ადამიანების უმეტესობა ვიდეოთამაშებს რეალობისგან გასაქცევად ირჩევს. გამოგონილ სამყაროში სხვადასხვა როლს ვირგებთ, რეალობაში კი ალბათ უცნაური იქნება, კოვბოის ჩექმები რომ ამოვიცვათ და ქუჩებში რევოლვერებით სირბილი დავიწყოთ. თუმცა, საკმაოდ ბევრი ვიდეოთამაში რეალურ სამყაროს ეფუძნება: შეიძლება, რეალურ პერიოდს ეხებოდეს, რეალური ადგილის მიხედვით იყოს შექმნილი ან თუნდაც, ერთი ერთში იმეორებდეს რეალურად არსებულ ღირსშესანიშნაობას.

თუ ვიდეოგეიმინგი და მოგზაურობა გიყვართ, მაშინ ეს 10 თამაში თქვენთვისაა:

1. Splinter Cell — თბილისი

ფოტო: Ubisoft

დავიწყოთ კლასიკით, რომელიც შეიძლება ერთი ერთში არ იმეორებდეს ადგილს, თუმცა გეიმინგის ისტორიაში მნიშვნელოვანი ნამუშევარია და მისი სიუჟეტი არც მეტი, არც ნაკლები, თბილისის ქუჩებში იწყება. თამაშებში რეალური ადგილების გაცოცხლებით Ubisoft ცნობილია და ამ მხრივ გამონაკლისი არც Splinter cell-ის სერიაა. კერძოდ, თამაშის პირველი ნაწილის პირველ მისიაში, ამერიკული საიდუმლო სამსახურის აგენტი სემ ფიშერი ღამის ხედვის ხელსაწყოთი და მაყუჩიანი იარაღებით ხელში, ძველი თბილისის ქუჩებსა და სახურავებზე დაეხეტება. ხის აივნები, ვიწრო ქუჩები და ქართული წარწერები ქართველ გეიმერს ძალიან ნაცნობ და სასიამოვნო გრძნობებს უღვივებს.

2. Metal Gear Rising: Revengeance — სოხუმი

ფოტო: Konami

წარმოიდგინეთ, რომ 2018 წელია და ჩეჩენი ექსტრემისტი, ანდრეი დოლჟაევი, აფხაზეთის მთავრობის გადატრიალებას ცდილობს. ამ დროს კი თამაშის მთავარი პერსონაჟი, კიბორგი რეიდენი, შავი ზღვის სანაპიროზე ასევე კიბორგ ძაღლებსა და რობოტებს ებრძვის. სასაცილო წარმოსადგენია, ხომ? ხუმრობის გარეშე, MGR ნამდვილად კარგად ასახავს დასავლეთ საქართველოს თავისი სანაპიროებით, პალმებით, ლამაზი ბუნებითა თუ შენობებით. თუ გსურთ, რომ აფხაზეთის ქუჩებში სუპერსიჩქარით ირბინოთ და შენობებზე აძვრეთ, ეს თამაში არ უნდა გამოტოვოთ!

3. Watch Dogs 2 — სან-ფრანცისკო

ფოტო: Ubisoft

ახალგაზრდა ჰაკერებისგან შემდგარი დაჯგუფება მულტიმილიარდერ კომპანიას ებრძვის, რომელიც სამყაროს გაკონტროლებას ახალი ტექნოლოგიებით ცდილობს. ამ ულამაზეს ქალაქს ვიდეოთამაშებში ხშირად ვერ ვხვდებით, თუმცა Ubisoft-მა მისი გაცოცხლება იდეალურად შეძლო როგორც Watch Dogs-ში, ისე სარბოლო ჟანრის Driver: San Francisco-ში. თამაშის პროცესში ნამდვილად არ მოგბეზრდებათ სან-ფრანცისკოში სეირნობა, ოქროს კარიბჭის ხიდზე გავლა, ამ ქალაქის ცნობილ დახრილ ქუჩებზე მანქანის ტარება და შენობებზე ძრომიალი. თბილ ფერებთან ერთად, ეს ქალაქი სიცოცხლითაც არის სავსე და მის ქუჩებში ხეტიალით ნამდვილად არ დაიღლებით.

4. Assassin’s Creed Unity — პარიზი

ფოტო: Ubisoft

ახლა კი ცოტახნით წარსულშიც ვიმოგზაუროთ: მე-18 საუკუნეა, საფრანგეთში რევოლუციები მძვინვარებს, ახალგაზრდა ასასინი არნო დორიანი კი, მამის მკვლელებს დასდევს და პარიზის მჭიდრო ქუჩებში სახურავებზე დაძვრება. Ubisoft-მა პარიზი იმდენად ზუსტად გააცოცხლა, რომ ნოტრ-დამის ხანძრის შემდეგ, ინტერნეტში მითიც კი გავრცელდა, თითქოს ტაძრის აღსადგენად სწორედ ამ თამაშს იყენებდნენ. ზოგადად, Assassin’s Creed-ის სერიას ისტორიული ადგილების ავთენტურად ჩვენება კარგად გამოსდის, თუმცა კონკრეტულად Unity-სა და მის შემდგომ ნაწილში რეალური სამყაროს ასახვამ ალბათ სრულიად ახალ დონეს მიაღწია.

5. Assassin’s Creed Syndicate — ლონდონი

ფოტო: Ubisoft

მომდევნო ნაწილი Assassin’s Creed Syndicate-ია, რომლის მოქმედებაც მე-19 საუკუნის ინდუსტრიულ ლონდონში ვითარდება. აქ დაგხვდებათ ვიქტორიანული არქიტექტურა, ფართო ქუჩები, ეტლები და მთავარი გმირი, რომელიც სააბორდაჟო კაუჭიანი იარაღით ბიგ-ბენზე წამებში ძვრება. კვამლისა და დაბინძურებული ჰაერის მიუხედავად, ნამდვილად სასიამოვნოა ვიქტორიანული ლონდონის ქუჩებში სეირნობა, სახურავებზე ხეტიალი და ბუკინგემის სასახლეში შეპარვაც.

6. Marvel’s Spider-man — ნიუ-იორკი

ფოტო: Sony Interactive Entertainment

წარმოიდგინეთ, საყვარელ თამაშს თამაშობთ საყვარელ სუპერგმირზე — ადამიან ობობაზე, მანჰეტენის ცათამბჯენებს შორის ქსელებით დაფრინავთ და უცბად, თქვენს სახლს ხედავთ. რას იფიქრებთ? ალბათ, გაოცდებით. ზუსტად ეს დაემართა ერთ-ერთ მოთამაშეს, როდესაც მარველის ადამიან ობობას თამაშობდა. ხანდახან რეალობასა და ვიდეოთამაშს შორის მსგავსებები გამაოგნებელია. ასე რომ, თუ მანჰეტენში ცხოვრობთ და ამ თამაშს თამაშობთ, დიდი შანსია, ადამიანი ობობა თქვენს ფანჯრებზე დაძვრებოდეს.

7. Division 2 — ვაშინგტონი

ფოტო: Ubisoft

თუ ადამიანი ობობა მანჰეტენში დაფრინავს, Tom Clancy’s Division-ის მთავარ პერსონაჟები მანჰეტენსა და დამატებით, ვაშინგტონშიც დაეხეტებიან. ალბათ, ამ სიაში ყველაზე ზუსტად Division-ის სერიაშია ნაჩვენები რეალური ადგილები. მოთამაშეების უმეტესობა აღნიშნავს, რომ ვირტუალური ვაშინგტონის ქუჩებში სიარულისას ადგილებს ხშირად ცნობენ და ქუჩების სახელებიც კი ემთხვევა იმას, რაც რეალურ ცხოვრებაში უნახავთ. სატელიტური მონაცემებისა და გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემების დახმარებით, Ubisoft-მა კიდევ ერთხელ მოახერხა, ქალაქი საოცარი სიზუსტით გაეცოცხლებინა.

8. Sleeping Dogs — ჰონგ-კონგი

ფოტო: United Front Games

ახლა კი ჩინეთის მჭიდროდ დასახლებულ და ვიწროქუჩებიან ქალაქში გადავინაცვლოთ. შენიღბული პოლიციელი, ვეი შენი, ჰონგ-კონგის ერთ-ერთ ყველაზე დიდ კრიმინალურ დაჯგუფებაში ახერხებს შეღწევას. განათებულ ვიწრო ქუჩებსა და სავაჭრო დახლებით სავსე ხეივნებში სიარულს ნამდვილად აქვს თავისი ხიბლი. თუ გსურთ, რომ ბრიუს ლის ცნობილი ყვითელი ტანისამოსი გეცვათ და კრიმინალებს კუნგ ფუს სტილში ეჩხუბოთ, ეს თამაში თქვენთვისაა.

9. Ghost of Tsushima — თსუშიმა

ფოტო: Sony Interactive Entertainment

თუ იაპონური კულტურა გიზიდავთ, მაშინ ხელში დაიჭირეთ კატანა, შემოიცვით სამურაის ჯავშანი და იაპონიის ერთ-ერთ ულამაზეს კუნძულზე მონღოლებს შეებრძოლეთ. ისეთი ლამაზ ფერებს, როგორებიც თსუშიმას აჩრდილში გვხვდება, ალბათ სხვა თამაშებში ვერ ნახავთ. ახალგაზრდა სამურაი ჯინ საკაი რთული არჩევანის წინაშე დგას: შეინარჩუნოს სამურაის ღირსება თუ დაუნდობელი მკვლელივით იმოქმედოს. ამ რთული გადაწყვეტილების მიღებაში კი, ფერადი ტყეები, მელიები, ირმები და სამურაის ღირსეული კოდექსი ეხმარება. სამურაის ცხენით ამ ლამაზი კუნძულის ტყეებში სეირნობისას ხშირად დაგავიწყდებათ, რომ იქვე მონღოლებს კარვები აქვთ გაშლილი.

10. L.A. Noire — ლოს-ანჯელესი

ფოტო: Rockstar Games

Rockstar-ს ნამდვილად ეხერხება თამაშებში ქალაქების გაცოცხლება, რისი ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითიც GTA-ს სერიაა. L.A. Noire განსაკუთრებულად კარგად ახერხებს 1940-იანების ლოს-ანჯელესის გაცოცხლებას. იმდროინდელი ფოტოებისა და ფილმების დახმარებით, Rockstar თამაშში საოცრად ავთენტურ ატმოსფეროს ქმნის: თავს 1940-იანი წლების ნამდვილ დეტექტივად გრძნობ, რომლის მიზანიც დანაშაულით მოცულ ქალაქში ყველა საქმის გახსნაა. ჯაზმუსიკის ფონზე კლასიკური ავტომობილებით ლოს-ანჯელესში სეირნობა ალბათ ბევრის ოცნებაა, ეს თამაში კი მსგავს ატმოსფეროს იდეალურად ქმნის.

ვიდეოთამაშები ხშირად გამოგონილ, მასშტაბურ და ფანტასტიკურ სამყაროში გვამოგზაურებს. უცხო პლანეტებზე ხეტიალსა და მფრინავი მანქანების მართვაზე უარის თქმა ძნელია, მით უმეტეს, რომ ასეთ რეალობაში ჩაკარგვა ძალიან მარტივია. მეორე მხრივ კი, რეალური სამყაროც იმდენად მრავალფეროვანია, რომ ვიდეოთამაშისთვის სხვაგვარი გარემოს გამოგონება აღარც არის საჭირო. ვიდეოთამაშები ხანდახან წარსულში გვაბრუნებს, ხანაც — რეალურ სამყაროში გვამოგზაურებს. მართალია, გეიმინგი ნამდვილ მოგზაურობას ვერ ჩაანაცვლებს, მაგრამ მისი ბევრად ხელმისაწვდომი ალტერნატივაა.