რამდენით გაიზარდა ხელფასები და პენსიები "ოცნების" მმართველობის დროს?
წლიდან წლამდე ნომინალური ეკონომიკის მოცულობა პრაქტიკულად ყოველთვის იზრდება. იზრდება სახელმწიფო ბიუჯეტიც. აშკარა ზრდის ტენდენციის გამოირჩევა ასაკობრივი პენსია და საშუალო ხელფასიც, თუმცა ამ ზრდის ეფექტს ინფლაცია მნიშვნელოვნად ამცირებს. ინფლაციის გათვალისწინებით 2013-2025 წლებში ასაკობრივი პენსია დაახლოებით 2-ჯერ გაიზარდა და არა 3.4-ჯერ, იგივე ეხება საშუალო ხელფასსა და ქვეყნის მთლიან ეკონომიკასაც. 2013 წლის იანვრიდან, 2026 წლის მაისამდე სამომხმარებლო ფასები საშუალოდ 79%-ით გაიზარდა. რა იქნება წლიური ინფლაცია წინასწარ მხოლოდ მიახლოებით შეიძლება საუბარი. ასევე უცნობია რა იქნება წლიური ხელფასი. ამიტომ სრული სურათისთვის 2025 წლის მონაცემების აღება იქნება უმჯობესი. 2013-2025 ჯამურმა ინფლაციამ 73% შეადგინა.
პენსიები
2012 წელს 67 წლამდე პირებისთვის ასაკობრივი პენსია 110 ლარს, ხოლო 67 წლისა და უფროსი ასაკის ადამიანებისთვის 125 ლარს შეადგენდა. 2013-2019 წლებში ყველა ასაკის პენსიონერი თანაბარ პენსიას იღებდა, გრადაცია 2020 წლიდან აღდგა, ოღონდ ამჯერად მიჯნად 70 წელი განისაზღვრა.
2020 წლიდან პენსიების ზრდას "საქართველოს კანონი პენსიების შესახებ" არეგულირებს. რომლის მიხედვითაც 70 წლამდე პირთა პენსია უნდა გაიზარდოს ბოლო 12 თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებლის, მაგრამ არანაკლებ 20 ლარის ოდენობით. ამავე კანონის მიხედვით, 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის პენსია უნდა გაიზარდოს ბოლო 12 თვის საშუალო ინფლაციის და ბოლო 6 კვარტლის მშპ-ს რეალური ზრდის მაჩვენებლის საშუალო არითმეტიკულის 80%-ის ჯამით.
კანონითვე ცხადი ხდება, რომ პენსიის ზრდა, განსაკუთრებით 70 წლამდე პირებისთვის დიდწილად ინფლაციაზეა მიბმული. შედარებით მაღალი ზრდა მეორე ასაკობრივ კატეგორიაში, რის გამოც მათ შორის სხვაობა თანდათან იზრდება. 2020 წლამდე სხვაობა 30 ლარს შეადგენდა, 2023 წელს – 70 ლარს, 2025 წელს — 100 ლარს და 2026 წელს — 125 ლარს.
2016 წლიდან მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთათვის 20%-იანი დანამატიც მოქმედებს. მათი წილი პენსიონერთა საერთო რაოდენობაში დაახლოებით 10%-ია.
ასაკობრივი პენსია
ფოტო: სოციალური მომსახურების სააგენტო და სტატისტიკის ეროვნული სამსახური
2021 წლამდე პენსია სხვადასხვა დროს იზრდებოდა, ხან ივლისიდან, ხან სექტემბრიდან, 2021წლიდან კი იანვრიდან. ცხრილში მოყვანილი მონაცემები წლის ბოლოს არსებულ მაჩვენებლებს ასახავს.
2025 წლის მდგომარეობით 70 წლამდელ პირთა ასაკობრივი პენსია 350 ლარს, ხოლო 70 და უფროსი ასაკის ადამიანების 450 ლარს შეადგენდა. მაღალმთიან რეგიონში 20%-იანი დანამატის გათვალისწინებით ის 420 და 540 ლარი.
2025 წელს ოფიციალურად საარსებო მინიმუმი საშუალო მომხმარებლისთვის 247 ლარს და შრომისუნარიანი მამაკაცისთვის 279 ლარს შეადგენდა (12 თვის გასაშუალოებული მაჩვენებლის მიხედვით). მშრალი სტატისტიკის თანახმად, ასაკობრივი პენსია, საარსებო მინიმუმს აღემატება, თუმცა ცხადია ისიც, რომ არც 250 და არც 280 ლარი არსებობისთვის საკმარისი არაა. ფორმულა რის მიხედვითაც საარსებო მინიმუმი ითვლება, ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს, 2003 წლის მაისშია შემუშავებული. საარსებო მინიმუმის კალათა 40 დასახელების მხოლოდ საკვებ პროდუქტს აერთიანებს. საკვები პროდუქტის წილი 70%-ია. გამოდის, რომ ადამიანმა საარსებოდ 173 ლარი კვებისთვის უნდა იმყოფინოს, ხოლო დარჩენილი 74 ლარი მედიკამენტებისთვის, კომუნალური გადასახადებისთვის, ჰიგიენის საშუალებებისთვის, მგზავრობისთვის და სხვა დანარჩენი — პროდუქტებისა თუ მომსახურების შესაძენად.
ასაკობრივი პენსია, საარსებო მინიმუმს აღემატება, თუმცა ცხადია ისიც, რომ არც 250 და არც 280 ლარი არსებობისთვის საკმარისი არაა"
რამდენი უნდა იყოს საარსებო მინიმუმი და რა უნდა შედიოდეს მასში, ამაზე მსოფლიოში კონსენსუსი არ არსებობს. ყველაფერი ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული. დღეს საქართველო ბევრად უფრო მდიდარია, ვიდრე 2003 წელს, თუმცა ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად ჩამორჩება თუნდაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს. საარსებო მინიმუმის დათვლის გადახედვის საკითხი ბევრჯერ დაისვა, თუმცა საქმე ბოლომდე არასდროს მისულა. თუ აღმოჩნდა, რომ საარსებო მინიმუმი პენსიაზე მეტია, ეს პოლიტიკურად არამომგებიანი იქნება.
Euronews EuroNews Payroll-ის და Moorepay-ის ჩატარებული კვლევის თანახმად საქართველოში პენსია ცხოვრების საჭირო ხარჯების მხოლოდ 22%-ის დასაფარადაა საკმარისი. პოლონეთში პენსია ძირითადი ხარჯების 112%-ს ფარავს, ირლანდიაში 126%-ს, შვეიცარიაში 131%-ს, ნიდერლანდებში 159%-ს, დანიაში 189%-ს და ფინეთში 208%-ს. აღმოსავლეთ ევროპაში ეს მაჩვენებელი ბევრად დაბალია და ბულგარეთისთვის 78%-ს შეადგენს, ხოლო უკრაინისთვის 29%-ს. ევროპის ქვეყნებიდან საქართველოზე დაბალი მაჩვენებელი მხოლოდ სომხეთს აქვს 18%.
საქართველოში პენსია ცხოვრების საჭირო ხარჯების მხოლოდ 22%-ის დასაფარადაა საკმარისი"
პენსიების ზრდის შესახებ საუბრისას, აუცილებელია იმის აღნიშვნაც, რომ საანგარიშო პერიოდში პენსიონერთა რაოდენობა 206 ათასით, 683 ათასიდან 889 ათასამდე გაიზარდა. შესაბამისად პენსიონერთა პენსიით უზრუნველყოფისთვის გამოყოფილი თანხების ჯამური მოცულობა უფრო მეტად გაიზარდა ვიდრე ერთი პენსიონერის ნომინალური პენსია. 2012 წელს პენსიების გაცემაზე ბიუჯეტის 13.7% დაიხარჯა, 2025 წელს — 16.1%.
ასაკობრივი პენსია
ხელფასები
მდგომარეობა მსგავსია საშუალო ხელფასების მხრივაც, თუმცა არის რამდენიმე განსხვავებაც: თუ ერთი ასაკობრივი კატეგორიის პენსიონერებს პენსია თანაბრად ეზრდებათ, ხელფასების ზრდა არათანაბარია და საშუალო მონაცემი მხოლოდ ზოგად ტენდენციას ასახავს; პენსიისგან განსხვავებით საშუალო ნომინალური ხელფასი ყოველწლიურად იზრდებოდა და რეალური საშუალო ხელფასი არასდროს შემცირებულა, თუმცა 2018-2021 წლებში რეალური ხელფასის ზრდა მხოლოდ 1% იყო. შეიძლება ითქვას, რომ 2019, 2020 და 2021 წლებში რეალური ხელფასი არ გაზრდილა.
ყოველთვიური საშუალო დასაბეგრი ხელფასი
ფოტო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
ნომინალური ხელფასი 2025 წელს 2012 წელთან შედარებით 220%-ით, ხოლო რეალური ხელფასი 86%-ით იყო გაზრდილი. ზრდა ფიქსირდება ჩაშლილად, საქმიანობის სახეების, სქესის, რეგიონებისა თუ საკუთრების ფორმის მიხედვით, თუმცა ბოლო დეტალური მონაცემები მხოლოდ 2024 წლით თარიღდება.
ნომინალურად სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა ხელფასები 2024 წელს 2012 წელთან შედარებით 156%-ით 656-დან 1681 ლარამდე იყო გაზრდილი, არასახელმწიფო სექტორში უფრო მეტად 183%-ით 749-დან 2117 ლარამდე. 2025 წელს საშუალო წლიური ნომინალური ხელფასი დაახლოებით 2 280 ლარი იყო თვეში.
აღსანიშნავია, რომ როგორც ნომინალური, ასევე 2012 წლის ფასებში დათვლილი ხელფასები ასახავს დასაბეგრ მონაცემებს. დასაქმებულთა დიდი ნაწილი სავალდებულო საპენსიო სქემაშია ჩართული და ცალკეული საშეღავათო გამონაკლისების გარდა ყველა დასაქმებული იხდის საშემოსავლოს, რის შემდეგაც (2025 წლის) ნომინალური ხელფასი 2283 ლარი ხელზე ასაღებ 1790-1826 ლარამდე მცირდება, რაც თავის მხრივ 2012 წლის ფასებით 1037-1058 ლარს უდრის.
2023 წლიდან საჯარო სექტორში დასაქმებულებს ხელფასები წლიურად 10%-ით ეზრდებათ.
პოლიტიკური თანამდებობის პირებს, რიგით საჯარო მოხელეებთან შედარებით, ხელფასები ბევრად უფრო დიდი მოცულობით გაეზარდათ. რიგითი დეპუტატის ხელფასი 2025 წლიდან ერთბაშად 153%-ით 4624-დან 11 680 ლარამდე გაიზარდა. მინისტრის ხელფასი 5500-6750 ლარიდან 12 400 ლარამდე ანუ 84%-125%-ით. მკვეთრად გაიზარდა ასევე პრემიერის, პრეზიდენტისა და სხვა უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების შრომის ანაზღაურებაც.
ხელფასების ზრდა 2026 წელსაც გაგრძელდა, რის შემდეგაც დეპუტატის შრომის ანაზღაურება 12 800 ლარს, მინისტრის 13 600 ლარს, პარლამენტის თავმჯდომარის, პრემიერისა და პრეზიდენტის ხელფასი 16 000 ლარს გაუტოლდა. ხელფასები გაიზარდა ასევე თვითმმართველობებსა და სასამართლოებშიც.
ყოველთვიური საშუალო დასაბეგრი ხელფასი
ფოტო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
მშპ
ხელფასებისა და პენსიების ზრდა ეკონომიკური ზრდიდან მომდინარეობს. გრძელვადიან პერიოდში ხელფასებისა და მშპ-ის ზრდის ტემპი ახლო-ახლოსაა, თუმცა არაა აუცილებელი პირდაპირპროპორციული იყოს. 2013-2025 წლებში ხელფასები 86%-ით და რეალური მშპ 101%-ით გაიზარდა. მოკლევადიან პერიოდში კი უფრო დიდი აცდენებიც დასაშვებია, განსაკუთრებით პენსიის შემთხვევაში. 2019 წელს ეკონომიკური ზრდის მიუხედავად რეალური ხელფასები თითქმის არ გაზრდილა. 2020 წელს ეკონომიკური ვარდნის მიუხედავად პენსიები მაინც გაიზარდა.
2012 წელს მიმდინარე ფასებში დათვლილი მშპ ₾27.9 მლრდ-ს შეადგენდა, 2025 წელს ₾104.6 მლრდ-ს, 13 წელიწადში ნომინალურად ის 3.75-ჯერ გაიზარდა, რეალურად კი მხოლოდ გაორმაგდა. მშპ-ს რეალური ზრდის გასაგებად, უფრო ზუსტი მეთოდი დეფლატორის გამოყენებაა. დეფლატორი შეიძლება განიმარტოს როგორც გაფართოებული ადგილობრივი ინფლაცია. 2013-2025 წლებში კუმულაციურმა დეფლატორმა 87%-ს მიაღწია. გარდა დეფლატორისა საქსტატს ასევე აქვს მუდმივ 2019 წლის ფასებში დათვლილი მშპ-ს მონაცემებიც, კიდევ ერთი გზა მშპ-ის ზრდის ტემპების ერთმანეთზე გადამრავლებაა და ყველა შემთხვევაში 2025 წლისთვის 2012 წელთან შედარებით ზრდა 101% იქნება.
ნომინალური და რეალური მშპ (მლრდ. ლარი)
ფოტო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
სახელმწიფო ბიუჯეტი
სახელმწიფო ბიუჯეტის გადაანგარიშებაც მუდმივ ფასებში უფრო სწორი დეფლატორის მეთოდით იქნება. ბიუჯეტში ყველა სახის შემოსავალი შემოსულობებში აღირიცხება, ყველა სახის ხარჯი გადასახდელებში. 2012 წელს შემოსულობები ₾8 მლრდ-ს შეადგენდა, გადასახდელები ₾7.9 მლრდ-ს. 13 წელიწადში მონაცემები ნომინალურად 244-258 პროცენტით გაიზარდა, მუდმივ ფასებში დათვლით კი 84-91 პროცენტით.
სახელმწიფო ბიუჯეტი (მლნ. ლარი)
ფოტო: ფინანსთა სამინისტრო
ქართული ოცნების მმართველობის დროს, რეალური ეკონომიკის მოცულობა, სახელმწიფო ბიუჯეტი, საშუალო ხელფასი და ასაკობრივი პენსია ნამდვილად გაიზარდა. მუდმივ ფასებში დათვლით ეს ზრდა 85%-110%-ის ფარგლებში ვარირებდა, 250%-300%-იანი ზრდები, ნომინალური მაჩვენებლებია და რეალობას არ ასახავს. თეორიული დაშვებით ჰიპერინფლაციის პირობებში, თუ ხელფასი 900%-ით გაიზარდა, მაგრამ იმავე პერიოდში პროდუქტი 1900%-ით გაძვირდა, ხელფასის ამღების რეალური შემოსავალი 10-ჯერ კი არ იქნება გაზრდილი 2-ჯერ იქნება შემცირებული. საქართველოში ადრეული 90-იანების შემდეგ ჰიპერინფლაცია აღარ მომხდარა და ბოლო 30 წელიწადში, სამივე ხელისუფლების მმართველობის დროს, ნომინალური შემოსავლების ზრდაც ფასების ზრდას აჭარბებდა, რაც რეალური ზრდის მანიშნებელია, თუმცა ობიექტური სურათის მისაღებად ნომინალური და რეალური ზრდები მაინც უნდა გაიმიჯნოს.
2013-2025 წლებში საშუალო ნომინალური ხელფასი მართალია 220%-ით გაიზარდა, მაგრამ ჯამურ 73%-იანი ინფლაციის პირობებში, ხელფასის რეალური მსყიდველუნარიანობა მხოლოდ 86%-ით გაიზარდა. გამოთვლა ემყარება საშუალო მაჩვენებელს. ხელფასები თანაბრად ყველასთვის 220%-ით არ გაზრდილა, ზოგ სფეროში მეტით იყო ზრდა, ზოგში ნაკლებით. ამასთან სამომხმარებლო კალათაში შესული 305 დასახელების პროდუქტიდანაც ყველა თანაბრად არ გაძვირებულა, პროდუქტის ნაწილი 100-150 პროცენტითაც გაძვირდა, ნაწილი უფრო ნაკლებით. შესაბამისად პერსონალურ დონეზე რეალური შემოსავლების ზრდა ინდივიდუალურია და ეს არ ეხება მხოლოდ ქართული ოცნების მმართველობის პერიოდს.
გარდა იმისა რომ შემოსავლების ზრდა არ ყოფილა თანაბარი, პროდუქტიც არათანაბრად გაძვირდა და ამ წინადადებას რომ დავუბრუნდე: პერსონალური ინფლაცია უფრო მეტია, ვიდრე ოფიციალური საშუალო ინფლაცია და ნაწილისთვის პერსონალური ინფლაცია ნაკლებია.
კურსის ცვლილების გავლენა
რეალური შემოსავლების დასათვლელად კიდევ ერთი მცდარი მიდგომა ეროვნული ვალუტის დოლარში გადაკონვერტირებაა. კურსი ცხადია ფასებზე ახდენს გავლენას, განსაკუთრებით იმპორტდამოკიდებულ ქვეყანაში, მაგრამ ფასები კურსის პირდაპირპროპორციულად არ იცვლება. 2015 წელს კურსი 28%-ით გაუფასურდა, თუ 2014 წელს დოლარი საშუალოდ 1.77 ლარი ღირდა, 2015 წელს 2.27-ს გაუტოლდა, მაგრამ 2015 წელს ინფლაციის განაკვეთმა 4% შეადგინა და არა 28%. ამის საპირისპიროდ 2022 წელს კურსის 9%-იან გამყარებას 11.9%-იანი ინფლაცია მოჰყვა.
კურსი ცხადია ფასებზე ახდენს გავლენას, განსაკუთრებით იმპორტდამოკიდებულ ქვეყანაში, მაგრამ ფასები კურსის პირდაპირპროპორციულად არ იცვლება"
გარდა იმისა, რომ ბაზარზე იმპორტირებულის გარდა ადგილობრივი პროდუქტიც იყიდება, ასევე მნიშვნელოვანია კურსის ცვლილება სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებთან, თუ ლარის პარალელურად მეზობელი ქვეყნების ვალუტებიც უფასურდება, რაც მოხდა 2015 წელს მაღალი ინფლაციის რისკი მცირდება. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ უცხოური საიტიდან გამოწერისას კურსის ცვლილება ხარჯის ცვლილებაზე გადამწყვეტ გავლენას ახდენს, მოსახლეობის მთლიანი ხარჯების უმეტესობა მაინც ადგილობრივ ბაზარზე მოდის, შესაბამისად ხელფასის/პენსიის რეალურ მსყიდველუნარიანობაზე კურსის ცვლილებაზე მეტ გავლენას სამომხმარებლო ფასების ცვლილება ახდენს.
2026 წლის წლიური ინფლაციის შესახებ ცნობილი 2027 წლის იანვარში გახდება, იანვარ-აპრილის მდგომარეობით კი ინფლაციის ტემპი დაჩქარებულია და 4.9%-იან ნიშნულამდეა გაზრდილი.
კომენტარები