ჩინეთი პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც კოსმოსში ადამიანის "ხელოვნური ემბრიონები" გაგზავნა. მეცნიერებს სურთ გაარკვიონ, როგორ მოქმედებს მიკროგრავიტაცია და კოსმოსური რადიაცია ადამიანის გამრავლებასა და ჩანასახის განვითარებაზე. შესაძლოა, მიღებული ინფორმაცია მომავალში მთვარეზე ან მარსზე კოლონიების დაარსებისას გამოგვადგეს.

ემბრიონის მსგავსი სტრუქტურები, რომლებიც ცოცხალი ადამიანის ღეროვანი უჯრედებისგანაა შექმნილი, კოსმოსურ სადგურ Tiangong-ში 11 მაისს მიიტანეს. ეს მისია Tianzhou-10-ის ფარგლებში მოხდა. ხომალდმა სადგური დაახლოებით 6.3 ტონა ტვირთითაც მოამარაგა, მათ შორის საკვებით, საწვავით, სკაფანდრებითა და სამეცნიერო ექსპერიმენტებისთვის საჭირო მოწყობილობებით.

Tianzhou ჩინეთის კოსმოსური სატვირთო ხომალდია, რომელიც ფუნქციით საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მომმარაგებელ აპარატებს ჰგავს. ის ვენჩანის კოსმოდრომიდან 10 მაისს, ადგილობრივი დროით 20:14-ზე, გაუშვეს.

ფოტო: Luo Yunfei

"ხელოვნური ემბრიონები" ღეროვანი უჯრედებისგან შედგება; მათ გაყოფა და გამრავლება შეუძლიათ, თუმცა სრულფასოვან ნაყოფს ვერ აყალიბებენ. ამის გამო ასეთი მოდელების გამოყენება ეთიკურად ნაკლებად პრობლემურია.

კვლევაში განვითარების ორ განსხვავებულ ფაზაში მყოფი "ემბრიონები" ჩართეს, რომელთა ასაკიც განაყოფიერებიდან დაახლოებით 14-21 დღის ფარგლებში მერყეობს. პირველი მოდელი იმ ფაზას იმეორებს, როდესაც ემბრიონი საშვილოსნოს კედელზე მაგრდება, ხოლო მეორე — როცა უჯრედების ერთი ფენა სხვადასხვა შრედ გადანაწილებას იწყებს (ეს შემდგომში ქსოვილებისა და ორგანოების ფორმირებისთვის მნიშვნელოვანია).

ისინი კოსმოსში ხუთი დღე დააყოვნეს, შემდეგ კი გაყინეს, რათა მოგვიანებით დედამიწაზე დააბრუნონ და დეტალურად შეისწავლონ. პარალელურად, ჩინელმა მეცნიერებმა იგივე დედამიწაზეც გაიმეორეს, რათა ექსპერიმენტის შედეგები შეადარონ. მკვლევრები იმედოვნებენ, რომ ასე შეძლებენ დაადგინონ, რა ფაქტორები მოქმედებს ადამიანის ადრეულ ემბრიონულ ზრდაზე კოსმოსურ გარემოში.

მეცნიერები ამბობენ, რომ თუ კაცობრიობას მთვარეზე, მარსზე ან სხვა ციურ სხეულზე მუდმივი ბაზის შექმნა სურს, კოსმოსში გამრავლების შესაძლებლობაზე აქედანვე უნდა ვიმსჯელოთ. კვლევები მიუთითებს, რომ კოსმოსური რადიაცია ემბრიონს შეიძლება აზიანებდეს, მიკროგრავიტაცია კი ჩვენი ორგანიზმისთვის უჩვეულოა (სპერმატოზოიდების მოძრაობასაც აფერხებს). ცნობილია ისიც, რომ ღეროვანი უჯრედები კოსმოსში დედამიწასთან შედარებით უფრო სწრაფად ბერდებიან.

ამ სირთულეების გამო მეცნიერების ნაწილი ფიქრობს, რომ მომავალში კოსმოსში ბავშვების გასაჩენად შეიძლება ხელოვნური განაყოფიერების ტექნოლოგიების გამოყენება გახდეს საჭირო.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.