დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ოროზმანში არქეოლოგებმა ქვედა ყბა აღმოაჩინეს, რომელიც 1.8 მილიონი წლის წინ მცხოვრებ ადამიანს ეკუთვნოდა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში არქეოლოგი გიორგი ბიძინაშვილი ავრცელებს და ადასტურებს, რომ აღმოჩენა უკვე ოფიციალურია.

სოფელი ოროზმანი არქეოლოგიური ძეგლია, რომელიც 1.8 მილიონი წლით არის დათარიღებული. გიორგი ბიძინაშვილის გუნდმა გათხრები აქ 2021 წელს დაიწყო. ექსპედიციის ფარგლებში არაერთი საინტერესო არტეფაქტი აღმოაჩინეს, გარდა ამისა კი, 2022 წელს უძველესი ადამიანის კბილიც იპოვეს.

ასევე იხილეთ: საქართველოში 1.8 მილიონი წლის უძველესი "ადამიანის" კბილი აღმოაჩინეს — ინტერვიუ

არქეოლოგიური გათხრები ამჟამად ოროზმანის საველე სკოლის ფარგლებში მიმდინარეობს, რომელშიც მონაწილეობას უცხოელი და ქართველი სტუდენტები ან დაინტერესებული პირები იღებენ. პროექტი საქართველოს არქეოლოგიისა და პრეისტორიის ეროვნული კვლევითი ცენტრის მიერაა ორგანიზებული.

ოროზმანში აღმოჩენილი ქვედა ყბა, რომელიც 1.8 მილიონი წლის წინ მცხოვრებ ადამიანს ეკუთვნოდა.

ფოტო: გიორგი ბიძინაშვილი

გიორგი ბიძინაშვილი, აღნიშნული კვლევითი ცენტრისა და ექსპედიციის ხელმძღვანელი, NEXT.On.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ყბა რამდენიმე დღის წინ აღმოაჩინეს.

"13 საათი ვიღებდით ამ ბლოკს. პირდაპირ კონკრეციაზეა დაწებებული და ჯერ CT სკანირებაზე უნდა წავიღოთ ერთ-ერთ საავადმყოფოში, სადაც ეს პროცედურა ტარდება", — გვიხსნის გიორგი.

ტომოგრაფია იმისთვისაა საჭირო, რომ აღმოჩენილი ძვალი ქანისგან ფრთხილად და დაუზიანებლად განაცალკეონ. ყბა თვალით მთლიანად არ ჩანს, სკანირება კი არქეოლოგებს მისი საზღვრების დადგენაში დაეხმარება.

"ამის მერე უკვე ამოვიღებთ ყბას. ესეც თვეები გაგრძელდება, საკმაოდ ძნელი ამოსაღები იქნება იმიტომ, რომ ძალიან გამაგრებულ ქანშია, ფაქტობრივად გაქვავებულია".

აღმოჩენილი ყბა ქანშია ჩაჭედილი, მისი სრულად დანახვისთვის კი კომპიუტერული ტომოგრაფიაა საჭირო.

ფოტო: გიორგი ბიძინაშვილი

არქეოლოგის თქმით, ყბა სწრაფად დალექილ ფენაში აღმოაჩინეს. არსებობს იმის შანსიც, რომ ახლომახლო კიდევ მიაგნონ რამე საინტერესოს — "თვეზე მეტი კიდევ უნდა ვიმუშაოთ და გამოჩნდებაო", დასძინა.

ოროზმანის ექსპედიცია ამჟამად სტუდენტების გადასახადებით ფინანსდება, ამიტომ არქეოლოგები იმედოვნებენ, რომ გათხრებს კერძო სექტორიც დაუჭერს მხარს. ეს მიმდინარე კვლევების გაგრძელებას შეუწყობს ხელს და ცოდნას გაგვიღრმავებს ადამიანის ევოლუციისა და ისტორიის შესახებ — ისტორიის, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მილიონობით წლის წინ იწერებოდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.