შესაძლოა, ასტრონომებმა გიგანტური პლანეტის დაბადება დააფიქსირეს — ნახეთ

ფოტო: NASA/JPL-Caltech
ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის ძალიან დიდმა ტელესკოპმა გასაოცარი კადრი აღბეჭდა, რომელზეც ახალგაზრდა ვარსკვლავი და მის გარშემო არსებული მტვერ-აირის დისკო ჩანს. მეცნიერებმა იქ ისეთ დეტალებს მიაგნეს, რომლებიც, შესაძლოა, გიგანტური პლანეტის წარმოქმნაზე მიანიშნებდეს.
ასეთი კვალია, მაგალითად, დისკოში არსებული მუქი რგოლი. სავარაუდოდ, იმ რეგიონში თავდაპირველად არსებული მატერია სწორედ ჩამოყალიბების პროცესში მყოფმა ციურმა სხეულმა მიიზიდა. ის აირისგან შედგენილი უნდა იყოს, როგორიც იუპიტერია და მას მასით რამდენჯერმე აღემატებოდეს. თუ ასეა, ის ვარსკვლავის გარშემო გადაადგილებისას მტვერსა და აირს იერთებს და გზად ცარიელ სივრცეს ტოვებს.
თუკი სპეციალისტთა ვარაუდი მართალია, ეს პლანეტის დაბადების ძალიან იშვიათ გამოსახულებას გვაძლევს. გუნდს იმედი აქვს, რომ ამას მომდევნო თვეებში ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მეშვეობით დაადასტურებს.
მათი მიზანი პლანეტარული სისტემების მრავალფეროვნებისა და მათი ფორმირებისთვის საჭირო ძალების შესწავლაა იმის გასაგებად, თუ როგორ წარმოიქმნა მზის სისტემა. სწორედ ამიტომ, ასტრონომებმა მიზანში ახალგაზრდა ვარსკვლავები ამოიღეს, რათა ციური სხეულების ევოლუციასა და ერთმანეთთან ურთიერთქმედებას დაჰკვირვებოდნენ. ჯერჯერობით მხოლოდ 1 ისეთი ეგზოპლანეტაა ცნობილი, რომელიც მსგავსი კვლევებისთვის საკმარისად მოუმწიფებელია. არის კიდევ 2-3 კანდიდატი, რომელთა ნამდვილობაც ჯერ არ დადასტურებულა, დანარჩენი ობიექტები კი უკვე იმდენად ხნიერია, რომ საჭირო ინფორმაციას ვერ გვაწვდის.
სურათზე ნაჩვენები ვარსკვლავის ოფიციალური სახელწოდება 2MASSJ1612-ია და ის ჩვენგან 430 სინათლის წლითაა დაშორებული. იქ ცარიელი რგოლის არსებობა 2024 წელს გამოვლინდა, ამიტომ მეცნიერებმა მისი უკეთ გამოკვლევა გადაწყვიტეს. მათ ტელესკოპის დახმარებით გაფანტული ახლო ინფრაწითელი სინათლე პირველად დააფიქსირეს, რამაც მანამდე უხილავი დეტალები გამოააშკარავა. მათ შორისაა ორი სპირალური შვერილი, რომლებიც დისკოს ცენტრიდან მომდინარეობს.
ავტორთა ვარაუდით, ეს შვერილები პლანეტის გავლენით გაჩნდა, რადგან ის იქ მოძრაობისას ე.წ. სიმკვრივის ტალღებს იწვევს. მას იმ ტალღებს ადარებენ, რომლებსაც წყალში ქვის ჩავარდნა წარმოქმნის.
"წარმოიდგინეთ, რომ ქვა ჩაძირვის ნაცვლად წყლის ზედაპირზე სხლტება. ამის შედეგი უფრო რთული სტრუქტურის ტალღებია. დისკოში, რომელშიც პლანეტა ვარსკვლავს უვლის გარს, ეს სპირალების ფორმირებას ედება საფუძვლად", — აცხადებენ ავტორები.
პლანეტების დაბადების თეორიულ მოდელებში რგოლიც გვხვდება და სპირალური შვერილებიც, თუმცა, როგორც წესი, ახალგაზრდა სისტემებში მხოლოდ ერთ მათგანს აღმოაჩენენ ხოლმე. ამ შემთხვევაში ორივეს მიგნება მნიშვნელოვანია. იმედოვნებენ, რომ აღნიშნულ ციური სხეულს პირდაპირ გადაიღებენ.
მათი ნაშრომი გამოცემაში Astronomy & Astrophysics გამოქვეყნდება, მანამდე კი arXiv-ზეა ხელმისაწვდომი.
კომენტარები