ჰომოს გვარი, რომელსაც ჰომო საპიენსები მივეკუთვნებით, აფრიკაში 2-3 მილიონი წლის წინ განვითარდა. ჩვენ გარდა, დედამიწაზე ადამიანის სხვა სახეობებიც არსებობდნენ (მაგალითად, ჰომო ერექტუსები), მაგრამ ვინ დატოვა პირველად ეს კონტინენტი?

ამ მხრივ მნიშვნელოვანია დმანისის ჰომინინების თავის ქალები, რომელთა ასაკიც დაახლოებით 1.8 მილიონი წელია. ეს ნიმუშები აფრიკის გარეთ ერთ-ერთი ყველაზე ძველია და განსხვავებულ მახასიათებლებს ავლენს. ამის გამო ზოგი მეცნიერი ფიქრობს, რომ ისინი არა ჰომო ერექტუსს, არამედ ორ სახეობას მიეკუთვნება: ავსტრალოპითეკებთან დაკავშირებულ ჰომო გეორგიკუსსა და ჰომო კავკასს. ამ საკითხის დაზუსტება საშუალებას გვაძლევს მივუახლოვდეთ პასუხს კითხვაზე, თუ რომელი სახეობა გავრცელდა აფრიკიდან სხვა კონტინენტებზე პირველად.

აქამდე მეტწილად დმანისის ჰომინინების თავის ქალებზე ამახვილებდნენ ყურადღებას, მაგრამ ახალი კვლევის ავტორებმა კბილები შეისწავლეს. მათ დმანისელი ჰომინინების 24 კბილი სხვა სახეობებისას (559 ნიმუშს) შეადარეს, მათ შორის ავსტრალოპითეკებისას, ჰომო ერექტუსისას, ჰომო ჰაბილისისას და თანამედროვე ადამიანისას.

აღმოჩნდა, რომ კბილები ორ კატეგორიად იცოფა: პირველი ავსტრალოპითეკებისას მოგვაგონებს, ხოლო მეორე — ადრეული ადამიანებისას. მათ შორის სხვაობა განსაკუთრებით ზედა ყბის კბილებზე შეინიშნება. მკვლევრების თქმით, პირველ ჯგუფში ე.წ. სიბრძნის კბილები საგრძნობლად დიდია.

"სავარაუდოდ, დმანისის რეგიონში [ერთდროულად] ორზე მეტი სახეობა გვხვდებოდა", — ასკვნის ნაშრომის თანაავტორი, მარკ ჰაბი.

თუ მეცნიერთა ეს მოსაზრება მართებულია, შესაძლებელია, აფრიკიდან პირველად სულ სხვა, "პრიმიტიული", სახეობები გავრცელებულიყვნენ. ამის მიუხედავად, ისინი დაზუსტებით ვერაფერს ამბობენ, რადგან ქვედა ყბის კბილებმა ჰომო ერექტუსთან მსგავსება უფრო აჩვენა. ამის გამო არ გამორიცხავენ, რომ საქმე ჰომო ერექტუსებთან გვქონდეს, რომლებშიც შიდა სხვაობები არსებობდა,

ნაშრომი გამოცემაში PLOS One გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.