NASA-ს ვეტერანმა კოსმოსურმა ზონდმა, რომელსაც 2001 მარსის ოდისეა ჰქვია, წითელი პლანეტის ერთ-ერთი უდიდესი ვულკანის გასაოცარი სურათი გადაიღო. მას არსიის მთას უწოდებენ და იმდენად მაღალია, რომ ჩვენი მეზობელი ციური სხეულის ღრუბლებს ზემოდან გადაჰყურებს.

ის იმ 3 ვულკანს შორისაა, რომლებიც მარსის ეკვატორთან ახლოს, ტარსისის რეგიონში, მდებარეობს. იქ გამთენიისას ხშირად წყლის ყინულისგან შედგენილი ღრუბლები ჩნდება, რომლებიც ამ პლანეტაზე გავრცელებული ნახშირორჟანგის ღრუბლებისგან განსხვავდება.

ზონდმა მარსის ჰორიზონტზე გამოკვეთილი ამ შთამბეჭდავი სანახაობის პანორამულად აღბეჭდვა შეძლო, რითაც ასეთი უპრეცედენტო ხედი პირველად დაგვანახა. შედარებისთვის, სწორედ მსგავსი პერსპექტივიდან უყურებენ დედამიწას საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მყოფი ასტრონავტები.

ფოტო: NASA/JPL-Caltech/ASU

მარსის ოდისეის მისია 2001 წელს გაუშვეს, რაც მას სხვა პლანეტის გარშემო ყველაზე დიდხანს მოძრავ ზონდად აქცევს. ამგვარი პანორამული სურათების გადაღება მან 2023 წელს დაიწყო, როცა წითელი პლანეტის ჰორიზონტი მაღლიდან პირველად აღბეჭდა. ასეთი ხედის მისაღებად ის 90 გრადუსით ტრიალდება, რათა კამერის ხედვის არეალი გასწორდეს. ისე კი აღნიშნული ინსტრუმენტი ობიექტის ზედაპირზე დასაკვირვებლადაა შექმნილი.

ზემოხსენებული მანევრით შესაძლებელი ხდება, რომ წყლის ყინულის ღრუბლის ფენები დაფიქსირდეს და ფოტოების სერიების მიხედვით სეზონური ცვლილებები გამოვლინდეს. ეს მეცნიერებს მარსის ატმოსფეროში მიმდინარე პროცესების, ამინდისა და მტვრის ქარიშხლების მსგავსი მოვლენების შესახებ მეტის გაგების საშუალებას აძლევს. ამგვარი ინფორმაცია მარსის სამომავლო მისიების უკეთ დაგეგმვაში გამოგვადგება.

ტარსისის ვულკანური პლატო.

ფოტო: NASA/JPL-Caltech

კოსმოსური აპარატის უკანასკნელი სურათი 2 მაისსაა გადაღებული. მასზე არსიის მთა ჩანს, რომელიც 20 კილომეტრი სიმაღლისაა და დედამიწის უდიდესი ვულკანის — მაუნა-ლოას — სიმაღლეს ორჯერ აჭარბებს. ის ტარსისის რეგიონის ვულკანებიდან ყველაზე სამხრეთითაა განლაგებული და მის გარშემო ყველაზე მეტი ღრუბელი იყრის ხოლმე თავს.

ისინი მაშინ წარმოიქმნება, როცა არსიის გვერდების მიმდებარედ აირის ნაკადი გადაადგილებისას ფართოვდება და შემდეგ სწრაფად ცივდება. ღრუბლები განსაკუთრებულად სქელია, როცა მარსი მზისგან უდიდესი მანძილითაა დაშორებული. ამას აფელიუმი ეწოდება, წლის აღნიშნულ პერიოდში წარმოქმნილ ღრუბლებს კი — აფელიუმის ღრუბელთა სარტყელი.

მისიაზე მომუშავე გუნდმა ეს ვულკანი იმიტომ შეარჩია, რომ სწორედ აირის ღრუბლებიდან ამოშვერილი უზარმაზარი მთის დაფიქსირება სურდათ. მათ ეს წარმატებით გამოუვიდათ, რაც ზონდის კამერა THEMIS-ის დამსახურებაა. ის ციურ სხეულს ხილულ და ინფრაწითელ სპექტრში აკვირდება, საიდანაც ბოლო წყლის ყინულის შემცველი არეალების აღმოჩენაში გვეხმარება. ასევე, ინსტრუმენტი მარსის ბუნებრივ თანამგზავრებსაც იღებს: ფობოსსა და დეიმოსს. ამით მათი შედგენილობის უკეთ შესწავლა ხდება შესაძლებელი.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.