ზოგი ადამიანი ალკოჰოლის მიღების გარეშეც თვრება — უჩვეულო ფენომენის სამედიცინო ახსნა
ფოტო: Shutterstock
ავტოლუდსახარშის სინდრომი (ABS) იშვიათი მდგომარეობაა, რომლის დროსაც ადამიანები მაშინაც კი თვრებიან, როცა ალკოჰოლს არ იღებენ. ეს სინდრომი აქამდე კარგად შესწავლილი არ ყოფილა, ამჯერად კი მეცნიერებმა ნაწლავური ბაქტერია გამოავლინეს, რომელიც ალკოჰოლს თავად ორგანიზმშივე წარმოქმნის. კვლევა გამოცემაში Nature Microbiology გამოქვეყნდა.
ABS მაშინ ვითარდება, როცა ნაწლავური მიკრობები ნახშირწყლებს შლიან და ეთანოლად (ალკოჰოლად) გარდაქმნიან, რომელიც შემდეგ სისხლის მიმოქცევის გზებში ხვდება. საჭმლის მონელების დროს მცირე რაოდენობით ალკოჰოლი ნებისმიერ ადამიანში წარმოიქმნება, ABS-ის მქონე ხალხში კი ეთანოლის დონე იმდენად იწევს, რომ ინტოქსიკაცია შესამჩნევი ხდება.
ABS ძალიან იშვიათი მდგომარეობაა. საინტერესოა, რომ ხშირად ამ დიაგნოზის მისაღებად პაციენტებს წლები სჭირდებათ. ამ დროის განმავლობაში ისინი არაერთი სახის პრობლემას აწყდებიან, იქნება ეს: სოციალური იზოლაცია, სამედიცინო გართულებები თუ იურიდიული პრობლემები, რომლებსაც აუხსნელი ინტოქსიკაცია იწვევს.
ამჯერად მეცნიერებმა ABS-ის დიაგნოზის მქონე 22 ადამიანი გამოიკვლიეს ისევე, როგორც მათი 21 ოჯახის წევრი (ABS-ის არმქონე), საკონტროლო ჯგუფი კი 22 ჯანმრთელ ცდისპირს მოიცავდა. მკვლევართა გუნდმა სამივე ჯგუფის ნაწლავური მიკრობები შეისწავლა. პირველი ჯგუფის ფეკალურ მასაში უფრო მეტი ეთანოლი აღმოჩნდა, ვიდრე სხვა ჯგუფებში. მეცნიერებს ამის გამო იმედი აქვთ, რომ ერთ დღეს ABS-ის დიაგნოზს განავლის ნიმუშებითაც დავსვამთ.
ამ დრომდე მკვლევართათვის ბუნდოვანი იყო, ზუსტად რომელი მიკრობები იწვევდნენ ავტოლუდსახარშის სინდრომს, ახალ კვლევაში კი მათ რამდენიმე ასეთი ბაქტერია გამოავლინეს, მათ შორის Escherichia coli და Klebsiella pneumoniae.
როგორც მეცნიერები ამბობენ, მათი ნაშრომი პოტენციალს ქმნის, რომ დიაგნოსტირება და მკურნალობა უფრო მარტივად შევძლოთ — უკვე ვიცით, რომელი ბაქტერიები არიან ავტოლუდსახარშის სინდრომზე პასუხისმგებელნი. ეს ამ მდგომარეობის კვლევას საგრძნობლად წასწევს წინ.
კომენტარები