რა ხდება სირიაში, რა უნდა თურქეთს და ვინ არიან ქურთები — მოკლედ

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

რა ხდება?

9 ოქტომბერს თურქეთმა სირიაში, სასაზღვრო ტერიტორიაზე სამხედრო მოქმედებები სირიელი ქურთების წინააღმდეგ დაიწყო. თურქეთის ხელისუფლება ამ ოპერაციას "მშვიდობის წყაროს" უწოდებს და მის მიზნად ქურთებისგან ტერიტორიის გათავისუფლებას ასახელებს.

ტერიტორიას, რომელზეც თურქეთს "უსაფრთხო ზონის" შექმნა სურს, სირიის დემოკრატიული ძალები (SDF) აკონტროლებს, რომლის შემადგენლობაში სახალხო თავდაცვის დანაყოფები (YPG) შედის.

გაეროს ინფორმაციით, 160 ათასმა ადამიანმა საკუთარი საცხოვრებელი უკვე დატოვა და სამხედრო ოპერაციის გაგრძელების შემთხვევაში, ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.

ვინ არიან ქურთები?

ქურთები მესოპოტამიის დაბლობებისა და მთიანი რეგიონის მკვიდრი მოსახლეობაა. 35 მილიონამდე ქურთი დღეს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ერაყის ჩრდილოეთში, ირანის ჩრდილო-დასავლეთსა და სომხეთის სამხრეთ-დასავლეთში ცხოვრობს.

ფოტო: CIA

ქურთების დიდი ნაწილი სუნიტი მუსლიმია. მათ საკმაოდ მრავალფეროვანი კულტურული, სოციალური, რელიგიური და პოლიტიკური ტრადიციები ახასიათებთ. ასევე, მრავალფეროვანი დიალექტებით გამოირჩევიან.

პირველ მსოფლიო ომამდე ქურთები მომთაბარედ ცხოვრობდნენ. ცხოვრების მსგავსი წესი მათ ოსმალეთის იმპერიის დაცემამდე შეინარჩუნეს.

მეოცე საუკუნის დასაწყისში ქურთების დიდმა ნაწილმა სამშობლოს შექმნაზე დაიწყო ფიქრი, რომელსაც ქურთისტანი დაერქმეოდა. პირველი მსოფლიო ომისა და ოსმალეთის იმპერიის დამარცხების შემდეგ გამარჯვებულმა დასავლეთის ალიანსმა ქურთისტანის შექმნა 1920 წლის სევრის ხელშეკრულებაში გაითვალისწინა, რომლის საზღვრებიც დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთსა და თურქეთს ერთად უნდა დაედგინათ.

თუმცა სახელმწიფოს შექმნის იმედები სამ წელში დაიფანტა, როდესაც ლოზანის საზავო ხელშეკრულებაში თანამედროვე თურქეთის საზღვრები დადგინდა. ამ ხელშეკრულებაში ქურთისტანის შექმნა გათვალისწინებული აღარ იყო. მათი რეგიონი კი რამდენიმე სახელმწიფომ გაიყო.

შემდეგი 80 წლის განმავლობაში ქურთების ნებისმიერი ნაბიჯი სახელმწიფოს ჩამოყალიბებისკენ სასტიკად იქნა ჩახშობილი. ქურთებს არც ერთ ქვეყანაში რაიმე ტერიტორიული გაერთიანება არ აქვთ. ერთადერთია ერაყი, სადაც ქურთების ცალკე ავტონომიური რეგიონი ჩამოყალიბდა, რომელსაც ერაყის ქურთისტანს უწოდებენ.

როგორია ქურთების ცხოვრება თურქეთში?

ქურთები თურქეთში ყველაზე მსხვილი ეთნიკური უმცირესობაა და მოსახლეობის 15-20 პროცენტს წარმოადგენს.

ოსმალეთის იმპერიის დაშლამ ქურთებში სეპარატისტული იდეები გააღვივა. მეოცე საუკუნის დასაწყისში ისინი ხშირად ჯანყდებოდნენ, რასაც თურქეთის ხელისუფლება სასტიკი ფორმებით ახშობდა. 1937-38 წლებში თურქეთში ათიათასობით ქურთი მოკლეს.

თურქული ხელისუფლება ქურთებს ოფიციალურად დევნიდა. მათ ქურთულად საუბარიც აეკრძალათ. ქურთულ ენაზე დაწერილი წიგნები დაწვეს. სიტყვები "ქურთი" და "ქურთისტანი" სახელმძღვანელოებიდან ამოიღეს და ისინი მთიან თურქებად გამოაცხადეს.

70-იან წლებში ქურთების სეპარატისტული მოძრაობები ვითარდებოდა და ბევრი მათგანი ამ პერიოდში მარქსისტულ-ლენინისტურ იდეოლოგიას მიმართავდა. სწორედ ასე შეიქმნა ქურთების სახალხო პარტია, რომელიც შემდგომში ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარეს.

თურქეთის ხელისუფლების დევნის შედეგად ქვეყანაში ათასობით ქურთული სოფელი გაქრა, ხოლო ასობით ათასმა ქურთმა ქვეყანა დატოვა.

როგორ ცხოვრობენ ქურთები სირიაში?

თურქეთის მსგავსად სირიაშიც ქურთები ყველაზე დიდი ეთნიკური უმცირესობაა, რომელიც მოსახლეობის 9 პროცენტია. ათწლეულების განმავლობაში სირიის ხელისუფლება მათ დევნიდა და ავიწროებდა. ქურთების მიმართ პოლიტიკა განსაკუთრებით ჰაფეზ ასადის პრეზიდენტობის დროს გამკაცრდა, რაც მისი შვილის, ბაშარ ასადის პრეზიდენტობის დროს გაგრძელდა.

2011 წლის არაბული გაზაფხულის დაწყებამდე სირიელი ქურთები ასადის რეჟიმის წინააღმდეგ აქტიურად გამოდიოდნენ. მათი დიდი ნაწილი სწორედ დიდ ქალაქებში ცხოვრობდა, დამასკოსა და ალეპოში, ასევე თურქეთის საზღვართან, აფრინში, კობანსა და ამიშლიში.

როდესაც სირიის პროტესტი სამოქალაქო ომში გადაიზარდა, ძირითადი ქურთული პარტიები რომელიმე მხარის პოზიციის დაკავებისგან თავს იკავებდნენ.

2012 წელს სახელისუფლებო ჯარებმა ქურთების ტერიტორიები დატოვეს, რათა აჯანყებულები სხვა რეგიონში მოეგერიებინათ. ამან კი ქურთულ დაჯგუფებებს ტერიტორიებზე კონტროლის საშუალება მისცა.

2014 წლის ბოლოს ტერორისტული დაჯგუფება ისლამური სახელმწიფო ქალაქ კობანის დაესხა თავს. მაშინ საერთაშორისო კოალიციამ აშშ-ს მეთაურობით ისლამურ სახელმწიფოს პირველი საჰაერო დარტყმა მიაყენა. ისლამურმა სახელმწიფომ უკან დაიხია, ხოლო ქურთები სირიაში კოალიციის მთავარი მოკავშირეები გახდნენ.

2015 წელს სახალხო თავდაცვის დანაყოფები (YPG) ქურთულ-არაბული სამხედრო ალიანსის, სირიის დემოკრატიული ძალების (SDF) შექმნის საფუძველი გახდა.

საერთაშორისო კოალიციის მხარდაჭერით, რომელიც მათ იარაღს აწვდიდა და სამხედრო სწავლებას უზრუნველყოფდა, ალიანსის მებრძოლებმა ისლამური სახელმწიფო სირიის მეოთხედი ტერიტორიიდან განდევნეს და 2019 წლის მარტში აიღეს ბოლო რეგიონი, რომელიც ჯიჰადისტებს ეკავათ.

რატომ სურს თურქეთს ქურთების საზღვრიდან გაწევა?

ანკარას მიაჩნია, რომ სახალხო თავდაცვის დანაყოფები (YPG) თურქეთში აკრძალული ქურთების სახალხო პარტიის სამხედრო ფრთაა. 1984 წლიდან პარტია თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით ქურთების ავტონომიის შექმნისთვის იბრძვის. ამავე დროს, აშშ-მ, თურქეთმა და ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ ქურთების სახალხო პარტია ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარა.

თურქეთის ხელისუფლება შიშობს, რომ სირიელი ქურთები, რომლებიც ცდილობენ, სირიის შიგნით თავიანთი კონტროლის ქვეშ არსებული ტერიტორია შექმნან (როგორც ერაყის ქურთისტანი), თურქ ქურთებს იგივე ნაბიჯისკენ წაახალისებენ.

ფოტო: Reuters

მიუხედავად იმისა, რომ ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლაში თურქეთი აშშ-ს კოალიციის წევრი იყო, მას არაერთხელ გაუკრიტიკებია ვაშინგტონი SDF-ს მხარდაჭერის გამო. ამასთანავე, ის ხელს უშლიდა ალიანსს, რომ სირიის ჩრდილოეთ საზღვარი დაემორჩილებინა.

გარდა ამისა, 2018 წლის დასაწყისში თურქეთმა სირიის აღმოსავლეთის, ქურთებით დასახლებულ აფრინის რაიონში ოპერაცია "ზეთისხილის ტოტი" დაიწყო. მიზანი ისევ ქურთული სამხედრო ფორმირებების განდევნა იყო.

თურქეთის მთავრობა დიდი ხანია ამბობს, რომ სირიის დემოკრატიული ძალების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის ჩატარებასა და ე.წ. უსაფრთხო ზონის შექმნას აპირებს, რომელიც სირიის საზღვრის გასწვრივ 480 კილომეტრი და სირიის სიღრმეში 32 კილომეტრი იქნება.

ანკარას სურს, რომ ქურთების სახალხო თავდაცვის დანაყოფები თავისი საზღვრისგან რაც შეიძლება შორს წაიყვანოს, რადგან მიაჩნია, რომ ისინი მისი უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ. გარდა ამისა, სასაზღვრო რეგიონში 3,5 მილიონი სირიელი ლტოლვილი ცხოვრობს და ანკარა აპირებს, რომ მათი ნაწილი სწორედ ქურთებისგან გათავისუფლებულ ტერიტორიაზე გადაასახლოს.

რა პოზიცია აქვს აშშ-ს?

ქურთებსა და თურქეთს შორის კომპრომისული გადაწყვეტილების მოძებნისას აშშ 2019 წლის აგვისტოში სირიის ჩრდილოეთით უსაფრთხო ზონის შექმნას დათანხმდა. გათვალისწინებული იყო, რომ ქურთები დაშლიდნენ სამხედრო ნაგებობებს და სასაზღვრო ტერიტორიიდან მძიმე ტექნიკას გაიყვანდნენ. გარდა ამისა, შეიქმნებოდა კოორდინირების საერთო ცენტრი და ერთობლივი პატრულირება დაიწყებოდა.

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ამბობდა, რომ თუ აშშ-ს ზონის შექმნას გაწელავდა ისინი სამხედრო მოქმედებებს დაიწყებდნენ.

თურქმა და ამერიკელმა სამხედროებმა ერთობლივი პატრულირება ჩაატარეს, თუმცა თურქული მხარე აცხადებდა, რომ ამერიკელები შეთანხმებას სათანადოდ არ ასრულებდნენ. ამის შემდეგ ერდოღანმა აშშ-ს ვადა სექტემბრის ბოლომდე მისცა.

ყველასთვის მოულოდნელად აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სირიის ჩრდილოეთიდან ჯარებს გაიყვანდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას კრიტიკა მოყვა როგორც კონგრესში, ისე მოკავშირეებისა და პოლიტიკოსების მხრიდან. კრიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ჯარების გაყვანით აშშ-მ თურქეთს მწვანე შუქი აუნთო.

გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა ქურთი ლიდერებისთვისაც, რომლებიც ტერორიზმთან ბრძოლაში აშშ-ს მთავარი მოკავშირეები იყვნენ. ისინი ამ ნაბიჯს ზურგში დანის ჩარტყმას უწოდებენ.

აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა, მარკ ესპერმა განაცხადა, რომ აშშ-ს საკუთარ თავზე არ აუღია ვალდებულება, ქურთები თურქეთისგან დაეცვათ და ისინი არ აპირებენ სირიის დემოკრატიული ძალების სახელით ნატოს წევრ ქვეყანას ებრძოლონ.

სირიის ჩრდილოეთი რეგიონიდან ჯარების გაყვანის პარალელურად დონალდ ტრამპი თურქეთის ეკონომიკის განადგურებით დაიმუქრა.

"ამის შესახებ ადრეც განმიცხადებია და ახლაც ვიტყვი, რომ თუ თურქეთი გააკეთებს ისეთ რამეს, რასაც მე ჩემი დიდებული და განსაკუთრებული სიბრძნით მიუღებლად ჩავთვლი, მთლიანად გავანადგურებ თურქეთის ეკონომიკას (რაც ადრე უკვე გამიკეთებია)!" — დაწერა ტრამპმა ტვიტერზე.

15 ოქტომბერს აშშ-მ თურქეთის თავდაცვისა და ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ სანქციები გაატარა. ამასთანავე სანქციების ქვეშ მოყვნენ ამავე ენერგეტიკისა და თავდაცვის მინისტრები. როგორც ამერიკული მხარე აცხადებს, სანქციების შესაძლოა გაფართოვდეს.

სანქციების საპასუხოდ კი თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ აშშ-ს სანქციების არ ეშინიათ და ოპერაციის შეწყვეტას არ აპირებენ.

სირიაში კონფლიქტის მოგვარება აშშ-მ უფრო მაღალი რანგის პოლიტიკოსების ჩარევითაც გადაწყვიტა. ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის ოფისის ინფორმაციით, ანკარაში ვიცე-პრეზიდენტთან ერთად სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, პრეზიდენტის მრჩეველი რობერტ ო'ბრაიანი და სირიის საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს ჯეფრი გაემგზავრებიან.

მათი მიზანია, რომ თურქეთი ცეცხლის შეწყვეტაში დაარწმუნონ. თავდაპირველად, ერდოღანი ირწმუნებოდა, რომ ამერიკის დელეგაციას არ შეხვდება, თუმცა მოლაპარაკებებს მაინც დათანხმდა.

რას ამბობს სირიის მთავრობა?

აშშ-სა და თურქეთის შეთანხმებას უსაფრთხო ზონის შექმნაზე სირიის ხელისუფლება თავიდანვე ეწინააღმდეგებოდა. მათ მიაჩნდათ, რომ ეს ეროვნული სუვერენიტეტის შელახვა და საერთაშორისო ნორმების უგულებელყოფაა.

ოფიციალური დამასკო თურქეთის ამჟამინდელი ინტერვენციის კატეგორიული წინააღმდეგია. ამ შემთხვევაშიც ხელისუფლებას მიაჩნია, რომ თურქეთი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს.

თურქული თავდასხმის მოსაგერიებლად სირიის მთავრობამ სირიის დემოკრატიულ ძალებთან თანამშრომლობა დაიწყო. იერიშის მოსაგერიებლად სირიის სამთავრობო ძალები თურქეთის საზღვარზე უნდა განლაგდნენ.

ეს შეთანხმება ქურთებისთვის მნიშვნელოვანი წინსვლაა განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც აშშ-მ ჯარები გაიყვანა და მათ დახმარებაზე უარი უთხრა.

14 ოქტომბერს სირიის ჯარები საზღვრისკენ დაიძრა. ქურთებთან შეთანხმება ასადისთვის ხელსაყრელი გამოდგა, რადგან 2012 წლის შემდეგ სამთავრობო ძალები ამ ტერიტორიაზე პირველად ბრუნდებიან.

როგორ აისახება საომარი მოქმედებები ისლამურ სახელმწიფოზე?

გარდა იმისა, რომ თურქეთის თავდასხმა და აშშ-ს ჯარების გაყვანა საფრთხეს შეუქმნის სირიელ ქურთებს, ცალკე დგას ისლამური სახელმწიფოს საკითხი.

ქურთულ საპატიმროებში ისლამური სახელმწიფოს ათასობით მებრძოლია დაკავებული. ამასთანავე, მათ ბანაკებში მებრძოლთა ოჯახის წევრები ცხოვრობენ.

დონალდ ტრამპმა თავის მხრივ უკვე გააფრთხილა თურქეთი, რომ თავდასხმის შემთხვევაში პასუხისმგებლობა ტერორისტებზე მას დაეკისრება. ქურთები კი აცხადებენ, რომ ციხეებში მებრძოლთა შენახვას გააგრძელებენ, თუმცა ბევრი რამ სწორედ თურქეთის თავდასხმის მასშტაბურობაზეა დამოკიდებული. თურქეთის თქმით, ისინი პასუხისმგებლობას აიღებენ ისლამური სახელმწიფოს იმ მებრძოლებზე, რომლებსაც თავდასხმისას წააწყდებიან.

ფოტო: AP Photos

თურქეთის უსაფრთხო ზონა სიღრმეში 32 კილომეტრი უნდა იყოს. ასეთ შემთხვევაში თურქეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ორი ბანაკი მოხვდება, რომელშიც ისლამური სახელმწიფოს მებრძოლთა ოჯახები ცხოვრობენ: 1 700 ქალი და ბავშვი როჯის ბანაკში, და 1 500 ადამიანი აინ-ისას ბანაკში.

ყველაზე დიდი ბანაკი ერაყის საზღვართან ახლოს მდებარეობს. იქ 70 ათასი ადამიანია განთავსებული. გარდა ამისა, ისლამური სახელმწიფოს 12 ათასი მებრძოლი რაქას მიდამოებში, შვიდ ციხეშია გადანაწილებული. მათგან ოთხი ათასი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

შეიძლება თურქეთი სირიის ტერიტორიაზე ასე ღრმად არ შევიდეს, მაგრამ თავდასხმა ბანაკებისა და ციხეების დაცვის სისტემას საგრძნობლად შეასუსტებს. სირიის დემოკრატიული ძალების წარმომადგენელმა BBC-ის უთხრა, რომ სამხედრო ოპერაციის შემთხვევაში ქურთებს დიდი ძალისხმევის გაწევა მოუწევთ, რის გამოც ისინი მებრძოლთა ნაწილს გაიწვევენ, რომლებიც ახლა პატიმრებს ადევნებენ თვალს.

როგორია საერთაშორისო გამოხმაურება?

მიუხედავად იმისა, რომ თურქეთმა სამხედრო ინტერვენცია აუცილებელ თავდაცვით ოპერაციად წარადგინა, ბევრი ქვეყანა ანკარას მოქმედებებით უკმაყოფილოა. ევროკავშირმა და წევრმა სახელმწიფოებმა თურქეთის მოქმედებების შეჩერება მოითხოვეს. სამაგიეროდ კი ერდოღანი სამი მილიონი მიგრანტისთვის საზღვრების გახსნით დაიმუქრა.

გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა თურქეთისთვის იარაღის მიწოდებაზე უარი თქვეს. ამავე ქვეყნებმა გაეროში უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევა ითხოვეს.

13 ოქტომბერს სატელეფონო საუბრის დროს გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ერდოღანისგან თავდასხმის შეწყვეტა მოითხოვა. მისივე თქმით, უსაფრთხოების სფეროში სამართლიანი ინტერესების მიუხედავად, სამხედრო ოპერაცია ადგილობრივი მოსახლეობის გადასახლებას, დესტაბილიზაციასა და ისლამური სახელმწიფოს გაძლიერებას წაახალისებს.

სად არის ამ დროს რუსეთი?

მას შემდეგ, რაც თურქეთმა სირიაში სამხედრო ინტერვენცია განახორციელა ყველა მსჯელობს იმაზე, თუ რა პოზიცია და როლი ექნება რუსეთს. მათ უფრო, რომ რუსეთი ბაშარ ასადის ხელისუფლების მხარდამჭერია.

მას შემდეგ, რაც ქურთებმა ასადის ხელისუფლებასთან დაიწყეს თანამშრომლობა, გაჩნდა კითხვები რუსეთის სამხედრო ჩარევასთან დაკავშირებით. კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი ამბობს, რომ თურქეთთან რაიმე სახის სამხედრო დაპირისპირებაზე ფიქრიც კი წარმოუდგენელია.

თვითონ პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 12 ოქტომბერს განაცხადა, რომ სირიის ტერიტორია უცხო ქვეყნის სამხედრო წარმომადგენლობისგან გათავისუფლებული უნდა იყოს და მისი ტერიტორიული მთლიანობა სრულად უნდა აღდგეს.

გარდა ამისა, რუსეთი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ სირიისა და თურქეთის სამხედრო ძალებს შორის შეტაკებას არ დაუშვებენ. თავდაცვის სამინისტროს თქმით, მათი სამხედროები თურქებსა და სირიელებს შორის პატრულირებენ.

ფოტო: Reuters

16 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ერდოღანი ამ თვეში რუსეთს ეწვევა. ეს დროში პირდაპირ ემთხვევა სირიაში განვითარებულ მოვლენებს.

დიმიტრი პესკოვის თქმით, მოსკოვში ერდოღანი რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბრის დროს მიიწვია. როგორც პესკოვი ამბობს, ლიდერებმა სირიაზეც ისაუბრეს.

მოსალოდნელია, რომ პუტინი და ერდოღანი მოსკოვში თურქეთის სამხედრო ოპერაციასა განიხილავენ. ასევე, არაა გამორიცხული, რომ ერდოღანმა პუტინს დახმარება და თანამშრომლობა სთხოვოს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბექა წიქარიშვილი: ეს ბიჭი თუ გახსოვთ, ქალბატონო თეა? ჩვენ გვახსოვს, არ ვივიწყებთ და მუდამ გვემახსოვრება.
  2. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
  3. მაკა ბოჭორიშვილი: დიახ, ვარ "ქართული ოცნების" საკმაოდ ამაყი წარმომადგენელი
  4. ირაკლი ზარქუა: ჩვენ რამენაირად უნდა გავძლოთ 20 იანვრამდე და გავძლებთ კიდეც
  5. საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ