ემტერება თუ არა თანამედროვე ხელოვნება რელიგიას
საუკუნეების განმავლობაში ეკლესია დიდ გავლენას ახდენდა ხელოვნებაზე, თუმცა დღეს ეს ტენდენცია შეცვლილია.
ხშირად ამბობენ, რომ დღევანდელი ხელოვნების გალერეები თანამედროვე ტაძრებია — ადგილები, რომელსაც სეკულარულ ეპოქაში მცხოვრები ადამიანები სულიერების შესაგრძნობად სტუმრობენ. თუმცა საუკუნეების განმავლობაში ყველაფერი პირიქით იყო: ეკლესიები ითავსებდნენ ხელოვნების გალერეის ფუნქციასაც. თუკი დასავლეთ ევროპის ნებისმიერ ტაძარში შეხვალთ, ამ ფაქტის დამადასტურებელ უამრავ მაგალითს წააწყდებით — იქნება ეს ხეზე კვეთილი რთული ნამუშევრები და ოქრომჭედლობის თვალწარმტაცი ნიმუშები თუ ამაღელვებელი მარმარილოს სკუპლტურები და დახვეწილად მოხატული საკურთხევლები.
"კლასიკური ანტიკური ხელოვნების შემდეგ ქრისტიანობა ევროპული კულტურის განმსაზღვრელ უპირატეს ძალად იქცა", — განმარტავს ჯენიფერ სლივკა, ხელოვნების და რელიგიის განყოფილების კურატორი ლონდონის ეროვნულ გალერეაში, — "მას შემდეგ, რაც თეოდოსიუს I-მა 380 წელს ქრისტიანობა რომის იმპერიის სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა, ყოველგვარი სასულიერო, სამოქალაქო თუ პოლიტიკური მიზნით დაკვეთილ ხელოვნების ნიმუშს ამ ახალი რწმენითი სისტემის ღირებულებები უნდა აესახა". შედეგად კი, როგორც სლივკა ასკვნის, "ეროვნულ გალერეაში დაცული დასავლეთევროპული ხელოვნების ნამუშევართა დაახლოებით ერთი მესამედი რელიგიური ხასიათისაა — და მათგან თითქმის ყველა ქრისტიანული კულტურის ნაწილია".
მიუხედავად ამისა, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმებში იმ ნამუშევრების რაოდენობა, რომლის თემატიკაც ქრისტიანობას უკავშირდება, მცირეა. მას შემდეგ, რაც არტისტები საუკუნეების განმავლობაში მეტწილად ეკლესიის კეთილგანწყობაზე იყვნენ დამოკიდებულნი, ბევრი რამ შეიცვალა და რელიგიის და ხელოვნების ურთიერთობა იმდენად ახლო აღარ არის. თანამედროვე ეპოქაში ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილებაც კი გრჩება, რომ ხელოვნება და რელიგია სრულიად უცხონი არიან ერთმანეთისთვის ან მეტიც — მტრებად ქცეულან. "როცა თანამედროვე ხელოვნების გალერეას ან ბაზრობას ვსტუმრობ, იშვიათად თუ მოველი ისეთი ნამუშევრების ხილვას, რომელიც რელიგიურ თემებს შეეხება", — ამბობს სლივკა.
შოკის დოქტრინა
როცა თანამედროვე არტისტები ქრისტიანულ თემებს ეჭიდებიან, ისინი ამას ხშირად ხატმებრძოლური, დამცინავი, უპატივცემულობის, ღირებულებათა გაუფასურების გზით აკეთებენ. ამის მაგალითად იტალიელი ხელოვანის, მაურიციო კატელანის 1999 წლის სატირულ ნამუშევარი, La Nona Ora, შეგვიძლია ავიღოთ. ქანდაკება განასახიერებს რომის პაპ იოანე პავლე II-ს, რომელიც წითელ ხალიჩაზე ციდან ჩამოვარდნილი მეტეორიტის სიმძიმის ქვეშაა გართხმული; ან გავიხსენოთ თუნდაც შარდის ქრისტე, ცნობილი ამერიკელი არტისტის, ანდრეს სერანოს 1987 წლის ფოტო, რომელზეც გამოსახული პატარა პლასტმასის ჯვარცმა შარდით სავსე ჭიქაშია ჩაძირული.
როცა კრის ოფილის 1996 წლის ფერწერული ნამუშევარი, წმინდა ქალწული მარიამი, 1999 წელს ნიუ-იორკში გამოიფინა, ქალაქის მაშინდელმა მერმა, რუდოლფ ჯულიანიმ გააკრიტიკა არტისტის ხედვა შავკანიანი მადონასი, რომლის შიშველი მკერდიც სპილოს განავლითაა გამოძერწილი: "ეგრეთ წოდებული ხელოვნება, რომელშიც ხალხი ქალწული მარიამის სურათს სპილოს განავალს ესვრის, ავადმყოფური იდეაა", — განაცხადა ჯულიანიმ.
თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ აღარ არსებობენ ხელოვანები, რომლებიც ქრისტიანობაზე ნაკლებად კრიტიკული ნამუშევრების შექმნას ამჯობინებენ. ზოგ შემთხვევაში კი ეკლესია იბრუნებს კიდეც თავის, როგორც ხელოვნების მფარველის, როლს. მაგალითისთვის, 2014 წელს ლონდონის წმინდა პავლეს ტაძარში გაიმართა პრემიერა ვიდეოინსტალაციის, მარტვილები, რომლის ავტორიც ამერიკელი ხელოვანი, ბილ ვიოლაა.
ეს პირველი შემთხვევა არ იყო, როცა წმინდა პავლეს კათედრალმა თანამედროვე ხელოვნებას გაუღო კარი: 1983 წელს მათ სკულპტორ ჰენრი მურს ტრავერტინისა და მარმარილოსგან დამზადებული დედა-შვილის ქანდაკება დაუკვეთეს, რომელიც ახლა ტაძრის ჩრდილოეთ ფრთას ამშვენებს. თუმცა მარტვილები პირველი მუდმივი მოძრავგამოსახულებიანი ნამუშევარია, რომელიც ბრიტანულ ეკლესიაში დაამონტაჟეს. "ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა რელიგიური ხელოვნების ისტორიაში", — დაწერა ამის შესახებ ხელოვნების კრიტიკოსმა, მარტინ გეიფორდმა გაზეთ The Daily Telegraph-ში, — "ეს პირველი შემთხვევაა, როცა მოძრავი გამოსახულება გამორჩეულ ადგილს დაიკავებს ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთ უდიდეს ტაძარში".
ტაძრის სამხრეთ, სამგალობლო ფრთის შემაღლებული საკურთხევლის უკან მოთავსებული მარტვილები რამდენიმე ეკრანზე გამოსახული "ოთხკარედი ვიდეოა", რომელზეც ოთხი სხვადასხვა ადამიანი სამყაროს ოთხი სტიქიისგან — მიწის, ჰაერის, ცეცხლის და წყლისგან მოვლენილ განსაცდელს ითმენს. მათგან ერთი კაცი უბრალოდ ზის მაშინ, როცა ცეცხლის უზარმაზარი ალი შთანთქმით იქადნება; მეორე ჰაერშია გამოკიდებული ფეხებით მაღლა, ამობრუნებული ჯვარცმის მსგავსად, წყლის ნაკადი კი წალეკვით ემუქრება; თოკზე ჩამოკიდებული და ხელ-ფეხ გაბაწრული ქალი ქარიშხლის ძალისგან იგრიხება და ტრიალებს; მეოთხე ადამიანი კი ციდან ჩამოყრილ მიწაში იფლობა.
"ნამუშევარი სიბრალულით გავსებს", — ამბობს მარკ ოკლი, წმინდა პავლეს ტაძრის კანცლერი, რომელიც ვიოლას პროექტს იდეის დაბადებიდან ნაშრომის სისრულეში მოყვანამდე, 11 წლის განმავლობაში ზედამხედველობდა, — "ეს ადამიანები საკუთარი რწმენისა და სინდისის ამარა არიან დარჩენილები. თითოეული მათგანი იმისთვის კვდება, რისთვისაც თავის გაწირვას ღირსეულად მიიჩნევს. და ჩვენც, მაყურებელნი, იძულებულნი ვართ, ასევე გავუსწოროთ თვალი ჩვენს სინდისს: აქ ჩვენც საკუთარი თავის პირისპირ ვრჩებით. იმ ყველაფერში, რაც მათ თავს ხდება, მაინც არის დიდებულება, მშვენიერება და სიმშვიდე — მათში რაღაც გარდაიქმნება. მწამს, რომ მარტვილები იდუმალებით მოცული, მაგრამ საოცრად ღრმა ნამუშევარია. მისით ღმერთი ცხადდება".
კეთილსინდისიერების კარნახით
ვიოლა ერთადერთი თანამედროვე ხელოვანი არაა, რომელმაც უძველესი ტრადიციის მქონე რელიგიური ხელოვნების განვითარებაში სატირისა და დაცინვის გარეშე შეიტანა წვლილი. ბრიტანელმა არტისტმა, მარკ უოლინგერმა, მაგალითად, რელიგიურ თემატიკასა და რწმენის საკითხებზე რამდენიმე ნამუშევარი შექმნა. მათ შორისაა 1999 წლის Ecce Homo, თეთრი ფისისგან დამზადებული ადამიანის ზომის ახალგაზრდა კაცის სკულპტურა, რომელიც ქრისტეს განასახიერებს. იგი გარკვეული დროით ტრაფალგარის მოედნის მეოთხე პედესტალზე იყო აღმართული.
"დღეს მომუშავე ხელოვანთაგან არსებობს რამდენიმე, რომელიც რელიგიურ თემებს მათი დამცირების გარეშე ეხება", — ამბობს სლივკა, — "ანა მარია პაჩეკო, მაგალითად, ხშირად იყენებს ისეთ რელიგიურ სცენებს, როგორიცაა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთა. ამ გზით ის ნაცნობ ბიბლიურ სიუჟეტს პოლიტიკურ დატვირთვას ანიჭებს და წარმოგვიდგინს ადამიანს, რომელიც ძალაუფლების მფლობელთათვის სიმართლის თქმას არ უშინდება. ამგვარად იგი ჩვენს ყურადღებას მიმართავს თავისი სამშობლოს — ბრაზილიის რთული პოლიტიკური წარსულისკენაც, როცა კოლონიალიზმი და აფრიკელთა დამონება პოლიტიკურ ნორმად იყო ქცეული".
გარდა ამისა, 2013 წელს წმინდა საყდარი პირველად შეუერთდა ვენეციის ბიენალეს — მიუხედავად იმისა, რომ, როგორც სლივკა აღნიშნავს, "მათი პავილიონისთვის არჩეული გამოსაფენი მასალიდან განზრახ იყო ამოღებული ნამუშევრები, რომლებიც პირდაპირ ასახავდა კათოლიკურ თემებსა და ხატებებს".
"ხშირად თანამედროვე ნამუშევრები, რომლებიც სულიერ თემებს უფრო ფართო კუთხით ასახავს — როგორც ეს ბილ ვიოლას ვიდეოინსტალაციაშია — მეტად წარმატებულია დღევანდელ საზოგადოებაში, რომელიც სხვადასხვა მრწამსის, წარმომავლობის და ცხოვრების სტილის მქონე ადამიანებს აერთიანებს", — ურთავს ის.
შეიძლება, გასაკვირია, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, რომელშიც სეკულარიზმი სულ უფრო იკიდებს ფეხს, ქრისტიანული ხელოვნების დიდი ტრადიცია განვითარებას განაგრძობს. "კერძოდ, საკათედრო ტაძრები ბოლო წლების განმავლობაში ზრუნავენ, რომ წაახალისონ თანამედროვე ხელოვანები, შექმნან ისეთი ნამუშევრები, რომლებიც ამ ტაძრებში დაიდებს ბინას", — ამბობს ოკლი, — "ჩვენ ყველანი უნივერსალურ, ყველასთვის გასაგებ ისეთ ენას ვეძებთ, რომელზეც შევძლებთ სულიერებასთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხების პოვნას.
"ბევრისათვის რელიგიური ლექსიკა უკვე აღარაა გასაგები. ასე რომ, ჩვენ უნდა ვიპოვოთ ისეთი ფორმები, რომელთა გამოყენებითაც შევძლებთ საუბრის დაწყებას — ხელოვნება კი ნამდვილად ერთ-ერთი მათგანია. რელიგიის არსებითი ნაწილიც ხომ სხვაა არაფერია, თუ არა სულის ლაბორატორია. ეს არის სულიერი ზრდის, განვითარებისა და გარდასახვის ადგილი. ამდენად, საერთოდ არ მიკვირს, როცა ხელოვანები და მორწმუნე ადამიანები ერთმანეთს იზიდავენ; მათ მრავალი საერთო ინტერესი და საფიქრალი აქვთ. თანამედროვე ხელოვანებს ნამდვილად ბევრის შეთავაზება შეუძლიათ ეკლესიისთვის — და პირიქით".
კომენტარები