მიუხედავად იმისა, რომ სახლში დარჩენა ამ დრომდე კორონავირუსის პრევენციისთვის მთავარ იარაღად ითვლება და სპეციალისტების მთავარი რეკომენდაციაა, მართლმადიდებელი ეკლესია კვლავ არ აკეთებს მოწოდებას სახლში დარჩენასთან დაკავშირებით. პირიქთ, ბოდბელი ეპისკოპოსი, იაკობ იაკობიშვილი ამტკიცებს, რომ ეს კორონავირუსისგან დაცვის გარანტია არ არის.

მისი თქმით, საზოგადოების ნაწილს სურს, რომ ეკლესიის კლასტერი გაჩნდეს.

"6 კვირაა ჩვენთან მსახურება ჩვეულებრივ ტარდება. ძალიან უნდათ ვიღაცეებს, რომ კლასტერი იყოს ეკლესიიდან. გადახედეთ, ექიმებშიც კლასტერია, ბანკშიც კლასტერია, ყველგან კლასტერია და სახლში ჯდომით რა, ვინმე გარანტიას გვაძლევს, რომ არაფერი არ იქნება? იმიტომ მივდივართ, რომ უფალს ვთხოვოთ აგვარიდოს ეს ყველაფერი. რა გგონიათ, უფალი არ არის ჩარეული საქართველოში ძალიან ბევრი ინფიცირებული რომ არ გვყავს?" — ამის შესახებ მეუფე იაკობმა რუსთავი 2-ს განუცხადა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, საყოველთაო კარანტინის პირობებში, სამზე მეტი პირის თავშეყრა იკრძალება, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა. მიუხედავად ამისა, ეკლესიებსა და ტაძრებში მსახურება გრძელდება და მრევლი სოციალური დისტანციის დაცვით წირვებს ჩვეულ რეჟიმში ესწრება.

პირველ აპრილს პატრიარქმა ილია მეორემ გაავრცელა მიმართვა, რომლის თანახმადაც, ტაძრის კარის დახურვა შეუძლებელია და ღია იქნება მათთვის, ვინც ეკლესიაში მისვლას მოისურვებს, შესაბამისად ჩატარდება სააღდგომო ლიტურგიაც. ტაძრებში წირვა-ლოცვების ჩატარებისთვის კი სასულიერო პირებს სამი რეკომენდაცია სმს-თი გაუგზავნეს.

12 აპრილს ცნობილი გახდა, რომ მართლმადიდებელ ეკლესიებში სააღდგომო ღვთისმსახურებას კომენდანტის საათის დროს ჩაატარებენ.

სამთავრობო გუნდი ისევ აცხადებს, რომ საკარანტინო შეზღუდვები ეხება ყველას და სააღდგომო ლიტურგიაზე შეკრებაც საკომენდანტო საათის დარღვევა იქნება, თუმცა 3-ზე მეტი ადამიანის შეკრებისთვის ეკლესიაში არავინ დაუჯარიმებიათ.

მინისტრთა კაბინეტის წევრები უარს ამბობენ ეკლესიაში მისვლაზე და მოქალაქეებსაც სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 272 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გარდაცლილია 3 ადამიანი. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ვირუსის გავრცელების პიკს აპრილის ბოლოს, სწორედ საეკლესიო დღესასწაულების დროს ელოდებიან.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: