როცა შენი გონება სტრატეგიული ობიექტია — როგორ ებრძვის საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონი რუსულ პროპაგანდას
როცა ფიქრობთ ომზე, ალბათ, პირველ რიგში, თვალწინ სამხედრო შეტაკებები წარმოგიდგებათ. რთულია, არ დაინახო ტანკი, რომელიც გიახლოვდება ან თვითმფრინავი, რომელიც დაბომბვას გიპირებს, მაგრამ თანამედროვე სამყაროში ომს ყოველთვის არ აქვს კონკრეტული ფრონტის ხაზი. ჩვენი გონების დასაპყრობად გამიზნული ომი ხშირად უხილავია. ამ ტექნიკას კი ყველაზე უკეთ რუსეთი ფლობს.
სტრატეგიული კვლევითი ცენტრის, RAND Corporation-ის პუბლიკაციაში Understanding Russian Hybrid Warfare რუსული ჰიბრიდული ომის სამი მთავარი მახასიათებელია გამოყოფილი.
ჰიბრიდული ომი ზოგავს სამხედრო ძალას
რუსეთი პირდაპირი შეტაკებით ნატოს გაერთიანებულ ძალას წინააღმდეგობას ვერ გაუწევს ამიტომ, ყველგან, სადაც შესაძლებელია, მოსკოვი ცდილობს, პირდაპირი კონფრონტაციის გარეშე მიაღწიოს მიზანს. კიბერთავდასხმები სამხედრო ძალის დაზოგვის ყველაზე ცხადი მაგალითია.
ჰიბრიდული ომი არასდროს წყდება
ტრადიციული ჯაჭვი, რომელშიც ომი და მშვიდობა ერთმანეთს ენაცვლება, დარღვეულია. ჰიბრიდული ომი არის კონფლიქტი, რომელიც არასდროს სრულდება. არ არსებობს მომენტი, როცა ომი არ მიმდინარეობს, თუმცა ის შეიძლება გამწვავდეს ან ჩაცხრეს — გარემოებებიდან გამომდინარე. ის შეიძლება გადაიზარდოს ფიზიკურ დაპირისპირებაშიც, თუ ეს რუსეთს ხელს აძლევს.
ჰიბრიდული ომის სამიზნეები ჩვეულებრივი მოქალაქეები არიან
ჰიბრიდულ ომში თითოეული ადამიანის გონება სტრატეგიული ობიექტია. რუსეთი საკუთარ გავლენას საინფორმაციო კამპანიებითა და აქტორების დახმარებით ავრცელებს. კრემლი არსებულ სოციალურ-პოლიტიკურ ჩარჩოში სუსტ წერტილებს პოულობს და მათ საკუთარი მიზნების მისაღწევად იყენებს.
ის, რომ რუსი სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილი მომავლის ომის მოდელი განსაკუთრებით საშიშია, უკრაინის კრიზისმაც გამოაჩინა. კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით დაიპყრო უკრაინის ტერიტორიის ნაწილი.
ყირიმის ანექსიის შემდეგ რუსული პროპაგანდის ხელშესახებ საფრთხეებზე საქართველოშიც ალაპარაკდნენ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ 2017 წელს მომზადებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ "რუსეთის ფედერაციის მზაობა საერთაშორისო სამართლის ნორმების უგულვებელყოფით, ღია სამხედრო აგრესიის და ჰიბრიდული მეთოდების გამოყენებით ხელყოს მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტი, უსაფრთხოების ძირითად გამოწვევად რჩება".
2018 წელს USAID-ის ფინანსური მხარდაჭერითა და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის აქტიური ხელშეწყობით შეიქმნა საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონი, რომელიც თავდაცვისა და უსაფრთხოების, კიბერუსაფრთხოების, საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ოპერაციების, ისტორიის, პოლიტიკის მეცნიერების, მედიამენეჯმენტისა და სხვა სფეროების პროფესიონალებს აერთიანებს.
პროექტის ავტორი, გიორგი მოლოდინი საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონის მისიას ასე ხსნის:
"მეირ ელრანი (Meir Elran) თელ-ავივის უნივერსიტეტთან არსებული ეროვნული უსაფრთხოების კვლევების ინსტიტუტიდან (INSS) ამბობს, რომ ეროვნული უსაფრთხოება უფრო მეტია, ვიდრე ფიზიკური თავდაცვა. მისი თქმით, უპირველესი მნიშვნელობის საჭიროებად მოქალაქეების მენტალური, სოციალური, კულტურული და პოლიტიკური დაცვა გვევლინება. სინგაპურის ტოტალური თავდაცვის სისტემის ერთ-ერთი შემქმნელის, ლიმ სიონ გუანის დოქტრინაშიც ფსიქოლოგიური თავდაცვა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტად არის დასახელებული. საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონი ცდილობს ეფექტიანი, რეგულარული და და პროაქტიული საკომუნიკაციო სტრატეგიით უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ მოაქციოს საქართველოს მოსახლეობის კოგნიტური სივრცე, რაც მოიცავს ამ ადამიანების საინფორმაციო ველის დაფარვასაც. ჩვენ არ ველით, როდის გაავრცელებს მოწინააღმდეგე მორიგ ტყუილს ჩენი ხალხის შეცდომაში შეყვანის მიზნით და როდის ამოავსებს ის საინფორმაციო ველში დარჩენილ სიცარიელეებს თავისი გზავნილებით. ჩვენ ვცდილობთ წინასწარ მოვუყვეთ ჩვენს აუდიტორიას მოწინააღმდეგის რეალური მიზნებისა და მოტივების შესახებ. ამ გზით გვინდა ჩვენი წვლილის შეტანა ერთიანი, ძლიერი და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაში".
ბრძოლისუნარიანობის დაქვეითება, შიშის, იმედგაცრუების, უნდობლობის, ერთმანეთის სიძულვილის, ეთნიკური და რელიგიური შუღლის გაღვივება რუსეთის უზარმაზარი არსენალიდან მხოლოდ რამდენიმე იარაღია. ასეთ დროს კი შეთანხმება ქვეყნის განვითარების მთავარ კურსზე, ღირებულებებსა და მომავალზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ხდება. პანდემიამდე საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონი ხშირად აწყობდა შეხვედრებს რეგიონებში. გიორგი მოლოდინის თქმით, რუსული "რბილი ძალა" ყველაზე მარტივად იქ იკიდებს ფეხს, სადაც რუსეთის "არარბილი ძალაც" გამოცდილი აქვთ.
"ჩვენ სხვადასხვა კვლევებსა და ინფორმაციაზე დაყრდნობით ვიცით, რომ პრორუსული განწყობები და მოწყვლადობა რუსული ნარატივების მიმართ არის ქართლსა და აჭარაში. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, განსაკუთრებით ძნელი გასააზრებელია პრორუსული და ანტიდასავლური განწყობები საოკუპაციო ხაზთან არსებულ დასახლებულ პუნქტებში. ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ადამიანების ნაწილი მსჯელობისას იყენებს ისეთ უსაფუძვლო და არგუმენტებისგან დაცლილ ნარატივებს როგორებიცაა: "კონფლიქტის გასაღები რუსეთთან დიალოგშია" ან/და "რა მოგვიტანა დასავლეთთან მეგობრობამ?". ეს მსჯელობები ამ ადამიანებში საჭირო დროს გამოხატული იქნება ისეთ პრაქტიკულ ქცევებში, როგორებიცაა: თავდასხმისას წინააღმდეგობის სურვილის გაქრობა, ყველა საქმისა და წამოწყების მიმართ უიმედობა, ყველა ტიპის ბოროტების მიმართ შემგუებლობა, კაპიტულაცია და ასე შემდეგ. ჩვენ გვინდა, რომ სიმართლის პროაქტიული გავრცელებით დავარწმუნოთ მოსახლეობა საპირისპიროში, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ამის ასობით მაგალითი გვაქვს, როგორც უახლოეს, ისე შორეულ წარსულში".
რუსეთი საკუთარი სტრატეგიის განხორციელებისას ერთი მედიუმით არასდროს არ იფარგლება, სწორედ ამიტომ, მრავალ ფრონტზე გაშლილი ბრძოლის პასუხი მხოლოდ ერთი ველიდან, მაგალითად, ინტერნეტიდან ნაკლებად ეფექტიანია. საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონს საკუთარი გაზეთიც აქვს, რომელიც მკითხველებს მარტივი ენით ესაუბრება ჩვენი ქვეყნის წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე. სიმარტივე მნიშვნელოვანია, რადგან ამ მიდგომას ხშირად იყენებს ჩვენს ქვეყანაში პოპულარული ანტიდასავლური გამოცემა.
"წინაასარჩევნოდ გადავწყვიტეთ, რომ წინააღმდეგობა გაგვეწია ანტიდასავლური და ანტისახელმწიფოებრივი განწყობებისთვის ფიზიკურ სივრცეშიც: ეს კი ითხოვდა იმ ადამიანებთან კომუნიკაციას, რომლებიც ინტერნეტთან დიდ დროს არ ან/და ვერ ატარებდნენ. განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში გვყავდა გორი და ბათუმი. ჯამში, ჩვენი გათვლებით დაახლოებით 100 000-მდე ადამიანს პოპულარულ ენაზე მივაწოდეთ მთავარი და არსებითი გზავნილები. მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ჩვენს კოორდინატორებსა და მოხალისეებს ბათუმიდან და გორიდან. სწორედ ეს ადამიანები არიგებდნენ ჩვენს გაზეთებს მოხალისეობრივ საწყისებზე და მჯერა, მცირე წვლილი ამ არჩევნებზე პრორუსული და ვითომ ეროვნული ძალების შესუსტებაში ჩვენც მიგვიძღვის", — ამბობს გიორგი მოლოდინი.
რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლაში არსებულ გამოწვევებზე საუბრისას საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონის შემქმნელი ამბობს, რომ ეს "დაუფასებელი, მაგრამ უმნიშვნელოვანესი საქმეა". მათ, ვისაც რუსული ნარატივის უკვე სჯერათ, აზრის შეცვლა დიდად არ სიამოვნებთ, რადგან ეს შეცდომის აღიარებაა.
"ჩვენ ვებრძვით ნარატივებს, რომლებიც 70 წელი ლეგიტიმურად და სავალდებულო ფორმით ისწავლებოდა საგანმანათლებლო დაწესებულებებში. გვაქვს რეალობა, სადაც 1918-1921 წლების ისტორია უბრალოდ წაშლილია მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილის ტვინებში ან/და ცნობილია დამახინჯებულად და ამის შემდეგ, მათ უკვე იციან ის, რაც იციან... ამ მოცემულობას უნდა დავამატოთ დამოუკიდებელი საქართველოს არსებული განათლების სისტემა, რომელიც მედიაწიგნიერებისა და კრიტიკული აზროვნებისთვის 30 წელია ვერ იცლის. პროპაგანდა და დეზინფორმაცია წარმატებულია იქ, სადაც კრიტიკული აზროვნების დონე დაბალია. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვახერხებთ და აქტიურად ვებრძვით ანტი-ვაქსერულ კამპანიებს, ანტი-5G კამპანიას, რომელიც ბოლოს დასავლეთის და ჩვენი დასავლელი პარტნიორების ლანძღვის მიზეზად იქცა. მუდმივად ვცდილობთ საინფორმაციო სივრცის გაჯანსაღებას და ხელს ვუშლით ზედაპირული ისეთი მიზანმიმართული კამპანიების წარმატებას, რომლებიც საქართველოში ეთნიკური შუღლის გავრცელებას უწყობენ ხელს. ასეთი ბოლო კამპანია ყარაბაღის ომთან დაკავშირებით გვქონდა, როდესაც რუსულმა პროპაგანდისტულმა მანქანამ შექმნილი მდგომარეობის გამოყენება სცადა საქართველოს წინააღმდეგ. ყარაბაღის ომის დროს მოვამზადებთ მასალები, გზავნილები, არგუმენტები და მივაწოდეთ ერთ-ერთ ქართულ ორგანიზაციას, რომელმაც დახმარება გვთხოვა. ამ ორგანიზაციას სომეხი პარტნიორები სინანულით წერდნენ, თითქოს საქართველოს ხელისუფლება აზერბაიჯანის სასარგებლო გადაწყვეტილებებს იღებდა. ათ გვერდზე მეტი მასალა გვითარგმნა ერთ-ერთმა ლეგიონერმა ქალბატონმა ქართულიდან რუსულ ენაზე, ჩვენი ერთ-ერთი დოკუმენტური ფილმისთვის, საჯარო მოხელეები, რომლებიც ანონიმურობის სრულიდ დაცვით წერენ ან/და მოიძიებენ და გვიგზავნიან მასალებს გამოსაქვეყნებლად და ასეთი უამრავი შემთხვევაა. სწორედ ასეთი მაგალითები მგონია წარმატების ინდიკატორები. წელს დაახლოებით 200-მდე აქტიურ ლეგიონერს გადავეცით მადლობის სიგელი და საქართველოს დროშა საქართველოსთვის საინფორმაციო ომში შეტანილი წვლილისთვის".
როგორ შეგიძლია შენი წვლილი შეიტანო ლეგიონის საქმიანობაში?
საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონის საიტზე რეგისტრაცია ღიაა, თუმცა, ჩვენი საინფორმაციო ველის პროპაგანდისგან დასაცავად დარეგისტრირება აუცილებელი სულაც არაა. ლეგიონის დამფუძნებლის თქმით, ერთი სტატიის, ერთი ვიდეოს, ერთი ინფოგრაფიკის გაზიარებაც კი მნიშვნელოვანია, რათა ინტერნეტში ტროლებისა და ბოტების საპირწონედ, ნამდვილი ადამიანების ხმებიც ისმოდეს.
თუ გინდა, რომ ნამდვილი და ყალბი ამბები ერთმანეთისგან მარტივად განასხვავო და დეზინფორმაციისგან სხვებიც დაიცვა, შემოგვიერთდი ჯგუფში – ერთად ვებრძოლოთ დეზინფორმაციას.
სტატია მოამზადა On.ge-მ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში. მასალის დამზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია On.ge. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების შეხედულებებს.
კომენტარები