რატომ ვერ გავმიჯნავთ ერთმანეთისგან სპორტსა და პოლიტიკას — 6 მოსაზრება
ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ — ეს ფაქტია და არა სლოგანი, რომელსაც გულზე პატრიოტული მჯიღის ცემით ვამბობთ. ჩვენი ისტორიული რეგიონები დამოუკიდებელ ქვეყნებად არის აღიარებული რუსეთის მიერ, იქ დგას მათი არმია და საოკუპაციო რეჟიმი თითქმის ყოველდღიურად ჩვენი მოქალაქეების ეზოებსა და ნაკვეთებს იპარავს, ავლებს მავთულხლართს, იტაცებს, აწამებს ან კლავს. ესეც ფაქტებია და არა ემოციების გამოძახილი.
რამდენად ცხადადაც არ უნდა ჩანდეს რუსეთის მტრული სახე, არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ეს მხოლოდ პოლიტიკაა, რომელიც პოლიტიკოსების კაბინეტებში უნდა დარჩეს და "მოძმე" ქვეყანასთან კულტურული, სპორტული, რელიგიური ურთიერთობები ჩვეულებრივ უნდა გვქონდეს. ეს ნარატივი სწორედ რომ რუსი პოლიტიკოსების კაბინეტში შეიქმნა და მისი გამოძახილია, როცა საზოგადოების ნაწილი მუდმივად გვთხოვს, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ სპორტი და პოლიტიკა. ისინი მოითხოვენ რუსეთთან რაგბის მატჩის დროს არ ვაფრიალოთ ანტიოკუპაციური ბანერები, ფეხბურთის მატჩის დროს არ დავუსტვინოთ ან არ გვეცვას ანტიოკუპაციური მაისურები; ითხოვენ გვერდით გადავდოთ ემოციები და დაგვავიწყდეს, რომ ზუსტად იმ დროს, როცა ჩვენ "პოლიტიკისგან გამიჯნული სპორტით" ვტკბებით, ვიღაცას ისევ იტაცებენ საკუთარ მიწაზე.
სპორტისა და პოლიტიკის გამიჯვნის თემა განსაკუთრებით გააქტიურდა გუშინ, როცა კალათბურთის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ კონტრაქტი გააფორმა მე-11 წითელი არმიის პატივსაცემად შექმნილ მოსკოვურ კლუბ CSKA-სთან. საზოგადოების ნაწილმა ვერ გაიგო, რა არ მოგვწონს კაპიტნის გადაწყვეტილებაში, რომელსაც კლუბის მაისურზე საბჭოთა კავშირის წითელი ვარსკვლავი ახატია.
რა შეიძლება მოხდეს, როცა თორნიკე CSKA-ში ითამაშებს? ჩვენი ეროვნული ნაკრების კაპიტანს კარგი ჩაწოდების შემთხვევეაში ტაშს დაუკრავენ რუსი ვეტერანები, რომლებიც სხვადასხვა დროს ჩვენს ქვეყანაში იბრძოდნენ; გასამხნევებლად მას მოუწევს მოისმინოს გულშემატკივრების სიმღერები იმ მე-11 არმიაზე, რომელმაც საქართველოს ანექსია მოახდინა და არაერთგზის მიმართა სადამსჯელო ღონისძიებებს; მილოცვებისას მან ხელი უნდა ჩამოართვას იმ ქვეყნის პოლიტიკოსებს, რომელთა გადაწყვეტილებები ყოველდღიურად გვაზიანებს და ბოლოს, სავსებით შესაძლებელია, მას მადლობები გადაუხადოს თავად ვლადიმერ პუტინმა, იმისთვის, რომ მოსკოვური გუნდი და შესაბამისად, რუსეთი ასახელა.
ამიტომ უჭირს ქართველ გულშემატკივარს, ამ საკითხს მხოლოდ სპორტული ტრანსფერის ჭრილში უყუროს. იმისთვის, რომ უკეთ განგვემარტა, რატომ არის რთული სპორტისა და პოლიტიკის გამიჯვნა, გულშემატკივრების პოზიციები მოვისმინეთ. ისინი სხვადასხვა სფეროს წარმოადგენენ, სხვადასხვა ასაკისანი არიან და თითქმის არაფერი აქვთ საერთო გარდა იმისა, რომ ქართული სპორტი უყვართ.
ეკა ელოშვილი
ეკა სპორტული ჟურნალისტია, რომელიც ფიქრობს, რომ დიდ სპორტსმენად არა წარმატებული სპორტული კარიერა, არამედ გადაწყვეტილებები გაქცევს და არსებობს წითელი ხაზი, რომელსაც არ უნდა გადააბიჯო. სწორედ ეს წითელი ხაზია მისთვის ნაკრების კაპიტნის გადაწყვეტილება და ასეთ დროს პოლიტიკის გამიჯვნა არ შეუძლია.
როგორც სპორტული მედიის წარმომადგენელი და ქართული სპორტის გულშემატკივარი, პირდაპირ და ცალსახად ვაფიქსირებ ჩემს უარყოფით პოზიციას შენგელიას ამ ნაბიჯთან დაკავშირებით. რატომ? — იმიტომ, რომ არის რაღაცეები, რასაც ცხოვრებაში, კარიერაში არ უნდა გადააბიჯო, მე ასე მგონია.
ზოგადად, რას ნიშნავს, როცა ვამბობთ, რომ დიდი სპორტსმენია? რისგან შედგება ეს ცნება, რა ხდის სპორტსმენს დიდად? ზუსტად ის, რომ არის რაღაც ზღვარი, რომლის იქითაც არ უნდა გადააბიჯო. დიდი სპორტსმენი არ ხარ მხოლოდ მაშინ, როცა ყველა შეხებაზე ბურთი გაგაქვს კარში, როცა შეგიძლია მსოფლიო შემოიგდო მხრებზე და ატაცი გააკეთო ან ბურთი ჩატენო ყოველ წამს კალათში და დააგროვო ქულების n რაოდენობა. ეს არის წარმატებული სპორტსმენობა. მაგრამ, სპორტი არის ძალიან დიდი სოციალური მოვლენა და ის, რაც ვინმეს ხდის დიდ სპროტსმენად, სამწუხაროდ ყველას არ აქვს — ეს სწორი გადაწყვეტილებებია. ამ შემთხვევაში, შეიძლება, თორნიკემ, თავისი კარიერისთვის უკეთესი ნაბიჯი გადადგა, მაგრამ არის ამბის მეორე მხარე — მან ძალიან ატკინა გულშემატკივარს გული.
ჩვენ ვისმენთ ფრაზებს, რომ თორნიკეს პატრიოტიზმს ვერ დავუწუნებთ, ვერ ვასწავლით. იცით რა, ალბათ, უნდა ვასწავლოთ. პატრიოტიზმიც უნდა ვასწავლოთ და მისი ქვეყნის ისტორია უნდა ვასწავლოთ. იმ ქვეყნის ისტორია უნდა ვასწავლოთ, რომლის საკალათბურო ნაკრების კაპიტანიც არის, მის მაისურზე ხუთჯვრიანი დროშაა გამოსახული. თუ არ იცი გასული საუკუნეების ისტორია, შენი ქვეყნის უახლესი ისტორია მაინც უნდა იცოდე — რაში გიწევდა ცხოვრება შენ, შენს მშობლებს.
შეიძლება, ემოციური და სუბიექტურია ჩემი შეფასება, მაგრამ მგონია, რომ თორნიკეს დონის კალათბურთელს, რომელსაც ჰქონდა სხვა არაერთი წინადადება და შემოთავაზება სხვა არანაკლებ კარგი გუნდებისგან, შეეძლო არ აერჩია რუსეთის არმიის სპორტული კლუბის ღირსების დაცვა. მისი ფრაზა, "მე არ მგონია და არ მინდა, რომ ჩემ მიმართ დამოკიდებულება შეიცვალოს", უხეშად გამომდის, მაგრამ წყლის ნაყვაა. იმიტომ, რომ ძალიან ბევრი რამე შეიცვლება — მე ძალიან მეტკინა გული და ჩემ გარშემო ძალიან ბევრს. მაშინაც მეტკინება გული, როდესაც სპორტის სასახლეში საქართველოს ნაკრები ითამაშებს და იქ იქნებიან გულშემატკივრები, რომლებიც მას ამ ნაბიჯის გამო დაუსტვენენ და ეს ძალიან ცუდია.
როცა პოლიტიკისა და სპორტის გამიჯვნაზე ლაპარაკობენ, უნდა გაითვალისწინონ, რა შემთხვევაში და ვისთან ვმიჯნავთ. ალბათ, ქართველები გავმიჯნავთ ყველა სხვა ქვეყანასთან მიმართებაში, ოღონდ არა იმ ქვეყანასთან, რომელსაც ჩვენი ქვეყნის 20% აქვს ოკუპირებული და რომლის ჯარიც დგას ერთი ხელის გაწვდენაზე. რანაირად შეიძლება საერთოდ ამ ქვეყანასთან გამიჯნო რამე?
ძალიან დილეტანტური ნათქვამია რუსეთთან მიმართებაში. ვერანაირად ვერ გაიმიჯნება, ვერც სპორტი და პოლიტიკა, ვერც კულტურა და პოლიტიკა და საერთოდ, ვერც პოლიტიკა და პოლიტიკა. არის ერთი მოცემულობა — რუსეთი. მისია ეს სპორტიც, კულტურაც და პოლიტიკაც.
სოსო ბერიკაშვილი
სოსო ეკონომისტია. თორნიკეს გადაწყვეტილება არ მოსწონს და არ ესმის, რატომ უნდა თამაშობდეს მისი დონის კალათბურთელი მაინცდამაინც რუსული არმიის კლუბში, როცა შეეძლო ეს უსიამოვნება ნებისმიერ ევროპულ კლუბში გადასვლით აეცილებინა. ფიქრობს, რომ სპორტსა და პოლიტიკას ვერ გავმიჯნავთ განსაკუთრებით მაშინ, როცა რუსეთი აქტიურად იყენებს მას პოლიტიკურ იარაღად.
ჩემი პოზიცია არის ცალსახად ნეგატიური, მიუხედავად დიდი პატივისცემისა თორნიკეს მიმართ. ამ სიტუაციაში გადახვიდე კლუბში, რომელიც, მართალია, ოფიციალურად არა, მაგრამ ასოცირდება წითელ არმიასთან, პრინციპულად მიუღებელია. მით უმეტეს, თორნიკეს ამის საჭიროება არ ჰქონდა, ის თამაშობდა ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ლიგაში და მიუხედავად იმისა, რომ CSKA ევროპაში საუკეთესო გუნდია ამ ეტაპზე, საქართველოს ნაკრების კაპიტანი იქ არ უნდა თამაშობდეს.
სამწუხაროდ, წარსულშიც იყო ასეთი გამოცდილება, მაგრამ განსაკუთრებულ ფონს ქმნის ისიც, რომ თორნიკე შენგელია მიდის კარიერის პიკზე, როცა თვითონ არის ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი. მართალია, თქვა, რომ ბედნიერია ევროპის ჩემპიონ კლუბში გადასვლით, მაგრამ მე ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა იყოს ბედნიერი არმიის კლუბში თამაშისას.
საქართველოს ნაკრების კაპიტანი უნდა ფიქრობდეს ყოველ ნაბიჯზე. ჯერ არ ვიცი, როგორი შეგრნება მექნება, როდესაც თორნიკე კაპიტნის მაისურით დაბრუნდება. ცხადია იმაზე არ ვფიქრობ, რომ ნაკრებს აღარ ვუგულშემატკივრებ, მაგრამ ძალიან უსიამოვნო მომენტია და ეს არ უნდა გაეკეთებინა.
რაც შეეხება პოლიტიკის და სპორტის გამიჯვნას, ეს არ არის ჩვენზე დამოკიდებული, ჩვენ არ აგვირჩევია, რომ სპორტი პოლიტიკურ იარაღად ყოფილიყო გამოყენებული. ძალიან შორს რომ არ წავიდეთ, აგვისტოს ომი და პეკინის ოლიმპიადა ერთდროულად დაიწყო, იმიტომ, რომ მსოფლიოს ყურადღება იქით ყოფილიყო გადატანილი, ბევრი სხვა მიზეზიც შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ მაინც. ამიტომ გამიჯნული ვერნაირად ვერ იქნება.
ცსკა-ს შეუძლია გამოიყენოს ძალიან მარტივი მექანიზმი, რომ უბრალოდ ნაკრებში არ გამოუშვას თორნიკე, რაც გაუკეთა ერთ ლატვიელ კალათბურთელს. მართალია, კერძო კლუბია და ამერიკელებიც თამაშობენ, ევროპელებიც, მაგრამ რუსულია და შეუძლია გამოიყენოს, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი. ყოველთვის იყენებს რუსეთი ამას.
აუცილებლად ივლის პუტინი ამ მატჩებზე. ძლიერი გუნდია და შეიძლება, ბევრი ტიტული მოიგოს, მათ შორის შიდა ჩემპიონატები და ამ გამარჯვებების დროს პუტინიც მივა მისალოცად თორნიკესთან. ეს უსიამოვნო უნდა იყოს არამხოლოდ ჩვენთვის, არამედ მისთვისაც.
ნინო გამისონია
ნინო IT სპეციალისტია. სპორტისა და პოლიტიკის გამიჯვნა ვერ წარმოუდგენია, რადგან პოლიტიკა მისთვის ყველაფრის ნაწილია. განსაკუთრებით უჭირს, პოლიტიკური ხედვით არ მიუდგეს რუს სპორტსმენებს, რომლებიც ოკუპანტ ქვეყანას წარმოადგენენ.
ბივალენტური დამოკიდებულება მაქვს ამ საკითხის მიმართ, ერთი ხელის მოსმით უარყოფითად არ ვარ განწყობილი. თვითონ ფაქტი, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი გადადის რუსეთის არმიის კლუბში, ძალიან შეურაცხმყოფელია ჩემთვის, ქვეყნისთვის და ეროვნული ნაკრებისთვისაც. ისე გამოდის, თუ კარგ ფულს შემოგთვაზებენ, ღირებულებებზე უარი უნდა თქვა.
ძალიან ბევრი ქართველი სპორტსმენი და ფეხბურთელი თამაშობს რუსეთში, მაგრამ ამაზე არ გვაქვს რეაქცია. სულ მაბრაზებდა ეს საკითხი. ალბათ, თორნიკეს შემთხვევაში იმიტომ ვართ ასე ემოციურად განწყობილი, რომ უკეთესის მოლოდინი გვქონდა.
სპორტსა და პოლიტიკას მარტო საქართველოში კი არა, მთელ მსოფლიოში ვერ გავმიჯნავთ, რადგან ძალიან არის დაკავშირებული ერთმანეთთან. დავიწყოთ იმით, რომ ყველაფერი ჩემი პერსონალური პოლიტიკურია. ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ან არ ვაკეთებთ, ვამბობთ ან არ ვამბოთ, პოლიტიკურია. სპორტიც პოლიტიკურია, ძალიან ხშირად იღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტიელბებს UEFA-სა და FIFA-შიც, ამიტომ ისეთ ლოკალურ დონეზე, როგორიც საქართველოა, საერთოდ არ არის გასაკვირი, რომ გამიჯვნა გვიჭირს.
ვერ გავმიჯნავთ, იმიტომ, რომ ადამიანები ვართ და გრძნობები გვაქვს პატრიოტული ან არაპატრიოტული. როცა ვეჩეხებით მოედანზე ან ტატამზე იმ ქვეყნის წარმომადგენელს, რომელიც ჩვენი მტერია, ძალიან რთულია ამ დროს თქვა, რომ ის ადამიანი არაფერ შუაში არ არის პოლიტიკასთან, რადგან ქვეყანა ადამიანების ერთობისგან და მათი ქმედებებისგან შედგება. ის ქვეყანა, რომელიც ირჩევს პუტინს, ჩემი მტერია და ყოველთვის იქნება. სწორედ ამიტომ აქვს ამას გავლენა, ამიტომ ვურევთ პოლიტიკასა და სპორტს ერთმანეთში.
გიორგი ზურაბიშვილი
გიორგი ზურაბიშვილი სპორტული კომენტატორია, რომელმაც ჯერ კიდევ მაშინ დაანახა ღიად ყველას, რომ სპორტისა და პოლიტიკის გამიჯვნას არ აპირებს, როცა რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატის გაშუქებისას ანტიოკუპაციური მაისური ჩაიცვა. გიორგი თორნიკე შენგელიას გულშემატკივარია, მაგრამ მისი გადაწყვეტილება არ მოსწონს და პრობლემას დაბალ მორალურ სტანდარტებში ხედავს.
რას ნიშნავს საერთოდ პოლიტიკა გამიჯნო რაღაცისგან? ეს ძალიან დილეტანტური და დემაგოგიური მიდგომაა. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება ნაკრების კაპიტანს და ეროვნულ ნაკრებს. როგორც არ უნდა გინდოდეს, თავად ხარ პოლიტიკის ნაწილი, ეროვნული სიმბოლო ხარ, ქვეყანას წარმოადგენ საერთაშორისო ასპარეზზე. როგორ უნდა გამიჯნო ამ დროს? — შეუძლებელია.
ზოგადად, ჩვენს საზოგადოებაში არის პრობლემა, რომ საკმაოდ დაბალი მორალური სტანდარტი ჩამოგვიყალიბდა, რაც ძალიან სამწუხაროა. დღემდე ვერ გაგვირკვევია, რუსეთი მტერია თუ მოყვარე და რა გასაკვირია, რომ კაპიტნის რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ გუნდში გადასვლას არ მოყვა ყველასგან კრიტიკული რეაქცია. უბრალოდ, საწყენია, რომ ამხელა ისტორიის ქვეყანა ვართ და გამოდის, საკმაოდ დაბალი მორალური სტანდარტი გვაქვს ჩამოყალიბებული, რომ ყველაფერი "მოსულა".
მგონია, რომ შენგელია ვერ მიხვდა რა გააკეთა და ვერ გაიაზრა, რატომ შეიძლება ყოფილიყო ეს პრობლემა. სწორედ ესაა ცუდი — სტანდარტი იმდენად დაბალია, რომ ფიქრობ შენს კარიერაზე და აღარ ფიქრობ უფრო მაღალ ღირებულებებზე.
აქამდეც ვგულშემატკივრობდი და ახლაც ვუგულშემატკივრებ. ძალიან დიდი კალათბურთელია, უძლიერესი მოთამაშეა, ისტორიაში შეიძლება ბევრი არ გვყოლია ასეთი. ზუსტად ვიცი, რომ პატრიოტია, უბრალოდ, ძალიან არასწორი გადაწყვეტილება მიიღო ისე, რომ ვერც აცნობიერებს. საწყენია. როცა ნაკრების კაპიტანი ხარ, უფრო მეტი აზროვნება მოგეთხოვება და უნდა ხვდებოდე, რომ ქვეყანას წარმოადგენ, მარტო საკუთარ თავზე აღარ უნდა იფიქრო.
ცვატა ბერძენიშვილი
ცვატა ლექტორია. პოლიტიკას, განყენებულ სფეროდ ვერ აღიქვამს, მეტიც, ფიქრობს, რომ ის ყველაფრის ნაწილია. თორნიკეს გადაწყვეტილება არ მოსწონს და ფიქრობს, რომ ეს მომავალში ეროვნულ ნაკრებისადმი მის დამოკიდებულებაზეც აისახება.
ზოგადად ვერიდები ადამიანების დამუნათებას მათი გადაწყვეტილებების გამო, მაგრამ არსებობს წითელი ხაზები, რომელთა გადაკვეთა ძალიან მაბრაზებს. საქართველოს ნაკრების კაპიტანი, რომლის ქვეყნის 20% აქვს ოკუპირებული რუსეთს, რომლის ათასობით მოქალაქე ყავს მოკლული და გადასახლებული, აი, ამ ქვეყნის კაპიტანი გადავიდა რუსეთში და თან იმ სტრუქტურის კლუბში, რომლის წარმომადგენლებიც ახორციელებდნენ ყველაფერ ამას — არმიის კლუბში.
ბევრ ქართველს გაუგრძელებია კარიერა რუსეთში და პრაქტიკულად ყველა ამ მოვლენის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება მქონდა, თუმცა ამ შემთხვევაში განსაკუთრებით, იმიტომ, რომ რამდენიმე ცვლადი ემატება. CSKA-ზე რაც არ უნდა ვიძახოთ რომ დამოუკიდებელი კლუბია, ეს არის თავის დაბრმავება იმიტომ, რომ ფინანსდება თავდაცვის სამინისტროსგან. ფურცელზე ცალკე ბიზნესია, მაგრამ ჩვენ კარგად ვიცით, რომ რუსეთში მსგავსი რამეები ხდება ფორმალურად და კრემლი ყველაფერშია ჩართული. ამას ემატება ისიც, რომ შენგელია ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა მძიმე ფორვარდის პოზიციაზე და ჩემი აზრით, არ აქვს იმის გაჭირვება, რომ ცსკა-ში თუ არა, სხვაგან არსად მიმიღებენ.
ძალიან სამწუხაროა, რომ მისი ეს გადაწყვეტილება არის წახალისებული კოლეგებისა და კალათბურთის ფედერაციის მიერ და გვეუბნებიან, რომ უნდა გავმიჯნოთ სპორტი და პოლიტიკა. იმიტომ არ გამოგვდის ამ ორის გამიჯვნა, რომ არც უნდა გავმიჯნოთ. რა არგუმენტი აქვთ? ვინ თქვა, რომ პოლიტიკა ცალკე განყენებული რამეა?
აი, იოანეს სახარება რომ იწყება, პირველად იყო სიტყვაო, მე მგონია, რომ პირველად იყო პოლიტიკა. ანუ პოლიტიკა არის აბსოლუტურად ყველაფერი და ყველაფერში და ცალკე განყენებულად, სადღაც ჩვენს და კონკრეტული სფეროების მიღმა პოლიტიკა არ არსებობს. პოლიტიკის გარეშე არაფერი არ არსებოს, არამხოლოდ სპორტი.
ისტორია გვაჩვენებს — რუსეთი ნებისმიერ საშუალებას გამოიყენებს იმისთვის, რომ თავის პროპაგანდას გასაქანი მისცეს. რა თქმა უნდა, არის შანსი იმისა, რომ თორნიკე შენგელიას ეს გადაწყვეტილება თავის სასარგებლოდ გამოიყენონ, ეს რომ "არ შეეშლებათ" და "კარგადაც გამოუვათ" ეჭვი არ მეპარება.
გულწრფელად რომ გითრხათ, თამაშზე სტვენას არ დავიწყებ, მაგრამ თუ თორნიკე ისევ იქნება ჩვენი კაპიტანი, ალბათ, თამაშებზე აღარ ვივლი. ყოველ შემთხვევაში, ახლა ასე ვფიქრობ, რომ მუღამი აღარ მექნება და ძველი ხალისით ვერ მივალ თამაშის სანახავად.
გიორგი ჯანელიძე
გიორგი ტელეწამყვანია. კაპიტნის გადაწყვეტილება არც მას მოსწონს, მაგრამ შენგელიას გულშემატკივრად რჩება. სპორტისა და პოლიტიკის გამიჯვნაზე დამოძღვრის ნაცვლად, გიორგის ურჩევნია, რუსეთმა სპორტი დოპინგისგან გამიჯნოს.
დიდ ტრაგედიას ვერ ვხედავ, მაგრამ მოწონებით არ მომწონს, რა თქმა უნდა. მერჩივნა, არმიის კლუბისთვის არ მეგულშემატკივრა თოკოსთან ერთად. ყოფილა შემთხვევები, მაგ კლუბში უთამაშიათ ჩვენი ნაკრების წევრებს, მაგრამ მაშინ ფაჩულია გვყავდა NBA-ში და ასე მტკივნეული არ იყო. თან ნაკრების კაპიტანია და ვნებათაღელვაც უფრო მეტია.
სპორტსა და პოლიტიკას არ ვმიჯნავ და არც ვიცი, რატომ უნდა გავმიჯნო. ეს ფრაზა, რომ სპორტი და პოლიტიკა უნდა გაიმიჯნოს, ყველაზე ხშირად პოლიტიკოსებისგან გამიგია და თან რუსებისგან. ბოლოს გავიგე შარშან, როცა ქართულმა გუნდმა ანტისაოკუპაციო მაისურები ჩაიცვა, რუსი დეპუტატი ზუსტად ამ ტექსტით აყვირდა, რომ სპორტის მთავარი კანონია — პოლიტიკისგან უნდა გავმიჯნოთო. ამ დროს სპორტის მთავარი კანონი ახლა ის არის, რომ დოპინგისგან უნდა გავმიჯნოთ და რუსები არიან ყველაზე მეტად შემჩნეულები მის გამოყენებაში.
პოლიტიკისგან არაფერი არ იმიჯნება, სადაც სამ კაცზე მეტი არის გარეული და სპორტში ბევრი ხალხი მონაწილეობს.
კომენტარები