ახალი რეკორდი: მზისგან რადიოსიგნალები 19 დღის განმავლობაში უწყვეტად იფრქვეოდა
ფოტო: NASA Goddard
მზემ რადიოტალღების უწყვეტად გადაცემის კუთხით ახალი რეკორდი დაამყარა: სიგნალი 4-ჯერ უფრო გრძელია, ვიდრე აქამდე დაფიქსირებული ნებისმიერი სხვა მსგავსი ფენომენი.
აღნიშნული მოვლენა 2025 წლის 21 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით გრძელდებოდა. ეს რეკორდულ 19 დღეს გულისხმობს.
ძალიან მაღალი ალბათობით, ეს აქამდეც მომხდარა, თუმცა ჩვენ პირველად ახლა დავაკვირდით. ამისთვის მეცნიერებმა NASA-ს 4 სხვადასხვა მისიის აღჭურვილობა გამოიყენეს და მზის მაგნიტურ ველში არსებული ელექტრონების მიერ წარმოქმნილი რადიოტალღები ჩაიწერეს.
ასევე იხილეთ: აფეთქებამ მზის ატმოსფერო "გახია" — რას უნდა ველოდოთ მომდევნო დღეებში
როგორც IFL Science-ზე ვკითხულობთ, პირველად ეს Solar Orbiter-მა შენიშნა. ეს ევროპის კოსმოსური სააგენტოსა და NASA-ს მიერ 2020 წელს ერთობლივად გაგზავნილი სატელიტია. აქედან თორმეტ დღეში NASA-ს Parker Solar Probe-მა (მზის გვირგვინის შესასწავლად გაშვებული ზონდი), იგივე რადიოიმპულსის უეცარი მატება შენიშნა.
ასეთი დაკვირვება NASA-ს Wind-ისგანაც მივიღეთ. ეს მზის ქარზე დასაკვირვებლად შექმნილი ხომალდია. მოგვიანებით იგივე ფენომენი NASA-ს STEREO-A ხომალდმაც დააფიქსირა.
ცნობილია, რომ რადიო-აფეთქებების ზოგი ტიპი სატელიტებს ანადგურებს ან ასტრონავტების ჯანმრთელობაზე ახდენს საზიანო გავლენას. საბედნიეროდ, რადიო-აფეთქების ეს კონკრეტული კატეგორია სრულიად უსაფრთხოა.
ნაშრომი გამოცემაში The Astrophysical Journal Letters გამოქვეყნდა.
კომენტარები