კოლუმბიაში სანაპიროსთან ახლოს ოქროს მონეტები აღმოაჩინეს. როგორც დასტურდება, ისინი ესპანურ გალეონს, სან ხოსეს ეკუთვნის, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი გემი იყო. საგანძურით დატვირთული ხომალდი 1708 წელს ბრიტანულ სამხედრო გემებთან ბრძოლის დროს ჩაიძირა. მას დაახლოებით 200 ტონა ოქრო, ვერცხლი და ძვირფასი ქვები გადაჰქონდა. იუწყებიან, რომ საგანძურის თანამედროვე ღირებულება შესაძლოა, 17 მილიარდ დოლარსაც აღემატებოდეს.

კოლუმბიის მთავრობა იმედოვნებს, რომ არტეფაქტების ნაწილი აღდგება. ასევე გეგმავენ, რომ ისინი სპეციალურ მუზეუმში განათავსონ, რომელიც ჯერ არ არის აშენებული. მიუხედავად ამისა, ესპანეთის მთავრობის მხრიდან პრეტენზიები არსებობს. ისინი ამტკიცებენ, რომ დროის გასვლის მიუხედავად, სამხედრო გემის ნაწილები კვლავ ესპანეთს ეკუთვნის.

კოლუმბიის საზღვაო ძალებისა და სხვა უწყებების მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს და დისტანციური წყალქვეშა აპარატებით (ROV) გადაღებული გამოსახულებები შეისწავლეს. ასობით მონეტა გემის ნამსხვრევებთან, დაახლოებით 600 მეტრის სიღრმეზეა მიმოფანტული.

2015 წელს კოლუმბიის მთავრობამ განაცხადა, რომ სან ხოსე კოლუმბიის კარიბის ზღვაში, ქალაქ კარტახენასთან ახლოს აღმოაჩინა. დამატებითი დაკვირვებები 2021 და 2022 წლებში ჩატარდა. კვლევებმა დაადასტურა, რომ ნამსხვრევები და საგანძური მართლაც 1708 წელს ჩაძირულ ესპანურ გალეონს ეკუთვნის.

ფოტო: Antiquity

მკვლევრები ამბობენ, რომ გემის ნამსხვრევებში მრავალ ადგილას ოქროს ათეულობით მონეტა შეამჩნიეს, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია. ისინი გარშემორტყმულია სხვა არტეფაქტებით, მათ შორის ტვირთის ნაწილებით, იარაღითა და იმ დროის საყოფაცხოვრებო ნივთებით. გემი კარგად ასახავს, როგორი იყო ყოველდღიური ცხოვრება გემზე 300-ზე მეტი წლის წინ.

ესპანური მონეტები

ფოტო: CoinWeek

მონეტების სრულყოფილად შესწავლისთვის მეცნიერებმა მაღალი გარჩევადობის ფოტოგრაფია გამოიყენეს. დაადგინეს, რომ მონეტების საშუალო დიამეტრი დაახლოებით 3.2 სანტიმეტრია, წონა კი 27 გრამი.

ROV აპარატების მიერ გადაღებულ სურათებზე მონეტების დიზაინიც ჩანს. ერთ მხარეს იერუსალიმის ჯვრის ვარიაციაა გამოსახული, ასევე ფარი, რომელიც ციხესიმაგრეებითა და ლომებითაა გაფორმებული. მეორე მხარეს კი ჩანს "ჰერკულესის გვირგვინით შემკული სვეტები ზღვის ტალღების თავზე".

ლიმას ზარაფხანის მონეტა

ფოტო: uCoin

მონეტებს ლიმას ესპანური სინჯის ოსტატის მიერ შექმნილი უნიკალური ნიშნები აქვს, რომლებიც 1707 წლით თარიღდება. აღმოჩენილი საგანძურის გამოსახულებები ლიმას ზარაფხანისთვისაა დამახასიათებელი. მიუხედავად წარმოების ადგილისა, პერუს დედაქალაქი იმ დროს კოლონია იყო და სპეციალური ჩანაწერების საფუძველზე დაასკვნეს, რომ საგანძური სწორედ სან ხოსეს, შესაბამისად ესპანეთს, ეკუთვნის.

კვლევის წამყვანი ავტორი, დანიელა ვარგას არიზა, რომელიც საზღვაო არქეოლოგია, აღნიშნავს, რომ კოლონიური ესპანური მონეტები ხშირად ოქროს ან ვერცხლის ზოდებისგან მზადდებოდა.

"ეს ხელით გამოჭედილი უსწორმასწორო ფორმის მონეტები ორ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ამერიკებში ძირითადი ვალუტა იყო", — განაცხადა არიზამ.

სან ხოსეს ნაწილები ერთ-ერთი ყველაზე ღირებული აღმოჩენაა ისტორიაში. ამის გამო მის გარშემო მძაფრი იურიდიული დავებია გაჩაღებული, რომ გაარკვიონ, ვის შეუძლია საგანძურის ამოღება. მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ უცნობია, რამდენად შეიძლება მისი აღდგენა.

კოლუმბია იმედოვნებს, რომ საგანძურის ნაწილი შეიძლება, გაიყიდოს, რათა არქეოლოგიური პროცესები დაფინანსდეს. მიუხედავად ამისა, მათი კანონმდებლობის მიხედვით, ისეთი ობიექტების გაყიდვა აკრძალულია, რომლებიც ისტორიულ არტეფაქტად ითვლება.

მეორე მხრივ, გემსა და მის საგანძურზე საკუთრების უფლებაზე პრეტენზიას საზღვაო სამართლის საერთაშორისო კონვენციის საფუძველზე ესპანეთი აცხადებს. მის მიხედვით, სამხედრო გემების ნაწილები იმ ქვეყანას ეკუთვნის, რომლისაც ეს ხომალდი იყო. კოლუმბიელი კრიტიკოსები აცხადებენ, რომ ეს დებულება თანამედროვე სამხედრო გემების ტექნოლოგიების დასაცავად შეიქმნა და არა საუკუნეების წინ ჩაძირული საგანძურების დასაკანონებლად.

სან ხოსე 1708 წლის 8 ივნისს 18 გემისგან შემდგარ საგანძურით დატვირთულ ესპანურ ფლოტს ხელმძღვანელობდა, რომელიც კარტახენიდან ევროპისკენ მიემართებოდა. მას თავს ბრიტანული სამხედრო ხომალდების ხუთი ესკადრა დაესხა. სამმა ყველაზე დიდმა ესპანურმა გალეონმა მტერს ცეცხლით უპასუხა, თუმცა სან ხოსე მასზე არსებული დენთის მარაგის გამო აფეთქდა და ჩაიძირა.

კვლევა 10 ივნისს გამოცემაში Antiquity გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.