რისთვის იხდის გერმანია მადლობას 8 მაისს?
მეორე მსოფლიო ომის 75 წლისთავთან დაკავშირებით გუშინწინ, 8 მაისის საღამოს ბერლინის ბრანდენბურგის ჭიშკარგი ცისფრად განათდა.
ამ ახალი ამბის ქართულ მკითხველებში განსაკუთრებული ინტერესი და გაკვირვება ოთხ ენაზე გამოსახულმა წარწერამ "გმადლობთ" გამოიწვია:
- ამათ ხომ თავმოყვარეობა არ აქვთ!
- რო დაგვამარცხეთ მაგისთვის მადლობაო! დდ:
- ბერლინის დაცემას ზეიმობენ?
რუსულ წარწერასთან მე ჩემი (მეტწილად ნეგატიური) დამოკიდებულება მაქვს, მაგრამ 20 წლის წინ, გერმანიაში გადმოსახლების შემდეგ, 9 მაისს მეც ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვებული ერის შვილის ჰაბიტუსით დავაბიჯებდი და ოდნავი სიყეყეჩითა და სიამაყით "დამარცხებულებს" ზემოდან, ნიშნის მოგებით დავყურებდი.
გავიდა წლები, ჩემი შვილების წყალობით საკმაოდ ღრმად მომიწია ომამდელი გერმანიის ისტორიაში ჩახედვა, მუზეუმებში სიარული და თანდათან ვხვდებოდი რამხელა უბედურება დასტყდომია მაშინ გერმანულ ერს ჰიტლერისა და ნაციონალსოციალისტების სახით. ბევრი ისეთი რამ გავიგე, რამაც გამაოცა და ამ სტატიაში მინდა მოკლედ მოგიყვეთ.
კვლავ უზარმაზარი ბოდიში უნდა მოგიხადოთ გამარტივებისათვის და მათ, ვისაც ეს თემა დააინტერესებს, დამატებითი წყაროების შესწავლა ვთხოვო.
ფაშიზმი თუ ნაციონალ-სოციალიზმი
ჯერ ტერმინოლოგიაში გავერკვათ. ფაშიზმი, ფაშისტური გერმანია და ა.შ. საბჭოთა პროპაგანდის მოგონილი და დანერგილი ტერმინია. სინამდვილეში ფაშისტები იტალიელები იყვნენ. გერმანიაში ჰიტლერის პარტიას "გერმანიის ნაციონალ-სოციალისტური მუშათა პარტია" ერქვა, შემოკლებით NSDAP (Nationalsozialistische Deutsche Arbeiterpartei). ეს დასახელება ძალიან თანკვეთაში იყო საბჭითა ლექსიკონთან და ამიტომ ჩანაცვლება მოუწიათ.
გერმანიის სახელმწიფო — ვაიმარის რესპუბლიკა
იმისათვის, რომ გავერკევთ, რისთვის უხდიან დამარცხებულები მადლობას დამმარცხებლებს, გერმანიის სამეფოდან ჩამოყალიბებული გერმანიის პირველ დემოკრატიულ სახელმწიფოდან უნდა დავიწყოთ.
ბავრს გეცოდინებათ, რომ მსოფლიოს უამრავი ახალგაზრდა ქვეყნის, მათ შორის საქართველოს კონსტიტუცია პირველი მსოფლიო ომის დასრულების შედეგად წარმოქმნილი პირველი დემოკრატიული გერმანული სახელმწიფოს, ე.წ. ვაიმარის რესპუბლიკის კონსტიტუციაზეა დაფუძნებული. ვაიმარის რესპუბლიკა იმიტომ ქვია, რომ ქალაქ ვაიმარში იქნა მიღებული ეს კონსტიტუცია.
ამ სახელმწიფომ ჩამოყალიბებისას საკმაოდ ტურბულენტური და მძიმე დრო გამოიარა, მაგრამ მალევე დალაგდა და ე.წ. ოქროს ხანა 20–30 იან წლებში ჰქონდა. არნახული ეკონომიკური აღზევება, საერთაშორისო ვაჭრობა, Made in Germany ლეიბლი ქუხდა მთელს მსოფლიოში. პოლიტიკური ცხოვრებაც დუღდა.
ბავარიის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა
თავიდან აჯანყებები და რევოლუციებიც კი ხდებოდა. ჩემთვის ყველაზე ღირსშესანიშნავი ბავარიაში მომხდარი რევოლუცია იყო, რომლის შედეგადაც კომუნისტებმა ჩაიგდეს ხელისუფლება ხელში და რამდენიმე თვით მიუნხენის თავზე წითელი დროშა ააფრიალეს. მათ გეგმებში საბჭოთა კავშირთან შეერთებაც კი შედიოდა.
ჰიტლერის 1923 წლის პუტჩი
1923 წლის 8 ნოემბერს ჰიტლერის პარტიამ მიუნხენში ხელისუფლების ხელში ჩაგდება სცადა. მათი გეგმა გახლდათ ბავარიის მთავრობის დამხობა და შემდეგ მარშით ბერლინის აღება.
პუტჩი ჩაიშალა. ჰიტლერი და მისი თანამოაზრეები დააპატიმრეს და ციხე მიუსაჯეს, პარტია კი აკრძალეს. სამწუხაროდ, მოსამართლე ძალზე ლმობიერი აღმოჩნდა და ჰიტლერი მალევე გამოვიდა.
პარტია ხელახლა დაარსდა და პარლამენტშიც კი შეაღწია, მაგრამ ძალზე უმნიშვნელო მხარდაჭერით. მათ ახალი სტრატეგია აქვთ. ისევ ტოტალიტარიზმს ეტრფიან, მაგრამ დიქტატურის დამყარებას ამჯერად პუტჩის ნაცვლად დემოკრატიული მეთოდებით ცდილობენ. დიდად ვერაფერი გამოსდით — 1928 წელს სულ რაღაც 2,6% მიიღეს.
როგორც ამ სურათიდან უკვე შენიშნეთ, იმდროინდელი გერმანია მჩქეფარე დემოკრატია გახლავთ. უამრავი პარტიისგან შემდგარი ჭრელი პარლამენტი იმდროინდელი საზოგადოების განწყობებს და ინტერესთა სხვადასხვაობას საკმაოდ ზუსტად ასახავს.
დემოკრატიას თავისი ჩელენჯები ახლავს. კოალიციური მთავრობის დაკომპლექტება არ ხერხდება ხოლმე. ამის შედეგად, ე.წ. უმცირესობის მთავრობის დამტკიცება უხდება პრეზიდენტს. უმცირესობის მთავრობას პარლამენტში კანონები ვერ გააქვს, ამიტომ ფაქტობრივად, ხელშებოჭილია. პრეზიდენტს არ რჩება არჩევანი და იძულებული ხდება დაშალოს პარლამენტი და ახალი არჩევნები დანიშნოს. ახალ არჩევნებამდე გადამავალ მთავრობას ეძლევა შესაძლებლობა მიიღოს კანონები მხოლოდ პრეზიდენტის ხელმოწერით და პარლამენტის გვერდის ავლით მართოს ქვეყანა.
რიგგარეშე არჩევნებს რიგგარეშე არჩევნები მოყვება.
ძველი მეფის რკინის ხელს შეჩვეული ხალხის ნაწილი დაღლილია ამ დემოკრატიული ცანცარით, საზოგადოებაში ტოტალიტარიზმისადმი სიმპატიები იკრებს ძალას, ჰიტლერის პარტიას პოპულარობა ემატება.
სად არიან ამ დროს ებრაელები?
თუ გგონიათ რომ ამ დროს ებრაელები დღისით სინაგოგებში ჰავა-ნაგილას მღერიან და ღამ-ღამობით სიონისტური მსოფლიო შეთქმულების გეგმებზე მუშაობენ, ძალიან ცდებით. ებრაელები, ისევე როგორც გერმანიის სხვა ეთნიკური თუ სოციალური ჯგუფები, გულანთებულად არიან ჩართული ახალი მულტიეთნიკური, დემოკრატიული და თავისუფალი სახელმწიფოს მშენებლობაში. მათ ეძლევათ შანსი ჩაერთონ სახელმწიფოს მართვაში და ამ შანსს ძალზე წარმატებითან იყენებენ. ისინი ხდებიან მოსამართლეები, პოლიტიკოსები, სახელმწიფო მოხელეები. ისინი სხვადასხვა პოლიტიკურ მიმართულებას უჭერენ მხარს, რაც ეზიზღებათ და რასაც აქტიურად ეწინააღმდეგებიან, არის ნაციონალიზმი. ისინი თავს ებრაელებად თვლიან, მაგრამ მათი ერთადერთი სამშობლო გერმანიაა. პირველად ისტორიაში ისინი გერმანიის თანსწორუფლებიანი მოქალაქეები არიან!
ამ სურათზე გამოსახული მამაკაცი ებრაელი ეროვნების მოსამართლე მიხაელ ზიგელია (Michael Siegel), რომელიც ამ სურათში ამაყად ბავარიულ ტრადიციულ ტანსაცმელში თავის მამულში შვილთან ერთად პოზირებს. მის პიროვნებას მოგვიანებით დავუბრუნდებით.
ხელისუფლების ხელში ჩაგდება
აქ თარიღების მიხედვით მოგახსენებთ როგორ მოახერხა ჰიტლერის პარტიამ, რომელიც 33% იან უმცირესობაში იყო, 6 თვის განმავლობაში აბსოლუტური ძალაუფლების ხელში ჩაგდება.
1932 წელს პარლამენტში კვლავ ვერ მოხერხდა უმრავლესობის შეკვრა. ჰიტლერის პარტიას, რომელსაც 33,3% აქვს, მხოლოდ ერთ პაწაწინა პარტიასთან ერთად გამოუვიდა 40%-ზე ოდნავ მეტი ხმით უმცირესობის მთავრობის ჩამოყალიბება.
ჰიტლერი ერთი პირობით თანხმდება პრემიერად არჩევას — პარლამენტი უნდა დაიშალოს თორემ უსუსური კანცლერი, რომელსაც ხალხისა და პარლამენტის მხარდაჭერა აქვს, ვერაფერს გააღწევსო. პრეზიდენტი თანხმდება მთავრობის ქმედითუნარიანობისთვის პარლამენტის დაშლას და ხელახალი არჩევნების გამოცხადებას. პარლამენტი იშლება და ამ მომენტის მერე მოვლენები უკვე თავბრუდამხვევი სისწრაფით ვითარდება:
- 30 იანვარი — ჰიტლერი კანცლერობას თანხმდება;
- 1 თებერვალი — პარლამენტი იშლება;
- გერინგი, ჰიტლერის თანამოაზრე პრუსიის (ყველაზე დიდი მიწის) დროებით შსს მინისტრად ინიშნება;
- 4 თებერვალი — პრესისა და შეკრების თავისუფლება დროებითი კანონით იზღუდება. ოპოზიციას საარჩევნო კამპანიის ჩატარების საშუალება არ ეძლევა;
- 22 თებერვალს იქმნება ე.წ. პოლიციის დამხმარე ერთეულები (SS, SA, SD), რომლებიც ვითომ პოლიციას წესრიგის დაცვაში უნდა ეხმარებოდნენ, სინამდვილეში ეს მმართველი პარტიის ერთგული ხალხია, როელიც ოპოზიციას დასდევს და ატერორებს;
- 27 თებერვალი — ხანძარი პარლამენტში. რაიხსტაგი ანუ პარლამენტის შენობა იწვის და ეს ბრალდება ჰოლანდიური წარმოშობის კომუნისტ ტერორისტს;
- 28 თებერვალი — რაიხსტაგის ხანძრის საბაბით ცხადდება საგანგებო მდგომარეობა, იზღუდება კონსტიტუციით გარანტირებული თავისუფლებები. მაგალითად, ჩხრეკას და მოსმენას სასამართლოს დასკვნა აღარ სჭირდება;
- იწყება სახლმწიფო ტერორი, ათიათასობით ადამიანის დაკავება და პარალელურად მიდის უსინდისო გამაყრუებელი და ყოვლისმომცველი პორპაგანდა;
- ტარდება არჩევნები, ჰიტლერს მაინც არ აქვს უმრავლესობა პარლამენტში:
- ქვეყანას ისევ ან უმთავრობობა ან უპარლამენტობა ემუქრება. ჰიტლერი სხვა პარტიებთან დათმობებზე მიდის და მათი ინტერესების გატარებას ჰპირდება. მაგალითად, ქრისტიანულ პარტიებს სკოლაში რელიგიის გაკვეთილის შემოტანას ჰპირდება და კათოლიკურ ეკლესიასთან კონკორდატს აწერს ხელს, რეგონებს მეტ უფლებებს ჰპირდება, და ა.შ.
- პარლამენტში მაინც არ დგება უმრავლესობა. ჰიტლერი კომუნისტურ პარტიას კრძალავს და მათ მანდატებს აუქმებს. ამით დამატებითი წევრები შეჰყავს პარლამენტში. ჰიტლერის პარტიის პოპულარობა კომუნისტური პარტიის სიძულვილით საზრდოობს;
- უმრავლესობა მაინც არ დგება. იწყება დეპუტატების შანტაჟი, დატერორება, ოჯახის წევრების დაშინება, ბოლობოლო ამას ათამდე დეპუტატის დაპატიმრება მოსდევს;
- 23 მარტს პარლამენტი გაჭირვებული უმრავლესობით განსაკუთრებულ ძლევამოსილებას ანიჭებს კანცლერად არჩეულ ჰიტლერს. კენჭისყრუს დროს შენობაში შეიარაღებული ახლადგამოჩეკილი პოლიციის "დამხმარე" ძალები SS და SA დეპუტატებს თავზე ადგანან!
- ამ დროს გერმანია ფედერაციული სახელმწიფოა, მიწებს თავთავისი პარლამენტები ჰყავთ, და თავიანთი მთავრობებით იმართებიან. 31 მარტის ბრძანებით, მიწების პარლამენტებს დაშლა ხდება;
- 7 აპრილი — მიწების მთავრობების ჩანაცვლება ხდება კანცლერის პირდაპირ დანიშნული პრეფექტებით;
- 30 აპრილი — იწყება პოლიტიკოსების და განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქეების უპრეცენდენტო დაკავება. იქმნება პირველი საკონცენტრაციო ბანაკები;
- 1 მაისს დიდი ამბით ზეიმობენ მუშათა დღეს, ვითომ ესაოდა მუშათა კლასის ძმები ვართო. 2 მაისს ხდება პროფკავშირების გაუქმება და ერთდროულად მათი ოფისების დარბევა, განადგურება და წევრების დაკავება. ყველა წევრი ავტომატურად NSDAP-სთან შექმნილ ორგანიზაციაში გადაჰყავთ;
- 22 ივნისს SPD, ყველაზე მსხვილი პარტია იკრძალება;
- 14 ივლისი — ახალი პარტიის დაარსება კანონით იკრძალება;
- მალე კვდება პრეზიდენტი. პრეზიდენტის უფლებებს ითავსებს ჰიტლერი. ამით დემოკრატიული სახელმწიფოს ტრანსფორმაცია დიქტატურად დასრულებულია! NSDAP ერთადერთი პარტიაა, ჰიტლერი კი პარტიის ლიდერი, კანონმდებელი, მთავრობის მეთაური და პრეზიდენტი გახლავთ.
აი, ასე მეგობრებო, სულ რაღაც 6 თვის განმავლობაში, 33%-იანმა პარტიამ მოახერხა ხელისუფლების სრული კონტროლის ქვეშ მოქცევა. ანუ ეს ყველაფერი მოსახლეობის 67%-ის ინტერესების სრული უგულებელყოფით მოხდა. დიახ! მაშინ მინიმუმ 67%-ს არ უნდოდა არც ომი, არც ადამიანების ხოცვა, არც დიქტატურა და არც არაფერი, რაც მოხდა.
სახელმწიფოებრიობის დაკარგვა
ამ ხალხს სულ რაღაც 6 თვეში წაართვეს სახელმწიფო. მჩქეფარე, დემოკრატიული, ეკონომიკურად ძლიერი, მრავალეროვანი და ღია სახელმწიფო ხელიდან გამოგლიჯეს და ვინც რამის თქმა გაბედა, საკონცენტრაციო ბანაკში გააქანეს.
ეს კაცი გახლავთ მიხაელ ზიგელი, სწორედ ის ბავარიელი ებრაელი მოსამართლე. მას პოლიციის ე.წ. დამხმარეებმა ფეხზე გახადეს და მიერეკებიან მიუნხების ქუჩებში. ასე დამთავრდა უამრავი მოსამართლის, ადვოკატის თუ სახელმწიფო მოხელის მოღვაწეობა. ასე ჩამოიშალა სახელმწიფო.
ოკუპაცია და სახელმწიფოებრიობის აღდგენა
ომის შემდეგ გერმანიის ტერიტორია ოკუპირებული და თანაბრად გაყოფილი ჰქონდა ოთხ სამხედრო ძალას.
- აშშ
- ინგლისი
- საფრანგეთი
- საბჭოთა კავშირი
ოკუპაციისას სახლმწიფოს როლს შესაბამისი ქვეყნის სამხედრო წარმომადგენლები ასრულებდნენ. პარალელურად მიდიოდა მსჯელობა გერმანიის მომავლის შესახებ.
სხვადასხვა წინადადება იყო:
- ტერიტორიების დანაწევრება, მეზობელ ქვეყნებზე გადანაწილება, ხალხის გადასახლება და გერმანიის, როგორც სახელმწიფოს გაქრობა;
- დანგრეული და გაჩაჩანაკებული ტერიტორიიდან ყველაფერი ღირებულის გატანა და მიტოვება. რაც იქნება, იქნება;
- გერმანული სახელმწიფოს აღდგენა და ვაიმარის რესპუბლიკის პრინციპებზე დაბრუნება. ეკონომიკური და აღმშენებლობითი დახმარება, ქვეყნის საერთაშორისო მეგობრობაში ხელახალი ინტეგრირება.
საბოლოოდ, ოთხივენი მეოთხე ვარიანტზე შეთანხმდნენ. მხოლოდ რუსეთმა არ შეასრულა სიტყვა. მუზეუმში სტალინის სიტყვა მაქვს მოსმენილი ორიგინალში, სადაც ის ირწმუნება, რომ აზრადაც არ გაუვლია თავში გერმანიის დანაწევრება.
გერმანიის სახელმწიფო აღდა და გააგრძელა ვაიმარის რესპუბლიკის საკანონმდებლო შთამომავლობა. იკისრა ყველა ის ვალდებულება, რაც იმ სახელმწიფოს ჰქონდა, აიღო თავზე პასუხისმგებლობა დანაშაულზეც. მხოლოდ რუსეთის ოკუპირებულმა ტერიტორიებმა თქვეს უარი. მათ სრულიად ახალი სახელმწიფო ჩამოაყალიბეს — გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა.
კარგად რომ გვესმოდეს — დასავლეთ გერმანია იმ წინა გერმანიის, ვაიმარის რესპუბლიკის შთამომავალია, იგივე სახელმწიფოა. აღმოსავლეთ გერმანია კი საბჭოთა კავშირის მიერ დაარსებული სრულიად ახალი სახელმწიფო.
მადლობა!
ჰოდა სწორედ ამისათვის იხდის გერმანიის მოქალაქე მადლობას: მას NSDAP-ს მიერ წართმეული სახელმწიფებრიობა დაუბრუნეს და თან ქვეყნის აღდგენაში ძალიან დაეხმარნენ. საკუთარი სახელმწიფოს შენების მეორე შანსი მისცეს!
აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ გრამანიის იმდროინდელმა საზოგადოებამ ქვეყნის დემოკრატიად საბოლოო ჩამოყალიბების შანსი ხელიდან თვითონ გაუშვა. უმრავლესობამ დაუშვა აგრესიული უმცირესობის მიერ ძალაუფლების მიტაცება და მერე თვითონ გადაიქცა დაზომბებულ უმრავლესობად. ამაზე პასუხისმგებლობა თითოეულ მოქალაქეს ეკისრება, რომელმაც თავისი პირადი ინტერესი და უსაფრხოება ამჯობინა ბრძოლას და წინააღმდეგობის გაწევას!
ამ სტატიაში ზემოთხსენებული ერთეული მოქალაქის დანაშაულზეც ვლაპარაკობ ვინმე აიხმანის მაგალითზე:
მადლობა რუსეთს?
მე პირადად ვთვლი, რომ საბჭოთა კავშირს დიდი ნეგატიური წვლილი მიუძღვის და ბევრი რამ ბევრად უკეთესად იქნებოდა გერმანიაში, რომ არა სტალინის დიქტატორული კომუნისტური რეჟიმი.
მიუხედავად ამისა, ფაქტია, რომ 8–9 მაისის კაპიტულაციაზე და გერმანიის აღდგენის მომდევნო ხელშეკრულებებზე რუსული ხელმოწერაც არის. რუსული спасиба-ს ამოშლა იმ მოტივით, რომ ესაოდა, რუსეთის გარეშე ყველაფერი უკეთესად იქნებოდაო, ისტორიული სპეკულაციებისა და ალტერნატიული ისტორისს კველვის სფეროში გადაგვისვრის. ამიტომ, როგორც არ უნდა მტკიოდეს, ისტორიული რეალობა ასეთია — ამ ოთხმა ქვეყანამ მისცა გერმანიას მეორე შანსი დემოკრატიულ ძლიერ სახელმწიფოდ ჩამოყალებებისა და ამისათვის მათ მადლობა.
P.S. გერმანული თავმოყვარეობა
ბევრი ნიუანსი არსებობს, სადაც გერმანიის მოქალაქეებმა გასაოცარი სახელმწიფოებრივი პატრიოტიზმი (და არა ნაციონალიზმი) გამოავლინეს. სტატია ისედაც გამიგრძელდა, ამიტომ ერთ მაგალითს მოვიყვან მარტო.
საყოველთაოდ ცნობილი ნიურნბერგის პროცესები, რომლებზეც მაღალი რანგის ნაცისტი ლიდერები გაასამართლეს, ჩატარდა ყოფილ სასამართლო შენობაში. სასამართლოს უამრავი თარჯიმანი და ჟურნალისტი ესწრებოდა, ამიტომ საჭირო გახდა სასამართლო დარბაზის გადაკეთება. სასამართლო ჩატარდა სპეციალურად ამ შემთხვევისათვის შექმნილი კოდექსით, რომელიც ოთხი ქვეყნის სამართალს ემყარებოდა.
გერმანიის სახელმწიფო დღემდე არ აღიარებს ამ სასამართლოებს, რადგან იგი გერმანიის ტერიტორიაზე კონსტიტუციის დარღვევით ჩატარდა. ამითი განა შედეგს არ აღიარებს, ან ეჭვქვეშ აყენებს — არა, უბრალოდ იურიდიულად და კოსნტიტუციურად არ ცნობს. ამის ხაზგასასმელად დარბაზი ისევ გადაკეთდა და თავის პირველად სახეს დაუბრუნდა. მიუხედავად ამისა, ამ შენობაში ეხლა ნიურნბერგის პროცესებისადმი მიძღვნილი მუზეუმია.
-
გადახედვანატო "აზერბაიჯანის ავიახაზების" თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზების დასადგენად, "სრული გამოძიების ჩატარების" მოწოდებით გამოდის ნატო "აზერბაიჯანის ავიახაზების" თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზების დასადგენად, "სრული გამოძიების ჩატარების" მოწოდებით გამოდის
-
გადახედვაპედაგოგის წერილი მინისტრს: ჩემს საქმიანობას ამ რეჟიმის პირობებში აზრი ეკარგება პედაგოგის წერილი მინისტრს: ჩემს საქმიანობას ამ რეჟიმის პირობებში აზრი ეკარგება
-
გადახედვათბილისში ხანძარს ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა თბილისში ხანძარს ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა
-
გადახედვაკონგრესმენი რობერტ ადერჰოლტი: საქართველოს წინააღმდეგ ამერიკული სანქციები უნდა იქნას შემოღებული კონგრესმენი რობერტ ადერჰოლტი: საქართველოს წინააღმდეგ ამერიკული სანქციები უნდა იქნას შემოღებული
-
გადახედვასაზოგადოებრივი მაუწყებლიდან დაძრული აქციის მონაწილეები პარლამენტთან მივიდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლიდან დაძრული აქციის მონაწილეები პარლამენტთან მივიდნენ
-
გადახედვავის ეკუთვნის კომპანია, რომელიც ბოლო პერიოდში ძალოვნების კვების ტენდერებს პერმანენტულად იგებს? - IDFI ვის ეკუთვნის კომპანია, რომელიც ბოლო პერიოდში ძალოვნების კვების ტენდერებს პერმანენტულად იგებს? - IDFI
-
გადახედვაპრეზიდენტი ადვოკატებისა და იურისტების ჯგუფს ქმნის, რომელიც მოქალაქეებს უსასყიდლოდ დაეხმარება პრეზიდენტი ადვოკატებისა და იურისტების ჯგუფს ქმნის, რომელიც მოქალაქეებს უსასყიდლოდ დაეხმარება
-
გადახედვაქუთაისში ევროინტეგრაციის მომხრე სოციალურ მუშაკს ხელშეკრულებას აღარ უგრძელებენ ქუთაისში ევროინტეგრაციის მომხრე სოციალურ მუშაკს ხელშეკრულებას აღარ უგრძელებენ
-
გადახედვასამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველი საპატიო ყარაულის თანხლებით დაკრძალეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველი საპატიო ყარაულის თანხლებით დაკრძალეს
-
გადახედვაჯო უილსონი: თუ ბიძინა ივანიშვილი ბოლომდე მიიყვანს საქართველოს დემოკრატიის განადგურების გეგმას, 29 დეკემბერს ის უნდა ელოდოს პასუხს, რომელსაც ვერც კი წარმოიდგენდა ჯო უილსონი: თუ ბიძინა ივანიშვილი ბოლომდე მიიყვანს საქართველოს დემოკრატიის განადგურების გეგმას, 29 დეკემბერს ის უნდა ელოდოს პასუხს, რომელსაც ვერც კი წარმოიდგენდა
-
გადახედვაქეთი ფარცხალაძე: ჩემამდე რატომ უნდა მოდიოდეს პარტიის ხელი? ქეთი ფარცხალაძე: ჩემამდე რატომ უნდა მოდიოდეს პარტიის ხელი?
-
გადახედვაPHR: შშმ აქტივისტ ქალს შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი შეტყობინებები გაუგზავნეს PHR: შშმ აქტივისტ ქალს შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი შეტყობინებები გაუგზავნეს
-
გადახედვატურიზმის ინდუსტრიის ალიანსი: 221 კომპანიამ 1-14 დეკემბრის პერიოდში 5 მილიონი ლარი იზარალა ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი: 221 კომპანიამ 1-14 დეკემბრის პერიოდში 5 მილიონი ლარი იზარალა
-
გადახედვამამუკა ხაზარაძე თბილისის მერიიდან გათავისუფლებულ თანამშრომელს გიგა სოფრომაძეს თანამშრომლობას სთავაზობს მამუკა ხაზარაძე თბილისის მერიიდან გათავისუფლებულ თანამშრომელს გიგა სოფრომაძეს თანამშრომლობას სთავაზობს
-
გადახედვასაზოგადოებრივი ჯგუფები "საქართველოს საზოგადოებრივ ასამბლეას" აფუძნებენ საზოგადოებრივი ჯგუფები "საქართველოს საზოგადოებრივ ასამბლეას" აფუძნებენ
-
გადახედვაპროფკავშირების შენობასთან ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა პროფკავშირების შენობასთან ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა
-
გადახედვაგიორგი გახარია: პროტესტის დაყვანა შენობიდან გამოსვლა-დარჩენამდე და რეზიდენციის ფიზიკურად დაცვის იდეა, აუფასურებს პროტესტს. გიორგი გახარია: პროტესტის დაყვანა შენობიდან გამოსვლა-დარჩენამდე და რეზიდენციის ფიზიკურად დაცვის იდეა, აუფასურებს პროტესტს.
-
გადახედვაგიორგი გახარია: ირაკლი რუხაძემ ჯობია ყაველაშვილს დაანებოს თავი და "იმედს" მიხედოს გიორგი გახარია: ირაკლი რუხაძემ ჯობია ყაველაშვილს დაანებოს თავი და "იმედს" მიხედოს
-
გადახედვაანა ლომთაძემ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა და დაზარალებულთა დახმარების სააგენტო პროტესტის ნიშნად დატოვა ანა ლომთაძემ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა და დაზარალებულთა დახმარების სააგენტო პროტესტის ნიშნად დატოვა
-
გადახედვაგორში, სასწრაფო დახმარების და პოლიციის ავტომობილები ერთმანეთს შეეჯახა — არის მსხვერპლი გორში, სასწრაფო დახმარების და პოლიციის ავტომობილები ერთმანეთს შეეჯახა — არის მსხვერპლი
-
გადახედვასუს: გორში, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ორი საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს სუს: გორში, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ორი საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს
კომენტარები