ნახეთ: პოლონეთში მარტორქისა და ირმის დაპირისპირება აღბეჭდეს
ფოტო: Wroclaw Zoo
ზოოპარკებში ერთმანეთს ისეთი ცხოველები შეიძლება შეხვდნენ, რომლებიც ველურ ბუნებაში იშვიათად თუ გადაეყრებიან ხოლმე ერთმანეთს.
პოლონეთის ქალაქ ვროცლავის ზოოპარკში, დავითისა და გოლიათის ისტორიის ბუნების ანალოგში, 13-კილოგრამიანი პატარა ირემი, სახელად ტატა (აზიის მკვიდრი სახეობა), დაუპირისპირდა მარუშკას — 1.7-ტონიან მდედრ მარტორქას.
სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ ესხმის პატარა ირემი თავს ბევრად უფრო დიდ მარტორქას — თავისი პატარა რქებით ეჯახება მის რქიან ცხვირს.
ზოოპარკმა ფეისბუკზე გამოქვეყნებულ პოსტში იხუმრა: "ალბათ ვიღაცას დილით სარკეში ჩახედვა დაავიწყდა."
ვიდეო სოციალური ქსელების მომხმარებლებმა მალევე აიტაცეს. ბევრს გაუჩნდა შეკითხვა, თუ რა მოხდა ამ დროს რეალურად.
ირმის ეს სახეობა სამხრეთ–აღმოსავლეთ ჩინეთისა და ტაივანის მკვიდრია, თუმცა ის ევროპის ზოგიერთ რეგიონშიცაა გავრცელებული. მამრებს, როგორც წესი, მოკლე რქები აქვთ — დაახლოებით 10 სანტიმეტრამდე სიგრძის — და ასევე პატარა ეშვები, რომელთა სიგრძე 5 სანტიმეტრს აღწევს.
ისინი ასევე გამოირჩევიან იმით, რომ შეწყვილებისას ძაღლის ყეფის მსგავს ხმას გამოსცემენ.
ადგილობრივი ახალი ამბების სააგენტო Zielony Wrocław-ის მიხედვით, მარტორქები სხვა ცხოველების კამპანიას მარტივად ეგუებიან, რადგან თითქმის არცერთ სხვა სახეობას არ უფრთხიან — გამონაკლისი ვეფხვებია.
ირმის ამ პატარა სახეობას თავისი ტერიტორიის მონიშვნა და მისი დაცვა ახასიათებს. და მაინც, ამ შემთხვევაში, ეს შეიძლება ითქვას, უფრო გართობა იყო, ვიდრე სერიოზული დაპირისპირება, რადგან ირემმა კარგად იცოდა, მარტორქას ვერაფერს დაუშავებდა. ამიტომაც, არც მარტორქამ აღიქვა გაბრაზებული ირემი სერიოზულად.
როგორც ზოოპარკის წარმომადგენლებმა ახსნეს, ირემს შეიძლება "ჰორმონებმა შემოუტიეს", მაგრამ მთლიანობაში მისი მხრიდანაც ეს უფრო თამაში იყო, ვიდრე აგრესია.
კომენტარები