საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, ევროკავშირის დიპლომატთა გუნდი 31 ოქტომბერს არჩევნებს დააკვირდება.

მისი თქმით, მიზანი უნდა იყოს უსაფრთხო და ზეწოლისგან თავისუფალი სივრცე საარჩევნო უბნების გარშემო. ამ მიზნის მიღწევა კი ახლა, პანდემიის გამო, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობენ ყველა ამ ასპექტს.

"არჩევნები მოახლოვდა და ალბათ, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არჩევნები ახალი საარჩევნო სისტემით ჩატარდება, რაც მთავარ პოლიტიკურ აქტორებს შორის 8 მარტს მიღწეული ისტორიული შეთანხმების შედეგად გახდა შესაძლებელი. ამ შეთანხმებას, თითქმის, მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა მხარი დაუჭირა. ეს იმას ნიშნავს, რომ ის ძირითადი პარამეტრები, რომელსაც მოახლოებული არჩევნები ეფუძნება, ახლა ფართო მხარდაჭერითა და ნდობით სარგებლობს, რაც პოლიტიკური პროცესების ერთიანობის ხელშემწყობი მნიშვნელოვანი მიღწევაა", — განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ჰარცელმა აღნიშნა, რომ 8 მარტის შეთანხმების წყალობით, პარლამენტში შესვლის რეალური შანსის მქონე პოლიტიკური პარტიების არე მნიშვნელოვნად გაფართოვდა, რაც ხელს უწყობს საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს ამომრჩეველთა ნების უფრო მკაფიო ასახვას.

"იმედი მაქვს, რომ შემდეგი ლოგიკური ნაბიჯი იქნება უფრო კონსტრუქციული დებატების წარმართვა პოლიტიკურ პროგრამებთან დაკავშირებით და კონსენსუსის მიღწევის გაუმჯობესებული კულტურა, რადგან ეს ქვეყანა 2024 წელს სრულად პროპორციულ არჩევნებზე გადადის", — აღნიშნა კარლ ჰარცელმა.

ჰარცელმა, ასევე, განაცხადა, რომ არჩევნების შესახებ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ოდირის) შუალედური ანგარიშის მიხედვით, ოდირის ადრინდელი რეკომენდაციების შესრულების შედეგად, არჩევნების მარეგულირებელი კანონმდებლობა გაუმჯობესდა, თუმცა, სამწუხაროდ, რიგი რეკომენდაციებისა გაუთვალისწინებელი დარჩა. მიუხედავად ამისა, ჰარცელის თქმით, მყარი სამართლებრივი საფუძველი მაინც არსებობს. ახლა მთავარია, მისი ეფექტიანად განხორციელება და აღსრულება.

"ადგილობრივმა სადამკვირვებლო ჯგუფებმა არაერთი ინციდენტისა და საარჩევნო კამპანიის წესების დარღვევის შესახებ განაცხადეს. ჩემი მხრიდან არასწორი იქნებოდა ცალკეულ შემთხვევებზე კომენტარის გაკეთება. მინდა, მხოლოდ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მნიშვნელოვანია, ყველა ამგვარ შემთხვევაზე სერიოზული რეაგირება და გამოძიების ჩატარება საარჩევნო დღის შემდეგ პერიოდშიც", — განაცხადა კარლ ჰარცელმა.

მისი თქმით, გამჭვირვალე და ეფექტიანი საგამოძიებო რეაგირება სრული საარჩევნო პროცესის ნაწილია და გავლენას მოახდენს არჩევნების საბოლოო შეფასებასა და მომავალი არჩევნებისთვის სტანდარტის დაწესებაზე.

ასევე, აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია იქნება ის, რაც არჩევნების დღეს მოხდება. ადმინისტრაციული და სამართალდამცავი ორგანოების სათანადო მოქმედებასთან ერთად, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებმაც უნდა გააგრძელონ მუშაობა თავიანთ აქტივისტებთან და მხარდამჭერებთან უმაღლესი ეთიკური სტანდარტების დასაცავად. ერთ-ერთი ელემენტი ფიზიკური დაპირისპირებისა და ესკალაციის თავიდან აცილებაა.

კარლ ჰარცელის განცხადებით, მიზანი უნდა იყოს უსაფრთხო და ზეწოლისგან თავისუფალი სივრცე საარჩევნო უბნების გარშემო. ამ მიზნის მიღწევა ახლა, პანდემიის გამო, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები კი განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობენ ყველა ამ ასპექტს.