საქართველოში პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 45 წლამდე კაცებისთვისაც უფასო გახდა
ფოტო: Getty
2026 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებში სიახლეა — ამიერიდან ადამიანის პაპილომავირუსის (HPV) საწინააღმდეგო ვაქცინაცია 45 წლამდე ასაკის კაცებისთვისაც უფასოა. ამის შესახებ 2025 წლის 31 დეკემბერს მიღებულ N655 დადგენილებაში წერია.
აქამდე უფასო HPV ვაქცინაციის ე.წ. "გაწმენდის რაუნდების" (როგორც დოკუმენტშია მითითებული) კამპანია ქალებს მოიცავდა, კაცების ასაკი კი შეზღუდული იყო. მიმდინარე წლიდან მისით შედარებით მოზრდილი კაცებიც ისარგებლებენ — ასაკობრივი დიაპაზონი 13-45 წელია.
მათში პაპილომავირუსის ვაქცინაცია ეტაპობრივად ჩატარდება:
- 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში — ორჯერადი ვაქცინაცია მინიმუმ 6 თვის ინტერვალით;
- 15-45 წლის ასაკობრივ ჯგუფში — სამჯერადი ვაქცინაცია შემდეგი სქემით: 0-2-6 თვე. ეს ნიშნავს, რომ პირველი ვაქცინის შემდეგ მეორემდე ინტერვალი 2 თვეა, მესამე ვაქცინა კი 6 თვეში კეთდება.
ქალებში HPV ვაქცინაციის სქემა იმავე პერიოდებს მოიცავს.
რა არის პაპილომავირუსი და რატომ უნდა ავიცრათ
HPV ვირუსების ჯგუფს ეწოდება, რომელიც 200-ზე მეტ ტიპს აერთიანებს. მათი უმეტესობა ეპითელიუმს აინფიცირებს და კანზე სპეციფიკური წანაზარდების, მეჭეჭების, წარმოქმნას განაპირობებს. ამის მიუხედავად, 40-ამდე ტიპი ლორწოვან გარსსაც აავადებს და ქალებში საშვილოსნოს ყელის სიმსივნის გამოწვევა შეუძლია. ყველაზე მაღალი რისკის შემცველად მე-16 და მე-18 ტიპები მიიჩნევა.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების მონაცემებით, გლობალურად საშვილოსნოს ყელის სიმსივნის 50%-ზე სწორედ პაპილომავირუსის მე-16 ტიპია პასუხისმგებელი, ხოლო ის და მე-18 ტიპი ერთად — დაახლოებით 66%-ზე; მაღალი რისკის შემცველი დამატებითი ხუთი ტიპია: 31-ე, 33-ე, 45-ე, 52-ე და 58-ე, რომლებიც იმავე სიმსივნის შემთხვევების 15%-თან და HPV-ით პროვოცირებული სხვა სიმსივნეების 11%-თანაა დაკავშირებული.
პაპილომავირუსი შეხებითა და სქესობრივი გზით საკმაოდ მარტივად გადადის, ამიტომ მისგან თავის დაცვა მნიშვნელოვანია. ხშირ შემთხვევაში მას შესამჩნევი სიმპტომი არ აქვს, ამიტომ ბევრმა ადამიანმა არ იცის, რომ რომელიმე შტამის მატარებელია. HPV-ის უმეტესობა რაიმე მნიშვნელოვან პრობლემას არ იწვევს და რამდენიმე წელში თავისით ქრება. ამის მიუხედავად, გენიტალიურ და ანუსის არეალში იგი შეიძლება მეჭეჭების ან უჩვეულო გამონაზარდის სახით გამოვლინდეს.
ხშირად ქალებს პაპილომავირუსი სწორედ კაცებთან სქესობრივი ურთიერთობის შედეგად გადაედებათ, პრეზერვატივი კი ასეთი შემთხვევებისგან ბოლომდე ვერ გვიცავს. ვინაიდან საშვილოსნოს ყელის კიბო საკმაოდ სერიოზული დაავადებაა, პრიორიტეტი სწორედ მისი რისკების შემცირებას ენიჭება. შესაბამისად, ვაქცინაცია სასურველია არამხოლოდ ქალებში, არამედ კაცებშიც.
გარდა ამისა, კაცებში ადამიანის პაპილომავირუსმა შეიძლება ანალური, პენისის ან პირ-ხახის სიმსივნეების ჩამოყალიბებას შეუწყოს ხელი, ამიტომ აცრა მათთვისაც მნიშვნელოვანია. გასათვალისწინებელია, რომ კაცებისთვის ისეთი სკრინინგ ტესტები ხელმისაწვდომი არაა, როგორიც ქალების პაპ ტესტია. შესაბამისად, ვაქცინაცია ამ მხრივაც კიბოს რისკის შემცირების/აღმოფხვრის საუკეთესო გზაა.
ვაქცინაციის მსურველები დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან კლინიკას, რომელშიც რეგისტრირებულნი ხართ.

კომენტარები