ბოლო ზარი პანდემიის დროს
მეთორმეტე კლასელებისთვის ბოლო ზარი ერთგვარი გამყოფი ხაზივითაა — ამ დღეს ცხოვრების ერთ მნიშვნელოვან ეტაპს ამთავრებ და მეორეს იწყებ. სკოლაში სწავლის ბოლო დღეს თეთრი პერანგების ჩაცმა და მერე ფერადი წარწერებით აჭრელების ტრადიცია საკმაოდ დიდ დროს ითვლის.
2002 წელს დაბადებულებისთვის 2020 წელს დარეკილი ბოლო ზარი უმეტეს შემთხვევაში დისტანციური იყო. პანდემიის გამო ბევრი სკოლისთვის თუ მოსწავლისთვის ამ დღემ უღიმღამოდ ჩაიარა, თუმცა ყველა შემთხვევაში ასე არ ყოფილა.
თბილისის 155-ე საჯარო სკოლა
მიუხედავად იმისა, რომ სკოლა 20 მაისს მოსწავლეებისგან მთლიანად დაცარიელებული იყო, 155-ე სკოლის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, ტრადიცია ამჯერადაც არ დაერღვია — მე-12 კლასელებს ბოლო ზარი პირველკლასელმა, ლაზარე ქურციკიძემ დაურეკა.
"დისტანციურად ვასრულებთ სკოლას, ბოლო ზარი ჩავატარეთ დისტანციურად და რეკომენდაციების გათვალისწინებით, მაგრამ ყოველი გამოწვევა ხომ ახალ შესაძლებლობებსაც გთავაზობს. მიუხედავად შექმნილი ვითარებისა, სწორედ ახლა, თუნდაც დისტანციურად, ცხადად გამოჩნდა, რამდენად ძლიერია ჩვენი ერთსულოვნება, სიყვარული და უკეთესი მომავლის იმედი," — ეუბნება სკოლა მეთორმეტეკლასელებს.
მილოცვის ეს ფორმა გამოიყენეს კლასების დამრიგებლებმაც, რომლებმაც სამახსოვრო ვიდეოები თავიანთ მოსწავლეებს გაუკეთეს. გარდა ამისა, 20 მაისს დირექცია და დამრიგებლები სკოლაში მივიდნენ, ყველამ ჩაწერა ვიდეო და Teams-ის საშუალებით ბავშვებს გამოემშვიდობნენ.
ეს ყველაფერი არ ყოფილა. კლასის ხელმძღვანელებმა გადაწყვიტეს ბავშვებისთვის სამახსოვრო წარწერები პირბადეებზე გაეკეთებინათ და სიურპრიზად ეჩუქებინათ. On.ge-სთან მეთორმეტე "ბ" კლასის დამრიგებელი თინა ალანია ყვება, რომ წინა დღეს მშობლები გააფრთხილა, შვილებისთვის არაფერი ეთქვათ, დანიშნულების ადგილები უთხრა და შეხვედრის დროც დათქვა.
"ჯერ ვიფიქრეთ თეთრი პერანგები, მაგრამ ამ პანდემიის სიმბოლო ალბათ არის პირბადე. რადგან ბავშვებმა თავად ვერ მოაწყვეს ბოლო ზარის დღესასწაული, მასწავლებლებმა გადავწყვიტეთ მოგვეწყო. არ ელოდნენ, როცა მოვიდნენ, გაოცებული და ბედნიერი სახეები ჰქონდათ. ვფიქრობ, 155-ე სკოლაში ბოლო ზარი შედგა და ცხოვრებაში არ დაავიწყდებათ", — ამბობს თინა ალანია.
მასწავლებელი გვიყვება, რომ არ სურდათ ისტორიის ისეთი პერიოდის გამეორება, როცა ბავშვები სკოლას ბოლო ზარის გარეშე ამთავრებდნენ, ამიტომ სწავლის აღდგენასთან ერთად სკოლაში ტრადიციული ბოლო ზარიც გაიმართება.
თეთრიწყაროს პირველი საჯარო სკოლა
თბილისის სკოლები გამონაკლისი არ ყოფილა, ონლაინ მილოცვის მეთოდი გამოიყენეს თეთრიწყაროს #1 სკოლაშიც. ამ შემთხვევაში, ცარიელ სკოლაში ზარი პირველკლასელმა გოგომ დარეკა, მისალოცი ვიდეო, კი დამრიგებელმა ცარიელ საკლასო ოთახში ჩაწერა.
"დღეს სკოლის დამთავრებისას კიდევ ერთი გაუთვალისწინებელი ექსპერიმენტის მომსწრენი გახდით. მე მჯერა, თქვენ არ დაგაბრკოლებთ ეს წინაღობა და დიდი წარმატებით გადადგამთ ნაბიჯებს ცხოვრების ახალი ეტაპის ზღურბლზე", — თქვა დაწყებით კლასებში ბავშვების დამრიგებელმა.
მოსწავლეებს, მარიამ თეგაძე და დათო ქვრივიძე On.ge-ს უყვებიან, რომ ბოლო ზარისთვის მზადება დაწყებული ჰქონდათ, სურდათ ეს დღე განსაკუთრებული ყოფილიყო. გეგმავდნენ, ღონისძიება დიდ სპორტულ დარბაზში გაემართათ, შემდეგ კი ექსკურსიაზე წასულიყვნენ.
"ზოგადად, ბოლო ზარის ღონისძიებას ჩემს სკოლაში უდიდესი სიხარულითა და პასუხისმგებლობით ეგებებოდა ხოლმე ყველა, დაწყებული პირველი კლასიდან, დამთავრებული სკოლის პერსონალით და ძალიან ამაღელვებელია, როცა ყურადღების ცენტრში შენ ექცევი და ეს დღე დაუვიწყარ მოგონებად რჩება", — გვეუბნება დათო.
მარიამი აღნიშნავს, რომ სკოლის დამთავრება ის დღეა, რომელსაც წლები ელოდები და გეგმავ. სურდათ ბოლო ზარის ტრადიცია გაეგრძელებინათ და ეს დღე მათთვისაც დასამახსოვრებელი ყოფილიყო, თუმცა პანდემიის გამო ერთ ჩვეულებრივ ონლაინ გაკვეთილს ელოდებოდნენ.
"სკოლის დირექციამ ყველა მოსწავლეს გვითხრა შევსულიყავით Teams-ში, მნიშვნელოვანი საკითხის განსახილველად. აღმოჩნდა, რომ ყველა მასწავლებელი შეკრებილი იყო, რომ სკოლის დამთავრება მოელოცათ. საკმაოდ ემოციური აღმოჩნდა", — გვეუბნება დათო.
კარანტინის დასრულების შემდეგ შეიკრიბნენ მოსწავლეებიც, რომლებმაც ერთმანეთს პერანგებზე სამახსოვრო წარწერები დაუტოვეს.
"ამ ბოლო ზარიდან დასამახსოვრებელი იყო თვითონ სიტუაცია, რომელიც მსოფლიოს არ ახსოვს — ეკრანებთან მსხდომი მასწავლებლები, მშობლები და ჩვენ, მოსწავლეები. მინდა ყველა აბიტურიენტს ვუთხრა, რომ ეს პრობლემა ჩვენი გაძლიერების მიზეზი უნდა იყოს და ჩვენ ამას შევძლებთ", — ამბობს მარიამი.
ბავშვები ამბობენ, რომ "ონლაინ აბიტურიენტობა" არც ისე მარტივია — მიუხედავად იმისა, რომ რაიონში ქსელური ინტერნეტი არის, მაინც იყო ტექნიკური შეფერხებები, ონლაინ გაკვეთილებზე გაძნელდა სწავლის ხარისხის კონტროლი, ძნელი იყო დიდი დროის ეკრანთან გატარებაც. დათო აპირებს სწავლა სამედიცინოზე გააგრძელოს, მარიამი კი მომავალი მენეჯერობისთვის ემზადება.
თბილისის 181-ე საჯარო სკოლა
პირიქით მოხდა თბილისის 181-ე საჯარო სკოლაში, სადაც მასწავლებლებისთვის სიურპრიზის მომზადება მოსწავლეებმა გადაწყვიტეს. ანი ლომიძე ერთ-ერთია, ვინც "ვერ ისვენებდა" და ფიქრობდა, რა გაეკეთებინათ. მოკლე დროში საერთო "ჩათი" შექმნეს, თეთრი მაისურები და პერანგები მოძებნეს, შეხვედრის ადგილი დათქვეს და დაახლოებით ერთ საათში ყველა შეიკრიბა.
"ერთმანეთს კარიკატურები დავახატეთ, მათ შორის მეც ჩემი, რადგან მარტივი დასახატი ვარ და სკოლაშიც სულ ასე მხატავდნენ. დასამახსოვრებელი სიტყვები დავაწერეთ, ვინც რას იძახდა ყველაზე ხშირად ამ 12 წლის განმავლობაში, ყველას ჰქონდა თავისი გამოთქმა, რაც სამახსოვროდ დაგვრჩა", — ამბობს ანი.
მოსწავლეები გვიყვებიან, რომ კლასი სხვებისგან მუდმივად გამოირჩეოდა, შეკრული და აქტიური იყო. სიურპრიზები მანამდეც ყოფილა — მაგალითად, სექტემბერში, მეთორმეტე კლასის პირველ დღეს, დამრიგებელმა ნინო მაჭარაშვილმა მოსწავლეებს მოულოდნელად სკოლასთან დიდი ავტობუსი დაახვედრა და მცხეთაში წაიყვანა.
"ბოლო ზარი ისეთია, რომ მარტო, კლასის დამრიგებლის გარეშე არ შეიძლებოდა ჩატარებულიყო. ვიცოდით, რომ სახლში იყო. მის კორპუსთან მივედით სიგნალებით, ზარის ხმით. სანამ დამრიგებელი გადმოიხედებოდა, მთელი კორპუსის მეზობლები ვიდეოებს გვიღებდნენ, აღფრთოვანებულები იყვნენ, ტაშს გვიკრავდნენ. ვიცოდით, ჩვენს დამრიგებელს ძალიან გაუხარდებოდა", — ამბობს კიდევ ერთი მოსწავლე, სოფო კულულაშვილი.
შეხვედრა საკმაოდ ემოციური აღმოჩნდა, დამრიგებელმა ყველას მისი "სიყვარულის მათემატიკური ფორმულა" მიაწერა. ნინო გვიყვება, რომ ონლაინ გაკვეთილიდან 1 საათის გამოსული იყო, აპირებდა, ბოლო ზარის დარეკვის დროს სოციალურ ქსელში ბავშვებისთვის მისალოცი ვიდეო გამოექვეყნებინა, მოულოდნელად კი საქმეში გართულს კორპუსთან მოსწავლეებმა მიაკითხეს. რვასადარბაზოიანი კორპუსის ეზოში 30 ბავშვისგან "ნინო მას ჩამოდით, გვიყვარხართ!" ისმოდა.
"ამ ამ ჩაბნელებულ წუთისოფელში ეს იყო სინათლის გამონათება. ამ სამთვიანი დეპრესიის და დაძაბულობის ფონზე, ამ ბავშვების ჟრიამული, მანქანებით მოსვლა... ეზო აიკლეს, ეს იყო რაღაც სიგიჟე, რისთვისაც ჩავთვალე, რომ ცხოვრება ღირს", — ამბობს ნინო მაჭარაშვილი.
დამრიგებელი გვეუბნება, რომ ეფექტი შეიძლება ამას უფრო ჰქონდა, ვიდრე იმ გამორჩეულ ღონისძიებას, რომელსაც სკოლაში გეგმავდნენ. 181-ე სკოლის მეთორმეტე კლასი ბანკეტის ნაცვლად კაბადოკიაში წასვლას გეგმავდა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით ამ მხრივ არანაირი სიახლე არ აქვთ, იმედს არ კარგავენ, რომ სექტემბერში რაღაც გამოვა და მთელი კლასი კიდევ ერთხელ მოახერხებს ერთად სასიამოვნო დროის გატარებას.
ნინოს უნდა, რომ როცა სწავლა დაიწყება და სადამრიგებლოდ მეხუთეკლასელებს აიყვანს, მეთორმეტე კლასელებიც შეკრიბოს და მათ თეთრი პერანგები სკოლაში გაკეთებული წარწერებით შეივსოს.
როგორი იქნება მათი ბოლო ზარი, ამას წინასწარ ვერავინ ივარაუდებს. თუმცა იმის თქმა შეიძლება, რომ წელს, განსხვავებული ბოლო ზარის შემდეგ, მეთორმეტეკლასელები გამოცდებსაც განსხვავებულად ჩააბარებენ. მათთვის სავალდებულო იქნება პირბადე, გაივლიან თერმოსკრინინგს, ოჯახის ექიმის რეკომენდაციის შემთხვევაში შეიძლება PCR ტესტიც გაუკეთონ. მანამდე კი, ცხოვრების ერთი ეტაპის დასრულების შემდეგ, მეორე ეტაპის წარმატებად დაწყების მოლოდინში, მეცადინეობას აგრძელებენ.
სტატია მომზადდა პროექტის "კორონავირუსით გამოწვეული ზიანის შემცირება საზოგადოებაში" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ფონდი პროდემოსის ფინანსური მხარდაჭერით.
კომენტარები