აშშ-ში გოლფის მოედანზე ციდან ზვიგენი ჩამოვარდა — როგორ აღმოჩნდა თევზი იქ

ფოტო: Courtesy of Jonathan Marlowe
აშშ-ში მდებარე სპლინტერ სითის დისკ-გოლფის მოედანზე მოულოდნელად ციდან პატარა თავჩაქუჩა ზვიგენი ჩამოვარდა. ეს სამხრეთ კაროლინის მირტლ-ბიჩის სანაპიროს მახლობლად 18 მაისს მოხდა.
ოკეანის მიმდებარე არეალებში ზოგჯერ ასეთ შემთხვევებს წყლის ქარბორბალები იწვევს. მსგავსი ნაკადები თევზებს იტაცებს და როცა ხმელეთზე ინაცვლებს, მათ იქ ტოვებს. ამის მიუხედავად, არსებობს კიდევ ერთი მიზეზიც, რომლის გამოც წყლის ბინადარი შეიძლება ჯერ ცაში და შემდეგ მიწაზე აღმოჩნდეს — ეს მტაცებელი ფრინველი შაკია (Pandion haliaetus).
ჯონათან მალროუვი, რომელიც იმ დროს მოედანზე იმყოფებოდა, ამბობს, რომ შაკები მსხვერპლით ხშირად შეუნიშნავს, მაგრამ ზვიგენს ნამდვილად არ ელოდა. ზვიგენის ტიპის გამოცნობა ძნელი არ ყოფილა, რადგან ამ არსებებს თავი მართლაც ჩაქუჩს მიუგავთ.
თავად შაკი წყლის ბინადრებს ხშირად ესხმის თავს და ფეხებიც ისე აქვს განვითარებული, რომ სლიპინა თევზები მარტივად დაიჭიროს. როგორც წესი, ისინი 30 სანტიმეტრზე ნაკლები სიგრძის თევზებს ჭამენ, თუმცა თავჩაქუჩა ზვიგენი ამაზე დიდი ზომისა იყო.
ვარაუდობენ, რომ ფრინველმა მსხვერპლის მკვდარი სხეული ოკეანიდან 800 მეტრ მანძილზე მაინც წაიღო. უჩვეულო მოვლენის თვითმხილველი ამბობს, რომ შაკს ორი ყვავი მისდევდა, რის გამოც მას ხის მიმდებარედ თევზი გაუვარდა და ძირს დაეცა. აღსანიშნავია, რომ შეწყვილების სეზონზე ყვავები და სხვა მსგავსი ფრინველები საკუთარ ტერიტორიებს იცავენ და მტაცებლების დაფრთხობას ერთიანი ძალებით ცდილობენ.
მირტლ-ბიჩის ტერიტორიაზე არსებულ გოლფის მოედნებზე გველები, ენოტები და ალიგატორები ხშირად ჩნდებიან, მაგრამ იქ ზვიგენის ნახვა მართლაც იშვიათობაა. მსოფლიოში თავჩაქუჩა ზვიგენების 10 სახეობაა გავრცელებული, რამდენიმე მათგანი კი სამხრეთ აშშ-ის სანაპიროზეც გვხვდება. 20სამხრეთ კაროლინისა და ჯორჯიის მახლობლად 3 სახეობაა დაფიქსირებული: Sphyrna tiburo, Sphyrna lewini და Sphyrna mokarran. 2013 იმავე არეალში ახალ სახეობასაც მიაგნეს, რომელსაც Sphyrna gilbert ეწოდება.
რომელი მათგანი ჩამოვარდა გოლფის მოედანზე, ჯერჯერობით უცნობია.
კომენტარები