ერთ დროს, მეცნიერთა ნაწილი თვლიდა, რომ მდედრი დინოზავრები გაცილებით უფრო დიდები და საშიშები იყვნენ, ვიდრე მამრები და მათ სქესსაც ამ პრინციპით განსაზღვრავდნენ. ახალი კვლევების მიხედვით, ეს მეთოდი სიმართლეს არ შეესაბამება და სპეციალისტების განცხადებით, დღესდღეობით, დინოზავრების სქესის განსაზღვრა თითქმის შეუძლებელია.

ფოტო: bbc.co.uk

ზოგჯერ, ისეთი აშკარა ნიშნებიც კი არ ითვლება სქესის საიმედო ინდიკატორად, როგორიცაა დინოზავრის ჩონჩხი. მეცნიერები გამოყოფენ ერთ ნიშანს, რომელიც შეიძლება ზოგიერთი სახეობის სქესის დადგენაში დაგვეხმაროს, მაგრამ დაზუსტებით ამის თქმაც არ შეგვიძლია. დღევანდელ სამყაროში მცხოვრებ ფრინველებს თუ დავაკვირდებით, შევნიშნავთ, რომ მაგალითად ემუებისა და კაზუარების შემთხვევაში, მამრები ზრუნავენ შთამომავლობაზე. სწორედ ამ ფაქტზე დაყრდნობით მიიჩნევა, რომ ზოგიერთი სახეობის დინოზავრს, მაგალითად დიდი ზომის სპინოზავრსაც ასეთი ქცევა ახასიათებდა.

ზოგჯერ, შედარებით საიმედო ნიშანი შეიძლება იყოს ე.წ. მედულარული ძვალი, რომელიც ფრინველების მსგავსად, მდედრ დინოზავრებსაც დროებით უვითარდებოდათ. იგი კვერცხის ნიჟარისთვის საჭირო კალციუმის დასაგროვებლად გამოიყენებოდა და კვერცხის დადების შემდეგ ქრებოდა.

"თუ ასეთ ძვალს ვიპოვით, თითქმის დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ კონკრეტული ინდივიდი მდედრია, მაგრამ თუ ვერ ვპოულობთ არ ნიშნავს, რომ იგი მამრია. შეიძლება მდედრია, მაგრამ ჯერ არ არის მომწიფებული, ან მოხუცია, ან ავადაა, ან უბრალოდ კვერცხები უკვე დადებული აქვს", — ამბობს დოქტორი ჰოუნი ლონდონის კვინ მერის უნივერსიტეტიდან.

რამდენიმე წლის წინ ჩინეთში ნაპოვნი ფსიტაკოზავრის ნამარხის შესწავლისას, მკვლევრებმა ისტორიაში პირველად დინოზავრის იდეალურად შემონახული კლოაკა აღმოაჩინეს. კლოაკა ხერხემლიანთა უმეტესობაში სწორი ნაწლავის გაფართოებული ნაწილია, რომელშიც საჭმლის მომნელებელი, შარდგამომყოფი და სასქესო სისტემები იხსნება.

ფსიტაკოზავრი ზენკენბერგის ბუნებრივი ისტორიის მუზეუმში. ამ ინდივიდმა შეინარჩუნა კანი, პიგმენტაცია და ისტორიაში პირველად — კლოაკის ხვრელი (ქვედა სურათი).

ფოტო: Bob Nicholls/Paleocreations.com

ამის მიუხედავად, დოქტორი ჰოუნი ამბობს, რომ ფსიტაკოზავრის გარე კლოაკის არსებობა ჯერ კიდევ არ გვაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ ეს ინდივიდი მდედრია. ამის გასაგებად საჭიროა მისი შინაგანი ანატომიის ცოდნა, რადგან მხოლოდ ასე შეგვიძლია იმის დადგენა, თუ რომელ სასქესო ორგანოს ატარებდა დინოზავრი. კლოაკა ორივე სქესს ჰქონდა, მაგრამ სასქესო ორგანოები მის შიგნით იმალებოდა.

როდესაც პირდაპირი მინიშნებები არ არსებობს, მკვლევრები სექსუალური დიმორფიზმის, ანუ ორ სქესს შორის ფიზიკური სხვაობების, ნიშნების მოძებნას იწყებენ. მაგალითად, ადამიანებში კაცები, როგორც წესი, უფრო დიდები არიან და ეს ან ამის მსგავსი სხვა ნიშანი, შესაძლოა დინოზავრებშიც არსებობდეს.

ჰოუნმა და მისმა კოლეგებმა დიმორფიზმის მაგალითად გავიალები მოიყვანეს. მათი სქესის განსაზღვრა ადვილია, რადგან მამრებს მდედრებისგან განსხვავებით ცხვირზე რბილი გამონაზარდები აქვთ, რომელსაც "ღარა" ჰქვია. მცდელობის მიუხედავად, როცა მკვლევრებმა დინოზავრების ჩონჩხების საფუძველზე სქესის განსაზღვრა სცადეს, აღმოჩნდა, რომ ძვლების მიხედვით მათი განსხვავება შეუძლებელია.

ოვირაპტორიდების ოჯახის წარმომადგენელი Khaan mckennai, რომელიც 75 მილიონი წლის წინ დღევანდელი მონღოლეთის ტერიტორიაზე ცხოვრობდა.

ფოტო: Berislav Krzic

ერთადერთ გამონაკლისად შეიძლება პატარა დინოზავრი სახელად Khaan mckennai ჩაითვალოს, რომელსაც ჰოუნი "უცნაურ სირაქლემას" ადარებს. დაახლოებით 10 წლის წინ, გათხრებისას გვერდიგვერდ ამ სახეობის ორი ერთნაირი ნამარხი იპოვეს, მაგრამ ერთს განსხვავებული კუდის ძვლები ჰქონდა. მეცნიერები თვლიან, რომ ამ ინდივიდს კუდის ფარფლების გამოძრავება შეეძლო და ეს ქცევა საპირისპირო სქესის მოსახიბლად გამოიყენებოდა.

"ასეთი დასკვნების გაკეთებისას ძალიან ფრთხილი ვარ, მაგრამ ეს ფაქტი, სქესობრივი დიმორფიზმის ნამდვილად დამაჯერებელი მაგალითია", — ამბობს ჰოუნი.

ჯერჯერობით, მსგავსი მტკიცებულებები სხვა სახეობებში არ დაფიქსირებულა, მაგრამ Khaan mckennai-ის მაგალითი მაინც მიანიშნებს, რომ სქესებს შორის განსხვავებები დინოზავრებშიც შეიძლებოდა ყოფილიყო, უბრალოდ მათი აღმოჩენა ძალიან რთულია.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.