ძალაუფლება ტვინის ფუნქციონირებას ცვლის
ძალაუფლება რომ რეცეპტით გაცემადი წამალი ყოფილიყო, მას გვერდითი მოვლენების გრძელი სია დაერთვებოდა. ძალაუფლება გაბრუებს. მას შენი გარყვნა შეუძლია. ის საკუთარი თავისა და შესაძლებლობების ადეკვატურად აღქმის უნარს გაკარგვინებს. მაგრამ შესაძლებელია, რომ მან ტვინის დაზიანება გამოიწვიოს?
ისტორიკოსმა ჰენრი ადამსმა ძალაუფლება ხატოვნად რომ დაახასიათა როგორც "სიმსივნის სახეობა, რომლის ბოლო სტადია მსხვერპლის ემპათიის უნარის მოკვლაა", მას სამედიცინო ენისთვის აუცილებელი მეცნიერული სიზუსტის დაცვის პრეტენზია არ ჰქონია. თუმცა მისი ეს სიტყვები ძალიან შორსაც არ დგას კალიფორნიის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორის, დაქერ კელტნერის თეორიისგან, რომელიც მან მრავალწლიანი ლაბორატორიული და საველე კვლევების შედეგად ჩამოაყალიბა. ორი ათწლეულის განმავლობაში ჩატარებულ დაკვირვებებზე დაყრდნობით, მან აღმოაჩინა, რომ ძალაუფლების გავლენის ქვეშ მყოფი პირები ისე იქცევიან, თითქოს ტვინის ტრავმული დაზიანება გადაეტანოთ - ისინი უფრო იმპულსურები და ნაკლებად ფრთხილები ხდებიან; და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სიტუაციის სხვა ადამიანების გადმოსახედიდან შეფასების უნარი უქვეითდებათ.
ონტარიოს მაკმასტერის უნივერსიტეტის ნევროლოგმა, სუხვინდერ ობიმაც თავის ნაშრომში მსგავსი სიმპტომები აღწერა. კელტნერისგან განსხვავებით, რომელიც ქცევის ტიპებს სწავლობს, ობი ტვინზე კონცენტრირდება. როდესაც მან დიდი და მცირე ძალაუფლების მქონე ადამიანების თავები ტრანსკრანიულ-მაგნიტურ-სტიმულაციური აპარატის ქვეშ მოათავსა და შედეგები ერთმანეთს შეადარა, აღმოაჩინა, რომ ძალაუფლება სარკისებრი ნეირონების ფუნქციონირებას აფერხებს, რასაც, დიდი ალბათობით, ემპათიის უნარზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია. ეს აღმოჩენა იმ ფენომენს, რომელსაც კელტნერმა ძალაუფლების პარადოქსი უწოდა, ნევროლოგიურ საფუძველს უქმნის. ამ თეორიის თანახმად პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ ძალაუფლების ხელში ჩაგდება იმ უნარების ნაწილს გვაკარგვინებს, რომელთა დახმარებითაც მოვიპოვეთ ეს ძალაუფლება.
ამ უნართა დაკარგვის დემონსტრირება მეცნიერებმა მრავალი მახვილგონივრული გზით მოახერხეს. მაგალითად, 2006 წელს ჩატარებულ კვლევაში მონაწილეებს სთხოვეს, შუბლზე სხვების დასანახად ასო-ბგერა ე დაეწერათ. ამ დავალების შესრულება ადამიანს აიძულებს, საკუთარი თავი დამკვირვებლის პერსპექტივიდან აღიქვას. იმ ადამიანთა უმრავლესობამ, ვინც თავს ძალაუფლების მქონედ თვლიდა, ე თავისთვის სწორად და სხვებისათვის უკუღმა დაიწერა. სხვა ექსპერიმენტებმა აჩვენეს, რომ ძალაუფლების მქონე ადამიანები სხვებზე უარესად ართმევენ თავს ფოტოებზე გამოსახული ადამიანების ემოციების იდენტიფიცირებას ან უჭირთ იმის გამოცნობა, როგორ აღიქვა სხვა ადამიანმა მათ მიერ გამოთქმული შენიშვნა ან შეფასება.
ამ პრობლემას ამწვავებს ის ფაქტი, რომ ადამიანები თავიანთი უფროსების სახის გამომეტყველებისა და სხეულის ენის მიბაძვისკენ არიან მიდრეკილები. ეს იმას ნიშნავს, რომ დაქვემდებარებულ პოზიციაში მყოფები ძალაუფლების მქონე ადამიანებს საკუთარი განწყობისა და პოზიციის გამომხატველ მინიშნებებს ნაკლებად აწვდიან. თუმცა, კელტნერის თქმით, ამაზე მნიშვნელოვანი ის ფაქტია, რომ ძალაუფლების მქონენი სხვების ქცევის მიბაძვას წყვეტენ. სიცილი, როდესაც სხვები იცინიან და ნერვიულობა, როცა სხვები ნერვიულობენ, უფრო მეტია, ვიდრე პირფერობა. ეს ხელს უწყობს იმ გრძნობების გაღვივებას, რასაც სხვები განიცდიან, რაც, თავის მხრივ, მათი პერსპექტივის გაგების საშუალებას იძლევა. ძალაუფლების მქონე ადამიანები "სხვისი გამოცდილების სიმულაციას წყვეტენ", - ამბობს კელტნერი, - რასაც ემპათიის დეფიციტამდე მივყავართ.
სარკისებრი ნეირონების მეშვეობით წარმოქმნილი ეფექტი მიმიკრიის შედარებით სუსტი ფორმააა, რომელიც ჩვენს თავში გაუცნობიერებლად მიმდინარეობს. როდესაც სხვას რაიმეს კეთებისას ვუყურებთ, ჩვენი ტვინის ის ნაწილი, რომლის მეშვეობითაც იმავეს გავაკეთებდით, თანაგრძნობითი პასუხის შედეგად ინთება. ამ ფენომენს ირიბი გამოცდილება შეიძლება ვუწოდოთ. ეს ჩვენი ტვინის ის უნარია, რომლის გააქტიურებასაც ობი და მისი ჯგუფი ერთი ექსპერიმენტის მეშვეობით შეეცადა. მათ კვლევაში მონაწილეებს აყურებინეს ვიდეო, სადაც ნაჩვენებია ადამიანის ხელი, რომელიც რეზინის ბურთს კუმშავს.
ძალაუფლების შეგრძნების არმქონე მონაწილეებში სარკისებრმა ნეირონებმა მშვენივრად იმუშავა: მათ ის ნერვული კავშირები გაუაქტიურდათ, რომლებიც რეზინის ბურთის თავიანთი ხელით მოკუმშვის დროს ამუშავდებოდნენ. რაც შეეხება ძალაუფლების მქონეთა ჯგუფს, მათში ეს საპასუხო რექაცია ნაკლებად შეინიშნა.
ნიშნავს ეს იმას, რომ მათში სარკისებრი ნეირონები მწყობრიდან იყო გამოსული? უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ ისინი, უბრალოდ, ანესთეზირებული გახლდათ. ექსპერიმენტის არცერთი მონაწილე არ იყო მუდმივი ძალაუფლების მფლობელი. ისინი ყველანი სტუდენტები იყვნენ, რომლებსაც თავდაპირველად სთხოვეს, ისეთი ამბავი გაეხსენებინათ, რომლის დროსაც რაღაცას ზედამხედველობდნენ. ამ გზით მათ გარკვეული დროით თავი ძლევამოსილებად იგრძნეს. სავარაუდოდ, ანესთეზიის მოქმედება ამ შეგრძნების გადავლასთან ერთად შეწყდებოდა - მათი ტვინი ლაბორატორიაში რამდენიმე საათის გატარების შემდეგ სტრუქტურულად ნამდვილად არ დაზიანებულა. თუმცა ეს ეფექტი რომ გახანგრძლივებულად შენარჩუნებულიყო, მათ ტვინებში, შესაძლოა, იმგვარი ცვლილებები მომხდარიყო, როგორსაც სამედიცინო ენაზე ფუნქციურს უწოდებენ.
აქ ჩნდება კითხვა: ხომ შეიძლება, რომ ძალაუფლების მქონე ხალხი, უბრალოდ, აღარ ცდილობს გარშემომყოფების პერსპექტივის გაგებას და თავად ამის გაკეთების უნარის დაკარგვას ამ ყველაფერთან კავშირი არ აქვს. ობიმ ამაზე პასუხის საპოვნელადაც ჩაატარა კვლევა. ამჯერად ექსპერიმენტში მონაწილეებს წინასწარ აუხსნეს, თუ როგორ ფუნქციონირებენ სარკისებრი ნეირონები და სთხოვეს, ცნობიერი ძალისხმევით გაეზრდათ ან შეემცირებინათ თავიანთი საპასუხო რეაქცია. "ჩვენ ისეთივე შედეგები მივიღეთ", - წერს ის და მისი თანაავტორი ქეთრინ ნეიში, - "ძალისხმევას არაფერი შეუცვლია".
ეს ერთობ სევდიანი აღმოჩენაა. ჩვენ გვასწავლიან, რომ ცოდნა ძალაა. მაგრამ რა სარგებლის მოტანა შეუძლია იმის ცოდნას, რომ ძალაუფლება ცოდნისგან გვძარცვავს?
ამ რეალობის ყველაზე ნათელი მხარე ალბათ ისაა, რომ ეს ცვლილებები მხოლოდ ხანდახან არის მავნებელი. ძალაუფლება, კვლევათა თანახმად, ჩვენს ტვინს პერიფერიული ინფორმაციის გაფილტვრისკენ უბიძგებს. უმეტეს შემთხვევაში ეს სასარგებლო უნარია, რადგან ის ჩვენს ეფექტიანობას ზრდის. მაგრამ სოციალიზაციისას მას არასახარბიელო გვერდითი მოვლენები აქვს, რადგან სხვებისადმი უგრძნობლებად გვაქცევს. და ესეც კი არ არის აუცილებლად ცუდი თვისება, თუ საკითხს ძალაუფლების მქონე ადამიანის პერსპექტივიდან შევხედავთ და იმ ჯგუფის ინტერესებსაც გავითვალისწინებთ, რომელსაც ის უძღვება. სუზან ფისკე, პრინსტონის ფსიქოლოგიის პროფესორი, დამაჯერებლად ამტკიცებს, რომ ძალაუფლება გარშემომყოფთა კომპლექსური წაკითხვის უნარს აქვეითებს, რადგან ის იმ რესურსების განკარგვის შესაძლებლობას გვაძლევს, რომლის სხვებისგან მოპოვებაზე ზრუნვაც ადრე გვიხდებოდა. თუმცა, რა თქმა უნდა, თანამედროვე ტიპის ორგანიზაციებში ძალაუფლების შენარჩუნება რაღაც დონეზე ჯგუფის სხვა წევრების თანადგომითაა შესაძლებელი. და როცა ლიდერები რესურსების გადანაწილებაში ბალანსს ვერ იცავენ, ეს ხშირად მათ საზიანოდ ტრიალდება ხოლმე.
როცა ადამიანების ინდივიდუალური თვისებების აღქმის უნარი ქვეითდება, ისღა დაგრჩენია, რომ მეტად დაეყრდნო სტერეოტიპებს. ამასთან, როგორც სხვა კვლევები მოწმობენ, ასეთ დროს ძალაუფლების მქონე ადამიანი სულ უფრო მეტად ხელმძღვანელობს საკუთარი ხედვით, რომელსაც ობიექტური ჭეშმარიტების სტატუსს ანიჭებს.
არსებობს თუ არა გამოსავალი?
არა და კი. რთულია, ტვინს უბრძანო, აღარ მოექცეს ძალაუფლების ზეგავლენის ქვეშ. ამაზე გაცილებით მარტივი ისაა, რომ დროდადრო მაინც არ იგრძნო თავი ძლევამოსილად.
როცა საკითხი ჩვენი აზროვნების ფორმის შეცვლას ეხება, - ამბობს კელტნერი, - ძალაუფლება არ უდრის რაიმე თანამდებობის ქონას, - ეს უფრო ფსიქიკური მდგომარეობაა. მისი ექსპერიმენტების შედეგები იმაზე მიანიშნებენ, რომ იმ გამოცდილებების გახსენებით, რომელთა დროსაც თავს ძლევამოსილად არ ვგრძნობდით, ჩვენს ტვინებს რეალობის ადეკვატურად აღქმის უნარს ვუბრუნებთ.
როგორც ჩანს, ზოგიერთ ადამიანზე უსუსურობის განცდის მომგვრელი გამოცდილების გახსენება მართლაც მოქმედებს და, თუ ეს მოგონება საკმარისად ძლიერია, მას მუდმივი დაცვითი მექანიზმის ფუნქციის შესრულებაც შეუძლია. The Journal of Finance-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, დირექტორები, რომლებიც ბავშვობაში ადამიანური მსხვერპლის გამომწვევ სტიქიურ უბედურებას გადაურჩნენ, იმ დირექტორებზე გაცილებით ნაკლებად რისკიანები იყვნენ, რომლებსაც მსგავსი გამოცდილება არ გადაუტანიათ (ერთი პრობლემა, - ამბობს კვლევის თანაავტორი და კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი რაგავენდრა რაუ, - ის არის, რომ ის დირექტორები, რომლებიც ნაკლებად სახიფათო სტიქიურ უბედურებას გადაურჩნენ, ყველაზე ხშირად მიდიან რისკებზე).
თუმცა ქარიშხლები, ვულკანების ამოფრქვევები და ცუნამები ამპარტავნების ერთადერთ შემაკავებელ ძალას არ წარმოადგენენ. PepsiCo-ს ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი და თავმჯდომარე, ინდრა ნუი ხშირად იხსნებს ხოლმე 2001 წლის იმ დღეს, როდესაც შეიტყო, რომ კომპანიის საბჭოს წევრად დანიშნეს. როცა ის სახლში საკუთარი მნიშვნელოვანებისა და ძლევამოსილების გრძნობით სავსე დაბრუნდა, დედამისმა სთხოვა, სანამ შენს "შესანიშნავ ამბავს" მოყვები, მაღაზიაში ჩადი და რძე იყიდეო. ნუი რძის ამოსატანად განრისხებული წავიდა. "ეგ შენი გვირგვინი ავტოფარეხში დატოვე ხოლმე", - ეს იყო დედამისის რჩევა, როდესაც ის სახლში დაბრუნდა.
სინამდვილეში, ამ ამბავში ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ მას ნუი ჰყვება. ამბის ასე გახსენება ყოფითი ვალდებულებებისა და თავმდაბლობის არდავიწყებას ემსახურება. ნუის დედა ამ ისტორიაში რეალობასთან დამაკავშირებელი ძალის განსახიერებაა.
უინსტონ ჩერჩილისთვის ადამიანი, რომელმაც ეს როლი შეასრულა, მისი ცოლი იყო. კლემენტინს ეყო გამბედაობა, ეს სიტყვები დაეწერა: "ჩემო ძვირფასო უინსტონ. უნდა ვაღიარო, მე შევამჩნიე, როგორ უარესდება შენი ქცევა; და შენ ისეთი კეთილი აღარ ხარ, როგორიც იყავი". ეს სიტყვები, რომელიც მან ჰიტლერის პარიზში შესვლის დღეს დაწერა, მერე დახია, მაგრამ, საბოლოოდ, მაინც გააგზავნა, შეშფოთებას გამოხატავდა და არა - ჩივილს. როგორც თავად კლემენტინი წერს, ვიღაც მას გამოუტყდა, ჩერჩილი შეხვედრებზე ხელქვეითების მიმართ "იმდენად აგდებულად" იქცევა, რომ მათგან აღარანაირი იდეა - კარგი თუ ცუდი - აღარ გაჟღერდება, რადგან ყველას ხმის ამოღების ეშინიაო.
ლორდ დევიდ ოუენი - ბრიტანელი ნევროლოგი, რომელიც პარლამენტარი გახდა და ბარონის სტატუსის მიღებამდე საგარეო საქმეთა მინისტრად მსახურობდა - ჩერჩილისა და სხვა გავლენიანი ადამიანების მსგავს ისტორიებს თავის 2008 წელს გამოსულ წიგნში, ავადმყოფობასა და ძალაუფლებში, უყრის თავს. წიგნის მიზანი იმ დაავადებათა დოკუმენტირებაა, რომლებმაც 1900 წლიდან მოყოლებული ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრებისა და ამერიკის პრეზიდენტების საქციელზე დიდი გავლენა იქონია. მაშინ, როცა ზოგიერთი ინსულტისგან (ვუდრო უილსონი), ზოგი მავნე ნივთიერებების ბოროტად გამოყენებისგან (ენტონი იდენი), ზოგიც კი, სავარაუდოდ, ბიპოლარული აშლილობისგან (ლინდონ ჯონსონი, თეოდორ რუზველტი) იტანჯებოდა, ლიდერთაგან მინიმუმ ოთხს ისეთი კონდიცია აღენიშნებოდა, რომელსაც სამედიცინო ლიტერატურაში შესაბამისი ტერმინი არ მოეპოვება. ოუენი ამტკიცებს, რომ ეს ვითარება გამოსასწორებელია.
ჰუბრისის სინდრომი - ასე უწოდებს ის და მისი თანაავტორი, ჯონათან დევიდსონი, ამ კონდიციას 2009 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში, სახელწოდებით ტვინი. ნაშრომში ტერმინი ამგვარადა განმარტებული: "ეს არის ძალაუფლების ფლობით გამოწვეული აშლილობა; კერძოდ, ისეთი ძალაუფლების, რომელიც გაიგივებულია უზარმაზარ წარმატებასთან, წლების განმავლობაში ნარჩუნდება და მის მფლობელს ლამის შეუზღუდავ უფლებებს აძლევს". ამ მდგომარეობის 14 კლინიკურ მახასიათებელთა შორისაა: სხვების დაუფარავად აბუჩად აგდება, რეალობასთან კონტაქტის დაკარგვა, დაუდევარი ან დაუფიქრებელი ნაბიჯების გადადგმა და არაკომპეტენტურობის გამოვლენა.
ოუენი აღიარებს, რომ ამპარტავნობისადმი გაკონტროლებული მიდრეკილება თავადაც ახასიათებს. საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ის იმ სტრატეგიებს ჩამოთვლის, რომელიც რეალობის ადეკვატურად აღქმის უნარის შენარჩუნებაში ეხმარება. ესენია: წარსულიდან იმ ამბების გახსენება, რომლებიც ამპარტავნულ განწყობას გაფანტავს; რიგითი ადამიანების შესახებ დოკუმენტური ფილმების ყურება; ამომრჩეველთა წერილების კითხვის ჩვევად ქცევა.
თუმცა ოუენის ამპარტავნების ყველაზე ეფექტიანი გამკონტროლებელი, შეიძლება, ის გარემოება იყოს, რომ ძალაუფლების გამრყვნელ მხარეზე ჩატარებულ მის კვლევებს ინტერესით არც ბიზნესის სფერო ეკიდება და არც - განათლების. მართალია, კონკრეტულად ოუენზე ამ ვითარებას დადებითი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ ძალაუფლების მავნე მხარეების გამოვლენისადმი მსგავსი დაუინტერესებლობა პოლიტიკისა და ბიზნესის სფეროში სიტუაციის გამოსწორების შანსებს ნამდვილად ამცირებს.
კომენტარები