მეცნიერებმა ტალამპაიას ეროვნული პარკის გათხრების ადგილიდან მოპოვებული ნიმუშები შეისწავლეს. აღნიშნული ეროვნული პარკი დასავლეთ არგენტინაში, კონკრეტულად კი — ლა-რიოხას პროვინციაში მდებარეობს. მკვლევართა გუნდი როგორც არგენტინაში, ასევე ბრიტანეთში მოღვაწე მეცნიერებისგან შედგებოდა. განავლის ნიმუშებში მათ ქერცლფრთიანი მწერების ქერცლის ნაწილაკები აღმოაჩინეს. ცნობისთვის, ქერცლფრთიანების რიგში პეპელა და ჩრჩილიცაა გაერთიანებული.

ეროვნულ პარკში გათხრითი სამუშაოები ჯერ კიდევ 2011 წელს დაიწყო. მაშინ აღმოაჩინეს, რომ ეს ადგილი მრავალი ცხოველისთვის ოდესღაც ერთგვარი საპირფარეშოს როლს ასრულებდა.

მკვლევრებმა ნიმუშები სხვადასხვა მეთოდით შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ ისინი 236 მილიონი წლისაა. ეს თარიღი ტრიასულ პერიოდს მიეკუთვნება. პერმული გადაშენებიდან კი ამ დროს სულ რაღაც 16 მილიონი წელი იყო გასული. ამ გადაშენებამ თავის დროზე დედამიწიდან ცხოველთა სახეობების დაახლოებით 90% გააქრო.

პალეონტოლოგებმა მცირე ზომის ქერცლები იპოვეს. თითოეული დაახლოებით 200 მიკრონის (მეტრის მემილიონედი) სიგრძის იყო. ადრინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ ქერცლფრთიანები პირველად დაახლოებით 241 მილიონი წლის წინ განვითარდა. მიუხედავად ამისა, მათი არსებობის აქამდე ცნობილი უძველესი ფიზიკური მტკიცებულება 201 მილიონი წლის წინანდელი იყო.

ამრიგად, მეცნიერების მიერ პროგნოზირებულ ქერცლფრთიანების წარმოშობის თარიღსა და უძველეს აღმოჩენილ ნამარხს შორის სხვაობა 40 მილიონი წელი იყო. ამან მკვლევრები დააბნია — გართულდა იმის დადგენა, თუ როდის გაჩნდნენ ეს მწერები პირველად და რა როლს თამაშობდნენ ისინი ადრეულ ეკოსისტემებში.

ახალმა აღმოჩენამ კი ქერცლფრთიანების ევოლუციაზე მეცნიერებს მნიშვნელოვანი მინიშნებები მიაწოდა. ამ კვლევამ აქამდე უცნობი სახეობაც გამოავლინა. მას Ampatiri eloisae უწოდეს.

მკვლევრები ფიქრობენ, რომ ახალაღმოჩენილი სახეობა Glossata-ს ქვერიგს მიეკუთვნება. ეს ნიშნავს, რომ მას ნექტრის ან სხვა სითხეების მისაღებად ისეთივე ხორთუმი უნდა ჰქონოდა, როგორიც თანამედროვე პეპლებსა და ჩრჩილებს აქვთ. ეს გრძელ, მილაკის მსგავს პირის აპარატს გულისხმობს.

ტრიასულ პერიოდში ყვავილოვანი მცენარეები განვითარებული არ ყოფილა. ამიტომ მაშინ ტყეები მხოლოდ წიწვოვანებისა და საგოვანებისგან შედგებოდა. ისინი დამტვერვის პროცესის ხელშესაწყობად მოტკბო წვეთებს გამოყოფდა. ეს ადრეული ხორთუმიანი მწერებისთვის იდეალური საკვების წყარო იქნებოდა.

ამ გადამწყვეტმა ადაპტაციამ, სავარაუდოდ, ადრეულ პეპელასა და ჩრჩილს ტკბილი დამტვერვის წვეთებით გამოკვების საშუალება მისცა. ამან საფუძველი ქერცლფრთიანების ყვავილოვან მცენარეებთან ინტერაქციას დაუდო, რომელიც 100 მილიონი წლის მერე შედგა.

კვლევა გამოცემაში Journal of South American Earth Sciences გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.