ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჩატარებული რვა საპარლამენტო არჩევნებითა და მუდმივი სამთავრობო კრიზისებით, ბულგარეთი ევროკავშირის ერთ-ერთ ყველაზე არასტაბილურ წერტილად იქცა. 2025 წლის დეკემბერში სოფიაში მიმდინარე მასშტაბურმა პროტესტმა, რომელმაც სამ კვირაში პრემიერმინისტრ როსენ ჟელიაზკოვის გადადგომა გამოიწვია, კიდევ ერთხელ დააყენა დღის წესრიგში მთავარი კითხვა: ეს სამოქალაქო საზოგადოების სიმწიფის ნიშანია, თუ სახელმწიფო ინსტიტუტების სრული მოწყვლადობის? სიტუაციას კიდევ უფრო ამძაფრებს ქვეყნის შიგნით არსებული სისტემური კორუფცია, რომლის გამოც ბრიუსელმა სოფიას 10 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გაუყინა.

ამ გეოპოლიტიკური და უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე, ბულგარეთის მმართველი ძალის, ექსპრეზიდენტისა და ამჟამინდელი პრემიერის, რუმენ რადევის პოზიციები დასავლელ პარტნიორებში სულ უფრო მეტ კითხვას აჩენს. რადევს, რომელსაც უკრაინის სამხედრო დახმარების ბლოკირებისა და კრემლის მიმართ რბილი რიტორიკის გამო ხშირად სლოვაკეთის პრორუს ლიდერ რობერტ ფიცოს ადარებენ, წინა საარჩევნოდ ოლიგარქიული გავლენების დასრულების დაპირება ჰქონდა.

რამდენად რეალურია ახალი მთავრობის ანტიკორუფციული გეგმები, შეძლებს თუ არა ქვეყანა ევროპული ფონდების დებლოკირებას, რა როლს ითამაშებს ბრიუსელი ამ პროცესში, რა მსგავსებაა რადევსა და პრორუს სლოვაკ პრემიერ ფიცოს შორის, როგორია ბულგარეთის ხედვა ევროკავშირის გაფართოებაზე — NEWS.On.ge საქართველოს უნივერსიტეტის უსაფრთხოების პლატფორმის მკვლევარს, ხატია დავლიანიძეს ესაუბრა.

2025 წლის დეკემბერში ბულგარეთში გამართულმა პროტესტმა სამ კვირაში მიაღწია მიზანს — ეს ბულგარული სამოქალაქო საზოგადოების სიმწიფისა და ძლიერების ნიშანია, თუ სისტემის სისუსტის? და კიდევ: ვინ შეგვიძლია პროტესტის ტალღის გამარჯვებულად ჩავთვალოთ, სამოქალაქო საზოგადოება თუ თავად რადევი?

ხატია დავლიანიძე UG უსაფრთხოების პლატფორმის მკვლევარი

ხატია დავლიანიძე UG უსაფრთხოების პლატფორმის მკვლევარი

ხატია დავლიანიძე, საქართველოს უნივერსიტეტის უსაფრთხოების პლატფორმის მკვლევარი: როდესაც ბულგარეთში პროტესტი დაიწყო, დაახლოებით სამ კვირაში მაშინდელმა პრემიერმინისტრმა, როსენ ჟელიაზკოვიმ, გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. არ ვიცი, რამდენად უნდა აღვიქვათ ეს სამოქალაქო საზოგადოების სიძლიერედ იმიტომ, რომ იქამდე კოალიციურ მთავრობას ხუთჯერ გამოუცხადეს უნდობლობა. ეს მთავრობა მხოლოდ იმიტომ არ იშლებოდა, რომ არსებობდა ერთი პარტია, რომელიც კოალიციაში არ შედიოდა, მაგრამ საპარლამენტო მხარდაჭერა მუდმივად ჰქონდა. მოქმედი პრემიერმინისტრისთვის უნდობლობის გამოცხადება მეექვსედაც იგეგმებოდა, მაგრამ მან გადადგომის გადაწყვეტილება ამ პროცესამდე რამდენიმე საათით ადრე მიიღო. პარალელურად კი, რა თქმა უნდა, საპროტესტო აქციებიც მიმდინარეობდა.

მე ვფიქრობ, ეს უფრო პოლიტიკური და სახელმწიფო ინსტიტუტების სისუსტეა, რადგან სისტემა ძალიან მოწყვლადია — ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საპარლამენტო არჩევნები რვაჯერ ჩატარდა. აქედან კოალიციური მთავრობა მხოლოდ სამჯერ ჩამოყალიბდა და ისიც, საუკეთესო შემთხვევაში, მაქსიმუმ ერთი წელი ძლებდა — როგორც წესი, ექვს-რვა თვეში იშლებოდა ხოლმე.

ბუნებრივია, იმ წნეხს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რომ პარლამენტის მიმდებარედ მრავალათასიანი საპროტესტო აქცია იმართებოდა, მაგრამ მე მგონია, რომ ეს კოალიცია ნებისმიერ შემთხვევაში დაიშლებოდა, რადგან უნდობლობის ვოტუმს მეექვსედ ვეღარ გადაურჩებოდა. შესაბამისად, სახეზეა ორივე ფაქტორი: ერთი მხრივ, სახელმწიფო ინსტიტუტების სისუსტე, რის გამოც სისტემა ნებისმიერ კრიზისზე იშლება და მოწყვლადია, ხოლო, მეორე მხრივ, ქუჩაში ასი ათასობით ადამიანის გამოსვლა. ეს იყო ბოლო 25-30 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქციები, რაც კი სოფიაში გამართულა, რამაც თავისი გავლენა ნამდვილად იქონია.

რადევს, მისი პოლიტიკური შეხედულებებიდან გამომდინარე, ხშირად ადარებენ რობერტ ფიცოს. სად არის ამ ორ პოლიტიკოსს შორის არსებითი მსგავსება და განსხვავება?

მთავარი მიზეზი, რის გამოც ფიცო და რადევი პრორუსებად აღიქმებიან, ორ ძირითად საკითხს უკავშირდება. პირველი უკრაინის დახმარებაა: არც ერთი მათგანი არ უჭერს მხარს სხვა სახელმწიფოების მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას. მეორე საკითხი კი ის არის, რომ ისინი რუსეთს აგრესორად არ მოიხსენიებენ და ღიად არ ამბობენ, რომ რუსეთი თავს დაესხა სუვერენულ სახელმწიფოს. მსგავს განცხადებებს საერთოდ არ აკეთებენ.

რადევის შემთხვევაში, ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ 2026 წლის გაზაფხულზე, ორი თვის წინ, ბულგარეთსა და უკრაინას შორის გაფორმდა 10-წლიანი თავდაცვითი ხელშეკრულება, რომელიც თავდაცვისა და შეიარაღების სფეროში თანამშრომლობას ითვალისწინებს. რადევი კი ამ შეთანხმების გაუქმებას უჭერს მხარს და ეს მისი წინა საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი იყო.

მეორე საკითხია ენერგოდამოუკიდებლობა. ბულგარეთი წლების განმავლობაში იყო დამოკიდებული რუსულ ბუნებრივ აირსა და ნავთობზე. როდესაც 2022 წლის თებერვალში რუსეთი უკრაინას თავს დაესხა, ბულგარეთის ხელისუფლებაში პროდასავლური მთავრობა იყო კირილ პეტკოვის ხელმძღვანელობით. პეტკოვმა უარი განაცხადა ბუნებრივი აირის საფასურის რუბლში გადახდაზე, რის გამოც "გაზპრომმა" ბულგარეთს მიწოდება შეუჩერა. ამის შემდეგ ბულგარეთმა სრული დივერსიფიკაცია მოახდინა. ასე რომ ქვეყანას ეს პრობლემა დღეს აღარ აქვს. თუმცა, რადევი ამ თემას მუდმივად იყენებს სპეკულაციისთვის. ის აცხადებს, რომ რუსული ენერგორესურსები უფრო იაფია და ბულგარეთის მოსახლეობა, რომელსაც ისედაც მწვავე ეკონომიკური პრობლემები აქვს, ბუნებრივ აირსა და ნავთობში ამდენ ფულს არ უნდა ხარჯავდეს. არადა, სინამდვილეში ბულგარეთი ახლა გაცილებით ნაკლებს იხდის, ვიდრე თავის დროზე "გაზპრომს" უხდიდა.

სწორედ ამიტომ ადარებენ რადევს ფიცოს — ეს უკანასკნელიც მსგავს განცხადებებს აკეთებს და არ უჭერს მხარს უკრაინის დახმარებას. თუმცა, სანამ უნგრეთის ხელისუფლებაში ვიქტორ ორბანი იყო, ფიცოს განცხადებები ბევრად უფრო ხისტი გახლდათ, რადგან ევროკავშირში ძლიერი თანამოაზრე ჰყავდა. ახლა კი ვიქტორ ორბანიც აღარ არის ხელისუფლებაში და ერიდება ხისტ განცხადებებს.

ფიცო და რადევი არ უჭერენ მხარს სხვა სახელმწიფოების მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას და ისინი რუსეთს აგრესორად არ მოიხსენიებენ"

როგორია რადევის ხედვა ევროკავშირის გაფართოებასთან მიმართებაში და, ამ მხრივ, შეიძლება თუ არა ვიფიქროთ, რომ ის ფიცოს მოკავშირე იქნება ბლოკის გაფართოებისა და უკრაინის ფინანსური დახმარების დაბლოკვის საქმეში?

ზოგადად რადევი ევროკავშირის გაფართოებას და ახლანდელ კანდიდატ ქვეყნებს მხარს უჭერს, თუმცა ეწინააღმდეგება დაჩქარებულ გაწევრიანებას. ის მიიჩნევს, რომ ყველა სახელმწიფომ სტანდარტული გზა უნდა გაიაროს, პროცესი დამსახურებაზე დაფუძნებული უნდა იყოს და არა იმაზე, რომ რომელიღაც ქვეყანაში ამჟამად ომი მიმდინარეობს. ეს არის მისი მკაფიო პოზიცია უკრაინასთან დაკავშირებით.

რადევი EU-ის გაფართოებას და კანდიდატ ქვეყნებს მხარს უჭერს, თუმცა ეწინააღმდეგება დაჩქარებულ გაწევრიანებას"

მიუხედავად იმისა, რომ ბულგარეთში ფაქტობრივად ყველა პარტია აცხადებს, რომ ანტიკორუფციული პოლიტიკის გატარება პრიორიტეტია, რა უშლით ხელს? არსებობს თუ არა კონკრეტული სტრუქტურული დაბრკოლებები და როგორ წარმოგიდგენიათ რეფორმაციის პროცესი რეალურად?

ბულგარეთი ევროკავშირში ყველაზე კორუმპირებულ სახელმწიფოდ ითვლება. ეს პრობლემა ათწლეულებია არსებობს, მას შემდეგ, რაც 90-იან წლებში ქვეყანა დემოკრატიული განვითარების გზას დაადგა. არსებობს ორი მთავარი მიზეზი, რის გამოც პრობლემა ვერ გვარდება.

პირველი ის არის, რომ კორუფციას სისტემური და მასშტაბური ხასიათი აქვს, მაგრამ, მაგალითად, უნგრეთისგან განსხვავებით, სადაც აბსოლუტურად ყველაფერს ვიქტორ ორბანი აკონტროლებდა, ბულგარეთში პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენები რამდენიმე ადამიანს შორის არის გადანაწილებული. ერთ-ერთი მათგანია ბოიკო ბორისოვი, რომელსაც ძალიან დიდხანს ეკავა პრემიერმინისტრის თანამდებობა და პარტია გერბის (GERB) ლიდერი. ეს პარტია ბოლო ათწლეულების განმავლობაში ხან ხელისუფლებაშია, ხან — ოპოზიციაში. ბორისოვი უდიდეს გავლენებს ფლობს და ბულგარეთში არსებული კორუფციული სქემების მინიმუმ ნახევარში ფიგურირებს. ვინაიდან ის მუდმივად წამყვანი პოლიტიკური ფიგურაა, ბუნებრივია, როდესაც მისი პარტია ხელისუფლებაშია, საკუთარი თავის წინააღმდეგ გამოძიებას ვერ დაიწყებს.

ბულგარეთი ევროკავშირში ყველაზე კორუმპირებულ სახელმწიფოდ ითვლება"

მეორე ასეთი ფიგურაა უფლებებისა და თავისუფლებების მოძრაობის ლიდერი დელიან პეევსკი. ესაა პარტია, რომელიც ეთნიკური თურქების უფლებებს იცავს. პეევსკი ბულგარული მედიასაშუალებების დაახლოებით 85%-ს აკონტროლებს, მის სახელზეა რეგისტრირებული უამრავი კომპანია და ფლობს უმსხვილეს ბიზნესებს. პარლამენტის შიგნით პეევსკი ყოველთვის მხარს უჭერს გერბს, მაშინაც კი, როცა ოფიციალურად კოალიციაში არ არიან. როდესაც ეს ორი ძალა თავად არის ჩართული მსგავს კორუფციულ სქემებსა და გარიგებებში, ცხადია, რომ ხელისუფლებაში ყოფნისას ისინი რეფორმებს არ გაატარებენ.

მეორე ფაქტორი, რის გამოც რეფორმები ვერ ხორციელდება არის ის, რომ ბოლო წლების განმავლობაში ბულგარეთს ქმედითუნარიანი მთავრობა საერთოდ არ ჰყოლია. როდესაც მთავრობა ყოველ ექვს ან ცხრა თვეში ერთხელ იშლება, ის ფიზიკურად ვერ მოასწრებს რეფორმების გატარებას. თანაც პრობლემა იმდენად მასშტაბურია, რომ მას ექვსი თვე კი არა, შესაძლოა, ერთი სრული ოთხწლიანი საპარლამენტო ვადაც არ ეყოს. კორუფცია მხოლოდ მაღალ ეშელონებში არ არის — ის ყოველდღიურ ცხოვრებაშია გამჯდარი. ყველაზე ელემენტარული მაგალითი — როდესაც საზოგადოებრივ ტრანსპორტში ადამიანს აჯარიმებენ, მან შეიძლება კონტროლიორს ქრთამი მისცეს, რათა ჯარიმა თავიდან აირიდოს. აი, ასეთი მასშტაბისაა პრობლემა.

რადევის მთავარი დაპირება სწორედ ის არის, რომ დაასრულებს ამ ორი ადამიანის ოლიგარქიულ გავლენას, რადგან მიიჩნევს, რომ მათი ჩამოშორების შემდეგ ანტიკორუფციული რეფორმების გატარება ბევრად უფრო მარტივი გახდება.

როგორ წარმოგიდგენიათ ევროკავშირის ნაბიჯები ბულგარეთის ახალ მთავრობასთან მიმართებით? როგორ უნდა მიუდგეს ბრიუსელი სოფიას ისე, რომ ის იდეოლოგიურადაც სანდო და ეკონომიკურადაც სტაბილურ პარტნიორად დარჩეს? როგორ შეიძლება ენდოს ევროკავშირი ბულგარეთის მთავრობას ანტიკორუფციული რეფორმების ჩავარდნების ფონზე?

ჩემი აზრით, ევროკავშირი ახლა საკმაოდ ოპტიმისტურად არის განწყობილი რადევის მიმართ, რადგან ამდენი წლის განმავლობაში პირველად მოხდა, რომ ერთმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ პარლამენტში ამხელა მხარდაჭერა მოიპოვა. ეს მას აძლევს რეალურ შანსს, რომ ანტიკორუფციული რეფორმები ბოლომდე მიიყვანოს, რაშიც ბრიუსელიც დაეხმარება. თუ ბრიუსელი დაინახავს, რომ რადევი მონდომებულია და სტრატეგიით გაწერილ ნაბიჯებს მიჰყვება, ბუნებრივია, თანხებს აღარ გაუყინავს და პირიქით, მაქსიმალურად შეუწყობს ხელს.

მაგრამ, თუ პროცესი დროში გაიწელება, რეფორმები არ გატარდება და ბრიუსელი დაინახავს, რომ ქვეყანა ძველი, კორუმპირებული გზით აგრძელებს სვლას, ევროკავშირი ბულგარეთის წინააღმდეგ პირობითობის მექანიზმს აუცილებლად აამუშავებს. მოხდება ის, რაც უნგრეთის შემთხვევაში მოხდა, როდესაც ქვეყანას წლების განმავლობაში ჰქონდა ფონდები გაყინული. ბულგარეთი ამას დიდხანს ვერ გაუძლებს, ეკონომიკის ჩამოშლასთან ერთად, პირველ რიგში, თავად რადევის მთავრობა დაემხობა.