სახალისო მექანიზმები: ხელოვნური ინტელექტის ვრცელი წინაისტორია
მექანიკური ქრისტე, მოლაპარაკე ბიუსტები და იხვი დეფეკაციისას - შესანიშნავი ისტორია ავტომატებზე, რომლებიც გონიერი სიცოცხლის იმიტირებას ახდენდნენ.
როდიდან იღებს სათავეს რობოტიკა და ხელოვნური ინტელექტი? ბევრი, სავარაუდო დასაწყისად მეოცე საუკუნის შუალედს და ისეთი ადამიანების მოღვაწეობას გაიხსნებს, როგორებიც იყვნენ ალან ტურინგი, რომელიც 40-იან და 50-იან წლებში მექანიზმის ინტელექტის შესახებ წერდა, ან/და რობერტ ვაინერი, MIT-ის ინჟინერი, რომელიც კიბერნეტიკის დამფუძნებლად მიიჩნევა. თუმცა, ამ სფეროებს თავიანთი წარსული და წინაისტორია გააჩნიათ: სიცოცხლისა და ინტელექტის იმიტატორი მანქანების ტრადიცია, საუკუნეებს, ხოლო გარკვეული მიდგომით, ათასწლეულსაც კი ითვლის.
სიტყვა „რობოტი“ პირველად, 1920-წელს, ჩეხმა მწერალმა, კარელ ჩაპეკმა გამოიყენა პიესაში რ.უ.რ. (როსუმის უნივერსალური რობოტები). ეს ნეოლოგიზმი, ჩეხური სიტყვიდან „რობოტა“ იღებს სათავეს, რაც „მძიმე სამუშაოს“ ან „იძულებით შრომას“ ნიშნავს. ჩაპეკი „რობოტს“, თავის ფუტურისტულ დისტოპიაში, ხელოვნური ადამიანების რასის აღსანიშნავად იყენებდა, რომლებიც ანაცვლებდნენ ჩვეულებრივ, მშრომელ ადამიანებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პიესაში ნახსენები ხელოვნური ადამიანები, აგებულებითა და სიცოცხლის ფორმით უფრო კლონებს გვანან, ვიდრე თანამედროვე რობოტებს.
ხელოვნური ადამიანებისა და ცხოველების აღსანიშნავად უფრო ადრეული სიტყვაა „ავტომატი“, რაც ძველბერძნულად „თვითმოძრავს“ ნიშნავს. სიტყვის მნიშვნელობა თანხვედრაში იყო არისტოტელეს ცოცხალი არსებების განმარტებასთან - რომელთაც შეეძლოთ მოძრაობა სურვილის მიხედვით. თვითმოძრავი მანქანები უსულო საგნებს წარმოადგენდნენ, რომლებიც ცოცხალი არსების მხოლოდ ერთადერთ მახასიათებელს ითავსებდნენ - თვითმოძრაობას. ძვ. წ. I საუკუნის ინჟინერმა, ჰერონ ალექსანდრიელმა, უამრავი ავტომატი აღწერა. ბევრი მათგანი სიფონების (სხვადასხვა სიგრძის ორი მუხლის მქონე მოღუნული მილი) რთული ქსელის მეშვეობით ახდენდა სხვადასხვა მოქმედებას; მაგალითად, წყლის მილებში/სიფონებში გავლის შედეგად, ავტომატები, ვთქვათ ჩიტების ფიგურები, იწყებდნენ მოძრაობას, ჭიკჭიკსა და ფრთების ქნევას.
როგორც ჩანს, სიფონს განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა ძველი ავტომატებისთვის, რადგან იძლეოდა წყლის დინების ზევით მიმართვის შესაძლებლობას. არისტოტელეს მიხედვით, ცოცხალი არსებები მოძრაობენ საკუთარი ნების შესაბამისად, ხოლო უსულო საგნები მათი ბუნებიდან გამომდინარე: მძიმე საგნები, შექმნილი წყლისგან ან მიწისგან, მიემართებიან ქვევით, ხოლო მსუბუქი შემადგენლების მქონე, მაგალითად ჰაერი ან ცეცხლი, მიემართება ზევით. ამ შემთხვევაში სიფონი, რომელიც მიმართავს წყალს ზევით, არღვევს არისტოტელეს პრინციპს და ამასთანავე, გააჩნია რა პერიოდული მოქმედების შესაძლებლობა, ნებას დაქვემდებარებული მოძრაობის ილუზიასაც ქმნის.
შეიძლება ითქვას, რომ წყალგაყვანილობა, რომელიც არამხოლოდ სიფონებისგან შედგებოდა, ანტიკური და შუა საუკუნეების ავტომატების მთავარი შემადგენელი იყო. ბერკეტების, შკივებისა და ბორბლების გამოყენებით, შესაძლებელი იყო წყლის დინების გამოყენება ფიგურის ასამოძრავებლად. მაგალითად, მეთორმეტე საუკუნის არაბი მექანიკოსის, ალ-ჯაზარის მიერ შექმნილი ფარშევანგის ფორმის ხელსაბანში, წყლის დინებას მოქმედებაში მოჰყავდა პატარა ფიგურები, რომლებიც დამთვალიერებელს თანმიმდევრულად აწვდიდნენ ჯერ სურნელოვან საპნის ფხვნილს, შემდეგ კი პირსახოცს, გასამშრალებლად.
მსგავსი ჰიდრავლიკური ავტომატები ფართოდ იყო გავრცელებული სასახლეებსა და მდიდარ მამულებში. ეგრედწოდებული „სახალისო ძრავები“, ჯერ კიდევ მეცამეტე საუკუნიდან გვხვდება საფრანგეთში, შატო ედინში, რომლის აღწერის წიგნშიც ნახსენებია „მექანიკური მაიმუნები“ და „სპილო და თხა“. მომდევნო ორი საუკუნის განმავლობაში, შატოს კოლექცია გაიზარდა და მის „სახალისო ძრავების“ შემდაგენლობაში შედიოდა: „3 პერსონაჟი რომელიც ასხამს წყალს და ასველებს ადამიანებს საკუთარი სურვილის მიხედვით“; „ქალების გასაწუწი მოწყობილობა - როდესაც ისინი მას დააბიჯებენ“; „ძრავი, რომლის სახელურებზე შეხების შემთხვევაში, მის ქვემოთ მდგომებს ფარავს თეთრი ან შავი (ფქვილი ან ნახშირის ფხვნილი) მტვერით“; „ფანჯარა, რომლის გაღების მცდელობისას, პერსონაჟი წყალს ასხამს და კვლავ კეტავს მას;“ „სარკე რომელთანაც გზავნიან გაშაყირებულ/დასვრილ ადამიანებს და როდესაც ისინი იხედებიან მასში, კვლავ ეყრებათ ფქვილი და იფარებიან თეთრად“ და ა.შ.
ფრანგი ესეისტი, მიშელ დე მონტენი, თავის 1580-81 წლების სამოგზაურო დღიურში, ავტომატების აღწერისას, აღნიშნავს, რომ მეთექვსმეტე საუკუნის მიწურულს, ჰიდრავლიკური ავტომატები იმდენად ფართოდ იყო გავრცელებული ევროპაში, რომ მოსაბეზრებელი და მოსაწყენიც კი გახდა. მიუხედავად ამისა, იგი მაინც ბეჯითად აგრძელებდა მათ დეტალურ აღწერას სამოგზაურო დღიურში. მაგალითად, ერთ-ერთ სასახლეში, მან იხილა თითბერის მილებით შექმნილი კონსტრუქცია, რომელიც ზამბარების დახმარებით აქტიურდებოდა - „სანამ ქალები თევზების ცქერით იყვნენ გართული, საჭირო იყო ერთ-ერთ ზამბარაზე ზემოქმედება, რის შედეგადაც ყველა მილიდან, წვრილი და ძლიერი ჭავლი მიემართებოდა დამთვალიერებლისკენ“.
ოცი წლის შემდეგ, მეჩვიდმეტე საუკუნის დასაწყისში, საფრანგეთის მეფემ, ჰენრი IV-მ, სან ჟერმან ენ ლის სამეფო სასახლეში, წყლის მოწყობილობების შესაქმნელად იტალიელი ინჟინერი, ტომასო ფრანჩინი დაიქირავა. ფრანჩინიმ სასახლის ბაღი ბერძნული მითოლოგიის თემაზე შექმნილი ჰიდრავლიკური გროტებით გააფორმა: მერკური და ორფეოსი საყვირსა და ქნარზე უკრავდნენ, ხოლო პერსევსი ანდრომედეს გველეშაპის ტყვეობიდან ათავისუფლებდა. ბაღში ასევე განთავსებული იყო მექანიკური მჭედლები, ხუროები, მეთევზეები და წისქვილები, რომლებიც, რა თქმა უნდა, დამთვალიერებელს მოულოდნელად წუწავდნენ წყლით.
მეფეებისა და დიდგვაროვნების ბაღების გარდა, შუა საუკუნეებისა და ადრეული რენესასნსის ავტომატების ხილვა ეკლესიებსა და კათედრალებშიც შეიძლებოდა. განსაკუთრებით პოპულარული იყო მექანიკური ქრისტეები, მოძრავი მიმიკით. XV საუკუნეში, ინგლისში, ბოქსლის სააბატოში განთავსებული მექანიკური ჯვარცმა, განსაკუთრებით იზიდავდა მომლოცველებს. აღნიშნულ ჯვარცმაზე, იესოს, თმის ღერებისა და ძუის საშუალებით, კიდურების, თვალების, ბაგეებისა და თავის მოძრაობა შეეძლო, რითიც საჭიროების მიხედვით, სხვადასხვა ემოციას გამოხატავდა - მრისხანებას, წყენას, სიხარულსა თუ კმაყოფილებას.
ასევე აღმოჩენილია მექანიკური ეშმაკებიც, რომლებიც ეკლესიის სალაროებიდან საშინელ სახეებს იღებდნენ და ენას უყოფდნენ დამთვალიერებლებს. ზოგიერთ „სატანურ მანქანას“ თვალების, ხელებისა და ფრთების ქნევაც შეეძლო, ზოგიერთს მოძრავი რქები და გვირგვინი ამშვენებდა.
ფლორენციელი არქიტექტორმა, ფილიპო ბრუნელესკიმ, მექანიკური სამოთხის შექმნაც კი შესძლო, სადაც: „შესაძლებელია იხილო სამოთხე, სავსე ცოცხალი და მოძრავი ფიგურებით, უთვალავი ნათებით, რომელიც ელვის დარად ციმციმებს“. მის პარალელურად კი იქმნებოდა რთული ინჟინერიის მექანიკური ჯოჯოხეთებიც, ჭექა-ქუხილით, მეხით, თვითმოძრავი ქვეწარმავლებითა და გველეშაპებით.
აღნიშნული მანქანები, თავის მხრივ უკვე იმ შთამაგონებელი იდეად იქცა, რომ ავტომატებს შესაძლოა უფრო ღრმა და მნიშვნელოვანი ფუნქცია ქონდათ, ვიდრე უბრალო გართობა: შესაძლოა ისინი მართლაც სიცოცხლის მოდელირებას ახდენდნენ.
1640-იან წლებში, ფრანგმა ფილოსოფოსმა, რენე დეკარტმა, ეს აზრი უფრო განავითარა და ამტკიცებდა, რომ მთლიანი სამყარო, ისევე როგორც ცოცხალი ორგანიზმები, მოძრავი ნაწილებით შექმნილი ერთიანი მექანიზმია, ხოლო მისი გაგება ისე შეიძლება, როგორც მესაათეს ესმის საათის მუშაობის პრინციპი. დეკარტის ნაშრომი თანამედროვე მეცნიერებისა და განსაკუთრებით ფიზიოლოგიის საფუძვლად იქცა. იგი, მეცნიერების მექანიკურ მოდელზე მუშაობისას, ხშირად იყენებდა სიცოცხლის იმიტატორ მანქანებსა და ავტომატებს, რის გამოც, გარკვეული დროის განმავლობაში, სენ ჟერმან ენ ლისაც კი სტუმრობდა, სადაც შეისწავლა და დეტალურად აღწერა ჰენრი IV-ის გროტები.
მეთექვსმეტე საუკუნიდან, ნემსებიანი ლილვაკის (ცილინდრი ამობურცლი ნაწილებით, გამოიყენება მუსიკალურ ყუთებშიც) გამოგონების შემდეგ, კიდევ უფრო რთული და კომპლექსური სიცოცხლის იმიტატორი მანქანების შექმნა გახდა შესაძლებელი. სწორედ ამ პერიოდში, „ადამიანის მსგავსი მანქანის“ აღსანიშნად, დამკვიდრდა ტერმინი „ანდროიდი“, რაც ბერძნული ფუძიდან მომდინარეობს და „ადამიანისებრს“ ნიშნავს. სიტყვა ანდროიდის დამკვიდრება ფრანგ ექიმსა და ბიბლიოთეკარს, გაბრიელ ნოდეს უკავშირდება, რომელიც, ყველაფერთან ერთად, ავტომატების მოყვარული მეფის, ლუი XIII-ს პირადი მკურნალიც იყო.
1600 წლიდან მოყოლებული, ნემსებიანი ლილვაკი ავტომატებისა და ავტომატური ორღანების პროგრამირებად მოწყობილობად იქცა. 1650 წელს, გერმანელმა ფილოსოფოსმა და გამომგონებელმა, ათანასიუს კირხერმა, შექმნა ჰიდრავლიკურ ავტომატიანი ორღანის ადრეული დიზაინი, რომელიც ნემსებიანი ლილვაკით იმართებოდა და მოცეკვავე ჩონჩხით იყო გაფორმებული.
რა თქმა უნდა, მეთექვსმეტე და მეჩვიდმეტე საუკუნეების ნემსებიანი ლილვაკების „პროგრამირებად“ მოწყობილობად მოხსენიება ანაქრონიზმია, თუმცა უდავოა რომ არსებობს უწყვეტი განვითარების ხაზი ნემსებიანი ლილვაკებიდან - პერფო-ბარათებამდე (პერფორირებული/დახვრეტილი ბარათი, იგივე „პერფოკარტა“, რომლებიც, მეცხრამეტე საუკუნეში, ჯერ ავტომატიზირებული საქსოვი დაზგებისთვის გამოიყენებოდა, შემდგომში კი ადრეულ გამომთვლელ მანქანებში - კომპიუტერებში), ხოლო პერფო-ბარათებიდან კი სილიციუმის ჩიპებამდე. თავდაპირველად, ავტომატიზირებული საქსოვი დაზგების შესაქმნელად, ინჟინრების მიერ ავტომატებისა და ავტომატიზირებული მუსიკალური საკრავების მოდელი იქნა გამოყენებული; შემდეგ ჩარლს ბებიჯმა, ინგლისელმა მათემატიკოსმა, რომელმაც 1830 წლებში პირველმა შექმნა მექანიკური კომპიუტერის ერთდროულად ორი პროტოტიპი - ანალიტიკური და დიფერენციალური გამომთვლელი მანქანები - თავის მხრივ ავტომატური საქსოვი დაზგის მოდელი გამოიყენა.
მიუხედავად იმისა, რომ დღეს, შეიძლება ვინმემ ნემსებიანი ლილვაკი მხოლოდ ნემსებისა და მათ შორის შუალედების ერთობლიობად ჩათვალოს, ხოლო პერფობარათი, შესაბამისად - ნახვრეტებისა და სივრცის, ან ნულებისა და ერთიანების უბრალო თანმიმდევრობად - არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ძველი ავტომატების შემქმნელები, ავტომატური დაზგის გამომგონებლები და ჩარლზ ბებიჯი, არ ხელმძღვანელობდნენ პროგრამირებისა და ინფორმატიკის კონცეფციის მიხედვით - მსგავსი რამ მხოლოდ მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში გაჩნდა. მათ შემთხვევაში სხვა გამოწვევები და წინაპირობები მოქმედებდა; შრომის საზოგადოებრივმა განაწილებამ საფუძველი ჩაუყარა ინდუსტრიული რევოლუციის ეპოქის ავტომატიზირებული დაზგების შექმნას, ხოლო ბებიჯის გამომთვლელი მანქანებიც, პირველ რიგში, არაინტელექტუალური შრომის - ინტელექტუალური შრომისგან გამოთავისუფლების მიზნით შეიქმნა.
მეთვრამეტე საუკუნიდან, ნემსებიანი ლილვაკის გამოყენებით, შესაძლებელი გახდა ისეთი ავტომატების შექმნა, რომლებიც ზედმიწევნით და ინდივიდუალურად ასრულებდნენ დაკისრებულ დავალებებს. პირველი სიმულაციური ავტომატები -„მესტვირე“ და ფლეიტისტი“ - ფრანგმა ინჟინერმა, ჟაკ ვოკანსონმა შექმნა 1730-იან წლებში და მალევე მიიქცია ევროპელების ყურადღება. მაგალითად, ფლეიტისტს ჰქონდა ტუჩები, რომელთა მოძრაობაც ოთხი მიმართულებით შეეძლო; დახვეწილი თითები, რომლეთა მოხრაც სახსრების მსგავსად შეიძლებოდა და ფილტვები, რომლებიც საბერველისგან იყო დამზადებული და ოთხი განსხვავებული წნევის ჩაბერვის შესაძლებლობას იძლეოდა. მუსიკალური ყუთების მექანიკური ფიგურებისგან განსხვავებით, ვოკანსონის ფლეიტისტი იყო პირველი ავტომატური მუსიკოსი, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით უკრავდა ნამდვილ ინსტრუმენტზე, რაც მსმენელს საკუთარი ფლეიტითაც შეეძლო შეემოწმებინა.
ვოკანსონის მესამე ავტომატი „იხვი რომელიც სკინტლავს“, მალევე გახდა პოპულარული. მისი განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობდა ფრთების ქნევისა და იხვის ხმის გამოცემის გარდა, საკენკის ჭამა შეეძლო, რომელსაც მოგვიანებით ექსკრემენტის სახით გამოყოფდა. რა თქმა უნდა ეს უკანასკნელი აქტი გაყალბებული იყო - ჩაყლაპული მარცვალი სპეციალურ სამალავში რჩებოდა და მის მაგივრად სხვა კონტეინერიდან გამოდიოდა წინასწარ მოთავსებული ნივთიერება.
მიუხედავად იმისა, რომ ვოკანსონის ავტომატებმა დღევანდელობამდე ვერ მოაღწიეს, მაინც შესაძლებელია მისი „შვილობილი“ მოწყობილობების ხილვა, რომელთა შორის არის 1770 იან წლებში, შვეიცარიელი მესაათის, იაკეტ-დროზის ოჯახის მიერ შექმნილი „მუსიკოსი ქალბატონი“ და ორი პატარა ბიჭი - „მწერალი“ და „მხაზველი.“ „მწერალს“ნებისმიერი 40 სიმბოლოიანი ტექსტის დაწერა შეუძლია; „მხაზველი“ ოთხ განსხვავებულ ჩანახატს ასრულებს ნახშირის ფანქრით; „მუსიკოსი“ კი სხვადასხვა ნაწარმოებებს ასრულებს კლავესინით.
ტრიო დღემდე შვეიცარიის ქალაქ ნევშატელში ინახება და საოცრად რეალისტურად გამოიყურება: მათი თვალები მზერას აყოლებენ თითების მოძრაობას, „მხაზველი“ სულს უბერავს ხატვისას წარმოქმნილ ფანქრის მტვერს, ხოლო “მუსიკოსი” დაკვრის პროცესში პერიოდულად ემოციურად ამოისუნთქებს ხოლმე (ასევე აღსანიშნავია რომ იგი წარმოდგენამდე და მის შემდეგ, ერთისაათის განმავლობაში სუნთქავს, რათა დამთვალიერებელს გაუმძაფროს შთაბეჭდილება).
მოგვიანებით, მეთვრამეტე საუკუნეში, ინჟინრები და გამომგონებლები, ორი კონკრეტული პროცესის მექანიზაციის იდეის განხორციელებას შეუდგნენ, რაც ცოცხალი ინტელექტის განსახიერებად მიიჩნეოდა: ჭადრაკის თამაში და საუბარი. 1770-90-იან წლებში, სანქტ-პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემია ახორციელებდა საპრიზო კონკურსს ისეთი მანქანის შესაქმნელად, რომელსაც ხმოვანი ბგერების წარმოთქმა შეეძლებოდა. კონკურსის საპრიზო ფონდმა მექანიკური მოლაპარაკე თავების ნამდვილი ბუმი გამოიწვია, რომლებსაც ბევრად მეტი შესაძლებობები ჰქონდათ, ვიდრე ხმოვანი ბგერების წარმოთქმაა; 1778 წელს, ფრანგმა გამომგონებელმა მიკალმა, შექმნა ორი მოლაპარაკე თავი „მემბრანაზე მჭიდროდ მიერთებული ხელოვნური სახმო ნაპრალით“ - თუმცა მათი დიალოგი მეფე ლუი XVI-ს ქების შესახებ, საკმაოდ მოსაწყენი იყო, რაზეც შემდეგი მონაკვეთიც მეტყველებს: „მეფე შვიდობას უძღვნის ევროპას!“, ამბობდა პირველი ხმა; „მშვიდობა ამშვენებს მეფის გვირგვინს!“ პასუხობდა მეორე და ა.შ.
დაახლოებით ათი წლის შემდეგ, უნგრელმა ინჟინერმა, ვოლფგანგ ფონ კემპელენმა, ახალი მოლაპარაკე მექანიზმი შექმნა, რომელისთვისაც გამოიყენა: სპილოს ძვლის ხმის ნაპრალი, საბერველების ფილტვები, ტყავის სამეტყველო ტრაქტი და მასზე მიმაგრებული ენა, რეზინის ბაგეები, რეზინისავე პირის ღრუ და ცხვირი, მილაკებისგან დამზადებული ნესტოებით. ამ ანდროიდის მეტყველება, იმ დროისთვის, ალბათ, უფრო უცნაური შინაარსის იყო, ვიდრე მიკალის მოლაპარაკე თავებისა, მაგალითად: „ჩემი ცოლი ჩემი მეგობარია“ ანდა „წამოდით ჩემთან ერთად პარიზში“.
კემპელენი ბევრად უფრო ცნობილი თავისი სხვა ავტომატის, “მოჭადრაკე თურქის“ წყალობით გახდა, რომელიც 1769 წელს შექმნა. ეს ბუნებრივი ზომის, ადამიანის სიდიდის მოდელი, თავდაპირველად უშუალოდ კემპელენის, მოგვიანებით კი კოლეგების ორგანიზებული გამოფენების ფარგლებში, დიდი ხნის განმავლობაში წარმატებით სარგებლობდა წარმატებით ევროპასა და ამერიკაში, მანამ სანამ ხანძარმა არ გაანადგურა 1854 წელს. თავისი გრძელი კარიერის განმავლობაში „თურქმა“ უამრავი შეხვედრა მოიგო, მათ შორის ნაპოლეონისა და ჩარლზ ბაბიჯის წინააღმდეგაც კი.
მიუხედავად იმისა რომ აპარატის მოძრაობები მექანიკური იყო, იგი რა თქმა უნდა სრულად დამოუკიდებელი ვერ იქნებოდა. ჭადრაკის თამაშში უმნიშვნელოვანეს როლს, პედესტალში მოთავსებული მომცრო ტანის მოჭადრაკეები ასრულებდნენ -რასაც კემპელენი არ მალავდა - მისი თქმით მისი მთავარი მიღწევა ილუზიის შექმნა იყო. რა თქმა უნდა, მაყურებელმაც იცოდა რომ ეს ყველაფერი კარგად შენიღბული ტრუიკი იყო, თუმცა აღფრთოვანებას ვერავინ მალავდა, რადგან ეს ეპოქის მთავარ კითხვას ეხმიანებოდა: იქნებ შესაძლებელია მანქანის აზროვნება, ან პირიქით, იქნებ ადამიანის გონებაა ერთგვარი მანქანა?
ამ საკითხით ედგარ ალან პოც იყო დაინტერესებული, რომელმაც 1836 წელს, კემპელენის თურქ მოჭადრაკესა და ბაბიჯის დიფერენციალური გამომთვლელი მანქანის შესახებ ესსეც კი გამოაქვეყნა. იგი თვლიდა, რომ მანქანის მიერ გამოთვლის განხორციელება შესაძლებელია, რადგან ეს დეტერმინირებული, განსაზღვრული პროცესია, თუმცა მანქანა ვერ შეძლებდა ჭადრაკის თამაშს, რადგან იგი მოწინააღმდეგის სვლებზე იყო დამოკიდებული. შესაბამისად, პოს აზრით, ბაბიჯის მანქანა ნამდვილი იყო, ხოლო კემპელენის კი თაღლითობა.
როდესაც პოს ესსე ინჟინერიის სტუდენტებს წავაკითხე, მისი მსჯელობა უცნაურად აღიქვეს, ვერ მიხვდნენ თუ რატომ იყო გამორიცხული მანქანისთვის მოწინაღმდეგის თითოეული სვლის გაანგარიშება - რაც ვფიქრობ კაცობრიობის მიერ სიცოცხლის გააზრების, მექანიზაციისა და მეცნიერების მუდმივი ტრანსფორმაციის კარგი მაგალითია. პოს ვარაუდით მანქანას მხოლოდ განსაზღვრული შესაძლებლობები უნდა ჰქონოდა, რაც გამორიცხავდა მის მიერ რეაგირების მოხდენას. ორი საუკუნით ადრე, დეკარტის ვარაუდი საპირისპირო იყო, რაც ახლა, ორი საუკუნის შემდეგ კვლავ გაიმეორეს სტუდენტებმა.
დღევანდელი გადმოსახედიდან, როგორ შეიძლება შევაფასოთ ჰერო ალექსანდრიელის სიფონის ჩიტები, რენესანსული სახალისო მექანიზმები, ანდროიდი მუსიკოსები, მხატვრები, მწერლები და მეთვრამეტე საუკუნის მოლაპარაკე თავები? მიუხედავად იმისა რომ სამყაროს განსხვავებულ აღქმასა და აზროვნებას გამოხატავდნენ, ისინი რობოტიკისა და ხელოვნური ინტელექტის თანამედროვე პროექტების წინაპრებად გვევლინებიან.
ალბათ რთული წარმოსადგენია, რომ თანამედროვე კონცეპტუალური ჩარჩოები ოდესმე ისეთივე შორეული და ეგზოტიკური გახდება, როგორც არისტოტელეს მიერ აღწერილი ჰერო ალექსანდრიელის სიფონის პრინციპი, თუმცა ეს აუცილებლად მოხდება. იქნებ სწორედ ამ ცოდნის დახმარებით შევძლოთ იმის წარმოდგენა, თუ რამ შეიძლება ჩაანაცვლოს მომავალში ინფორმაციისა და პროგრამირების არსებული ფორმები და დაგვეხმაროს გრძნობების, აზროვნებისა და სიცოცხლის უკეთესად აღქმაში.
კომენტარები