ცნობილი ხდება, რომ დედამიწის ორბიტაზე მოძრავ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში (ISS) მყოფ ერთ-ერთ ასტრონავტს სამედიცინო პრობლემა შეექმნა. ამის გამო NASA-მ გადაწყვიტა, ეკიპაჟის ნაწილი დედამიწაზე იმაზე ადრე დააბრუნოს, ვიდრე იგეგმებოდა.

აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს განცხადებით, ამერიკელი, იაპონელი და რუსი ასტრონავტები მისიას ვადაზე ადრე დაასრულებენ. 4-კაციანი ეკიპაჟი დედამიწისკენ მომდევნო დღეებში გამოემგზავრება, თუმცა ზუსტი თარიღი ჯერჯერობით არ დაუსახელებიათ.

უნდა ითქვას ისიც, რომ ასტრონავტის მდგომარეობის გამო გაუქმდა ღია კოსმოსში ამ წლის პირველი გასვლაც. სააგენტოს წარმომადგენლებს მისი ვინაობა არ გაუმჟღავნებიათ და არც ისაა ცნობილი, თუ რა სახის სამედიცინო პრობლემა შეექმნა. განცხადებაში აღნიშნეს, რომ ეკიპაჟის წევრი ამჟამად "სტაბილურადაა".

NASA-ში ამბობენ, რომ საქმე სადგურის შიდა საგანგებო სიტუაციასთან არ გვაქვს და მათი გადაწყვეტილება მხოლოდ სიფრთხილითაა განპირობებული. აღნიშნავენ იმასაც, რომ ეს ISS-ში "სამედიცინო ევაკუაციის" პირველი შემთხვევაა — აქამდე იქ მყოფ რამდენიმე ადამიანს კბილისა და ყურის ტკივილზე ბორტზევე უმკურნალეს.

ზენა კარდმანი, მაიკლ ფინკი, კიმია იუი და ოლეგ პლატონოვი პლანეტის ორბიტაზე კომპანია SpaceX-ის რაკეტით აგვისტოში გაემგზავრნენ. იქ ისინი სულ მცირე 6 თვის განმავლობაში უნდა დარჩენილიყვნენ და ღია კოსმოსში გასულიყვნენ, რათა სამომავლოდ მზის პანელების გასააქტიურებლად სამუშაოები ჩაეტარებინათ.

მათ გარდა, ISS-ში 3 სხვა ასტრონავტია, ესენი არიან: კრის უილიამსი, სერგეი მიქაევი და სერგეი კუდ-სვერჩკოვი. 8-თვიანი მისიის ფარგლებში ისინი Soyuz-ის ტიპის რაკეტით კოსმოსური სადგურისკენ ნოემბერში გაუშვეს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.