2032 წელს მთვარესთან ასტეროიდის შეჯახების შანსი გაიზარდა

ფოტო: Getty Images
2024 YR4-ის სახელით ცნობილმა ასტეროიდმა საზოგადოების ყურადღება თებერვალში მიიპყრო, როცა განაცხადეს, რომ 2032 წელს დედამიწასთან მისი შეჯახების მაღალი რისკი არსებობდა. შემდეგ ეს შანსი შემცირდა, თუმცა ახლა მის პოტენციურ სამიზნედ უკვე მთვარე განიხილება.
NASA-ს ბოლო განახლება ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის ახლო ინფრაწითელი კამერის მონაცემებს ეფუძნება. მისი გამოყენებით მეცნიერებმა გამოთვალეს, რომ შეჯახების შანსი 4.3%-ია. შედარებისთვის, აქამდე რისკის მაჩვენებელი 3.8% იყო.
"რაც უფრო მეტი მონაცემი შემოდის, ამის მიხედვით შეჯახების ალბათობის ცვლილება ნორმალურია. ეს მთვარის ორბიტაზე არ იმოქმედებს", — ვკითხულობთ განცხადებაში.
ამას სხვა მკვლევრებიც აღნიშნავენ და ამბობენ, რომ დედამიწის ერთადერთ ბუნებრივ თანამგზავრს საფრთხე არ ემუქრება. საშიშროების წინაშე არც ჩვენი პლანეტაა, რადგან თუ შეჯახება მართლაც მოხდება, შედეგად გამოყოფილი მატერია ატმოსფეროში დაიწვება.
ეს ასტეროიდი გასული წლის 27 დეკემბერს აღმოაჩინეს. მისი სავარაუდო ზომა 53-67 მეტრია. თავდაპირველი გამოთვლებით, დედამიწასთან მისი შეჯახების შანსი 1% იყო, ანუ რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი, რომელიც ოდესმე დაფიქსირებულა. დამატებითმა ინფორმაციამ ეს შანსი 1.2%-მდე, შემდეგ კი 3.1%-მდე გაზარდა. საფრთხის ქვეშ არსებულ რეგიონებად აღმოსავლეთ წყნარი ოკეანე, სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთ ნაწილი, აფრიკა და სამხრეთ აზია განიხილებოდა.
მომდევნო ორბიტალური მონაცემების მეშვეობით რისკი ჯერ 1.5%-მდე, მომდევნო ჯერზე კი 0.3%-მდე შემცირდა. 24 თებერვალს საფრთხე თითქმის სრულიად განულებულად (0.004%) გამოცხადდა არა მხოლოდ 2032 წლისთვის, არამედ შემდეგ პერიოდშიც, როცა ამ ასტეროიდმა ჩვენთან ახლოს უნდა ჩაიაროს.
ჩილესა და ჰავაიში განლაგებული ტელესკოპების მეშვეობით გაირკვა, რომ ეს ობიექტი მარსსა და იუპიტერს შორის მდებარე ასტეროიდთა სარტყლიდან მომდინარეობს. მან დედამიწის ახლო ორბიტაზე ეტაპობრივად გადმოინაცვლა.
2024 YR4 ამჟამად ზედმეტად შორსაა, მაგრამ 2028 წელს ისევ მცირე დისტანციაზე ჩაივლის, რაც ასტრონომებს მისი უკეთ შესწავლის შესაძლებლობას მისცემს. განსაკუთრებით საინტერესოა მისი ფორმა და შედგენილობა, რადგან ეს პოტენციური შეჯახების ეფექტზე ღირებულ ინფორმაციას მოგვაწვდის.
კომენტარები