აშშ-ის კონგრესის მიერ NASA-სთვის განსაზღვრული დაფინანსება საგრძნობლად შემცირდა, რაც მარსზე შეგროვებული ნიმუშების დედამიწაზე ჩამოტანას შეუძლებელს ხდის. ეს ნიშნავს, რომ მეცნიერები ვერ შეისწავლიან იმ გრუნტს, რომელიც შეიძლება სიცოცხლის კვალსაც კი ინახავდეს. ყოველ შემთხვევაში, ამჟამინდელი ბიუჯეტის გათვალისწინებით, პირვანდელი გეგმა გაუქმებულია და მონახავენ თუ არა ალტერნატიულ გზას, უცნობია.

მარსმავლები Curiosity და Perseverance მარსს აქტიურად იკვლევს და მისი წყლიანი წარსულის შესახებ სულ უფრო მეტ ინფორმაციას გვაწვდის. ამის მიუხედავად, დეტალური და ღრმა ანალიზისთვის ხშირად დისტანციური აპარატები არახელსაყრელია. სწორედ ამიტომაა საჭირო ჩვენი მეზობელი ციური სხეულის ზედაპირზე შეგროვებული ნიმუშების ახლოდან გამოკვლევა.

ეს NASA-ს პრიორიტეტად ჯერ კიდევ 2011 წელს მიიჩნეოდა. მარსიდან ნიმუშების ჩამოტანის (MSR) მისია აშშ-ისა და ევროპის კოსმოსური სააგენტოების თანამშრომლობით უნდა განხორციელებულიყო და მარსის შესწავლაში რევოლუციური ეტაპი ყოფილიყო. ამისთვის Perseverance-მა საკუთარი როლი უკვე შეასრულა — მან მარსზე გრუნტისა და ქვების ნიმუშები მოიპოვა. ახლა იქ ასეთი მასალის შემცველი 33 კონტეინერი გველის, თუმცა მათი ბედი უკვე საეჭვოა.

ამ მატერიის დედამიწაზე ჩამოტანა დაახლოებით 11 მილიარდამდე დოლარის ოდენობის ბიუჯეტს მოითხოვდა, მაგრამ გარკვეული ცვლილებებით სავარაუდო ღირებულება 7 მილიარდამდე შემცირდა. ამის მიუხედავად, NASA-ს დაფინანსება მსგავსი მისიისთვის საკმარისი არაა.

თავად მისია საკმაოდ რთულ გეგმას მოიცავდა: მარსის ზედაპირზე სპეციალური დასაშვები მოდული უნდა გაეგზავნათ, რომელშიც Perseverance კონტეინერებს მოათავსებდა; თუკი ეს ვერ მოხერხდებოდა, ამას ორი პატარა ვერტმფრენი ეცდებოდა. ასევე, საჭირო იყო რაკეტა, რომელიც ნიმუშებს წითელი პლანეტის ორბიტაზე აიტანდა, სადაც კაფსული ზონდს მიუერთდებოდა და დედამიწისკენ გამოემართებოდა.

რა თქმა უნდა, ასეთი გეგმა სპეციფიკურ ტექნოლოგიასა და აპარატებს მოითხოვს, რომელთა შესაქმნელად და კოსმოსში გასაშვებად დიდი თანხებია საჭირო. ახლანდელი ბიუჯეტით NASA მარსისთვის ტექნოლოგიებზე მუშაობას მაინც შეძლებს, მაგრამ ისინი ბევრად მცირე მასშტაბის იქნება.

გამორიცხული არაა, რომ მომავალში NASA/ESA-ს მისია ისევ აღადგინონ, მაგრამ ამ ეტაპზე ის ვერ განხორციელდება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.