რას "აშენებს" რუსეთი ოკუპირებულ ცხინვალში და რატომ
ოკუპირებულ ცხინვალში, ეკონომიკის პრაქტიკულად არქონის პირობებში, ადგილზე სოციალური ვითარების მეტ-ნაკლებად დასასტაბილურებლად რუსული ფინანსები ერთადერთი წყაროა. გაცემული თანხებით კრემლი ცდილობს მოიპოვოს როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ისე ჩინოვნიკების ლოიალურობა, რათა მათ საქართველოსთან თუნდაც ეკონომიკური კონტაქტების სურვილი არ გაუჩნდეთ. მეორე მხრივ, რეალური ეკონომიკის განსავითარებლად ფაქტრობრივად, არანაირი ნაბიჯი არ იდგმება, რაც ადგილობრივებს იძულებულს ხდის სრულად იყონ ჩამოკიდებული რუსულ ფინანსებზე — შესაბამისად, დამოუკიდებლად მოქმედებებისთვის სამოქმედო არეალი მაქსიმალურად ჰქონდეთ შეზღუდული.
ცხინვალში, მომდევნო 3 წლის განმავლობაში, ოკუპანტი რუსეთის საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში, შეიძლება 10 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი აშენდეს — ეს ინფორმაცია, ე.წ. მშენებლობის სამინისტროზე დაყრდნობით, ადგილობრივმა საინფორმაციო სააგენტოებმა ინტენსიურად გაავრცელეს. რუსული საინვესტიციო პროგრამა 2014 წელს შემუშავდა, თუმცა ინფრასტრუქტურის აშენებისთვის გამოყოფილი რუსული ფული ცხინვალში 2008 წლის ომის შემდეგ მუდმივად შედიოდა.
პროგრამის ფარგლებში, ცხინვალში, სხვადასხვა ობიექტთან ერთად, რამდენიმე სახლი უკვე აშენდა და მობინადრეებიც ჰყავს, რასაც ე.წ. მთავრობა ხაზს ხშირად უსვამს და "სახელმწიფოს" წინსვლისა და ხალხზე ზრუნვის ნიმუშად მოჰყავს. მათი თქმით, სახლებს "ინვალიდებს, ომის ვეტერანებს, ობლებსა და უსახლკაროებს" ურიგებენ.
მიუხედავად ამისა, აღნიშნულ ინფორმაციას სოციალურ ქსელებში, ცხინვალელების მხრიდან დადებითი გამოხმაურება სულაც არ მოჰყოლია. მოქალაქეებს ბინების განაწილების კეთილსინდისიერებაში ეჭვი შეაქვთ. ისინი კორუფციის, უსამართლობისა და ნეპოტიზმის ფაქტებზე ღიად საუბრობენ. ახსენებენ ბინების განაწილების პოლიტიკურ მოტივებსაც.
სოციალურ ქსელში მოქალაქე ე.გ-ს (უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, მოქალაქეების სრულ სახელს არ ვასახელებთ) რიტორიკულ კითხვაზე, რატომ არ აძლევენ მას სახლს, მაშინ როდესაც ფული აქვს გადახდილი კოოპერატიული ბინათმშენებლობისთვის და უსახლკაროდ არის დარჩენილი, პარალელურად კი სახლებს იღებენ ისინი, ვისაც არსად არაფერი დაუკარგავს და სხვა სახლებიც აქვთ, ერთ-ერთი ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტი ასე პასუხობს:
"პასუხი მარტივია — თქვენ დაკარგეთ თქვენი გადახდილი ფული და თუ რამეს უკან დაგიბრუნებენ, ამისთვის მათზე ლოცვას არ დაიწყებთ, რადგან ეს ისედაც გეკუთვნოდათ. თქვენ, ამის გამო, მათი 100%-იანი ამომრჩეველი არ გახდებით. ხელისუფლებას კი მხოლოდ საკუთარი ინტერესები აშფოთებს და ბინებსაც ისინი იღებენ, ვინც მათი ამომრჩეველია".
მოქალაქეები On.ge-ს ეუბნებიან, რომ საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში წარმოებულ მშენებლობებზე ხელს ითბობენ როგორც ცხინვალელი, ისე რუსი მაღალჩინოსნები, რომლებიც სამშენებლო კომპანიების შერჩევის პროცესს კურირებენ.
"ცხინვალი პატარა ქალაქია და დიდხანს არაფერი იმალება. ამ პროგრამებიდან ფულის კეთება ჯერ კიდევ რუსეთში იწყება. მშენებელი კომპანიებიც თითქმის ყველა რუსულია და ხშირად, მუშებიც საკუთარი ჰყავთ. ანუ, დახარჯული ფული, ძირითადად, ისევ რუსეთში ბრუნდება. მაშინ, როდესაც ქალაქის ცენტრში უამრავი შესაკეთებელი შენობაა, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება დაინგრეს, ფულს, გარეუბანში, ახალი კორპუსების მშენებლობაში ხარჯავენ, იმიტომ რომ ახალი შენობის აშენებისას და მერე იქ ხალხის განაწილებისას უფრო მეტი ფულის შოვნაა შესაძლებელი. მართალია, შენობები რჩება, მაგრამ უმეტესობას, ვისაც მართლა სჭირდება საცხოვრებელი, ბინებზე წვდომა არ აქვს. ვისაც ბევრი ნაცნობი ჰყავს მთავრობაში, შეიძლება უფულოდაც გაძვრეს, ერთი-ორ გაჭირვებულსაც შეასახლებენ საჩვენებლად და დანარჩენები ქრთამს თუ არ გადაიხდიან, ვერაფერსაც ვერ მიიღებენ. ზემოთ ბევრნი არიან და ყველას უნდა თავისი წილი. ხანდახან ეს თანხა 5000 დოლარამდეც ადის", — აცხადებს ერთ-ერთი ცხინვალელი მოქალაქე On.ge-სთან პირად საუბარში.
ე.წ. სამხრეთ ოსეთში საკუთარი ეკონომიკის პრაქტიკულად არქონის პირობებში, ადგილზე სოციალური ვითარების მეტ-ნაკლებად დასასტაბილურებლად რუსული ფინანსები ერთადერთი წყაროა. გაცემული თანხებით კრემლი ცდილობს მოიპოვოს როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ისე ჩინოვნიკების ლოიალურობა, რათა მათ საქართველოსთან თუნდაც ეკონომიკური კონტაქტების სურვილი არ გაუჩნდეთ. მეორე მხრივ, რეალური ეკონომიკის განსავითარებლად ფაქტიურად არანაირი ნაბიჯი არ იდგმება, რაც ადგილობრივებს იძულებულს ხდის სრულად იყონ ჩამოკიდებული რუსულ ფინანსებზე — შესაბამისად, დამოუკიდებლად მოქმედებებისთვის სამოქმედო არეალი მაქსიმალურად ჰქონდეთ შეზღუდული.
ცხინვალში რუსული საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე მშენებლობების ტემპი და ხარისხი მწვავე კრიტიკის ობიექტი ხშირად გამხდარა, მათ შორის, რუსეთის ხელისუფლების მხრიდანაც. 2016 წელს, ცხინვალში მშენებარე ობიექტების დასათვალიერებლად, თავად რუსი მინისტრი ჩრდილოეთ კავკასიის საკითხებში, ლევ კუზნეცოვი იმყოფებოდა და ღიად გამოხატა უკმაყოფილება როგორც მშენებლობის ტემპის, ისე მშენებლობისას გამოყენებული უხარისხო მასალისა და სამშენებლო ხარვეზების გამო. ცხინვალში დაუსრულებელმა მშენებლობებმა, 2018 წელს, ღია სკანდალი გამოიწვია. 2014 წელს დაწყებული სხვადასხვა სარესტავრაციო სამუშაო, იმ დროისთვის, დასრულებული ჯერ კიდევ არ იყო. ცხინვალის დე-ფაქტო ადმინისტრაცია მაშინ ბრალდებებს რუსულ კომპანია "ევერესტს" უყენებდა. თავად კომპანიის წარმომადგენლები კი მათთვის გამოყოფილი ფინანსების გაურკვეველ ვითარებაში ვერმიღებაზე აკეთებდნენ აქცენტს.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში ცხინვალში განხორციელებულ რუსულ საინვესტიციო პროგრამაზე On.ge-სთან კომენტარს ამ ეტაპზე არ აკეთებენ.
აღნიშნულ პროგრამას განგრძნობადი საოკუპაციო პოლიტიკის ჭრილში განიხილავს ყოფილი მინისტრი, კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი.
"2008 წლის ომის შემდეგ, რუსეთმა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო მთავრობებთან არაერთი უკანონო ხელშეკრულება დადო, რომლებიც ითვალისწინებდნენ დახმარებებს როგორც სამხედრო-პოლიტიკურ, ისე სოციალურ-ეკონომიკურ სფეროებში. 2014 წლამდე ეს თანხები სრულიად იკარგებოდა, 2014 წლის შემდეგ კი რუსეთმა მოიგონა ე.წ. "ინვესტპროგრამა", რომლის ფარგლებშიც რუსეთი თავად წყვეტს რა ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩატარდეს რეგიონში და სად რა თანხები დაიხარჯოს", — ამბობს ზაქარეიშვილი.
ყოფილი მინისტრი აღნიშნავს, რომ რუსეთის ძირითადი თანხები განკუთვნილია სამხედრო ობიექტების გარშემო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად და სამხედრო-სტრატეგიული გზების მშენებლობისთვის. მისივე თქმით, მართალია, ფინანსდება ადგილობრივი სოციალური მნიშვნელობის ინფრასტრუქტურაც, მაგრამ ეს ყველაფერიც, ცალსახად, საოკუპაციო პოლიტიკის ნაწილია.
"ოკუპაცია არ მომხდარა ერთხელ და არ დასრულებულა — ეს განგრძობითი პროცესია. ოკუპაცია ერთგვარი "ცოცხალი ორგანიზმია" და შესაბამისად, ესაჭიროება კვება, ეს თანხები კი არის ის, რაც მის სიცოცხლისუნარიანობას უზრუნველყოფს. რუსეთმა ეს რომ არ გააკეთოს, მაშინ ხალხი "განიხიბლება" და ისევ მოინდომებენ საქართველოსკენ ყურებას", — აღნიშნავს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი.
მისივე თქმით, ცხინვალში არსებული განცდა, რომ ასეთი პროექტები კორუფციის წყაროა, რეალობას ემყარება. ზაქარეიშვილი განმარტავს, რომ ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონები ჩართულია ე.წ. "ჩრდილოეთ კავკასიის დაფინანსების სქემაში", სადაც ფულის კონტროლი ნაკლებია.
"ფული მოდის და მთავარია ადგილზე იყოს სიწყნარე, სიმშვიდე და ლოიალობა რუსეთის მიმართ. თუმცა, თუ მაგალითად ჩეჩნეთსა და დაღესტანში რუსეთი თითქმის საერთოდ არ ცდილობს თანხები აკონტროლოს, ცხინვალის შემთხვევაში ხშირად ცვლის დაფინანსების სქემებს, რათა რაც შეიძლება ნაკლები ფული გადაყაროს ადგილობრივი კორუფციის ორმოში. როგორც ჩანს, ჩეჩნეთში ფულის დაკარგვა იმდენად არ ანაღვლებს რუსეთს, როგორც, მაგალითად, ცხინვალში", — დასძენს ის.
რუსული საინვესტიციო პროგრამიდან თანხების სავარაუდოდ კორუფციულ სქემებში დაკარგვაზე საუბრობს კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილიც:
"ამხელა ივესტიციებით 35-40 ათასიანი ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა უზრუნველად უნდა ცხოვრობდეს, თუმცა მსგავსი არაფერი ხდება. ხალხს ისევ უამრავი პრობლემა აწუხებს, მათ შორის სოციალური ხასიათის. ესეც არის ერთ-ერთი მაჩვენებელი იმისა, რომ რუსეთის კორუფციული ხელისუფლება ცხინვალის რეგიონს ე.წ. "ატკატებისთვის" იყენებს და გამოყოფილი თანხების მნიშვნელოვანი ნაწილი უკან მიაქვს. ცხინვალში კორუფციაზე პრაქტიკულად ყველა ის მაცხოვრებელი საუბრობს, ვისაც თავად უშუალო სარგებელი არ აქვს ამ პროგრამიდან. მოქალაქეები ამტკიცებენ იმასაც, რომ პროგრამის ფარგლებში აშენებული ბინები არასამართლიანად, ნეპოტიზმით ნაწილდება".
კონფლიქტოლოგის აზრით, ეჭვგარეშეა, რომ რუსეთის მთავარი სამიზნე საქართველოს გავლენის სფეროში მოქცევაა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის "დამოუკიდებლობის" ცნობას, ან მათ დაფინანსებას სწორედ ამ მიზნით იყენებს. ამასთან, მისი ერთგული რეჟიმების შენარჩუნებას ამგვარი "საინვესტიციო" გზებით ცდილობს.
აღსანიშნავია, რომ სწორედ კორუფციის ფაქტებისა და რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის პარალელურად, როდესაც რუსეთმა უკრაინის ოკუპირებული რეგიონებისკენ დიდი რესურსები გადაისროლა, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართულებით დაფინანსება ყოველწლიურად მცირდება. რუსული საინფორმაციო პორტალის, Eadaly.com-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, თუკი 2015-2017 წლებში პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი 9,1 მილიარდი რუბლი (დაახლოებით 127 მილიონი დოლარი) იყო, 2018-2019 წლებში თანხამ 4,5 მილიარდი რუბლი (დაახლოებით 63 მილიონი დოლარი) შეადგინა. 2020-2022 წლებში პროგრამის გაგრძელება შეთანხმებულია, თუმცა ზუსტად რამდენი იქნება მისი ბიუჯეტი, რუსეთში არსებული ფინანსური თუ პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ჯერ უცნობია.
კომენტარები