11 სიტყვა, რომელიც ყოველდღიურ მეტყველებაში სამეცნიერო ფანტასტიკიდან დამკვიდრდა
არსებობს მრავალი სიტყვა და ფრაზა, რომელსაც სამეცნიერო ფანტასტიკაში — და მეცნიერებაშიც კი — ისე ვიყენებთ, რომ არც კი ვფიქრდებით მათ წარმომავლობაზე. მაგალითად, იცით როგორ წარმოიშვნენ ისეთი საყოველთაოდ ცნობილი ტერმინები, როგორებიცაა რობოტი, ტელეპათია ან თუნდაც პარალელური სამყარო?
ქვემოთ იმ რამდენიმე სიტყვის შექმნის ისტორიას მოგიყვებით, რომლებიც თანამედროვე ენაში ფართოდაა დამკვიდრებული და ადამიანთა უმრავლესობამ არც კი იცის, როგორ აღმოჩნდნენ ისინი ჩვენს ლექსიკონებში. ამასთან, ამ ტერმინებისთვის თვალის გადავლებით საშუალება გვეძლევა, მსოფლიო ლიტერატურულ, ლინგვისტურ და სამეცნიერო ისტორიაზეც კი შევივსოთ ცოდნა.
1. რობოტი
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ისტორია ტერმინის წარმომავლობის შესახებ სიტყვა რობოტს აქვს. კარელ ჩაპეკმა იძულებითი ფეოდალური სამუშაოს აღმნიშვნელი ჩეხური სიტყვა, Robota, თავის 1921 წლის პიესაში, როსუმის უნივერსალური რობოტები (R.U.R), ახლებური მნიშვნელობით გამოიყენა. პიესაში წარმოდგენილი რობოტები არ იყვნენ ის მექანიკური არსებები, რომლებიც დღეს ამ სიტყვასთან ასოცირდებიან — ისინი ერთგვარ ხელოვნურ ადამიანებს განასახიერებდნენ.
როდესაც 1923 წელს პიესა ინგლისურად ითარგმნა, ინგლისურენოვანმა მწერლებმა ამ სიტყვის გამოყენება იმ თავიანთი ქმნილებების აღსანიშნად დაიწყეს, რომლებიც ადამიანებს ფიზიკურად ან მენტალურად ჩამოჰგავდნენ. აი, მეცნიერების სფეროს კი რობოტიკა მხოლოდ 1940 წელს დაერქვა, როცა აიზეკ აზიმოვმა თავის ერთ-ერთ პერსონაჟს რობოტისტი უწოდა. ამ სიტყვის შემოკლებული ფორმა, ბოტი კიდევ უფრო გვიან გაჩნდა რიჩარდ კ. მერიდითის 1969 წლის რომანში, ჩენ ყველა ბრეიქევეის სდაგურზე გარდავიცვალეთ.
ისიც აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად ჩაპეკი თავისი ქმნილებებისთვის ლათინური წარმომავლობის იმავე მნიშვნელობის სიტყვის, ლაბორის დარქმევას ფიქრობდა, თუმცა სპექტაკლის დადგმამდე აზრი შეიცვალა და არჩევანი სლავური ძირის ტერმინზე შეაჩერა. ასე რომ არ ყოფილიყო, დღეს, დიდი შანსია, რობოტიკის დარგს ლაბოტიკა რქმეოდა, ჩვენი რეალობის ნაწილად ქცეულ მექანიკური არსებებისთვის კი ლაბორები დაგვეძახა.
2. ანდროიდი
სიტყვა რობოტის გამოგონებამდე დიდი ხნით ადრე ადამიანები ოცნებობდნენ მექანიკურ არსებებზე. ხელოვანი მესაათეები ხშირად აწყობდნენ მრავალგვარ ავტომატურ ქმნილებას: ჩიტებს, რომლებიც ფრთებს იქნევდნენ; ბერებს, რომლებიც ჩუმი ლოცვისას ირხეოდნენ; თოჯინებს, რომლებიც თითქოს ჩაის გეახლებოდნენ ან დულციმერზე უკრავდნენ. ბუნებრივია, რომ პარალელურად წარმოიშვა ლეგენდები ისეთ ავტომატურ ქმნილებებზე, რომელთაც დაუჯერებელი — იმ დროისა და ტექნოლოგიებისთვის შეუძლებელი ქმედებების კეთება შეეძლოთ. ერთ-ერთი ასეთი ლეგენდა ეხებოდა მეცამეტე საუკუნის კათოლიკე წმინდანს, ალბერტუს მაგნუსს: მან თითქოს შექმნა მექანიკური თავი, რომელსაც დასმული კითხვებისთვის პასუხის გაცემა შეეძლო.
როდესაც ეფრაიმ ჩემბერსმა 1729 წელს თავისი ციკლოპედია შეადგინა, ალბერტუს მაგნუსის მითოსური ქმნილების აღწერისას მან კაცის აღმნიშვნელი ბერძნული პრეფიქსი, ანდრ-, შეართა მსგავსების აღმნიშვნელ სუფიქს -ოიდ-თან და ასე მიიღო სიტყვა ანდროიდესი. მეცხრამეტე საუკუნეში სიტყვას ფართოდ იყენებდნენ და მისით ადამიანის ფორმის მქონე ავტომატებს აღნიშნავდნენ.
ამ სიტყვის შემოკლებულ ვარიანტზე, დროიდზე საავტორო უფლება Lucasfilm-ს ეკუთვნის. ამის მიუხედავად, ტერმინის ასეთი ფორმით გამოყენების პირველ მაგალითს მარი ვულფის 1952 წლის მოთხრობაში, სამაყროს რობოტებო! აღსდეგით!, ვაწყდებით, თუმცა ამ ნაწარმოების მიხედვით შექმნილი სათამაშოები მაღაზიათა დახლებზე ნამდვილად არ გამოჩენილა.
3. პარალელური სამყარო
მაშინ, როცა მულტივერსი შედარებით ახალი ტერმინია, ფრაზის, პარალელური სამყაროს მოგონება სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ერთ-ერთ ფუძემდებელს, ჰერბერტ უელსს უკავშირდება. მის 1923 წლის რომანში, ადამიანები როგორც ღმერთები, გმირი პარალელურ განზომილებაში არსებულ უტოპიაში ამოყოფს თავს.
"ჩვენ უკამათოდ ვიღებთ შენს მთავარ დაშვებას; კერძოდ იმას, რომ ჩვენ ვცხოვრობთ შენი სამყაროს პარალელურ სამყაროში; პლანეტაზე, რომელიც შენი პლანეტის ძმაა — მეტიც, ის საოცრად ჩამოჰგავს შენსას", — ვკითხულობთ ნაწარმოებში.
4. კრედიტი
სამყაროში ყველაზე გავრცელებული ვალუტა პირველად ჯონ ვუდ კემპბელის ნაწარმოებში, ყოვლისშემძლე მანქანა, გვხვდება. ეს ნაწარმოები სამეცნიერო ფანტასტიკის ჟურნალში, Astounding-ში 1934 წლის დეკემბრის გამოცემიდან მოყოლებული სერიებად იბეჭდებოდა. ერთ ეპიზოდში ერთ-ერთი პერსონაჟი წუწუნებს, რომ "ხუთი მილიონი კრედიტის ღირებულების მფრინავი ლაბორატორიის" აშენება უწევს. მოგვიანებით იგივე პერსონაჟი ხომალდისთვის "პატარა კრედიტის-მჭამელის" დარქმევის იდეით გამოდის, რადგან მისი მხოლოდ კორპუსი გამაოგნებლად დიდი თანხა — ორ-ნახევარი მილიონი კრედიტი დაუჯდა.
5. კრიოსტაზი
დაბალ ტემპერატურებზე მატერიების შემსწალელი მეცნიერების სახელი, კრიოგენიკა, მომდინარეობს კრიოგენისგან — პირველად 1875 წელს ნახსენები სიტყვიდან, რომელიც დაბალი ტემპერატურების მისაღებად გამოყენებულ სითხეებს, რეფრაგენტებს აღნიშნავდა.
რობერტ ეტინგერზე, დღეისთვის თანამედროვე კრიონიკის მამად აღირებულ მეცნიერზე, დიდი შთბეჭდილება მოუხდენია ადამიანის მომავალში გაცოცხლების მიზნით გაყინვის ისტორიას, რომელიც 12 წლის მომავალ მეცნიერს ნილ რონალდ ჯოუნსის 1931 წლის მოთხრობაში, ჯეიმსონის სატელიტი, ამოუკითხავს. ამბავი მოგვითხრობს პროფესორის შესახებ, რომელსაც სურს, მისი სხეული სამუდამოდ გაუხრწნელი დარჩეს. ამ მიზნით ის სიკვდილის შემდეგ თავის სხეულს აგზავნინებს ცივ კოსმოსში, მოგვიანებით კი მას მაღალტექნოლოგიურ უცხოპლანეტელთა რასა იპოვის და გააცოცხლებს. კრიოგენიკაზე ჟან როსტანის კვლევის გაცნობის შემდეგ ზრდასრულმა ეტინგერმა თავად დაწერა სამეცნიერო ფანტასატიკა, ბოლოს წინა საყვირი, რომელიც ჟურნალ Starling Stories-ში 1948 წელს გამოქვეყნდა.
თუმცა თავად ტერმინი კრიონიკა მხოლოდ 1965 წელს შეიქმნა, როცა პრატის ინსტიტუტის ინდუსტრიული დიზაინის სტუდენტმა, კარლ ვერნერმა ამ სიტყვით სხეულის გაყინვის გზით შენახვის პროცესი აღწერა.
ელის ბრედლი შელდონმა კი, რომელიც ნაწარმოებებს კაცის სახელით, ჯეიმს ტიფთრი უმცროსით აქვეყნებდა, პრეფიქსი კრიო- სიტყვა კრიოსტაზის შესაქმნელად გამოიყენა და თავის 1975 წლის მოთხრობაში, არსებობის წუთიერი გემო, ამ ტერმინით აღნიშნა კოსმოსში ხანგძლივი მოგზაურობებისთვის ადამიანების ანაბიოზში მოსათავსებლად დროებით გაყინვის პროცესი.
6. დისტოპია
ბევრისთვის ცნობილია, რომ სიტყვა უტოპია პრიველად ტომას მორმა გამოიყენა თავის 1516 წლის მხატვრულ ნაშრომში პოლიტიკური ფილოსოფიის შესახებ. მან ბერძნული სიტყვები — კარგი (ευ), არა (οὐ) და ადგილი (τόπος) — შეაერთა, ამიტომ უტოპია ერთდროულად კარგ ადგილსაც აღნიშნავს და არა ადგილსაც.
დისტოპიაც პირველად პოლიტიკური ფილოსოფიის ნამუშევარში გვხდება, კერძოდ კი ჯონ სტიუარტ მილის მიერ დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის წინაშე 1818 წელს წარმოთქმულ სიტყვაში.
თუმცა შეიძლებოდა, რომ ანტიუტოპიების დასახასიათებლად სულ სხვა სიტყვა დამკვიდრებულიყო: 1818-ში ინგლისელმა ფილოსოფოსმა, იერემია ბენტამმა მოიგონა ტერმინი კაკოტოპია (ბერძნული სიტყვიდან κακόs, რაც ცუდს ნიშნავს), რომელსაც მილი ასევე იყენებს თემთა პალატასთან მიმართვაში.
7. ტელეპათია
სიტყვა ტელეპათია სამეცნიერო ფანტასტიკის როგორც ლიტერატურული ჟანრის ჩამოყალიბების თანადროულად წარმოიშვა და მისი შექმნის ისტორიაც, მართლაც რომ, ფანტასტიკურია. სიტყვები ტელესთეზია და ტელეპათია პირველად პოეტმა და კლასიკოსმა, ფრედერიკ მაიერსმა გამოიყენა 1882 წელს გამოცემულ ფსიქიკური კვლევის საზოგადოების ანგარიშში და მისით "აზრთა გადაცემის" ფენომენი აღწერა. მაიერსი ამ საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო. ორგანიზაცია "პარანორმალურად შერაცხულ მოვლენებს" იკვლევდა. მაიერსი დიდი ალბათობით ასვე პირველი ადამიანი იყო, რომელმაც გამოიყენა სიტყვა ტელეკინეზი — ეს ტერმინი საზოგადოების 1890 წლის ანგარიშებში გვხვდება.
აი, ნაკლებად ცნობილი სიტყვა ტელემპათია კი ნამდვილად სამეცნიერო ფანტასტიკური ნაწარმოებისთვის შეიქმნა: სწორედ ასე ჰქვია ვენს სიმონდსის 1963 წლის მოთხრობას.
8. ტელეპორტაცია
მაშინ, როდესაც ტელეპათია და ტელეკინეზი ჯერ კიდევ მეცხარმეტე საუკუნის მიწურულს გვხვდებიან, სიტყვა ტელეპორტაცია მეოცე საუკუნის შუახანებამდე არ ჩნდება. ტერმინი პირველად, სავარაუდოდ, ჩარლზ ფორტმა გამოიყენა წიგნში, ლო!, რომელიც მისი მეორე ნაშრომია, სადაც "ანომალური ფენომენია" აღწერილი. ტექსტის შესავალში ფორტი წერს: "ამ წიგნში უმეტესად ვკონცენტრირდები იმგვარ სატრასნპორტო ძალაზე, რომელსაც ტელეპორტაციას ვუწოდებ". ფორტს სწამდა, რომ ტელეპორტაციით შეძლებოდა ახსნილიყო სხვაგვარად აუხსნელი რიგი მოვლენები — თუმცა თავად ტელეპორტაციაც არანაკლებ რთულად ასახსნელი ფენომენი გახლდათ.
9. კიბერსივრცე
კიბერსივრცე იმ ტერმინთაგანია, რომელმაც სამეცნიერო ფანტასტიკის ფურცლებიდან უსწრაფესად გადმოინაცვლა ადამიანთა მეტყველებაში. ალბათ არავის გაუკვირდება, რომ ეს სიტყვა კიბერპანკის დიდოსტატის, უილიამ გიბსონის შექმნილია. მან ის პირველად 1982 წლის მოთხრობაში, ქრომის დაწვა, გამოიყენა. ამ ტექსტში "კიბერსივრცე შვიდი" კომპიუტერის სახელია, თუმცა თავად კიბერსივრცის კონცეფცია გაცილებით სიღრმისეულად გიბსონის 1984 წლის რომანში, ნეირომანსერშია განვრცობილი:
"კიბერსივრცე. ნებაყოფლობითი ჰალუცინაციური გამოცდილება, რომელსაც ყოველდღიურად ეზიარება მილიარდობით კანონიერი ოპერატორი ყველა ერიდან, ბავშვები კი მისი მეშვეობით მათემატიკურ კონცეფციებს სწავლობენ... ადამიანურ სისტემაში არსებული ყველა კომპიუტერის მეხსიერებიდან ამოღებული მონაცემთა ბაზის გრაფიკული განსახიერება. წარმოუდგენელი სირთულე. გონების არასივრცეში სინათლის ხაზებად დახარისხებული მონაცემთა დაჯგუფებები და პლეადები. ქალაქის განათების მსგავსად, თვალუწვდენელ სივრცეზე გადაჭიმული..."
10. ტერაფორმაცია
ჯეკ უილიამსონმა არაერთი სამეცნიერო ფანტასტიკური ტერმინი გამოიგონა, რომელთაგან მრავალი — მათ შორის იონის ძრავი და გენეტიკური ინჟინერია — მოგვიანებით სამეცნიეროც გახდა. ტერაფორმაციაც ამ სიაშია.
უილიამსონი მას თავის 1942 წლის ნაწარმოებში, კოლისიონის ორბიტა, იყენებს: "ის იყო პირველი, ვინც ობანიაზე უფლება დაიმტკიცა, ორმოცი წლის წინათ; დრეიკი კი ახალგაზრდა კოსმოსური ინჟინერი იყო, რომელიც ამ პატარა, სულ რაღაც ორი კილომეტრის სიგანის ქვის ტერაფორმაციისთვის დაიქირავა — მას ბურღი უნდა ჩაეშვა ქვის გულში პარამიზიდულობის შესაქმნელად, მინერალური ოქსიდებისგან ჟანგბადისა და წყლის წარმოსაქმნელად და შთანმთქმელი გაზების გამოსაშვებად, რომლებიც შორეული მზის სითბოს გამოიჭერდნენ".
11. ანსიბლი
უსრულა კ. ლე გუინმა ანსიბლი კოსმოსში ვრცელ დისტანციებზე მყისიერი კავშირის დამამყარებელ ხელსაწყოს უწოდა და პირველად ეს ტერმინი 1966 წლის რომანში, როკანონის სამყარო, გამოიყენა. მოგვიანებით ეს სიტყვა მის სხვა ნამუშევრებშიც გამოჩნდა, საიდანაც სამეცნიერო ფანტასტიკის სხვა მწერლების ნაშრომებში გავრცელდა.
მაგრამ საიდან წარმოიშვა თავად ტერმინი? 2001 წელსს Usenet-ზე დეივ გოლდმანის მიერ გამოქვეყნებული პოსტის მიხედვით, ლე გუინმა მას უთხრა, რომ ეს ტერმინი ინგლისური სიტყვა Answerable-დან მოდის, რაც პასუხიანს ნიშნავს. ამასთან, დაუდასტურებელი ინფორმაციით, მწერალს, რომელიც თავის შემოქმედებაში არაერთხელ შეხებია გენდერულ საკითხებს, სახალისოდ ეჩვენა ის იდეაც, რომ Ansible ასევე სიტყვა Lesbian-ის ანაგრამაც გამოდიოდა.
კომენტარები