შესაძლოა, უცხო ცივილიზაციის კვალი 41 ათას წელიწადში კოსმოსურ მტვრად იქცეს
ფოტო: ardasavasciogullari//Getty Images
კაცობრიობა უკვე დიდი ხანია სამყაროს სხვა წერტილებიდან სიცოცხლის რაიმე ნიშნის გამოჩენას ელოდება. დღემდე ჩვენს ყველაზე ძლიერ ანტენებსაც კი ბუნებრივი ხმაურის გარდა არაფერი დაუფიქსირებია. შესაძლოა, ყველა ჰიპოთეზური ცივილიზაცია და მათ მიერ დატოვებული კვალი კოსმოსურ მტვრად იქამდე იქცა, სანამ ადამიანებმა მათი ძებნა დავიწყეთ.
Breakthrough Listen ამ მხრივ ისტორიაში ყველაზე მასშტაბური პროექტია. მისი მიზანი უცხოპლანეტური ცივილიზაციის კვალის აღმოჩენაა. იგი არამარტო დედამიწის უახლოეს ვარსკვლავებს, არამედ მთელ გალაქტიკას სწავლობს და ყურადღებით ელოდება ნებისმიერ შეტყობინებას, რომელიც, შესაძლოა, სხვა ცივილიზაციისგან მოდიოდეს. მისი რადიოტელესკოპები იმდენად მგრძნობიარეა, რომ ნათურის მსგავს სუსტ ნათებას 25 ტრილიონი კილომეტრიდან აფიქსირებს.
თუ ასეთი სუსტი სინათლის აღმოჩენა ამხელა მანძილიდანაც კი შეგვიძლია, მაშინ ალბათ დროის საკითხია, თუ როდის ვიპოვით ისეთ მასიურ სტრუქტურას, როგორიც დაისონის გუნდია. ეს არის ვარსკვლავის გარშემო შექმნილი ჰიპოთეზური სტრუქტურა, რომლის აშენებაც ჩვენზე განვითარებულ ცივილიზაციას შეუძლია. თეორიულად, იგი ათასობით ან მილიონობით მზის პანელისა და კოლექტორისგან შედგება, რომლებიც ვარსკვლავის გარშემო მოძრაობს და მის ენერგიას აგროვებს.
საინტერესოა, გვაქვს თუ არა ადამიანებს ასეთი სტრუქტურის მოსაძებნად საკმარისი დრო? ერთი მეცნიერის აზრით, კაცობრიობას დაისონის გუნდის საპოვნელად, მის განადგურებამდე, სულ რაღაც 41 ათასი წელიწადი რჩება.
Breakthrough Listen-ის ასტრონომი, ბრაიან ლაკი, თეორიულ უცხოპლანეტურ ცივილიზაციებს იკვლევს. იგი მათ შესაძლო ფუნქციონირებას, გადაადგილებასა და კომუნიკაციის მეთოდებს სწავლობს.
ბრაიან ლაკი ფიქრობს, რომ დაისონის გუნდის საპოვნელად იმაზე ცოტა დრო გვაქვს ვიდრე გვეგონა. ის ამბობს, რომ დიდი ალბათობით, ეს კონსტრუქცია იქამდე განადგურდება და კოსმოსურ მტვრად იქცევა, ვიდრე ადამიანები მას ვიპოვით.
მართალია, დაისონის გუნდი ერთი შეხედვით ძალიან მყარი ჩანს, მაგრამ სინამდვილეში ეს სტრუქტურა გრავიტაციული არასტაბილურობისკენაა მიდრეკილი. ეს ფაქტი ადრე თუ გვიან დაისონის გუნდის შიგნით მოძრავი თანამგზავრების შეჯახებას და მის მთლიანად განადგურებას გამოიწვევს.
შეჯახების შემდეგ თანამგზავრების ნამსხვრევები გავრცელდება და სხვა თანამგზავრებსაც დააზიანებს, რის შედეგადაც, უფრო დიდ არეულობასა და ჯაჭვურ ნგრევას მივიღებთ. საბოლოოდ, საშუალოდ 41 ათას წელიწადში, მთელი სტრუქტურა კოსმოსურ მტვრად იქცევა.
ლაკის თქმით, ჯაჭვური ნგრევის საბოლოო შედეგი დაისონის გუნდის მიკროსკოპულ ნაწილაკებად ქცევაა. თუ მასპინძელი ვარსკვლავი საკმარისად კაშკაშაა, ეს ხელოვნური მარცვლები უბრალოდ კოსმოსში გაიბნევა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სფერო იონიზებულ გაზად გარდაიქმნება.
თეორიულად, ასეთი სტრუქტურის გრძელვადიანი სტაბილურობისთვის ცივილიზაციას ვარსკვლავის სისტემის პლანეტების ორბიტიდან გადაყვანა დასჭირდება. ეს უკიდურესად რთული და სარისკო ქმედებაა, განსაკუთრებით მაშინ, თუ იმ ცივილიზაციის საცხოვრებელი პლანეტაც ამ სისტემაშია. ასეთ შემთხვევაში, პლანეტის დაკარგვა ცივილიზაციის გაქრობის მიზეზიც კი შეიძლება გახდეს.
შესაძლოა, გონიერმა უცხოპლანეტელებმა უკვე გაიაზრეს ეს რისკები და ვარსკვლავური ენერგიის მოსაპოვებლად სხვა გზა მონახეს. თუ ეს სიმართლეა, მაშინ მათ საპოვნელად კაცობრიობას ჯერ კიდევ საკმარისი დრო აქვს.
ნაშრომი The Astrophysical Journal-ში გამოქვეყნდა.



კომენტარები