ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ოპოზიციას აკრიტიკებს და წინასაარჩევნო შეხვედრებზე კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებს. ბრიფინგზე მდინარაძემ ასევე აღნიშნა, რომ მათი პარტიის ზოგიერთი წარმომადგენელი არასათანადოდ იცავს ნორმებს, თუმცა "მასშტაბი აბსოლუტურად განსხვავებულია".

როგორც დეპუტატი ამბობს, პოლიტიკური პარტიები და სუბიექტები ვირუსის გავრცელებას ხელს უნდა არ უწყობდნენ.

"ობიექტურობისთვის, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი გუნდის ზოგიერთი წარმომადგენელიც რიგ შემთხვევებში, არასათანადოდ იცავს ხოლმე დადგენილ ნორმებს, თუმცა მასშტაბი აბსოლუტურად განსხვავებულია ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიასთან შედარებით, როდესაც მათი ნაწილი საერთოდ უგულებელყოფს რეგულაციებს და ხელს უწყობს პრაქტიკულად ვირუსის გავრცელებას", — განაცხადა მდინარაძემ.

COVID-19-ის შემთხვევების ზრდის გამო კულტურული და სოციალური ღონისძიებების ჩატარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში შეიზღუდა. გამონაკლისს წარმოადგენს პოლიტიკური აგიტაცია და კამპანიები. როგორც განმარტავენ, მსგავსი შეზღუდვის დაწესებამ, შესაძლოა წინასაარჩვენო გარემოზე უარყოფითად იმოქმედოს.

ამასთან, ამირან გამყრელიძე მოუწოდებს პოლიტიკური პარტიის წევრებს, რომ ამომრჩეველთან შეხვედრის დროს პირბადე ატარონ და სოციალური დისტანცია დაიცვან.

ამავე თემაზე: