აღმოჩნდა, რომ კარტოფილის ევოლუციური წინაპარი პომიდორია
ფოტო: Getty
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სამხრეთ ამერიკაში ველური პომიდვრისა და კარტოფილის მსგავსი მცენარის შეჯვარებამ დაახლოებით 9 მილიონი წლის წინ კარტოფილი წარმოშვა.
მკვლევრების თქმით, ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რამხელა მნიშვნელობა აქვს "სიცოცხლის ხის" განვითარებაში ასეთ ე.წ. ჰიბრიდიზაციის მოვლენებს. დიდხანს მიიჩნეოდა, რომ ახალი სახეობების წარმოქმნაში უდიდეს როლს შემთხვევითი მუტაციები ასრულებდა. ამის მიუხედავად, შემდეგ გავიგეთ, რომ ასე არაა და შეჯვარებების როლიც უკეთ გამომჟღავნდა.
რაც შეეხება კარტოფილს, ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მცენარეა, რომლის ევოლუციური ფესვების შესახებაც ბევრი არაფერი ვიცოდით. თანამედროვე ფორმით ის ჩილეში გავრცელებული Etuberosum-ის სამ სახეობას ჰგავს, თუმცა მათ გორგლები არ აქვს. ესაა დიდი სტრუქტურები, რომლებიც მიწისქვეშ იზრდება და საკვები ნივთიერებებითაა მდიდარი, შესაბამისად, სწორედ ამ მიზნით ვიყენებთ.
მეორე მხრივ, გენეტიკურმა ანალიზმა მათსა და პომიდორს შორის მოულოდნელი "სიახლოვე" გამოავლინა. ამან მეცნიერებს მიანიშნა, რომ რაღაც საინტერესოსთან ჰქონდათ საქმე. პასუხის მისაღებად სპეციალისტებმა კულტივირებული პომიდვრების 450 გენომი ველური კარტოფილის 56 სახეობას შეადარეს. აღსანიშნავია, რომ ეს ველური კარტოფილების ყველაზე სრული გენომური მონაცემებია, რომლებიც ოდესმე შექმნილა.
ანალიზმა აჩვენა, რომ თანამედროვე კარტოფილში ორი წინაპარი სახეობის გენეტიკური მასალაა თავმოყრილი — 60% Etuberosum-ისა და 40% პომიდვრის. ეს უძველეს ჰიბრიდიზაციაზე მიუთითებს.
ერთ-ერთ გენს, რომელიც პომიდვრის ხაზს მიეკუთვნება, SP6A ჰქვია და ის გორგლების წარმოქმნაზეა პასუხისმგებელი. ამის მიუხედავად, გორგლები მხოლოდ მაშინ ფორმირდება, როცა ამ გენთან მეორე წყაროდან მიღებული IT1 გენი წყვილდება, რაც მიწისქვეშ ღეროს ზრდას უზრუნველყოფს.
პომიდვრებისა და Etuberosum-ის განცალკევების პროცესი 14 მილიონი წლის წინ უნდა დაწყებულიყო, რისი სავარაუდო მიზეზიც მწერების მიერ არასწორი დამტვერვა გახდა. საბოლოოდ, ისინი 9 მილიონი წლის წინ გაიმიჯნა, რაც ანდების მთათა სისტემის სწრაფი აღმასვლის პერიოდს ემთხვევა. ამან კარგი პირობები შექმნა იმისთვის, რომ გორგლების მქონე მცენარეებს გაეხარა. უნდა ითქვას, რომ ისინი თესლებისა და დამტვერვის გარეშე მრავლდება, რამაც ჯერ სამხრეთ ამერიკაში, შემდეგ კი ადამიანების მეშვეობით სხვა რეგიონებში მათ მარტივად გავრცელებას შეუწყო ხელი.
მეცნიერები ახლა კარტოფილის ჰიბრიდის შექმნას ცდილობენ, რომელიც თესლით გამრავლდება. ამისთვის პომიდვრის გამოყენებას აპირებენ. მათი ნაშრომი გამოცემაში Cell გამოქვეყნდა.

კომენტარები