დასრულებული საგანგებო მდგომარეობა და 5 მილიონზე მეტი ინფიცირებული — კვირის შეჯამება
25 მაისის მდგომარეობით მსოფლიოში:
- დადასტურებული შემთხვევა — 5 367 675;
- გარდაცვლილი — 343 513;
- გამოჯანმრთელებული — 2 148 184.
საქართველოში:
- დადასტურებული შემთხვევა — 730;
- გამოჯანმრთელებული — 522;
- გარდაცვლილი — 12;
- კარანტინის რეჟიმში — 3 076;
- სტაციონარში — 326;
- უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები — 3.
კვირის ფაქტი:
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა
COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი დღითიდღე იზრდება, იმატებს გარდაცვლილთა რაოდენობაც. ყველაზე მეტი 1 633 076 შემთხვევა დაფიქსირდა, სადაც 97 430 ადამიანი გარდაიცვალა.
ამ კვირაში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობით ბრაზილიამ რუსეთს გადაუსწრო და მეორე ადვილზე გადაიწია. ბრაზილიაში ახლა 347 ათასი შემთხვევაა, ხოლო რუსეთში — 344 ათასი. ევროპაში ყველაზე ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დიდ ბრიტანეთშია — 260 ათასი. შემდეგ მოდის ესპანეთი — 235 ათასი და იტალია — 225 ათასი.
კვირის ფოტო:
კოლუმბიაში ჰუიტიტოელი ადგილობრივი მდინარეზე ცურვის დროს ნიღაბს ატარებს
კვირის მთავარი ჰედლაინი მსოფლიო მედიაში:
ტრამპი WHO-ს დაფინანსებისა და აშშ-ს წევრობის შეწყვეტით ემუქრება
აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დაპირისპირება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ამ კვირაშიც გაგრძელდა. 19 მაისს ტრამპმა განაცხადა, რომ ჯანმოს დაფინანსებას შეუწყვეტს, თუ ეს უკანასკნელი 30 დღეში სიტუაციას "არსებითად არ გააუმჯობესებს". წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ თავის წევრობას გადახედავს.
როგორც ტრამპი ტვიტერზე წერდა, ორგანიზაციისთვის ერთადერთი გზაა, ჩინეთისგან დამოუკიდებლობა აჩვენოს. აქამდე აშშ-ს პრეზიდენტმა ჯანმო ჩინეთის "მარიონეტი" უწოდა.
ჯანმოს ხელმძღვანელის, ტედროს ადანომ გებრეისუსისთვის გაგზავნილ წერილში აშშ-ს პრეზიდენტი პანდემიაზე ორგანიზაციის რეაგირებას უარყოფითად აფასებს. დონალდ ტრამპმა, რომელსაც ასევე კორონავირუსზე დაგვიანებული რეაქციისთვის აკრიტიკებენ, ჩინეთს ვირუსის აფეთქების დამალვაში ადანაშაულებს.
რა ხდება მსოფლიოში:
დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის მრჩეველმა კარანტინის მიუხედავად წესები დაარღვია და ლონდონიდან 460 კილომეტრში თავისი ოჯახი მოინახულა. დომინიკ კამინგსის გარშემო არსებული სკანდალი კიდევ უფრო მეტად გაღრმავდა, როდესაც რამდენიმე გამოცემამ დაწერა, რომ მან კარანტინის წესები არა ერთხელ, არამედ ორჯერ დაარღვია.
რამდენიმე დღის განმავლობაში ბორის ჯონსონისგან რამდენიმე თანაპარტიელი და განსაკუთრებით ოპოზიციური პარტიები მოითხოვდნენ, რომ მრჩეველი დაეთხოვა. ყოველკვირეულ ბრიფინგზე კი ჯონსონმა მხარი დაუჭირა მრჩეველს და თქვა, რომ ის პასუხისმგებლიანად მოიქცა, რადგან ოჯახი უნდა ენახა.
წესების დარღვევის გამო მობოდიშება მოუწია ავსტრიის პრეზიდენტს. ალექსანდრ ვან დერ ბელენმა ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ რესტორანში ღამის 11 საათის შემდეგ გაჩერდა. როგორც ის წერს, იზოლაციის შემდეგ გარეთ მეგობრებთან ერთად პირველად გავიდა დროის შეგრძნება დაკარგა.
ევროპაში შეზღუდვების შემსუბუქების პარალელურად გაიხსნა სასწავლო დაწესებულებებიც. ევროკავშირის ქვეყნების განათლების მინისტრების მიერ ჩატარებული ვიდეოკონფერენციის მიხედვით, 22 ქვეყანაში სკოლების გახსნას ბავშვებში კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი მატება არ მოჰყოლია.
სხვა მნიშვნელოვანი ამბები:
- უხანში გარეული ცხოველების საკვებად გამოყენება აიკრძალა
- კემბრიჯის უნივერსიტეტი ონლაინ ლექციებს 2021 წლის ზაფხულამდე აგრძელებს
- 100 წლის ვეტერანს $40 მლნ-ის შეგროვების შემდეგ რაინდის წოდება მიანიჭეს
- ესპანეთი ტურისტებისთვის საზღვრებს ივლისში გახსნის
- The New York Times-მა პირველ გვერდზე COVID-19-ით გარდაცვლილთა სახელები დაწერა
მნიშვნელოვანი სამეცნიერო სიახლე
CDC ამბობს, რომ კორონავირუსი დაბინძურებულ ზედაპირთან შეხებით "ადვილად არ გადადის"
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი ყოველთვის იუწყებოდა, რომ კორონავირუსით დაბინძურებულ ზედაპირთან შეხებით ინფიცირება შესაძლებელია. თუმცა, როგორც ირკვევა ეს არც ისე მარტივია. ადამიანური ან ცხოველური კონტაქტით ვირუსი ბევრად სწრაფად ვრცელდება.
"COVID-19 ახალი დაავადებაა და მის გავრცელებასთან ერთად ბევრს ვსწავლობთ", — ვკითხულობთ CDC-ის ახალ გაიდლაინში. "გამორიცხული არაა, რომ COVID-19-ის გადადება სხვა ხერხითაც შეიძლება, თუმცა ეს ვირუსის გავრცელების მთავარი გზა არ არის".
რა ხდება საქართველოში:
ამ კვირაშიც გამოჯანმრთელებულთა ყოველდღიური რიცხვი ინფიცირებულთა რაოდენობას აღემატებოდა. თუმცა გარდამტეხი საგანგებო მდგომარეობის დასრულება და კომენდანტის საათის გაუქმება აღმოჩნდა. ამასთან, მანქანით სამზე მეტი ადამიანის გადაადგილების შეზღუდვა მხოლოდ ტაქსებს შეუნარჩუნდათ.
პარლამენტში ხმაურიანი განხილვები მოჰყვა ქართული ოცნების ახალ კანონპროექტს, რომელიც საგანგებო მდგომარეობის გარეშე სხვადასხვა შეზღუდვის დაწესებას ითვალისწინებდა. არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიცია აცხადებდნენ, რომ კანონპროექტი ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს ლახავდა და არაკონსტიტუციური იყო.
რამდენიმესაათიანი განხილვის შემდეგ მმართველი პარტია "დათმობაზე" წავიდა და კანონის მუშაობის ვადად 15 ივლისი დააწესა. მიუხედავად ვადის დაწესებისა, ოპოზიციამ არაკონსტიტუციურობის მიზეზით კანონპროექტს მხარი კვლავ არ დაუჭირა.
ამ კვირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადება. სომხური მედიის ინფორმაციით, არმენ ტოროსიანმა ონლაინკონფერენციისას მეზობელ ქვეყნებს შორის ეპიდსიტუაციისა და ინფიცირებულთა სტატისტიკის განსხვავება მიმოიხილა და არაერთი ვარაუდი გამოთქვა იმაზე, რომ საქართველოში სტატისტიკა არაზუსტია. მისი თქმით, არ არის დარწმუნებული, რომ საქართველოში 40 000 ადამიანის ტესტირება PCR ტესტით ჩატარდა, სწრაფი ტესტები კი არასანდოა. მანვე აღნიშნა, რომ საქართველოდან ჩასულ მძღოლებს ხშირად უდასტურდებოდათ კორონავირუსი მაშინ, როცა ქვეყანა ინფიცირებულთა დაბალ რაოდენობაზე საუბრობდა.
სომხეთის მინისტრის განცხადებებს უპასუხა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ. მისი თქმით, თუ ჩვენს მოქალაქეს კორონავირუსი დაუდგინდა, უნდა ეცნობებინათ. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ კი ჯანდაცვის მინისტრისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა.
გარდა ამისა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ ქართულ მხარეს დაუკავშირდნენ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის სახელით და წუხილი გამოთქვეს მედიაში "არასწორად ინტერპრეტირებული" განცხადების გამო.
სხვა მნიშვნელოვანი ამბები:
- ბიზნესომბუდსმენი: მოლებსა და ბაზრობებზე მომხმარებლების დიდი მობილობაა, მათი გახსნა ამ ეტაპზე ვერ ხერხდება
- ღამის კლუბების პრობლემების სრული სურათი გვაქვს და ვაპირებთ, პაკეტი შევთავაზოთ — კალაძე
- 23 მაისიდან თავდაცვის ძალებში ყაზარმული მდგომარეობა გაუქმდა
- ქვეყანაში ცხელ წერტილად ბოლნისი, თეთრიწყარო და მარნეული რჩება, სადაც მთელი ინფიცირებულების 36% მოდის — გამყრელიძე
კვირის დამაიმედებელი ამბავი:
რატიანი: სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში კლინიკაში არცერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი არ გვეყოლება
პირველი საუნივერსიტეტო დირექტორმა ლევან რატიანმა 22 მაისს ივარაუდა, რომ რამდენიმე დღეში კლინიკას არცერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი არ ეყოლება.
ამბავი, რომელმაც გაგვაღიმა:
დეტროიტელმა მღვდელმა მრევლი წყლის სათამაშო თოფით აკურთხა და მიმების გმირად იქცა
დეტროიტში კათოლიკე მღვდელმა მრევლი სათამაშო წყლის თოფით აკურთხა და სავალდებულო სოციალური დისტანცია ასე დაიცვა. როგორც ტიმ პელკი ამბობს, მაქსიმალურად იშვიათად იყენებს სოციალურ ქსელებს, მაგრამ მას შემდეგ, რაც მისი სურათები ვირუსული გახდა, სასულიერო პირს ინტერნეტის თავიდან არიდება ცოტა გაუჭირდა.
გავრცელებულ სურათებში ჩანს, რომ მღვდელი კორონავირუსის პანდემიის გამო პირბადესა და დამცავ ფარს ატარებს, მრევლს კი ნაკურთხ წყალს სათამაშო თოფით ასხამს.
"ამ სურათებმა ვატიკანამდეც კი ჩააღწია, რამაც ცოტა შემაშფოთა, მაგრამ საყვედური ჯერ არ მიმიღია", — უთხრა ტიმ პელკმა ბაზფიდს. მისი სიტყვებით, სურათების პოპულარობამ და დადებითმა გამოხმაურებამ ძალიან გაახარა.
რა თქმა უნდა, სასულიერო პირის სურათები მიმების წყაროც გახდა, რასაც ეკლესია პოზიტიურად შეხვდა და ერთ-ერთი მათგანი ფეისბუქ გვერდზეც კი გამოაქვეყნა.
ერთად თავმოყრილი რეკომენდაციები
კომენტარები