პრემიერმინისტრის მრჩეველის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებაზე ჯერ საუბარი არ არის. მისი განმარტებით, ამ გადაწყვეტილებას ეპიდემიოლოგებთან ერთად მიიღებენ.

"ტრანსპორტი არის ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი თემა. თქვენ, როგორც იცით თავიდანვე პრემიერმინისტრმა და მთავრობამ გახსნების ეტაპებში არცერთ ცალკეულ ეტაპს არ დაუკავშირა ეს კონკრეტული მოქმედება, ვინაიდან ეს ღონისძიება დაკავშირებული იქნება ქვეყანაში ეპიდმდგომარეობასთან და ჩვენს ეპიდემიოლოგებთან ერთად მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას", — თქვა ირაკლი ჩიქოვანმა.

პრემიერის მრჩეველმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ხვალიდან, 22 მაისიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ამუშავდება. ჩიქოვანმა განმარტა, რომ შემდეგი რამდენიმე თვის განმავლობაში ცხოვრების განსხვავებული რეჟიმი იქნება და ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს.

საქართველოში, 21 მაისის მონაცემებით, სულ კორონავირუსით ინფიცირების 721 შემთხვევაა გამოვლენილი, ამათგან 485 გამოჯანმრთელდა, ხოლო 12 გარდაიცვალა.

ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში არის 3 519 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 351.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: