1.4 მილიარდი წლის სამყაროში წარმოუდგენლად ცხელი ობიექტი გამოავლინეს
ფოტო: Lingxiao Yuan
ადრეულ კოსმოსში დაფიქსირებულია გალაქტიკათა შეჯგუფება SPT2349-56, რომელიც დიდი აფეთქებიდან 1.4 მილიარდ წელში უკვე არსებობდა. ცნობილი ხდება, რომ ის წარმოუდგენლად ცხელ აირებს შეიცავს — ასეთი ტემპერატურის მისაღწევად რამდენიმე მილიარდი წელია საჭირო.
მეცნიერები არ ელოდნენ, რომ ასეთ ახალგაზრდა სამყაროში მსგავს ობიექტს მიაგნებდნენ. ამის მიუხედავად, თვეების განმავლობაში სიგნალის გაანალიზებამ აჩვენა, რომ ის ნამდვილად ავთენტურია. შედეგების თანახმად, ეს აირები მინიმუმ 5-ჯერ უფრო ცხელია, ვიდრე პროგნოზირებდნენ, და ამით არაერთ თანამედროვე გალაქტიკურ შეჯგუფებასაც კი უსწრებს.
SPT2349-56-ის კვალი პირველად 2010 წელს შენიშნეს, 2018-ში კი დადასტურდა, რომ ეს 30-ზე მეტი გალაქტიკისგან შემდგარი შეჯგუფებაა. ბევრი მათგანი თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობს და იქ ვარსკვლავები ირმის ნახტომზე 1000-ჯერ აქტიურად წარმოიქმნება. ეს შეჯგუფება 12.4 მილიარდი წლის კოსმოსის ევოლუციის პროცესის შესასწავლად საინტერესო სამიზნედ მიიჩნიეს.
მეცნიერებმა რადიოტელესკოპთა სისტემა ALMA კოსმოსური მიკროტალღური ფონისკენ მიმართეს, რომელიც სამყაროს პირველადი ნათების ნარჩენია. მაშინ, როცა ცხელი აირების შემადგენელი ელექტრონები ამგვარ ფოტონებს ეჯახება, სუნიაევ-ზელდოვიჩის სიგნალი წარმოიქმნება. ესაა ერთგვარი ჩრდილი, რომელიც კონტრასტს ქმნის, ხილულია და გაზომვადიცაა.
SPT2349-56-ის შემთხვევაში ეს ეფექტი ძალიან ძლიერია, რასაც 10 მილიონ კელვინზე უფრო ცხელი აირები იწვევს. ავტორები ელოდნენ, რომ იმ დროის კოსმოსში თბილი გარემო დახვდებოდათ, მაგრამ მსგავსი ტემპერატურა ყველანაირ პროგნოზს სცდება და მასზე მხოლოდ გრავიტაცია ვერ იქნება პასუხისმგებელი.
ვარაუდობენ, რომ დამატებითი ენერგიის წყარო სულ მცირე სამი ზემასიური შავი ხვრელის მძლავრი ნაკადებია. თუ მართლაც ასეა, ეს ნიშნავს, რომ ადრეულ კოსმოსში შავი ხვრელები გალაქტიკათა შეჯგუფებების ევოლუციაზე იმაზე ძლიერად ზემოქმედებდა, ვიდრე წარმოგვედგინა.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.

კომენტარები