როგორ იქცა საპნის ოპერა რეალობად — ერთი ქალის გზა მოსკოვიდან სანტა-ბარბარამდე
რთულია, ვინმემ 90-იანების გამოცდილებიდან რამე სასიამოვნოს გახსენება შეძლოს, თუმცა იმ მძიმე ყოველდღიურობაშიც იყო პატარ-პატარა მომენტები, რომლებიც გაუსაძლის ყოფას ამსუბუქებდა და დამზაფვრელ განწყობას მცირე ხნით მაინც აყუჩებდა. ქართულ მოსახლეობას ასეთი შვების მომენტების გახსენება რომ ვთხოვოთ, ბევრი აუცილებლად დაასახელებს საპნის ოპერა სანტა-ბარბარას, რომელმაც უამრავი მაყურებელი პორტალად ქცეული ტელეეკრანის საშუალებით ზღაპრულ სამყაროში ამოგზაურა.
სანტა-ბარბარას მხოლოდ საქართველოში არ ჰყავდა ერთგული მაყურებლები: 90-იანები საბჭოთა კავშირის ყოფილი წევრი ქვეყნებისთვის თითქმის თანაბრად გაუსაძლისი იყო. მათ შორის მოსკოვში მცხოვრები მარკოსიანების ოჯახისთვის, რომლის წევრებიც მოუთმენლად ელოდნენ 80-იანებში გადაღებული სერიალის თითოეულ ეპიზოდს, რათა ქვიშიანი სანაპიროს, პალმის ხეებისა და მდიდარი პერსონაჟების ხილვით ცოტა ხნით მაინც დაევიწყებინათ, რომ თავად ღარიბულ ოთახში ისხდნენ და ამ ყველაფერს მხოლოდ ტელევიზორის ეკრანზე ადევნებდნენ თვალს. სანტა-ბარბარა შორეული ოცნება, წამიერი სიზმარი იყო, რომელიც ნოსტალგიურად გვახსოვს, თუმცა დიანა მარკოსიანისთვის ის რეალობად იქცა.
დიანა მარკოსიანი ამჟამად აშშ-ში მოღვაწე ცნობილი ფოტოგრაფია, რომელიც ისეთი გავლენიანი გამოცემებისთვის მუშაობს, როგორებიცაა The New York Times, The Times თუ National Geographic, თუმცა მისი ცხოვრება ყველაზე მეტად სწორედ მოსკოვში ტელევიზორში პირველად გასულმა ამერიკულმა საპნის ოპერამ განსაზღვრა. ამ სერიალმა იმდენად იმოქმედა მის აწმყოსა და მომავალზე, რომ გადაწყვიტა, საკუთარი გამოცდილების შესახებ ამავე სახელწოდების ფილმი გადაეღო — სანტა-ბარბარა.
დიანა მარკოსიანმა ამ სახელწოდების ქვეშ გააერთიანა ფოტოპროექტი, ვიდეო ინსტალაციები და მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელშიც ქართველი მსახიობი ანა იმნაძეც აღმოჩნდა, თუმცა სანამ აქამდე მივალთ, სჯობს, ჯერ დიანასა და მისი ოჯახის მოსკოვიდან სანტა-ბარბარამდე გზას გავყვეთ.
The New York Times-თან ინტერვიუში დიანა მარკოსიანი იხსენებს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოსკოვში მცხოვრები მისი ოჯახის ისტორიას: მამამისმა, ინჟინერმა არსენ მარკოსიანმა და დედამ, სვეტლანამ, რომელიც პროფესიით ეკონომისტი იყო, სამუშაო დაკარგეს. მამას უწევდა წითელ მოედანზე ტურისტებისთვის მატრიოშკები მიეყიდა, დედა კი ქუჩაში ბოთლებს აგროვებდა და აბარებდა, რათა შემდეგ პურის გრძელ რიგში ჩამდგარიყო და სახლში შვილებისთვის დღიური ლუკმა მიეტანა.
მძიმე დღის შემდეგ ოჯახის წევრები სხვა მილიონობით ადამიანის მსგავსად მოუთმენლად ელოდნენ ტელევიზორში სანტა-ბარბარას ახალი სერიის ხილვას, რათა ცოტა ხნით მაინც ემოგზაურათ პარალელურ სამყაროში. თუმცა 60-წუთიანი ეპიზოდები სამუდამოდ ვერ აქრობდა პრობლემებს: დამძიმებული სოციალური მდგომარეობის გამო დიანას მშობლების ქორწინება საბჭოთა კავშირივით მოირღვა.
არსენ მარკოსიანმა სხვა ქალთან დაიწყო ურთიერთობა, 1996 წლის ერთ ღამით კი, როცა დიანა 7 წლის იყო, ის და მისი უფროსი ძმა დედამ გააღვიძა და უთხრა, რომ სანტა-ბარბარაში მიფრინავდნენ. მართლაც, ზედმეტი კითხვების დასმის გარეშე დიანა მარკოსიანი იმ ქალაქში აღმოჩნდა, რომელსაც ათასობით კილომეტრით დაშორებული მხოლოდ ტელევიზორის ეკრანიდან ადევნებდა თვალს.
დიანას ოჯახს სანტა-ბარბარაში ასაკოვანი კაცი დახვდა, სახელად ელი, რომელიც მისი ახალი მამა გახდა — ბიოლოგიური მამა ამერიკაში ჩასვლიდან მხოლოდ 15 წლის შემდეგ ნახა პირველად. ასევე მხოლოდ ზრდასრულმა, კოლუმბიის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ გაიგო, თუ როგორ გაიცნო დედამისმა ელი: რუსეთში სპეციალური სააგონტოს საშუალებით გაცნობის კატალოგში თავისი განცხადება განათავსა. ასე დაუკავშირდა მას ფოსტით ელი, რომელიც სანტა-ბარბარაში ცხოვრობდა. მხოლოდ ამ ქალაქის ხსენებაც საკმარისი იყო 35 წლის სვეტლანასთვის, რომ შვილებთან ერთად მოსკოვიდან გაქცეულიყო, მიუხედავად იმისა, რომ იქ ჩასულს იმ კაცისგან განსხვავებული პიროვნება დახვდა, ვიდრე ფოსტით გამოგზავნილ ფოტოზე გამოსახული სიმპათიური ყმაწვილი იყო — ილაი 65 წლის იყო.
როგორც დიანა იხსენებს, ილაი მზრუნველი მშობელი იყო, მას ინგლისურის სწავლაში აქტიურად ეხმარებოდა, თუმცა არც ამან გასტანა დიდხანს: 9 წლის შემდეგ ელიმ ოჯახი მიატოვა — ზუსტად ამდენ ხანს გრძელდებოდა სერიალი სანტა-ბარბარაც.
ეს ისტორია, რომელშიც თითქოს წაშლილია ზღვარი რეალობასა და გამონაგონს შორის, დიანა მარკოსიანს არ ასვენებდა: მისი ცხოვრება მართლაც საპნის ოპერას ჰგავდა. ამიტომაც გადაწყვიტა, უკეთ შეესწავლა საკუთარი წარსული და როგორც ფოტო, ისე კინოპროექტზე დაიწყო აქტიურად მუშაობა.
"ვეცადე, ფილმი დედაჩემის პერსპექტივით გადამეღო, რადგან მინდოდა, მისთვის გამეგო. მინდოდა, უფრო შემეყვარებინა და ბოლომდე თანამეგრძნო მისთვის", — ამბობს დიანა ფილმის გადაღების მოტივზე საუბრისას.
რამდენადაც ასეთი ძალიან ახლობელი, მნიშვნელოვანი და პირადი იქნებოდა ფილმში აღწერილი ისტორია, იმდენად მისი მოქმედი პირებისთვის მსახიობების შერჩევა კიდევ უფრო რთული პროცესი აღმოჩნდა. რეჟისორი წელიწადნახევარი არჩევდა დედის როლზე მსახიობს ჯერ ჰოლივუდში, შემდეგ კი სომხეთში, რუსეთსა და საქართველოში. საბოლოოდ არჩევანი ქართველ მსახიობზე, ანა იმნაძეზე შეაჩერა.
"ის დედაჩემს ოდნავადაც არ ჰგავდა, მაგრამ არც კი დავფიქრებულვარ, ისე ვთქვი: "როდის შეგვიძლია მასთან შეხვედრა?" ანას შვილი ჰყავს და იმ სამყაროს ნაწილია, სადაც დედა ცხოვრობდა. მას არ სჭირდება მისი გაგება, ის ამ ცხოვრებით ცხოვრობს", — იხსენებს დიანა მარკოსიანი, თუ როგორ დაამტკიცა ანა იმნაძე სვეტლანას როლზე.
თავის მხრივ ანა იმნაძემ On.ge-სთან საუბარში თავისი გამოცდილებაც გაგვიზიარა:
"თუ ზუსტად მახსოვს, რიგით 263-ე ვიყავი კასტინგზე. ძირითადი კასტინგი ამერიკაში ჩატარდა, შემდეგ გადაწყვიტეს, სხვა ქვეყანაშიც მოეძებნათ კანდიდატები, საქართველოში დაუკავშირდნენ კასთინგ-მენეჯერ ლელი მიმინოშვილს, რომელმაც რამდენიმე მსახიობის ფოტო გადაუგზავნა, შემდეგ ლელიმ მითხრა, დაგირეკავენო, მართლაც დამირეკეს და მთხოვეს, ვიდეოს ჩაწერა (კონკრეტული სცენა ფილმიდან), გადავაგზავნე და დილით მომწერეს, დამტკიცებული ხარო".
როგორც მსახიობი აღნიშნავს, ფილმის სპეციფიკიდან გამომდინარე მისთვისაც გადაღებები უნიკალური და საინტერესო პროცესი აღმოჩნდა:
"სიმართლე ითქვას, ვიზუალურად საერთოდ არ ვგავარ ქალს, რომელსაც ვთამაშობ. მე და დიანამ ბევრი ვილაპარაკეთ, ბევრი მოვაყოლე თავის ცხოვრებაზე, მსურდა, რომ ზუსტად იმ თვალებით გამომეხედა ფოტოდან, როგორც დედამისი, სვეტლანა იყურება... თმაც შევიჭერი მოკლედ. ძალიან კარგად მახსენდება ყველაფერი და ყველა ის ადამიანი ვისთან ერთადაც ამ პროექტზე ვიმუშავე. ყველაზე ემოციური დღე კი მაინც ის იყო, როცა ამერიკაში ჩასვლის სცენას ვიღებდით და ამ დროს ადამიანი, ვისაც ვასახიერებ, გამოჩნდა გადასაღებ მოედანზე. ყოველი კადრის გადაღების შემდეგ მისკენ ვაპარებდი თვალს. მერე ეს ფიქრი დავბლოკე, საქმე მქონდა გასაკეთებელი".
ფილმში არის ერთი მონაკვეთი, როცა ანა იმნაძე სვეტლანას კითხვებს უსვამს: დიანამ გადაწყვიტა, დედამისმა პასუხები თავის ახალგაზრდა თავს გასცეს.
"გიყვარდა ელი?" — ეკითხება იმნაძე.
"ვფიქრობ, მოგვიანებით ვისწავლე, თუ როგორ უნდა მყვარებოდა. როცა სანტა-ბარბარაში ჩამოვედი, ყველაფრით ტრავმირებული ვიყავი და ვერ ვხედავდი სხვაობას მადლიერების გამოხატვასა და სიყვარულს შორის", — პასუხობს სვეტლანა.
სვეტლანა იმ მიზეზსაც ასახელებს, თუ რატომ გამოფრინდა რუსეთიდან.
"ვეღარ ვგრძნობდი, რომ სამშობლო მქონდა. ვხვდებოდი, რომ ჩემმა ქვეყანამაც ისევე დამაღალატა, როგორც ქმარმა. მარტოდმარტო დავრჩი და მომავალს ვეღარ ვხედავდი".
Amazon-ზე უკვე გამოჩნდა დიანა მარკოსიანის წიგნი, რომელიც სწორედ ამ ისტორიის შთაგონებით შექმნილი ფოტოპროექტია. ფილმზე სანტა-ბარბარა მუშაობაც დასრულებულია, მაგრამ კორონავირუსის პანდემიამ მის რეალიზებას ხელი შეუშალა. უახლოეს მომავალში მისი ჩვენებები საერთაშორისო ფესტივალებზე გაიმართება და უფრო ფართო საზოგადოება იხილავს ეკრანზე ქალის ისტორიას, რომელიც ტელევიზორის ეკრანის მიღმა არსებულ სამყაროში გაიქცა და მაყურებელს მოუწევს თავად გადაწყვიტოს, ეს რეალობაა თუ საპნის ოპერა.
კომენტარები