მე-19 საუკუნის ყველასთვის კარგად ნაცნობმა მწერალმა, მერი შელიმ, რომანში "ფრანკენშტაინი, ანუ თანამედროვე პრომეთე", გვამის გაცოცხლების საკულტო სცენა შექმნა. ამბიციური მეცნიერი, ვიქტორ ფრანკენშტაინი, ცდილობს, სიკვდილი დაამარცხოს და სიცოცხლის საიდუმლოებებში შეაღწიოს. ამ მოტივით გოტიკურ ბორცვზე მდგარ ლაბორატორიაში ის მკვდარი სხეულების ნაწილებს აერთებს, შემდეგ ელექტრობითა და ელვით შემზარავ მონსტრს ქმნის. როგორც ვიცით, ეს მხოლოდ 18 წლის მერის ფანტაზიის ნაყოფი კი არა, მეცნიერული ექსპერიმენტების გავლენით დაწერილი ტექსტია.

ფოტო: NEXT.On.ge / ChatGPT

შელის რომანი არა მხოლოდ ლიტერატურულ შედევრადაა მიჩნეული, არამედ იმ ეპოქის სამეცნიერო მიღწევებისა და ფიქრების ანარეკლია. მასში აღწერილი მეცნიერება სულაც არაა გამოგონილი, ის ელექტრობისა და ანატომიის სფეროში იმდროინდელ რეალურ აღმოჩენებს ეფუძნება. მიუხედავად იმისა, რომ შელი ზუსტად არ ასახელებს, როგორ აცოცხლებს ვიქტორ ფრანკენშტაინი თავის ქმნილებას, ტექსტში რამდენიმე იდეის გავლენა აშკარად იკითხება — მაგალითად, სხეულის დაელექტროება და ორგანოების გადანერგვა. შესაძლოა, ახალგაზრდა მწერალს "აბიოგენეზის" შესახებაც სმენოდა, რომელიც არაცოცხალი ნივთიერებებისგან ცოცხალი ორგანიზმების წარმოქმნის ჰიპოთეზური იდეაა. მას სპონტანურ გენერაციასაც უწოდებენ.

XVIII-XIX საუკუნეების იტალიაში ფიზიკოსი, ბიოლოგი და ფილოსოფოსი, ლუიჯი გალვანი, მოღვაწეობდა. მისი ექსპერიმენტები "გალვანიზმს" დაედო საფუძვლად. ეს იდეა განისაზღვრება, როგორც დენის პირდაპირი ზემოქმედების შედეგად კუნთების შეკუმშვის ეფექტი. მეცნიერი იკვლევდა, როგორ მოქმედებს ატმოსფერული ელექტრობა (მაგალითად, მეხი) ნერვულ სისტემაზე, როგორ იწვევს ელექტრული ზემოქმედება კუნთების შეკუმშვას და შეიძლება თუ არა ამ ეფექტის მედიცინაში გამოყენება.

გალვანი საკუთარ ლაბორატორიაში ბაყაყს კვეთდა, რა დროსაც გარეთ ელექტრული შტორმი მძვინვარებდა. როდესაც მეცნიერი ამფიბიის კუნთებს მაკრატლით შეეხო, ისინი შეკრთა, რაც ჰიპოთეზის დასაბამი გახდა. გალვანის აზრით, ატმოსფეროში არსებული ელვა ბაყაყის ნერვებსა და კუნთებზე ზემოქმედებდა.

ექსპერიმენტები კვლავ გაგრძელდა. მოგვიანებით, როგორც კი გალვანის ლაბორანტი ბაყაყის წელის ნერვს სკალპელით შეეხო, ამფიბიას ფეხები ისევ მოეკეცა. მიუხედავად იმისა, რომ გარეთ ელვა არ ყოფილა, ლაბორატორიაში ელექტროსტატიკური გენერატორი იყო ჩართული. მეცნიერმა ექსპერიმენტების ჩატარება განაგრძო. ამ მოვლენას მან "ცხოველური ელექტრობა" უწოდა და ჩათვალა, რომ ცოცხალ ორგანიზმებში ნერვული იმპულსები შეიძლება, ელექტრულ ბუნებაზე მიანიშნებდეს. კვლევების შედეგები მან 1791 წელს გამოაქვეყნა.

გალვანი ერთი მხრივ მოხიბლული იყო იმ იდეით, რომ მკვდარ სხეულში ელექტრული ენერგიის გავლენა მოძრაობას იწვევდა. მიუხედავად ამისა, მის მოსაზრებებს ყველა არ ეთანხმებოდა. ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული ფიგურა ალესანდრო ვოლტა იყო, რომელიც ფიქრობდა, რომ ელექტრობა არა ბაყაყიდან, არამედ ლითონთა ურთიერთქმედებიდან მოდიოდა. ამ მოსაზრების დასამტკიცებლად მან ელექტრული ბატარეა შექმნა, რომელიც შეიძლება ითქვას, პირველი ხელოვნური ელექტრული დენის წყარო იყო.

ვოლტამ 12 ცალი ორ-ნახევარი დიამეტრის მრგვალი სპილენძისა და კალის ფირფიტები აიღო. შემდეგ ფოროვანი მასალის (მუყაო, ტყავი) რგოლები გამოჭრა. ყველა ეს ფირფიტა ერთმანეთზე მონაცვლეობით სვეტებად განალაგა და ყოველ წყვილს შორის მჟავაში დასველებული მუყაოს რგოლი ჩაუდო. როცა ერთი ხელით ზედა ფირფიტას შეეხო, ხოლო მეორით ქვედას, იგრძნო, რომ ელექტრობამ დაარტყა. ეს 1800 წელს მოხდა. ასე შეიქმნა პირველი ქიმიური დენის წყარო "ვოლტას სვეტი". ალექსანდრო ვოლტას პატივსაცემად ძაბვის ერთეულს ვოლტი უწოდეს.

მიუხედავად იმისა, რომ გალვანისა და ვოლტას მოსაზრებები ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდა, ვოლტამ მაინც პატივი მიაგო მეცნიერს და სწორედ ელექტრობის ქიმიური წარმოშობის ამ ფენომენს მისი სახელი უწოდა — "გალვანიზმი".

გალვანის იდეების შესახებ კვლევა და ექსპერიმენტების ჩატარება მისმა ძმისშვილმა, ჯოვანი ალდინიმ, გააგრძელა. ის ბიძის საქმიანობაში აქტიურად იყო ჩართული. ლონდონში ყოფნისას, 1803 წელს, ცნობილი დამნაშავე, ჯორჯ ფოსტერი, სიკვდილით დასაჯეს, მეცნიერს კი ნება დართეს, მკვდრის სხეული საჯარო ექსპერიმენტისთვის გამოეყენებინა. ალდინიმ დამნაშავის სახეს ელექტროდები დაადო, რა დროსაც ყბები შეიკუმშა, კუნთები დაიჭიმა, ერთი თვალი გაიღო კიდეც. გარდა ამისა, ელექტრული სიმულაციით მკვლევარმა შეძლო, მკვდრის მარჯვენა ხელი აეწია და ფეხები აემოძრავებინა.

ფოტო: NEXT.On.ge / ChatGPT

დამსწრე საზოგადოებამ ალდინის ექსპერიმენტში სიცოცხლის ნიშნები დაინახა. ისინი მოგვიანებით ამბობდნენ, რომ თითქოს შენიშნეს, როგორ დაბრუნდა სული სხეულში და მყისვე გაქრა.

გალვანი მართალი იყო იმაში, რომ ელექტრული სტიმული კუნთის შეკუმშვას იწვევს. მიუხედავად ამისა, მისი ჰიპოთეზა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს სიცოცხლისთვის დამახასიათებელი შინაგანი ძალითაა გამოწვეული, მცდარია. რაც შეეხება ალდინის ექსპერიმენტებს, რწმენა, რომ სხეულებს გააცოცხლებდნენ, არასწორი იყო. სინამდვილეში, მკვდარი ორგანიზმების კუნთები ელექტრონულ მგრძნობელობას მანამ ინარჩუნებს, სანამ მათში გარკვეული ქიმიური ნივთიერებები ჯერ კიდევ დარჩენილია. მოკლედ რომ ვთქვათ, სხეულში დენის შეყვანა მკვდარ სხეულს ვერ გააცოცხლებს.

მართალია, ამ ექსპერიმენტის დროს მერი შელი სულ რაღაც 5 წლის იყო, მაგრამ დიდი ალბათობით, ფრანკენშტაინის მონსტრის შექმნის იდეა მისგან მოდის. მწერალი წერს, რომ შვეიცარიაში ყოფნისას ბაირონი და მისი ქმარი, პერსი შელი, ერთ საღამოს გალვანიზმზე საუბრობდნენ. ეს ზუსტად ის საღამო იყო, როცა მერის რომანის იდეა გაუჩნდა. ასე რომ, შეიძლება ითქვას, ალდინის ამ კონცეფციის ინგლისურ ლიტერატურაში შემოსვლაზე გარკვეული გავლენა ჰქონდა.

ამრიგად, ფრანკენშტაინის მონსტრის დაბადება მხოლოდ ფანტაზიის ნაყოფი არ იყო, ის რეალური სამეცნიერო ძიების ფონზე იმ დროს გაჩნდა, როცა ადამიანები ცდილობდნენ, გაეგოთ, შეიძლებოდა თუ არა ელექტრობის ძალით სიცოცხლის შექმნა ან დაბრუნება. გალვანიზმი, როგორც სიცოცხლის მექანიზმის ახსნის მცდელობა, მეცნიერებისა და ხელოვნების გადაკვეთის ერთ-ერთი პირველი შემთხვევის საფუძველი გახდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.