ბევრისთვის წინა საახალწლო პერიოდი ბედნიერებასა და მოლოდინს უკავშირდება, მაგრამ ეს ემოციები ყოველთვის კარგად არ სრულდება. წლის ბოლო კვირასა და ახალი წლის პირველ დღეებში ხშირია განწყობის მკვეთრი გაუარესება. ამ ფენომენის შესწავლა დაგვეხმარება, რომ "პოსტ-საახალწლო სევდა" არა პირად სისუსტედ, არამედ ნეირობიოლოგიურ პროცესად აღვიქვათ და მას უფრო გააზრებულად ვუპასუხოთ.

ფოტო: Ground Picture/Shutterstock

პოსტ-საახალწლო განწყობის ცვლილებები ტვინის ჯილდოს სისტემას უკავშირდება. ქიმიური მაცნეები, სახელად ნეიროტრანსმიტერები, ნეირონებს შორის სიგნალების გადაცემას უზრუნველყოფს, რაც ემოციებზე, მოტივაციასა და ქცევაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. ამ კონტექსტში განსაკუთრებული მნიშვნელობა დოფამინს აქვს, რომელიც სიამოვნების, მოლოდინისა და ჯილდოს განცდაზეა პასუხისმგებელი. ანტიდეპრესანტების უმეტესობა სწორედ ამ სისტემაზეა ორიენტირებული.

სადღესასწაულო პერიოდში დოფამინის აქტივობა იზრდება. ახალი წლის მოლოდინი, სოციალური ინტერაქციები, ტრადიციული რიტუალები და გემრიელი საკვები ტვინში ძლიერი პოზიტიური სტიმულაციის წყაროა. შედეგად, ნეიროქიმიური ფონი ყოველდღიური რეჟიმისგან მკვეთრად განსხვავდება. დღესასწაულის დასრულებისას კი დოფამინის დონე ჩვეულ მდგომარეობას ბუნებრივად უბრუნდება. ამ სწრაფმა "ვარდნამ" შეიძლება მოტივაციის დაკარგვა, დაღლილობა და დაუცველობის განცდა გამოიწვიოს.

აგრეთვე, ამ პროცესში ოქსიტოცინიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ესაა ჰორმონი, რომელიც სოციალურ კავშირებსა და ემოციურ სიახლოვეს არეგულირებს. როგორც წესი, ახალი წელი ოჯახთან და ახლობლებთან ინტენსიურ ურთიერთობას უკავშირდება, რაც ოქსიტოცინის გამოყოფას ზრდის. დღესასწაულების დასრულების შემდეგ ეს ურთიერთობები ხშირად წყდება ან იშვიათდება, რაც ამ ჰორმონის დონის კლებას და მარტოობის ან ემოციური სიცარიელის განცდას უწყობს ხელს.

აღსანიშნავია, რომ ყველა სოციალური ინტერაქცია ერთნაირად სასარგებლო არ არის. კვლევები აჩვენებს, რომ ზოგიერთი სიტუაცია, მაგალითად მეუღლის ნათესავებთან გატარებული დრო, შეიძლება უფრო სტრესული აღმოჩნდეს, ვიდრე საკუთარ ოჯახთან ურთიერთობა. ასევე აღსანიშნავია საჩუქრების ფენომენიც — მაღალი მოლოდინების ფონზე ხშირად განცდილი იმედგაცრუება ტვინში იმავე ნეირონულ მექანიზმებს ააქტიურებს, რომლებიც სოციალურ უარყოფასთანაა დაკავშირებული. ამ თვალსაზრისით, მადლიერების გამოხატვა არა მხოლოდ სოციალური ეტიკეტის ნაწილი, არამედ ემოციური თავდაცვის მექანიზმიცაა.

ახალი წლის პერიოდი ყოველდღიურ რუტინასაც მნიშვნელოვნად ცვლის. ძილის რეჟიმის დარღვევა, ჭარბი კვება და ალკოჰოლის მოხმარება ძილის ხარისხზე უარყოფითად მოქმედებს, რაც პირდაპირ კავშირშია ემოციურ დისბალანსთან. ძილის დეფიციტი ადამიანს სტრესისა და სევდის მიმართ უფრო მგრძნობიარეს ხდის.

ფოტო: Getty Images

პოსტ-საახალწლო სევდის შესამსუბუქებლად მნიშვნელოვანია საკუთარ რეაქციებზე დაკვირვება. თუ გარკვეული სოციალური გარემოება ემოციურად გფიტავთ, მაშინ დროებითი დისტანცია ან კონფლიქტური სიტუაციების თავიდან არიდება სასარგებლო სტრატეგიაა. ასევე, ყოველდღიური რუტინის სწრაფად დაბრუნება ორგანიზმს ბიოლოგიური წონასწორობის აღდგენაშიც დაეხმარება.

თუ ახალი წლის შემდეგ თავს ცუდად გრძნობთ, ეს პიროვნული სისუსტის ნიშანი არ არის. ეს შეიძლება ემოციურად და ბიოლოგიურად ინტენსიური პერიოდის დასრულებაზე ტვინისა და სხეულის ბუნებრივი რეაქცია იყოს. ამ მდგომარეობის გააზრება პოსტ-საახალწლო კრიზისის უფრო მშვიდად და ეფექტიანად დაძლევის საშუალებას მოგვცემს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.