ოპოზიციის დისკრედიტაციის მორიგი ტალღა
ფაქტებით მანიპულირება, ფოტო და ვიდეომონტაჟები, გამოგონილი ამბები და კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზები — უკვე წლებია, რაც ტროლები ამ ტაქტიკას იყენებენ და კოორდინირებულად უტევენ ყველას, ვინც ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაშია ჩართული. თავდასხმები ორმხრივია — სამიზნეა, როგორც ოპოზიცია, ასევე, ხელისუფლება, მაგრამ ლიდერები ამ ომში პროსახელისუფლებო ტროლები არიან, რომლებიც გაცილებით უფრო მასშტაბურად უტევენ ოპოზიციურ ფლანგს.
ისინი განსაკუთრებით აქტიურდებიან მაშინ, როდესაც ხელისუფლება კრიზისში შედის და ძირითადად იმავე მესიჯბოქსს ავრცელებენ, რასაც მმართველ გუნდში. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ არჩევნებამდე და მის შემდეგ, ოპოზიციის ლიდერების დისკრედიტაციის კამპანია დაიწყო.
ოპოზიციის წარმოჩენა ქვეყნის მტრად და უპასუხისმგებლო ძალად
რადგან ქართული ოცნება ეპითეტებს არ იშურებს იმისთვის, რომ ოპოზიცია ქვეყნის მტრად წარმოაჩინოს, პროსახელისუფლებო ფეისბუქგვერდებიც ასე იქცევიან. ისინიც ხშირად იმეორებენ, რომ ოპოზიცია მოძალადე და უპასუხისმგებლოა, რომ აქციებით ხელს უშლიან ლარის კურსის, სამაგიეროდ ხელს უწყობენ კორონავირუსის სტატისტიკის ზრდას.
ხელისუფლების მოწოდების მსგავსად, ისინი ამტკიცებდნენ იმასაც, რომ ოპოზიციის პროტესტი არ არის ჯანსაღი და მშვიდობიანი. სხვადასხვა ეთერიდან ამოჭრილი მანიპულაციური კადრებით, ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ აქციის რამდენიმე მონაწილის აგრესიულ ქმედებას იზიარებდნენ სხვებიც და ხელისუფლებამ არა მშვიდობიანი მომიტინგეები, არამედ მოძალადეები დაშალა წყლის ჭავლით. ნაწილი კი აქციების არასერიოზულად წარმოჩენას ცდილობდა.
კონკრეტული გვერდები ხუმრობითაც კი უდგებოდნენ აქციის დაშლას, რომელზეც ათეულობით ადამიანი დაშავდა და წყლის ჭავლს "აბაზანებად" წარმოაჩენდნენ.
სხვებს სასაცილოდ არ ჰყოფნიდათ ის ფაქტი, რომ აქტივისტებს დაუმორჩილებლობის აქციაზე გასათბობად შეშა მიჰქონდათ და პოლიციის უფროსის მსგავსად, მათ ელექტრონული საშუალებებით გათბობას ურჩევდნენ.
კოორდინირებული თავდასხმა და იდენტური რიტორიკა
მარტივი დაკვირვებითაც კი შესამჩნევია, რომ პროსახელისუფლებო ფეისბუქგვერდები ერთმანეთთან დაკავშირებულია. ისინი ამონტაჟებენ და აზიარებენ ერთი და იმავე შინაარსის მასალას და ხშირად აქვთ იდენტური გზავნილები.
მაგალითად, სირცხვილის დერეფნებზე გამოქვეყნდა ენმ-ს მხარდამჭერების დამცინავი ფოტო, რომელიც მანამდე ქვეყნის მტრებზე იყო გამოქვეყნებული.
თავის მხრივ ქვეყნის მტრებმა ფეისბუქგვერდების, მეხუთე რაიხსა და სექტაზე გამოქვეყნების შემდეგ დადო ვიდეო, რომელიც კონტექსტით დასცინის ოპოზიციის გადაწყვეტილებას, უარი თქვას მეორე ტურში მონაწილეობაზე.
იყო შემთხვევაც, როცა ტერენტი გლდანელისა და ნაცების დასაცინი ოფიციალური სააგენტოს გვერდზე იდენტური პოსტები ერთდროულად გამოქვეყნდა. ამ ვიდეოში თაკო ჩარკვიანის სიტყვით გამოსვლაზე მიბმული იყო ნაწყვეტი სიმღერიდან "დამიბრუნე" და მიზნად ჩარკვიანის დისკრედიტაციას ისახავდა.
ერთი და იგივე მასალა იყო გაზიარებული მეხუთე რაიხისა და ტერენტი გლდანელის გვერდებზეც. ამ ვიდეოს მიზანიც ოპოზიციის დისკრედიტაცია იყო.
ადრე მსგავსი გვერდები კავშირებს უარყოფდნენ, თუმცა არჩევნების მეორე ტურისთვის განსაკუთრებული მობილიზაცია დასჭირდათ, ამიტომ ერთმანეთის დარეკლამებაც კი დაიწყეს.
ერთ-ერთი გვერდი, პოლიტიკური ტაში-ტუში, რომელსაც ტერენტი გლდანელი "უწევს რეკომენდაციას", 10 ნოემბერს შეიქმნა და მასზე ჯერ მხოლოდ რამდენიმე პოსტი იძებნება — ყველა მათგანში ოპოზიციას დასცინიან.
მაგალითად, ამ გვერდზე არაერთგზის გამოქვეყნდა პარლამენტის წინ მიმდინარე დაუმორჩილებლობის აქციაზე გადაღებული ვიდეო, რომელიც პროსახელისუფლებო ტროლებმა აქციის მონაწილეებისა და მათი მიზნების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს.
ფოტო-ვიდეო მანიპულაციები
ფეისბუქგვერდმა მიხეილ უკრაინოლოგმა, რომელიც ანტიოპოზიციური და პროსახელისუფლებო მანიპულაციითაა ცნობილი, გამოაქვეყნა ვიდეომანიპულაცია, სადაც დავით ბაქრაძის სიტყვები ისე დაამონტაჟა, თითქოს ენმ-ს ლანძღავს. კერძოდ, 2012 წელს ენმ-ს ყრილობაზე გადაღებული ვიდეო, რომელშიც ბაქრაძე წინასაარჩევნო დაპირებებს იძლევა, გადააკეთეს ისე, თითქოს ბაქრაძე ამბობს, რომ ენმ-ს ხელისუფლებაში ხელახლა მოსვლა ქვეყანაში კრიმინალის დაბრუნებას უდრის, ამიტომ ისინი ამომრჩეველს ემშვიდობებიან. ვიდეომანიპულაცია გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში ფეისბუქგვერდიდან წაიშალა.
ახლახანს გავრცელდა მორიგი ვიდეომონტაჟი თაკო ჩარკვიანზე, რომელშიც პოლიტიკოსის გამოსვლის ვიდეოს გადადებული აქვს სხვა ქალის ხმა. ჩანაწერი გაკეთებულია ისე, თითქოს ჩარკვიანი თავის თავზე საუბრობს და მიზნად მის დამცირებას ისახავს.
როგორც ჩანს, მანიპულაციური ვიდეოების გავრცელება ტროლებისთვის კვირის დავალება იყო, რადგან ფეისბუქგვერდზე ვაი ბიძიკო 4 ნოემბერს გამოქვეყნდა ვიდეო, სათაურით — როგორ მოიხსენიებს ქართველ ერს მიხეილ სააკაშვილი. ვიდეოში ისმის, რომ ექსპრეზიდენტი ამბობს: "დაივიწყეთ სააკაშვილის სახელი და გვარი... თქვენ ხართ არახალხი, თქვენ ხართ არაქართველები, არაადამიანები". მითების დეტექტორმა დაადგინა, რომ ვიდეო მანიპულაციურია, რადგან მიხეილ სააკაშვილის ფრაზა კონტექსტის გარეშეა გამოყენებული. რეალურად, მან ეს სიტყვები არა ქართველი ხალხის მისამართით, არამედ "ივანიშვილის რეჟიმის" მოსახლეობის მიმართ დამოკიდებულების გამოსახატად გამოიყენა.
აღნიშნული ფეისბუქგვერდი არჩევნების დღეს, 31 ოქტომბერს შეიქმნა ოპოზიციის დისკრედიტაციისთვის.
ტროლები მხოლოდ ამაზე არ შეჩერებულან და 5 ნოემბერს ფეისბუქგვერდმა მოგიტ*ანთ ოპოზიცია გადააზიარა თავისივე გვერდზე 2019 წლის 17 ნოემბერს ატვირთული ვიდეო, წარწერით: ვაშაძის მიმართვა ხალხს. ვიდეოში ვაშაძე ამბობს: "ოპოზიციური პარტიების აზრი, უკაცრავად თქვენთან ამ ლექსიკისთვის, ფეხებზე მკიდია, არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებები ფეხებზე მკიდია, მოქალაქის აზრი ფეხებზე მკიდია, იშიმშილებთ და იქნებით უუფლებო, სადამდეც ჩვენ გვენდომება, ეს არის". მითების დეტექტორმა დაადგინა, რომ ეს ვიდეოც მანიპულაციურია და უკონტექსტოდ ვრცელდება. კერძოდ, გრიგოლ ვაშაძე ამ სიტყვებით თვითონ კი არ მიმართავს ხალხს, არამედ მათ საქართველოს მოქალაქეებისადმი ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულების წარმოსაჩენად იყენებს.
8 ნოემბერს ამავე ფეისბუქგვერდმა გადააზიარა 2019 წლის 21 ივნისს ატვირთული ვიდეო, წარწერით: "გამყიდველების პოზიცია". ვიდეოში ენმ-ს ლიდერი ნიკა მელია ამბობს: "უკვე ყველამ ვიცით, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო არის, ერთიც და მეორეც, დამოუკიდებელი სახელმწიფო და რუსეთის გავლენა მთლიანად უნდა გავრცელდეს". მითების დეტექტორმა ამ ვიდეოზეც დაადგინა, რომ მანიპულაციურია და სინამდვილეში მელია ამ სიტყვებს იყენებს, რომ რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოსადმი დამოკიდებულება აჩვენოს.
გარდა ვიდეომანიპულაციებისა, 7 ნოემბერს სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტომანიპულაციაც, რომელშიც ნიკა მელია აქციის მონაწილეს ფიზიკურად უსწორდება. ფაქტმეტრმა დაადგინა, რომ ფოტო დამონტაჟებულია.
ნიკა მელიას სახელს უკავშირდება კიდევ ერთი დეზინფორმაცია. კერძოდ, სირცხვილის დერეფნების ამტკიცებდა, თითქოს მელიამ არჩევნების გაყალბების გასაპროტესტებლად გამართულ აქციაზე ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური მხოლოდ მომიტინგეების დასანახად მოიხსნა, გადაგდების შემდეგ კი უკან დაიბრუნა და ატარებდა. ფაქტმეტრმა დაადგინა, რომ ეს დეზინფორმაცია კოორდინირებულად ვრცელდებოდა სხვადასხვა ჯგუფში.
პიროვნული შეტევები
პოლიტიკურ ლიდერების დისკრედიტაციისთვის ტროლები არცთუ ისე იშვიათად იყენებენ ისეთ ფორმებს, რომლებიც კონკრეტულად პერსონებზე თავდასხმას ისახავს მიზნად. მაგალითად, ისინი ცდილობენ ვიზუალზე, საუბრის მანერაზე და სხვა ქცევაზე ხაზგასმით მოახდინონ მათი დისკრედიტაცია. მსგავსი ირონიული პოსტები ხშირად შეურაცხმყოფელი, დისკრიმინაციული ან სექსისტური შინაარსისაა.
ამ ფორმით თავდასხმის ყველაზე ხშირი სამიზნეები გუბაზ სანიკიძე, თაკო ჩარკვიანი და მამუკა ხაზარაძე არიან. თაკო ჩარკვიანს ტროლები, უმეტესად, გამოსვლის ტექსტებსა და საუბრის მანერაზე დასცინიან, მამუკა ხაზარაძეს კი საფინანსო სექტორში მოღვაწეობასა და თიბისი ბანკის პროცენტებზე.
რაც შეეხება გუბაზ სანიკიძეს, ის ხშირად ხდება სიტყვიერი შეურაცხყოფისა და დაცინვის სამიზნე პოლიტიკური ხედვების გამო.
მას არაერთხელ გაუყალბეს ციტატა და გაუვრცელეს დეზინფორმაცია. მითების დეტექტორის ინფორმაციით, 2020 წლის 1 ნოემბერს საინფორმაციო გამოცემებმა გამოაქვეყნეს იდენტური შინაარსის ინფორმაცია, თითქოს სანიკიძე ოპოზიციას სახელმწიფო გადატრიალებისკენ მოუწოდებდა. ფაქტჩეკერების განცხადებით, გავრცელებული ციტატა კონტექსტიდან ამოგლეჯილი და მანიპულაციურია, რეალურად კი, გუბაზ სანიკიძე ამბობს, რომ სახელმწიფო გადატრიალება ქვეყნის ხელისუფლების მიერ ხდება და ოპოზიციას მობილიზებისკენ ან ბოიკოტირებისკენ მოუწოდებს. ეს ინფორმაცია ფეისბუქგვერდზე ყალბად მოინიშნა.
ბოლო პერიოდში ტროლები განსაკუთრებით გააქტიურდნენ ეკა ბესელიას წინააღმდეგ. მას შემდეგ, რაც მედიაში გავრცელდა ეკა ბესელიასა და შალვა ნათელაშვილის საუბრის ვიდეოჩანაწერი, ტროლებმა ის სხვადასხვა კონტექსტით დაამონტაჟეს და ბესელიას შეურაცხმყოფელი ფოტო-ვიდეო მასალები გაავრცელეს. პოლიტიკოს სქესის ნიშნით ესხმიან თავს და სექსისტური შინაარსის ფრაზებით აკრიტიკებენ.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ დეზინფორმაციას ქართველი ფაქტჩეკერები აქტიურად აკვირდებიან, ხოლო ფეისბუქი კვლავ ჩართულია კოორდინირებული, არაავთენტური ქცევის გამოვლენაში.
თუ გინდა, რომ ნამდვილი და ყალბი ამბები ერთმანეთისგან მარტივად განასხვავო და დეზინფორმაციისგან სხვებიც დაიცვა, შემოგვიერთდი ჯგუფში – ერთად ვებრძოლოთ დეზინფორმაციას.
სტატია მოამზადა On.ge-მ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში. მასალის დამზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია On.ge. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების შეხედულებებს.
კომენტარები