მითია თუ რეალობა, რომ ნავთობი დინოზავრებისგან მოდის?
ფოტო: Alexander Knyazhinsky/Shutterstock.com
შეიძლება გსმენიათ, რომ ნავთობი დინოზავრებისგან "მოდის" — თითქოს მანქანაში დიდი ხნის წინ გადამუშავებულ ველოცირაპტორს ასხამთ. შეესაბამება თუ არა ეს სინამდვილეს?
ამ შეკითხვაზე პასუხი უარყოფითია. ნავთობი რეალურად წყალმცენარეებისა და პლანქტონებისგან მოდის, რომლებიც ასობით მილიონი წლის წინ მოკვდნენ და ოკეანის ფსკერზე ჩაიძირნენ, დროთა განმავლობაში კი დანალექების მრავალი ფენის ქვეშ ჩაიმარხნენ.
ოკეანის ფსკერი მაღალი წნევისა და დაბალი ჟანგბადის მქონე გარემოა. ამ პირობებმა იქ დაფლულ წყალმცენარეებსა და პლანქტონებზე იქონია ზეგავლენა, შედეგად კი ნავთობი მივიღეთ. ეს შავი სითხე მაღლა ამოდის მანამ, სანამ ქანს არ შეხვდება, საიდანაც მას ადამიანები ჭაბურღილებით ვიღებთ.
სრულიად შესაძლებელია, რომ ზღვის დინოზავრები (ან ხმელეთის დინოზავრები, რომლებიც გარკვეული მიზეზების გამო ზღვაში აღმოჩნდნენ) სიკვდილის შემდეგ ოკეანის ფსკერზე მოხვედრილიყვნენ. ამის მიუხედავად, ნაკლებ სავარაუდოა, რომ ისინი ნავთობად "გადაქცეულიყვნენ".
ამის ერთი მიზეზი ისაა, რომ ორგანული მასალის ნავთობად გარდასაქმნელად უჟანგბადო გარემოა საჭირო. სავარაუდოდ, ზღვაში მოხვედრილ დინოზავრებს სიკვდილის შემდეგ ზღვის ცხოველები შეჭამდნენ მანამ, სანამ ისინი ზღვის ფსკერზე დაფლობას მოასწრებდნენ.
და მაინც, საიდან მოდის ეს მითი? ინგლისურად "წიაღისეული საწვავი" ითარგმნება, როგორც fossil fuels, ანუ ნამარხი საწვავი. სიტყვა "ნამარხის" ხსენებაზე ადამიანების უმრავლესობას დიდი პრეისტორიული სახეობები ახსენდება, სწორედ ამიტომ წარმოიშვა ასოციაცია, თითქოს "ნამარხი დინოზავრები ნავთობად გადაიქცნენ". პოპულარულმა მედიასაშუალებებმა ეს მითი დროთა განმავლობაში კიდევ უფრო მეტად აიტაცეს, შედეგად კი მისი რეალურობა ბევრმა ადამიანმა დაიჯერა.
კომენტარები