სიახლე პლასტიკურ ქირურგიაში: პაციენტებს გვამებიდან ამოღებულ ქსოვილებს უნერგავენ
ფოტო: Tag Hartman-Simkins / Futurism. Source: Getty Images
კოსმეტიკურმა ქირურგებმა გვამებიდან მოპოვებული "ცხიმის ფილერების" გამოყენება დაიწყეს. ახალ პროდუქტს alloClae დაარქვეს — მას ბიოსამედიცინო სამეცნიერო ბიზნესი Tiger Aesthetics აწარმოებს და ის სხეულის კორექციისთვის გამოიყენება.
მიუხედავად უჩვეულო წარმომავლობისა და საკმაოდ მაღალი ფასისა (თითო პროცედურა 10 000-იდან 100 000-ამდე აშშ დოლარის ღირებულებისაა), alloClae დღითიდღე უფრო პოპულარული ხდება. მიზეზი ისაა, რომ ამ პროდუქტის გამოყენების შემთხვევაში ჭრილობის შეხორცების დრო ნაკლებია და პროცედურა ზოგადი ანესთეზიის გარეშე ტარდება.
როგორც წესი, პლასტიკური ქირურგები იმპლანტანტებს იყენებენ ან ცხიმს პაციენტის სხეულის სხვა ნაწილიდან იღებდნენ, alloClae კი ამ მეთოდების ინოვაციური ალტერნატივაა. პროდუქტის პოპულარობის კიდევ ერთი მიზეზი ისაა, რომ წონის კლების ეფექტის მქონე პრეპარატების (GLP-1 რეცეპტორის აგონისტების, მაგალითად, ოზემპიკის) მიღების შემდეგ სახესა და სხეულზე კანი "ჩამოწელილი" ხდება, ამ შემთხვევაში კი პაციენტები ხშირად პლასტიკურ ქირურგიას მიმართავენ.
მაშ, როგორ მოიპოვებენ პროცედურისთვის საჭირო ცხიმოვან ქსოვილებს?
ალბათ, ყველას გვსმენია, რომ ზოგი ადამიანი სიკვდილის შემდეგ თავის სხეულს მეცნიერებას გადასცემს. ამ დროს მათი ორგანოები გადანერგვისთვის და კვლევებისთვის გამოიყენება. ბიოლოგიურ ქსოვილთა ბანკებში გვამების მუცლებიდან ამოღებული ცხიმოვანი უჯრედებიც ინახება, რომლებსაც Tiger Aesthetics ყიდულობს და alloClae-დ გარდაქმნის. კომპანიის განმარტებით, მათი მეთოდი ძალიან მოთხოვნადია, შესაბამისად, სამომავლოდ ისინი ბევრად მეტი alloeClae-ის წარმოებას გეგმავენ.
"2026 წლის დასაწყისიდან ვგეგმავთ, რომ ბევრად მეტი alloClae დავამზადოთ, რათა ბაზარზე არსებული მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ", — განმარტა Tiger Aesthetics-ის პრეზიდენტმა, კეროლაინ ვან ჰოვემ, Business Insider-თვის მიცემულ ინტერვიუში.
სხვათა შორის, ეს პრაქტიკა უპრეცედენტო არ არის. არსებობს სხვა მსგავსი პროდუქტიც, სახელად Renuva, რომელიც იმავე წარმომავლობისაა, თუმცა სახის ფილერებში გამოიყენება.
კომენტარები