სამეცნიერო თუ საეკლესიო საზოგადოება ბოლო 800 წელია მსჯელობენ, ნამდვილად არის თუ არა ტურინის სუდარა ის ქსოვილი, რომელშიც ნაწამები იესო ქრისტე უნდა გაეხვიათ. თავისთავად, ისიც სადავოა, აწამეს თუ არა იესო ანდა საერთოდ თუ არსებობდა ისტორიაში ეს ადამიანი.

ტურინის სუდარის წარმომავლობაზე არაერთი კვლევაა ჩატარებული და განსხვავებულია მათი შედეგებიც. მეცნიერებმა სუდარა კიდევ ერთი ახალი ნაშრომით შეისწავლეს და დაადგინეს, რომ ზედ არსებული კონტურები ადამიანის სხეულისას არ შეესაბამება. მათი დასკვნით, ეს ქსოვილი ხელოვნების ნიმუში უნდა იყოს შუა საუკუნეებიდან.

ნაშრომი 2025 წლის 28 ივლისს გამოქვეყნდა ჟურნალ Archaeometry-ში.

რა ვიცით ტურინის სუდარაზე

ტურინის სუდარა პირველად 1354 წელს გამოჩნდა, როცა ფრანგმა რაინდმა ჟოფრუა დე შარნიმ იგი ლირეს ეკლესიას გადასცა. სუდარაზე სისხლიანი კაცის ანაბეჭდია, ამის გამო კი ხალხში სწრაფადვე გავრცელდა რწმენა, რომ იგი ქრისტეს სამარხის სუდარა უნდა ყოფილიყო. ქსოვილს მალე წმინდა რელიკვიის სტატუსი მიენიჭა.

სუდარა დღეს იტალიაში, ტურინის საკათედრო ტაძარში ინახება. მას უამრავი მორწმუნე და მომლოცველი სტუმრობს, თუმცა ბოლო 40 წელში ჩატარებული კვლევები ქსოვილის წარმომავლობასა ეჭვქვეშ აყენებს.

1980-იანი წლების ბოლოს სამ სხვადასხვა ლაბორატორიაში რადიონახშირბადული დათარიღება ჩატარდა. დაადგინეს, რომ ქსოვილი ახალი წელთაღრიცხვის დაახლოებით 1260-1390 წლებში უნდა შექმნილიყო — იმაზე მინიმუმ 1000 წლით გვიან, ვიდრე, გადმოცემების თანახმად, ქრისტე აწამეს. ტურინის იმდროინდელი არქიეპისკოპოსი კვლევის მიგნებებს დაეთანხმა და თქვა, რომ სუდარა, ალბათ, იმ ქსოვილის ყალბი ვერსია იყო, რომელშიც ქრისტე გაახვიეს.

ხალხს ტურინის სუდარის წმინდა წარმომავლობისა ამის შემდეგაც სჯეროდა. მომდევნო წლებში ამის საპირისპიროდ კიდევ არაერთი მტკიცებულება გაჩნდა.

2018 წლის კვლევაში მეცნიერებმა სისხლის შეშხეფების სიმულაციები გამოიყენეს. ნაშრომმა აჩვენა, რომ სუდარას ლაქები არარეალური კანონზომიერებით ესვა, ამიტომ ისინი ნამდვილი ჭრილობებისგან არ იქნებოდა დატოვებული. სხვა გამოკვლევით შენიშნეს, რომ ფიგურაზე ერთი მკლავი მეორეზე 7-10 სანტიმეტრით გრძელია. შესაბამისად, ანაბეჭდი რეალური ადამიანისა არ უნდა იყოს.

2022 წლის კვლევამ ამ მტკიცებების საპირისპირო მოგნებებიც შემოგვთავაზა. მეცნიერებმა სუდარის ცალკეული ძაფი გააანალიზეს და ქსოვილი ახალი წელთაღრიცხვის 55-74 წლებით დაათარიღეს. ეს იმ პერიოდს შეესაბამება, რომელშიც, გადმოცემების თანახმად, იესო ცხოვრობდა. უნდა აღინიშნოს, რომ ამ კვლევის ფარგლებში სადავო ტექნიკა გამოიყენეს და სუდარის ხანგრძლივად შენახვის თაობაზე ვარაუდებს დაეყრდნნენ.

უფრო ზუსტად, ნაშრომის ავტორებმა დაასკვნეს, რომ ქსოვილი მე-14 საუკუნის შემდეგ შეიძლება უფრო ნელა დაძველებულიყო, რადგან ამ დროიდან განსხვავებული ტემპერატურისა და ტენიანობის ოთახებში ინახავდნენ. მათი ვარაუდით, სუდარა უმეტესად მე-14 საუკუნემდე უნდა გაცვეთილიყო. თუკი ეს მართალია, მაშინ შეიძლება სხვა კვლევების დათარიღებაც არაზუსტი იყოს, სუდარა კი — იმაზე ძველი, ვიდრე ამ ნაშრომებმა აჩვენა.

შესაძლებელია თუ არა, რომ იესო ამ სუდარით დაეკრძალათ?

საკითხის უკეთ გასარკვევად ახლახან კიდევ ერთი კვლევა ჩატარდა. ქსოვილზე არსებული ლაქების წარმომავლობის შესასწავლად მკვლევრებმა ის არეალები დახაზეს, რომლებიც ქსოვილს ადამიანის სხეულზე მოხვევისას ეხება.

ნაშრომის ავტორმა, ციცერო მორაესმა, 3D სიმულაციები გამოიყენა და ე. წ. აგამემნონის ნიღბის ეფექტი განიხილა. ამ დროს სამგანზომილებიანი ობიექტის ორგანზომილებიან ზედაპირზე გადატანისას დამახინჯებული გამოსახულება იქმნება.

მორაესის განცხადებით, სიმულაციებმა აჩვენა, რომ ტურინის სუდარაზე არსებული ნიშნები ბრტყელ ფერწერას უფრო ჰგავს, ვიდრე ადამიანის სხეულის პირდაპირ ანაბეჭდს. მისი თქმით, ეს იმ ჰიპოთეზას ამყარებს, რომ სუდარა შუა საუკუნეებში შესრულებული ნამუშევარია.

ცხადია, ტურინის სუდარის წარმომავლობის ზუსტად გარკვევა ძალიან რთულია, თუმცა მეცნიერული მეთოდები რეალობასთან მაქსიმალურად გვაახლოებს. მიგნებები კიდევ ერთხელ გვაეჭვებს იმაზე, რამდენად იყო ტურინის სუდარა ქსოვილი, რომელშიც დასახიჩრებული ადამიანი, თუნდაც იესო ქრისტე, გაახვიეს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.