თბილისში, 17 მაისს დაკავებული ლგბტ აქტივისტების პროცესი საქალაქო სასამართლოში 20 მაისს, 13:00 საათზე, გაიმართება. ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის განცხადებით, პროცესის პარალელურად, სასამართლოს შენობის წინ სოლიდარობის აქცია გაიმართება. ორგანიზატორები სხვა აქტივისტებს მოუწოდებენ რომ შეუერთდნენ მათ პროტესტს.

17 მაისს, გამთენიისას, თბილისში 10 ლგბტ აქტივისტი იმ დროს დააკავეს, როცა ისინი მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს ღობეზე წარწერის გაკეთებას ცდილობდნენ.

ლგბტ თემმა ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე ვერ აღნიშნა, როგორც თქვეს, სახელმწიფომ მათი უსაფრთხოების დაცვა ვერ უზრუნველყო.

17 მაისს, დღის ბოლოს, ათივე დაკავებული გაათავისუფლეს. მათ ბრალი წაყენებული აქვთ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე და 173-ე მუხლებით, რაც თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯებას და სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის ან აღსრულების პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი, ან
მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.