მზის გააქტიურების გამო ორბიტიდან ილონ მასკის კომპანიის სატელიტები ცვივა — კვლევა

ფოტო: NASA
ახალმა კვლევამა აჩვენა, რომ მზის აქტიურ ფაზაში გადასვლის გამო დედამიწის ორბიტიდან ილონ მასკის კომპანიის უფრო და უფრო მეტი სატელიტი ცვივა. ამგვარი შემთხვევების რაოდენობა 2020-24 წლებში ჩვენი ვარსკვლავს მძვინვარების მატების პარალელურად გაიზარდა. ამის შესახებ NASA-ს ფიზიკოს დენი ოლივიერას ხელმძღვანელობით შექმნილი ნაშრომი arXiv-ზეა ხელმისაწვდომი და მალე გამოცემა Frontiers in Astronomy-ში გამოქვეყნდება.
მეცნიერებმა ზემოხსენებულ პერიოდში კომპანია SpaceX-ის პროექტ Starlink-ის 523 ხელოვნური თანამგზავრის განადგურების ფაქტები გააანალიზეს და მზის აქტიურობასთან პირდაპირ კავშირს მიაგნეს. საქმე ისაა, რომ მზე თავის 11-წლიან ციკლში ახლა ყველაზე აქტიურ ფაზაშია. ეს იმაში გამოიხატება, რომ მასზე ლაქებისა და ამოფრქვევების სიხშირე იმატებს. ეს დედამიწაზე უფრო ინტენსიურ პოლარულ ციალებს იწვევს და მზის ქარსაც აძლიერებს. ასევე, ამ დროს ამოფრქვევების გამო დედამიწის ატმოსფეროს ზედა შრე ძალიან ცხელდება.
ზედაპირზე ეს შესამჩნევი არაა, მაგრამ ამის შედეგად ატმოსფერო ფართოვდება და პლანეტის დაბალ ორბიტაზე მოძრავ თანამგზავრებს დაბლა ექაჩება. შედეგად, მათ მიერ ჩვეული ტრაექტორიის შენარჩუნება ძნელდება.
რა თქმა უნდა, საფრთხის ქვეშ დაბალ ორბიტაზე მოძრავი ნებისმიერი სატელიტია, თუმცა SpaceX-ის მიერ გაშვებული ხელოვნური თანამგზავრების რაოდენობა განსაკუთრებით დიდია — 8 873. აქედან დღეისთვის 7 669 ფუნქციონირებს, შესაბამისად, ეს მეცნიერებს ამ საკითხის შესასწავლად მსუყე მასალას აძლევს.
Starlink-ის ორბიტალური მონაცემები მკვლევრებმა სხვადასხვა სიძლიერის მზის შტორმის პერიოდებთან შეაჯერეს და თანხვედრა გამოავლინეს — ატმოსფეროში სატელიტების დაწვის შემთხვევების გახშირება სწორედ მზის აქტიურობის მატებას ემთხვევა. კომპანიამ თანამგზავრების დაკარგვა 2020 წელს დაიწყო, როცა 2 მათგანი განადგურდა, 2021 წელს ამ რაოდენობამ უკვე 78-ს მიაღწია, 2022 წელს 99-ს, შემდეგ წელს 88-ს, 2024-ში კი — 316-ს.
საინტერესოა, რომ ზონდების 72% ატმოსფეროში სუსტი გეომაგნიტური შტორმების დროს ჩამოცვივდა და არა ძლიერისას. ამას მზის აქტიურობის ზრდის კულმინაციის ეფექტს უკავშირებენ, ანუ მათი ტრაექტორია ნელ-ნელა იცვლებოდა, ინტენსიური შტორმებისას კი სატელიტები უფრო სწრაფად ცვიოდა.
ახალი კვლევა, შესაძლოა, ამ ფენომენის უკეთ შესწავლასა და უსაფრთხოების ზომების მიღებაში დაგვეხმაროს, რათა ნაკლები ხელოვნური თანამგზავრი განადგურდეს.
კომენტარები