"მ წნდდბშ ხმვნბ გმქრლ" — დიდი ალბათობით, ამ წინადადების აზრი მაინც გაიგეთ იმისდა მიუხედავად, რომ მასში ხმოვნები არ არის.

მიზეზი ისაა, რომ კითხვისას ტვინი სიტყვებს ასო-ასოდ არ აღიქვამს. ამის ნაცვლად ის კონტექსტის გათვალისწინებით კანონზომიერებებს ეძებს. მაშინაც კი, როცა სიტყვა არასწორადაა დაწერილი ან ხმოვნები აკლია, ტვინი უმეტეს შემთხვევაში მის აზრს მაინც იგებს.

"ჩვენ წინადადებებს პასიურად კი არ ვიღებთ, არამედ აქტიურად ვპროგნოზირებთ", — განმარტა ნეირომეცნიერმა დევიდ იგლმენმა (სტენფორდის უნივერსიტეტი) გამოცემა Live Science-თან საუბრისას — "ჩვენი ტვინი გარემოდან წამოსული სიგნალების მომლოდინე სუფთა დაფა არ არის. იგი მოდელების აქტიური შემქმნელია, რომელშიც გარემოსთან დაკავშირებული მოლოდინები გამუდმებით ფორმირდება".

იმ შემთხვევაში, თუ სიტყვაში ხმოვნები არ გვხვდება, ტვინი წარსულ გამოცდილებასა და კონტექსტს ეყრდნობა — ასოების კომბინაციას, ენის ცოდნასა და სხვა სიტყვებს. კითხვისას არამხოლოდ დაწერილს ვხედავთ და ვიაზრებთ, არამედ აზრის რეკონსტრუქციასაც ვცდილობთ.

როგორც იგლმენი ამბობს, ეს იმასაც ხსნის, თუ რატომ შეგვიძლია სუსტად განათებულ სივრცეში მეგობრის ამოცნობა. ამ შემთხვევაში, მიღებული სენსორული ინფორმაცია არასრულია, მაგრამ ტვინი ხარვეზებს თავისით ავსებს.

ნეირომეცნიერების ასისტენტ-პროფესორმა, ალექს უაითმა (ნიუ-იორკის ბარნარდის კოლეჯი), განმარტა, რომ სიტყვების ამოცნობა მრავალსაფეხურიანი პროცესია. ჯერ თვალი ობიექტს აღიქვამს — ამ შემთხვევაში, ასოებს. ეს ინფორმაცია მხედველობის ქერქს ეგზავნება, რომელიც ტვინის უკანა ნაწილში მდებარე რუხი მატერიის გარე შრეა. იგი ასოების ფორმის შესახებ ინფორმაციას გადაამუშავებს. ტვინში კიდევ უფრო ღრმად მდებარე ზოგიერთი რეგიონი კონკრეტულ ასოებსა და ასოთა კომბინაციებს (ბიგრამებს) ამოიცნობს. ბიგრამი ასოების წყვილია, რომლებიც სიტყვაში ერთმანეთის გვერდით გვხვდება — მაგალითად, "დე" ან "ბა". აქედან კი ინფორმაცია თითისტარისებრ ხვეულს გადაეცემა.

თითისტარისებრი ხვეული (წითლად აღნიშნული) ტვინის ის რეგიონია, რომელშიც კომპლექსური ვიზუალური ამოცნობა მიმდინარეობს. მარცხენა მხარე კი იმ რეგიონს შეიცავს, რომელიც უშუალოდაა პასუხისმგებელი იმ ფაქტზე, რომ სიტყვებს ხმოვნების გარეშეც ვკითხულობთ.

ფოტო: Getty Images

თითისტარისებრი ხვეული დიდი სტრუქტურაა, რომელიც საფეთქლისა და კეფის წილის მხარეს ტვინის ორივე ნახევარსფეროზე ვრცელდება. იგი კომპლექსური ვიზუალური ინფორმაციის გადამუშავებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ადამიანების უმრავლესობაში მარჯვენა თითისტარისებრი ხვეული სახეებისა და ობიექტების ამოცნობაზეა პასუხისმგებელი, მარცხენა კი— ასოებისა და სიტყვების.

ადრე ჩატარებულ კვლევებში მეცნიერებმა ბავშვების ტვინი სკანირების გზით აღმოაჩინეს, რომ კითხვის სწავლის შემდეგ მათი მარცხენა თითისტარისებრი ხვეული საგრძნობლად განვითარდა.

აღსანიშნავია, რომ ებრაულ ენაზე ხმოვნებს თითქმის არ წერენ. ამისდა მიუხედავად, ამ ენაზე მოსაუბრეები ტექსტს ყოველთვის თავისუფლად იგებენ. საინტერესოა ისიც, რომ აბრევიატურებში ძირითადად თანხმოვნებს იყენებენ და არა ხმოვნებს. ამის მიზეზი ისაა, რომ თანხმოვნებთან დაკავშირებული კანონზომიერებების ამოცნობა ბუნებრივად უფრო გვიმარტივდება.

მაშასადამე, ადამიანის აღქმა წარსულ გამოცდილებებზე, კანონზომიერებების ამოცნობასა და მოლოდინზეა დაფუძნებული. არასრულყოფილი ინფორმაციიდან სრულყოფილი დასკვნის გამოტანაში სწორედ ეს გვეხმარება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.