აუცილებელია დეპოლიტიზება და რეფორმა — რას ფიქრობენ პარტიები პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვაზე

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

რა ხდება

ქვეყანაში, სადაც ხშირად უკანონოდ უთვალთვალებენ ადამიანებს და პოლიტიკოსების დისკრედიტაციისთვის ბოროტად იყენებენ პირადი ცხოვრების კადრებს, ამ პრობლემის აღმოფხვრის ერთიანი პოლიტიკა არ არსებობს. ოპოზიციური პარტიები "მოგვარების გზად" მართლმსაჯულების საკითხის რეფორმირებას და საგამოძიებო უწყებებში პროფესიონალიზმის ამაღლებას ხედავენ.

გთავაზობთ 7 პოლიტიკური პარტიის, ქართული ოცნების, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, ევროპული საქართველოს, გირჩის, მოქალაქეების, ლელოსა და სტრატეგია აღმაშენებლის ხედვებს, რომლებიც Partiebi.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქართული ოცნება

პარტიის პოზიცია ამ საკითხზე უცნობია. მართველ გუნდის ხედვები გამოქვეყნებული არ არის, რადგან კითხვარი, რომელიც პლატფორმის ორგანიზატორებმა გაუგზავნეს, არ შეუვსიათ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობაზე კითხვის პასუხად პარტიაში იმ საარჩევნო პროგრამაზე საუბრობენ, რომელიც მართლმსაჯულების რეფორმებისთვის შეიმუშავეს. პირდაპირი პასუხის ნაცვლად, ენმ-ში ამბობენ, რომ პოლიცია იქნება სრულად და რეალურად დეპოლიტიზებული და ეს შეეხება როგორც საპატრულო პოლიციას, ისე კრიმინალურს და სპეცრაზმებს. მათივე თქმით, ხელმძღვანელი იქნება შს მინისტრისგან დამოუკიდებელი და შეირჩევა სამოქალაქო სექტორიდან დასახელებული კანდიდატურებისგან.

ამავე პროგრამაში საუბარია იუსტიციის სამინისტროსგან სასჯელაღსრულების სამსახურის გამოყოფაზე, სუს-ის გაუქმებაზე, მოსმენის გასაღებებზე და სხვა.

ევროპული საქართველო

ევროპულ საქართველოში კი ამბობენ, რომ უკანონო ფარული მიყურადების შემთხვევებისა და პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევის გამორიცხვის მიზნით, 2021 წლის იანვრამდე შექმნიან სამართალდამცავი ორგანოებისგან დამოუკიდებელ და საგამოძიებო ფუნქციის არმქონე ტექნიკურ სამსახურს. მათ თქმით, კანონმდებლობით ნებადართულ შემთხვევებში ფარული მიყურადება მხოლოდ ამ სამსახურის პრეროგატივა იქნება.

გირჩი

გირჩში ფიქრობენ, რომ თვალთვალისა და მოსმენის უფლება და შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს მხოლოდ სასამართლოს. მათ თქმით, ვინც ამას უკანონოდ ჩაიდენს, უნდა დაისაჯოს გარდაუვალად და კანონის მთელი სიმკაცრით.

ალეკო ელისაშვილი — მოქალაქეები

პარტია მოქალაქეებში ამტკიცებენ, რომ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უზრუნველყოფა მათი ხედვის ერთ-ერთ ძირითად საკითხს წარმოადგენს. მათი აზრით, ამ მხრივ მისასალმებელია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნა, თუმცა ეს ინსტიტუტი არ არის დამოუკიდებელი, რადგან ინსპექტორს წარადგენს პრემიერი, ამტკიცებს პარლამენტი და ზედამხედველობს პროკურატურა, რაც მას "იმავე უსამართლო სისტემის ნაწილად აქცევს". მათივე თქმით, საჭიროა ამ სამსახურის რეალური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა, სახელმწიფო ინსპექტორად კანდიდატი უნდა დაინიშნოს ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსის შედეგად და არა პრემიერის წარდგინებით.

"ამ მხრივ კარგი მაგალითია სახალხო დამცველის აპარატი, რომლის ეფექტურ მუშაობასაც სწორედ მისი დამოუკიდებლობა განაპირობებს", — აცახდებენ პარტიაში.

ლელო საქართველოსთვის

ლელოს განცხადებით, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის საკითხში მთავარი გადაუწყვეტელი პრობლემა ისაა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს) ქვეყნის მთავარ საფრთხედ კვლავაც ქვეყნის მოქალაქეებს თვლის და ყოველი მოქალაქის "ლუპის ქვეშ" ყოლა მთავარ ინსტიტუციურ ამოცანად მიაჩნია. პარტიაში აცხადებენ, რომ სუს-ის ეტაპობრივ დემონტაჟს და პარტნიორი ქვეყნების გამოცდილებაზე დაფუძნებული ახალი სპეცსამსახურის ფორმირებას.

"გარდა ამისა, განზრახული გვაქვს სამართალდამცავ ორგანოებზე საპარლამენტო კონტროლის დაწესება პარიტეტულ საწყისებზე (თითო წარმომადგენელი თითო ფრაქციიდან) შექმნილი საპარლამენტო კომისიის მიერ, რომლის ერთ-ერთი ფუნქცია იქნება ადამიანის უფლებებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის საკითხების მონიტორინგი. ამ პოლიტიკური და ინსტიტუციური ცვლილებების შემდეგ საგრძნობლად გაიზრდება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უზრუნველსაყოფად ბოლო წლების განმავლობაში დანერგილი სამართლებრივი მექანიზმებისა და პოლიტიკის ინსტრუმენტების ეფექტიანობა", — აცხადებენ ისინი.

სტრატეგია აღმაშენებელი

სტრატეგია აღმაშენებელიში აცხადებენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უზრუნველსაყოფად, ასევე, გამოიყენებენ ყველა ბერკეტს ამ მიმართულებით ნებისმიერი დანაშაულისა და გადაცდომის გამოსაძიებლად.

"გარდა ამისა, ჩვენი გეგმის მიხედვით, სამართალდამცავი სტრუქტურების რეფორმირების შემდეგ (დეპოლიტიზება, დეცენტრალიზაცია, სუს-ის რეორგანიზაცია და სხვ.) გამორიცხული იქნება პოლიტიკური მიზნებისთვის პირის პირადი ცხოვრების ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი დეტალის გასაჯაროება/გამოყენება".

Partiebi.ge 2012 წლიდან აქვეყნებს საქართველოს პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო შეხედულებებს ქვეყნისათვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე. პროექტი საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ არის დაფინანსებული და მიზნად ისახავს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის ხელი შეუწყოს როგორც პოლიტიკური პარტიების წინადადებების ფორმირებას, ისე საზოგადოების ინფორმირებას ამ წინადადებების შესახებ. ამავე ვებგვერდზე გამოქვეყნებულია პარტიების ხედვები სხვადასხვა საკითხზე.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბექა წიქარიშვილი: ეს ბიჭი თუ გახსოვთ, ქალბატონო თეა? ჩვენ გვახსოვს, არ ვივიწყებთ და მუდამ გვემახსოვრება.
  2. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
  3. მაკა ბოჭორიშვილი: დიახ, ვარ "ქართული ოცნების" საკმაოდ ამაყი წარმომადგენელი
  4. ირაკლი ზარქუა: ჩვენ რამენაირად უნდა გავძლოთ 20 იანვრამდე და გავძლებთ კიდეც
  5. საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

პრეზიდენტი: ამ პირობებში არ შეიძლება სხვა პოლიტიკური გამოსავალი იყოს, თუ არა არჩევნების დანიშვნა

იმედი მაქვს, რომ ყველამ დეტალურად წაიკითხა [ეუთო/ოდირის დასკვნა] იმიტომ, რომ ყველამ დეტალურად უნდა წაიკითხოს ეს…