6 შემთხვევა, როცა ჰომოფობებს გეი პროპაგანდა მოეჩვენათ
"ნამუსს გვხდიან", "გვაპიდარასტებენ", "ქართველობას გვაკარგვინებენ" და კიდევ ათეულობით საშიში ზღაპარია მოგონილი იმისთვის, რომ საჭირო დროს ჰომოფობებმა არაინფორმირებული მოსახლეობა დარაზმონ. თუმცა, ჯერ "პროპაგანდით ნამუსახდილი" და ორიენტაცია შეცვლილი ადამიანი არსად გვინახავს და ცოტა გვიჭირს გაგება რას და რატომ იცავენ.
ლგბტქ+ თემის მიმართ აგრესიულად განწყობილ პირებს "გეი პროპაგანდა" ელანდებათ თითქმის ყველგან: ძეგლებში, ფილმებში და ცისარტყელაშიც კი, რომელსაც ბავშვები ხატავენ.
"გეი ძეგლი"
ბათუმის ნებისმიერი მაცხოვრებლისა და სტუმრისთვის მარტივად შესამჩნევია ქალაქის შესასვლელში და ბულვარში მდგარი მსგავსი ვიზუალის ძეგლები. ერთ-ერთ მათგანს ქალაქში სიყვარული მიაქვს, მეორე თავდაყირა დგას, მესამეში კი ერთი ადამიანი მეორეს სიყვარულს უხსნის.
ამ ძეგლში რთულად იდენტიფიცირებადია მუხლზე დაჩოქილი პირი ქალია თუ კაცი ისევე, როგორც მისი სიყვარულის ობიექტი. როგორც ჩანს, ამაზე ჰომოფობიურმა ჯგუფებმაც ბევრი იფიქრეს და გადაწყვიტეს, რომ სკულპტურა ჰომოსექსუალურ სიყვარულს მიეძღვნა და თან რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფდა.
დარწმუნებულები იმაში, რომ ამ ძეგლით "მამათმავლებს უკეთებდნენ აგიტაციას იმისთვის, რომ გამრავლდნენ", ბათუმში 30-იოდე კაცის პროტესტმა იფეთქა.
ხმამაღალ განცხადებებს, აქციებსა და ძეგლის აღების მოთხოვნას სკულპტორმა, გელა წულაძემ არაერთხელ უპასუხა და ახსნა, რომ პროტესტის მონაწილეები ცდებოდნენ. ბოლოს კი იხუმრა, რომ ნოდარ დუმბაძის ქუჩაზე მდგარი ძეგლი მართლა კაცების სიყვარულს ასახავდა, კერძოდ ილიკოსა და ილარიონის ურთიერთობას.
ჰომოფობებმა ან დაიჯერეს, ან იფიქრეს საკმარისად ძლიერი პროპაგანდა არ არის ორიენტაციის შესაცვლელადო, ამიტომ დანებდნენ. ძეგლი არ აუღიათ და დღემდე რჩება ტურისტებისთვის საყვარელ ფოტოსივრცედ.
ბათუმელმა ბლოგერმა აღმოაჩინა ისიც, რომ ჰომოფობებს კონკრეტულად ეს ძეგლი არ მოუვიდათ თვალში, რადგან წლების განმავლობაში არ გაუპროტესტებიათ ქალაქში ხელოვნების მუზეუმთან მდგარი კიდევ ერთი სასიყვარულო ძეგლი, რომელშიც სქესი, ასევე, არ არის იდენტიფიცირებული.
ცოდვილი ცისარტყელა
მას შემდეგ, რაც ქართველმა ჰომოფობებმა ლგბტქ+ სიამაყის დროშა, 6-ფერიანი ცისარტყელა აღმოაჩინეს, ყოველივე ფერადი მათ მტრად იქცა.
ჰომოფობიური ჯგუფის, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის ერთ-ერთი სასულიერო პირი, მამა დავით ქვლივიძე ამტკიცებდა, რომ ცისარტყელის დროშა ლგბტქ+ თემმა რწმენის შეურაცხყოფად აირჩია. არგუმენტი გაინტერესებთ?
"ღმერთმა გარყვნილი, სოდუმური ცოდვის გამო დაუშვა წარღვნა და შერიგების ნიშნად ცაზე ცისარტყელა გააჩინა. ცისარტყელა ეს არის ღმერთის შერიგება ცოდვა-მონანულ კაცობრიობასთან, ამათმა აიღეს ეს და თავის დროშად გაიხადეს, დაგვცინიან", — ამბობდა ის.
როგორც ჩანს, მამაოს შეგონება მრევლმა ირწმუნა. დაახლოებით ერთი წლის თავზე საჯარო ბაგა-ბაღში მშობელმა შვილის ინტერესების დაცვა გადაწყვიტა და ცისარტყელას ნახატები ჩამოხსნა. იქვე ანონიმური წერილიც დატოვა: "ნუ გამოიყენებთ ლგბტ ფერებს".
ბაღს ახსნა-განმარტების გავრცელება მოუწია და მშობლებს უთხრა, რომ ბავშვებს ცისარტყელას დახატვას ასწავლიდნენ და მშობლის მოქმედება უბრალო ქურდობა იყო და სხვა არაფერი.
ცისარტყელას შიშის პარანოია აქ არ დამთავრებულა. ერთ-ერთ ჰომოფობიურ აქციაზე ქართული მარშის, მმკ-ს და სხვა ჯგუფის წევრებმა ქუჩიდან ფერადი ნაჭერი შეამჩნიეს, რომელიც მათი ნერვული სისტემისთვის გამაღიზიანებლად ფრიალებდა. საფრთხის თავიდან ასაცილებლად და აგრესიული ჯგუფების დასაშოშმინებლად ბინის მეპატრონეს ჭრელი ფარდის ჩამოხსნა მოუწია.
სულ რამდენიმე დღის წინ კი ამტკიცებდნენ, რომ საქართველოში ნებისმიერი პროპაგანდა ისე ჩაიწვებოდა, როგორც მათ მიერ დამწვარი ლგბტ დროშა. მაგრამ, ვაი რომ, შეცდნენ და შეცდომით ზეწარზე გადღაბნილი ხუთი ფერი დაწვეს, რომელსაც არაფერი ჰქონდა საერთო ლგბტ სიამაყის დროშასთან.
ფალავანდიშვილი სულიერების სადარაჯოზე
ჰომოფობია ბავშვებს მხოლოდ ხატვაში კი არა, განათლების მიღებაშიც აბრკოლებს, როცა მათი სულიერების სადარაჯოზე გურამ ფალავანდიშვილი გამოდის. 2018 წელს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულმა ცენტრმა მანავის "მომავლის ბანაკის" მესამე დღის სატრენინგო სესია სწორედ ფალავანდიშვილის მიმართვის საფუძველზე შეაჩერა.
ბანაკში ტრენინგს ორგანიზაცია Gydea, გაეროს მოსახლეობის ფონდის ეგიდით უძღვებოდა. სესია ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობას და ტოლერანტობას ეხებოდა. ერთ-ერთი მშობლის მიმართვის საფუძველზე ფალავანდიშვილმა განაცხადა, რომ ბანაკში ბავშვებს უტარდებოდა "გაკვეთილები, რომელიც მიდრეკილი იყო მრუშობისკენ, გარყვნილებისკენ და უკუღმართობისკენ". ისინი ამტკიცებდნენ, რომ ტრენინგის მონაწილეებს ათამაშებდნენ "სულიერებისთვის ხიფათის შემცველ თამაშებს" და კითხვებზე "არას" მიღების შემთხვევაში დაფასთან მდგომ ბავშვს სკოჩავდნენ.
წერილში ნახსენები ბრალდებები ორგანიზაციამ ცილისწამებად და არასწორ ინტერპრეტაციად შეაფასა და განმარტა, რომ სავარჯიშოები ემსახურება მოზარდებისთვის გენდერული სტერეოტიპების შესახებ ინფორმაციის მიწოდებასა და სტერეოტიპების დამსხვრევას. მათივე თქმით, ქაღალდის სკოჩს ბავშვები იმისთვის იყენებდნენ, რომ მათივე დასახელებული გენდერული სტერეოტიპებით სხვისი შეზღუდვა ვიზუალურად ეჩვენებინათ. შემდეგ კი თავადვე ხსნიდნენ ამ სკოჩებს, როცა აღიარებდნენ, რომ ქალს და კაცს კონკრეტული ქმედებები ერთნაირად შეუძლიათ აკეთონ.
ტრენინგები რამდენიმე დღეში ისევ განახლდა, მაგრამ ეს არც პირველი შემთხვევა იყო და არც ბოლო, როდესაც არასრულწლოვანების "გადარჩენის" მოტივით ფალავანდიშვილი რაიმეს სწავლის აკრძალვა მოითხოვა.
საშიში ნახატები
ნახატებთან ბრძოლა მხოლოდ ბაღის კედლებში არ დარჩენილა და თბილისის ქუჩებშიც გადაინაცვლა. 2016 წელს 17 მაისის მოვლენების გასაპროტესტებლად მხატვარმა მუსია ქებურიამ კეკელიძის ქუჩაზე სასულიერო პირისა და პოლიციელის კოცნის სტენსილი გააკრა. ჰომოფობების რეაქციას არ დაუგვიანია.
ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელმა იზრუნა იმაზე, რომ ჰომოფობიურ ჯგუფებს ბევრი ყიჟინა და ჩხუბი არ დასჭირვებოდათ და სტენსილი ჩამორეცხა. თუმცა, იქვე კედლებზე მიხატული სხვა უცენზურო სიტყვები, უფორმო ნახატები და სტენსილები დატოვა. როგორც ჩანს, მიიჩნია, რომ ისინი ქალაქის იერსახეს და მოსახლეობის სიმშვიდეს არ აზიანებდა.
ორი წლის შემდეგ აჯანყება კიდევ ერთი ნახატის წინააღმდეგ დაიწყო. ამჯერად მოძრაობა ქართული იდეა მხოლოდ ყვირილს არ დასჯერდა და მერიას ზედამხედველობის სამსახურში უჩივლა იმის გამო, რომ ბარათაშვილის ხიდზე დახატული სტენსილები არ მოეწონა.
საპროტესტო ნახატს, რომელზეც ორი ქალი ერთმანეთს კოცნიდა თან ახლდა წარწერა: "ჩემი ოჯახიც წმინდაა", რაც ქართულმა იდეამ უზნეობის პროპაგანდად ჩათვალა.
ომი სამკლაურთან
ცისარტყელასადმი ჰომოფობიურმა შიშმა კულმინაციას მაშინ მიაღწია, როცა საქართველოს ნაკრების ვიცე და ვიტესის ყოფილმა კაპიტანმა ერთ-ერთ მატჩზე ხელზე ლგბტქ+ დროშის ფერების სამკლაური გაიკეთა. გურამ კაშია ჰომოფობებმა ავტომატურად აქციეს აქტივისტად, რომელიც მთელი ერისთვის ორიენტაციის შეცვლას ისახავდა მიზნად.
კაშიამ განმარტა, რომ ის თანასწორობის მხარეს იდგა და სიძულვილს, ჩაგვრას ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ მარშმა და სხვა ჯგუფებმა არ მოუსმინეს. ბევრი იყვირეს, ბევრი იჩხუბეს, ბევრი ულტიმატუმიც წამოაყენეს, მატჩის ჩაშლით დაიმუქრნენ და ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ უფლება არ მიეცათ კაშიასთვის "მამათმავლობა მოეხვია თავს ფეხბურთისა და ქვეყნისთვის". საბოლოოდ, ვერც მატჩი ჩაშალეს, ვერც კაშია დაჩაგრეს და ვერც "ერი დაიცვეს".
გურამ კაშიას გამოჩენილი სიმამაცისთვის არაერთი ჯილდო ერგო ადამიანის უფლებების დარგში, ჰომოფობებს კი მატჩის ყურება, წინააღმდეგობის მიუხედავად, ლგბტქ+ სამკლაურებისა და კაშიას მხარდამჭერი პლაკატების ფონზე მოუწიათ.
და მათ სცადეს
გეი პროპაგანდაზე და ორიენტაციის თავზე მოხვევაზე ყველაზე წარუმატებელი ბრძოლა ჰომოფობიურ ჯგუფებს ბოლო დღეებში ჰქონდათ, როცა ყველანაირად ცდილობდნენ იმის დამტკიცებას, რომ ლევან აკინის ფილმი და ჩვენ ვიცეკვეთ "სოდომ-გომორის ცოდვას" აპიარებდა და ქვეყანას დაღუპავდა.
რამდენი იწვალეს, რამდენი იბრძოლეს, რამდენი გეგმა დაისახეს, მაგრამ, საბოლოოდ, ვერც "შტეფცელიდან" ჩააქრეს შუქი, ვერც საეთეროდან გათიშეს ფილმი და ვერც დარბაზში აანთეს შუქი ყვირილით: "რას უყურებთ, ხალხნო". მხოლოდ ის შეძლეს, რომ სამი დღე ნოემბრის სუსხიან საღამოს ქუჩაში იდგნენ, ვიქენდზე პოლიციელებს დისკომფორტს უქმნიდნენ და ბოლოს თქვეს: ვეცადეთ.
მორიგი ფერადი "საფრთხე"
ქუჩის არტისტმა გაგოშამ პატარა კუპიდონით უპასუხა იმ ომს, რომელიც სანდრო ბრეგაძემ, ლევან ვასაძემ და გურამ ფალავანდიშვილმა And Then We Danced-ის წინააღმდეგ წამოიწყეს. სტენსილზე შუბებით საბრძოლო მზადყოფნაში მყოფი ლეგიონერები ფარებს მიღმა იმალებიან იმის შიშით, რომ კუპიდონმა ფანქრებით არ გააფერადოს.
როგორც ჩანს, ჰომოფობიურ ჯგუფებს სტენსილი გამოეპარათ ან იდეას ვერ ჩასწვდნენ, რადგან მის წინააღმდეგ შუბებმომარჯვებული ჯერ არავის გაულაშქრია.
კომენტარები