალ, მივუჯდები მაგიდას, ჩავვარდები თავით საქმეში და ვიძახებ ისევ იმ სადილს, რომელიც მე უნდა მომემზადებინა. აღარ ვვარჯიშობ და აღარც ამაზე ვნერვიულობ".

ვინაიდან დიდი ქალაქების მოსახლეობა საკვების გამოძახების სერვისით აქტიურად სარგებლობს, გამოძახება გართულებულია და ხანდახან, შეკვეთის მიღებას საათზე მეტიც სჭირდება.

რა გასაკვირია, საღამოსაც კი, როცა ადამიანი მუშაობას მორჩება, გარეთ ვერ გადის იმიტომ, რომ კაფე-რესტორანები დაკეტილია. თუ მოასწარი და საღამოს 9 საათამდე მეგობართან მიხვედი, ცხადია, დარჩენის პერსპექტივით, იქაც რესტორანი სახლში უნდა გამოიძახო და თავად შეიქმნა განწყობა, რომ გარემოს იცვლი.

აქვე უნდა აღინიშნოს ის კატეგორია, ვინც საკუთარ თავში კულინარიული ნიჭი და ამ ნიჭის რეალიზების დრო ერთდროულად აღმოაჩინა. ისწავლეს, რომ ლობიოს მოხარშვა და შეკმაზვა არც ისე რთულია, როგორც ჩანს; რომ სპაგეტის მოხარშვა გადაზელვის გარეშეც შეიძლება და რომ ტორტის ბისკვიტი სახლშიც ცხვება.

სპორტი/კულტურა

სანამ ეს ორი სამინისტროების დონეზე გამიჯნულა, მოვასწრებთ და სტატიაში ერთად განვიხილავთ, რადგან, ფაქტობრივად, ორივე გაჩერდა.

მეტწილად, ვარჯიში და მომზადება შეწყდა. თუკი სადმე რამე მატჩი გაიმართა, დამსწრეთა გარეშეა. წარმოსადგენადაც იოლია, რა უღიმღამოა სპორტი გულშემატკივრის გარეშე.

ფოტო: Pinterest

რაც შეეხება კულტურას, ყველაფერი დაკეტილია — კინო, თეატრი, ოპერა, მუზეუმი.

ერთ-ერთი რესპონდენტი დრამის სამსახიობო ფაკულტეტზე სწავლობს. ის მოგვიყვა, რომ როცა პირველად ლექტორმა გვითხრა, სპექტაკლი ზუმით უნდა მოამზადოთ და პრაქტიკული სწავლების გამოცდაც ასე დისტანციურად ჩააბაროთო, ვიფიქრე, ლექტორი მთვრალი იყოო.

ახლა ცდილობს, ზუმით ემოციების გადაცემა ისწავლოს და პარტნიორთან კავშირი დისტანციურად იგრძნოს.

რაც შეეხება ამ ყველაფრის მოყვარულ მაყურებელს, სხვა გზა არ აქვს, გარდა ლოდინისა. ცოტათი უკეთეს მდგომარეობაში არიან ისინი, ვისაც თეატრს კინო ურჩევნია. ბოლოს და ბოლოს, ტელევიზორის დიდი ეკრანზე მაინც უყურებ და ცოტა განწყობას შეიქმნი.

კულტურული აქტივობები და ხელოვნება თვითშემოქმედებამ ჩაანაცვლა. ადამიანებმა აღმოაჩინეს, რომ ხელსაქმე გამოსდით. ხელნაკეთი ნივთების ბევრი ახალი ონლაინგვერდი შეიქმნა და გარდა ნიჭის აღმოჩენისა, შემოსავლის წყაროდაც იქცა. ამ ყველაფერს კი ხელს ისიც უწყობს, რომ პოტენციური მომხმარებელი, რომელიც თითქმის 24 საათი ეკრანს უზის, დიდი შანსია, რომ სწორედ შენი შექმნილი ნაწარმით დაინტერესდეს და ყურადღების მიღმა არ დარჩეს.

ტრანსპორტი

ველოსიპედი და სკუტერი უფრო პოპულარული ტრანსპორტი გახდაო, რესპონდენტმა თქვა. პრინციპში, ასეც არის. ბოლო დროს ტაქსით ერთხელ მაინც თუ გიმგზავრიათ, მიხვდებით, რატომ სჯობს ველოსიპედის ყიდვა.

"სითი მოლიდან ვაჟას მეტრომდე ტაქსიმ აპლიკაციაზე 8 ლარი დამიწერა", — აღშფოთებული მიყვება ნანა.

ფოტო: Pinterest

მას შემდეგ, რაც დაწესებული შეზღუდვების გამო საქალაქთაშორისო და მუნიციპალური ტრანსპორტი აიკრძალა, გადაადგილების საშუალებად ტაქსი, ველოსიპედი და სკუტერი დარჩა. ტაქსი ყველაზე მეტი პოპულარობით სარგებლობს, შესაბამისად, მოთხოვნა გაიზარდა, ფასმაც აიწია. მარტივი წესია, მაგრამ რთულად შესასრულებელი. ადამიანები, რომელთა ბიუჯეტიც მეტროს 0.5 თეთრზე იყო გათვლილი, ტაქსის ასტრონომიულ ფასებს ვერ წვდებიან. აქვე ისმის კითხვა, ხომ მაინც დისტანციურად სწავლობენ და მუშაობენ, რაში სჭირდებათ ტრანსპორტი? — ახალი წელი მათთანაც მოდის, საჩუქრების შეძენა მათაც უნდათ და საცივის მომზადებაც.

სავარაუდოდ, წინასაახალწლო ისტერიის შემდეგ ტაქსის ფასი, შედარებით, დაიკლებს, მაგრამ მაინც ველოსიპედისა და სკუტერის ვერსიაზე იფიქრეთ.

რა იყო 2020 წელი

ეს იყო ცხოვრება ჩახუტების გარეშე ახლობლების მუდმივი მონატრებით; ცხოვრება კონკრეტული გეგმების გარეშე მომავლის შეცვლის ფიქრით; ცხოვრება შიშთან ერთად მისი დაძლევის იმედით; ცხოვრება ყოველდღიურად ახალი რეგულაციების მოლოდინით; და ბოლოს, ცხოვრება რწმენით, რომ "ეს ყველაფერი რომ დასრულდება..."

რა ველით 2021 წელს

"ველი, რომ:

კორონავირუსი გახდება ჩვეულებრივი გრიპი;

მოიხსნება ყველა შეზღუდვა მსოფლიოში და შევძლებთ თავისუფალ მიმოსვლას. ფული რამდენად გვექნება სამოგზაუროდ, მეორე საკითხია, მაგრამ რომ იცი, შეზღუდვა არაა, სხვა სიამეა.

ბევრი კომპანია მიხვდება შიდა ამბებში ოპტიმიზაციის საჭიროებას, უფუნქციო კადრების გაბერილობას მიხედავს, სამუშაო გრაფიკის და სადაც შესაძლებელია, რეჟიმის მოქნილობის საჭიროებას დაინახავს;

ხალხი გადაიაზრებს ბევრ რამეს და ცოტა მეტი სიკეთისკენ მიტრიალდება სამყარო", — ამბობს ვერონიკა.

ფოტო: Pinterest

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა, საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა. საყოველთაო კარანტინი კი 30 მარტს. 31 მარტიდან სრულად აიკრძალა საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება. შეიზღუდა მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი. გარდა ამისა, აიკრძალა 10-ზე მეტი პირის თავშეყრა და დისტანცია განისაზღვრა 2 მეტრით. საგანგებო მდგომარეობის თანახმად:

  • შეიზღუდა საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლა, გარდა სატვირთო გადაზიდვებისა;
  • აიკრძალა 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება;
  • საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის, ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის 3 და 15 000 ლარიანი ჯარიმები დაწესდა, განმეორებითი ქმედებისთვის კი — სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით;

შეზღუდვების მეორე წრეზე ერთი თვის წინ, 28 ნოემბერს წავედით, რომლითაც შეჩერდა ტრანსპორტის გადაადგილება, დაიკეტა მოლები, სავაჭრო ობიექტები და რეკომენდაცია მიეცა ყველა სამსახურს, გადასულიყვნენ დისტანციურ მუშაობაზე. აიკრძალა საღამოს 9 საათის შემდეგ გადაადგილება.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, სხვა შეზღუდვების მოხსნასთან ერთად, უნდა აღდგენილიყო 24 დეკემბრიდან 2-იანვრამდე, თუმცა, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შეზღუდვა ძალაში დარჩა.

თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში, ზუგდიდსა და თელავში დაშვებული იქნება სავაჭრო ობიექტების მუშაობა, თუმცა დამატებითი რეგულაციების პირობებში. კერძოდ, სამუშაო საათები განისაზღვრება დილის 7 საათიდან საღამოს 7 საათამდე. მაღაზიის ფართის ყოველ 20 კვადრატულ მეტრზე დაშვებულია ერთი მომხმარებელი. შიდა და გარე სივრცეში რიგები უნდა გაკონტროლდეს. ფასდაკლებების აქციები უნდა გამოცხადდეს ან დილის საათებში, ან ონლაინგაყიდვების დროს.

სავაჭრო ცენტრებში იკრძალება კვების ობიექტების ფუნქციონირება, მათ შორის გატანის სერვისით.